Menu
RSS

უეფამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ერთა ლიგის ბონუსური და სოლიდარობის ფონდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

ვერ ვიხსენებთ, ბოლოს როდის იყო, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი ორი მოგებით დაიწყო... ის კი არა და, ვლადიმერ ვაისის ხელში, წინა შესარჩევი ქართველებმა საერთოდ მოგების გარეშე ჩაამთავრეს, ახლა კი ორი მატჩი, ორი მოგება და ჯგუფში პირველი ადგილი. შესაბამისად, უდიდესი ნაბიჯი გადავდგით იმისკენ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, მერე კი პლეი-ოფი გველოდება და იქაც თუ ვივარგეთ, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, თუმცა ჯერ იქამდე ძალიან შორია.

გამარჯვებით გამოწვეული ეიფორიის მიუხედავად, ცოტა უცნაური ამბით უნდა დავიწყოთ. მოგეხსენებათ, მატჩამდე ერთი ამბავი ატყდა, სტადიონზე მისვლას, გულშემატკივრებთან ერთად, ცალკე „ქართული მარშის“ წევრები აპირებდნენ, ცალკე ლგბტ აქტივისტები. მთავარი თემა კი გურამ კაშიას მიერ, რამდენიმე თვის წინ, გაკეთებული სამკლავური იყო, რომელიც ლგბტ დროშის ფერებში გახლდათ გადაწყვეტილი. მაშინ, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ლგბტ თემს მხარდაჭერა ამ ფორმით გამოუცხადა და ერთი კონკრეტული ტურის შეხვედრაში, თითქმის ყველა კაპიტანი ასეთი სამკლავურით გავიდა. დაანონსებული აქცია-პერფორმანსები არ შედგა, რადგან „ქართული მარშის“ რამდენიმე წევრი პოლიციამ სტადიონის შესასვლელთან დააკავა და ტრიბუნების ნაცვლად, განყოფილებაში გადაიყვანა, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა კი დიდი აქცია, უბრალოდ, ვერ გაბედეს _ სტადიონზე 50 ათას გულშემატკივარზე მეტი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი მხრიდან შესაძლებელია აგრესია წამოსულიყო და... ისე, შსს-ს სასახელოდ უნდა ითქვას, აქტიურად იყო მობილიზებული და მთელი მატჩის განმავლობაში სიტუაციას ტრიბუნებზე ბოლომდე აკონტროლებდა. ახლა დაპირებული უცნაური ამბავი. 

მატჩამდე საქართველოში ერთ-ერთ ძალიან ცნობილ საფეხბურთო სპეციალისტს შევხვდი. ისეთს, წამყვან კლუბებში მთავარ მწრვთნელად რომ უმუშავია და ახლაც ერთ-ერთი ქართული კლუბის თავკაცი რომ გახლავთ. ჰოდა, იმას ვკითხე, ლატვიასთან რას ვიზამთ მეთქი და ძალიან, ძალიან უცნაური პასუხი მოვისმინე. 

„უსუსტეს ანდორასთან ლატვიელების ნათამაშები ფრე არაფერია. ჩვენთან ათმაგად მოინდომებენ, ძალიან ყრუ დაცვას ითამაშებენ და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პირველ ნომრად ასპარეზობას ჩვეული არ ვართ, მოგება გაგვიჭირდება. თუმცა, საკმარისია, მეტოქის საჯარიმოში ვინმე წაიქცეს, მსაჯი პენალტს არ დაგვამადლის და არ დაგვამადლის იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვება ახლა ყველაზე მეტად უეფას აწყობს“,-ასე მიპასუხა და საუბარიც ამით მორჩა. 

საქართველომ ლატვია თერთმეტმეტრიანიდან გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ყველა დაგვეთანხმება, რომ გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევა სიმულაციას ჰგავდა. უფრო ზუსტად, მსაჯს მარტივად შეეძლო პენალტი არ დაედო და აკი არც დასტვინა, მაგრამ კარსუკან მდგომმა მსაჯმა დაიჟინა, წესების დარღვევა იყოო და მთავარმა არბიტრმაც გადაწყვეტილება შეცვალა. რაღა თქმა უნდა, პირველად ის ქართველის სპეციალისტი გამახსენდა და მას გადავურეკე. 

„ხომ გითხარი, როგორც მოხდებოდა... მსაჯი აუცილებლად წაგვეხმარებოდა და ახლა გეტყვი რატომ. ლგბტ თემისთვის მხარდაჭერა არამარტო საფეხბურთო დონეზე, არამედ მსოფლიო პოლიტიკის დონეზე მიმდინარეობს. იმ საკლავურით, რომელიც კაშიას ეკეთა, ძალიან ბევრმა ითამაშა, მაგრამ უეფამ პრიზი მხოლოდ კაშიას მისცა, რადგან სხვა ქვეყნებში ამას გამოხმაურება და აგრესია არ მოჰყოლია. ამით უეფამ კაშია კი არა „დააპადერჟკა“, არამედ ლგბტ წარმომადგენლები. შედეგად, ნაკრებს უნდა მოეგო, რადგან მერე არ ამტყდარიყო ამბავი, კაშიაზე არ გადაეტეხათ ჯოხი _ აქაოდა, გუნდში ატმოსფერო მაგან გააფუჭა, თორემ მოვიგებდით. იმიტომ იყო, რომ ვივარაუდე საეჭვო პენალტი და ჩემი ვარაუდი გამართლდა. მსოფლიო პოლიტიკაა ეს და ნუ ინერვიულებ მაგაზე, აგერ, ევროპული ქვეყნების ლიდერი კაცები თხოვდებიან და ყველა ტაშს უკრავს“, _ მითხრა მწვრთნელმა. 

რამდენად სწორია მისი მოსაზრება და რამდენად იყო ჩარეული უეფა ამ ყველაფერში, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ თერთმეტმეტრიანი, რომელიც მსაჯმა დაგვიდო, ათიდან ცხრა შემთხვევაში, არ დაიდებოდა, რადგან... ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისა და ორ ტურში ექვსი ქულით მოგვრილი სიხარულის მიუხედავად, პენალტი არ იყო და მორჩა! 

რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მორაგბეებმა და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებმა, ხმამაღლა განაცხადეს, კარიერას დავასრულებდით და იმ სამკლავურს არ გავიკეთებდით, კაშია არასწორად მოიქცაო. თუმცა, მოქმედი საფეხბურთო სამყარო კაშიას მხარს ბოლომდე უჭერს და მის გვერდით, ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც დგას, თუმცა... 

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც ოჯახის ინსტიტუტის სჯერა. მე ვარ ადამიანი, რომელიც გაიზარდა ისე, რომ იცის, სამოქალაქო ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ქალი და კაცი. ერთსქესიანთა ქორწინება ჩემთვის უცნაური და ძალიან უცხოა. არ ვფიქრობ, რომ უმცირესობაში მყოფებს რაიმე განსაკუთრებული უფლებები უნდა მიენიჭოთ. მათ აქვთ არსებობის უფლება და ამაზე არავინ დაობს, თუმცა პროპაგანდა და მხარდაჭერა საჭირო არ არის. ფეხბურთი, ხშირად ხდება, ბევრი საკითხის გამტარებელი და ერთგვარი რეკლამის ავტორი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხება პირად შეხედულებებს, გრძნობებს და მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ჩემს გუნდში ვინმეს ცისარტყელის ფერებში შეკერილი სამკლაური ეკეთოს“, 

_ ეს განცხადება, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა კალაძის ყოფილმა თანაგუნდელმა და დღემდე ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა, ჯენარო გატუზომ გააკეთა. და ამის გამო ის არავის გაუკრიტიკებია. ეს ისე, ცნობისათვის. 

ახლა რაც შეეხება ერთა ლიგას. ამ ტურნირს უეფა პირველად ატარებს და ბევრმა არ იცის, რა იქნება მერე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები ისტორიაში უკვე შევედით, რადგან ამ ახლადდაარსებული ტურნირის პირველ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და პირველი გოლი ქართველი ფეხბურთელის _ გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, კიდევ 15 გუნდია, ანუ ეს ჯგუფი ოთხ ნაწილად არის გაყოფილი, პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, მერე ფინალია და იქ გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს. ანუ, ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ საქართველოს შემდეგ, კიდევ ორი მეტოქის ბარიერის გადალახვა მოუწევს, თუმცა სასიხარულო ის არის, რომ ის 15 გუნდიც ჩვენი კალიბრისაა, ანუ უსუსტესი ჯგუფია. ახლა რაც შეეხება ფინანსურ მხარეს. 

მ ტურნირით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დამატებითი შემოსავლის მიღების შანსიც გაუჩნდა. უეფამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ერთა ლიგის ბონუსური და სოლიდარობის ფონდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და ბონუსური თანხების ოდენობა დაადგინა. D ჯგუფში მონაწილეობისთვის ჩვენი ნაკრები ყველა შემთხვევაში მიიღებს 500 ათას ევროს. პლუს ამას, ჯგუფში გამარჯვებისთვის ფედერაციას დამატებით 500 ათასი ევრო ერგება, ანუ მთლიანობაში მილიონი. 

აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ არის შესული სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებული თანხები, ანუ ეს კიდევ დამატებითი შემოსავალია, რაც ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. მართალია, ჩვენ არავინ გვეკითხება, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს მილიონი პრემიის სახით, ევრო-2020-ზე მოხვედრის შემთხვევაში, ნაკრების წევრებზე, სამწვრთნელო შტაბსა და მთლიანად, ეროვნულ გუნდში მომსახურე პერსონალზე გადანაწილდება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში