Menu
RSS

მონაზონი დედა თამარი მეუფე იაკობს უპირისპირდება!

„ვიდრე ცოცხალი ვარ, იაკობი საპატრიარქო სკამს ვერ ეღირსება – ამას ხმამაღლა ვამბობ! მთელ საქართველოს გამოვიყვან და მაგის კაიკაცობას ხმამაღლა ვიტყვი, ჭკვიანად იყოს და ნუ მემუქრება!“

მონაზონი დედა თამარი, ჯვრის მამის მონასტრის კელიაში ცხოვრობს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უნარშეზღუდულია და ეტლით გადაადგილდება. მისი კელია მეორე სართულზეა განთავსებული, ცხადია, უნარშეზღუდული მონაზონი კიბით ვერ ისარგებლებს და სწორედ ამიტომ ლიფტი სჭირდება, რომელიც ოთხი თვეა, არ მუშაობს. ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, დედა თამარმა განაცხადა, რომ ოთხი თვეა, მეუფე იაკობის მითითებით, ის შინაპატიმრობაშია და ამ ხნის მანძილზე, საპატრიარქოდან არავინ ეკონტაქტება... დედა თამარის ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და მიუხედავად იმისა, რომ ,,ვერსია'' საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, მასთან ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ.

_ დედაო თამარ, შინაპატიმრობაში რატომ ხართ, ამ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? 

_ ალბათ, ეს მეუფე იაკობს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მოინდომებს საუბარს. ნამდვილად არ ვიცი, რატომ აღმომაჩინეს ამ მდგომარეობაში, მაგრამ ჩემი და უწმინდესის ურთიერთობა საოცრად თბილია. ერთხელ, უწმინდესის სანახავად, საპატრიარქოში ჩავედი, მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო დამოუკიდებლად სიარული და მოსაცდელში ვიჯექი. როდესაც პატრიარქი შემობრძანდა, მომმართა: ,,დედაო, თქვენი ვაჟი სად არის?'' 24 წელია, ჩემი ერთადერთი შვილი გარდაცვლილია, მაშინ 22 წლის გარდაცვლილი იყო და მისი კითხვა ამიტომ გამიკვირდა. ვუპასუხე: ,,უწმინდესო, ჩემი ვაჟი 22 წელია, გარდაცვლილია-თქო'', მან კი მომიგო: ,,დიახ, მაგრამ ახლა აქ არის, მე ვარ თქვენი ვაჟიო''. იქიდან რომ გამოვედი, ყველა მეხუმრებოდა, პატრიარქის დედა ბრძანდებითო... პატრიარქის ამხელა სიყვარულს არ გაპატიებენ, წმინდანები ნამდვილად არ არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, არც დედები უყვართ, არც მამები, უფალი რომ უყვარდეთ, დედაოს, შვილმკვდარ დედას, რომელსაც უფალი და ღვთისმშობელი იცავს, ასეთ დღეში ჩააგდებდნენ? 

ძალიან მძიმედ ვარ ავად, ხერხემალი დაზიანებულია და არასასურველი დაავადებაც მაქვს, ამიტომ გადასხმებზე უნდა მევლო, რასაც ტრანსპორტი სჭირდება. წელს, 27 იანვარს, თოვლსა და ყინვაში, მანქანა ვიქირავე და ბოდბეში წავედი, რათა მეუფე იაკობი მენახა. მოულოდნელად ჩავაკითხე, რადგან ერთხელ, როდესაც მის სანახავად საპატრიარქოში მივედი, როგორც კი უთხრეს, დედაო მოვიდაო, კელიაში გაიქცა, ჩაიკეტა და მთელი დღე დამემალა. ამიტომ ჩავაკითხე ბოდბეში მოულოდნელად, დილით ადრე წავედი, წირვას დავესწარი და როდესაც დასრულდა, ეტლით წინ გადავუდექი. მეუფემ მითხრა: ,,დედაო, სტუმრებს მივხედავ და მერე გნახავთო'', მაგრამ სტუმრები და ქეიფი დიდხანს გაგრძელდა, მე კი ყინვასა და სიცივეში ველოდი. ქეიფი რომ დასრულდა, გამოვიდა მეუფე იაკობი და ვუთხარი: ,,ჩემი მდგომარეობა ხომ იცით, ძალიან მძიმედ ვარ. ხომ დამპირდით, რომ ტრანსპორტს შემიძენდით, თბილისში რომ ვერსად გნახეთ, გამწარებულმა აქ ჩამოგაკითხეთ-თქო''. მაშინვე ამოიღო ტელეფონი და საპატრიარქოში დაურეკა რეზო შარაბიძეს, რომელიც არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა. მეუფე იაკობმა უთხრა: ,,რეზიკო, დღესვე მოძებნე მანქანა, რომელიც დედაოს უნდა შევუძინოთო''. თუმცა მანქანის ძებნაში შვიდი თვე გავიდა, ბოლოს მეუფემ თქვა, აღარ ვყიდულობ მანქანას, თუ გინდათ, დედაომ თავი მოიკლასო... პატრიარქის თანამოსაყდრის, მამა შიოს მოადგილე მამა ანდრიამ მითხრა, რომ ამ ლიფტის შეკეთებას ჩვენ ვაკონტროლებთო, მაგრამ ასე არაა. ამ ლიფტში რამდენჯერმე ჩავვარდი და ერთხელ, ხერხემლის მალებიც კი მოვიტეხე. 

_ ეს ლიფტი ოდესმე მუშაობდა? 

_ მუშაობდა, მაგრამ სულ გაფუჭებული იყო და შეკეთება სჭირდებოდა. წარმოგიდგენიათ, პირველად რომ დაამონტაჟეს, ერთ კვირაში ჩავვარდი. იმის შემდეგ, ხან მაშველები და ხან პოლიციელები მეხმარებოდნენ ხოლმე... მამა ანდრიას სტუმრობის შემდეგ, როდესაც დამპირდა, რომ ლიფტის შეკეთებას პირადად აკონტროლებდა, ოთხი თვე გავიდა. ამ ხნის მანძილზე, შინაპატიმრობაში ვარ, რადგან გადაადგილების საშუალება არ მაქვს. რა უფლება აქვთ, რომ ამდენი ხანი, ასეთ პირობებში ვიყო? ჩემი უფლებები დარღვეულია, თითქოს ჩემზე უფრო დიდი მონსტრი არ არსებობს! რა დანაშაული ჩავიდინე და რისთვის ვისჯები, ნამდვილად არ ვიცი, მეუფე იაკობი ვინაა, რომ ასე ამყაროს თავისუფლება? 

_ ეს ყველაფერი პატრიარქმა არ იცის? 

_ იცის, ვერ ვიტყვი, რომ არ იცის. უწმინდესთან მისვლა არ შემეძლო, ამიტომ მასთან წერილი გავატანე ჩემს მეგობარს _ მანანა სოტკილავას. პირადად მანანამ წაუკითხა წერილი პატრიარქს, რომელსაც ვწერდი: ,,უწმინდესო, ჩემი სიცოცხლე დაუცველია. თქვენი თანადგომა მჭირდება, რადგან იაკობი მითვლის, რომ თავი მოვიკლა და თავში ქვა ვიხეთქო!'' როდესაც ეს წერილი წაუკითხა, პატრიარქმა თითი დაუქნია მანანას და უთხრა:U,,ვერ გაბედავს იაკობი, დედაოს მოკვდინებასო''. ამ კელიაში გაზი რამდენჯერმე შემომიშვეს, ფაქტობრივად, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. მეუფე იაკობი კი მითვლის, რომ თავი მოიკალიო და როგორ გგონიათ, ეს ზეწოლა არაა? 

_ დედაო, პირდაპირ გკითხავთ, მეუფის მუქარა ე.წ. ციანიდის საქმეს (მონაზონ დედა თამარის ინტერესებს მიხეილ რამიშვილი იცავს, რომელიც ,,ციანიდის საქმეზე'' მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატია, _ ავტ.) ხომ არ უკავშირდება? 

_ არ ვიცი! ,,ციანიდის საქმეს'' როგორ უნდა დაუკავშირონ, როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს კარგად არც კი ვიცნობ! მხოლოდ ის ვიცი, რომ საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორი იყო და ერთხელ, ჩემი ძმის გამო, დახმარება ვთხოვე... ძალიანაც რომ უნდოდეთ, ,,ციანიდის საქმესთან'' ვერ დამაკავშირებენ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვთქვი, რომ დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალდებების არ მჯერა. მაქვს თუ არა უფლება, როგორც ადამიანს, მჯეროდეს ან არ მჯეროდეს რამე?! რატომ უნდა დავიჯერო, როდესაც მე მართლა მომწამლეს და ეს საპატრიარქოში ყველამ იცის, თუმცა არავითარი რეაგირება არ ყოფილა! 

ყველა გზა მომიჭრეს საპატრიარქოში. ერთ დღესაც ავდექი და წავედი, რადგან უწმინდესის ნახვა მინდოდა, მაგრამ არ შემიშვეს, ეტლიდან გადმომსვეს და გარეთ დამატოვებინეს. ვიძალავე, ბევრი ვიყვირე, რომ შევეშვი, მაინც არ შემიშვეს. ამის შემდეგ შორენამ (თეთრუაშვილმა) შემომითვალა, პატრიარქის ნახვაში ვერ დაგეხმარები, ამიტომ მისი დაცვის უფროსს მიაკითხეო. დავურეკე დაცვის უფროსს და მითხრა, როცა გნებავთ, მობრძანდითო. არადა, პატრიარქის კურთხევა მაქვს, რომ როცა საპატრიარქოში მობრძანდებით, ნურავის შეეკითხებით, პირდაპირ ჩემთან ამობრძანდითო, მაგრამ ეს არასდროს გამომიყენებია. ჩემთვის ვარ, ვიცი, ესენი ვინ არიან, შეუძლიათ, ცილი დაგწამონ, შარში გაგხვიონ, მათთან ერთად, არც ტრაპეზზე ვყოფილვარ და არცერთ ღონისძიებაში არ მიმიღია მონაწილეობა. საჩუქრად რომ ფული გამოუგზავნიათ, გაუხსნელად უკანვე დამიბრუნებია. არ ვიცი, უწმინდესმა იცის თუ არა, მაგრამ ჩემს მეგობარს _ მანანა სოტკილავას, როდესაც ჩემი თხოვნით პატრიარქს შეხვდა, ვიღაცამ ჩანთაში კონვერტი ჩაუდო. დაცვის უფროსს უთქვამს, ეს დედაოს წაუღეო, მაგრამ ვისგან იყო კონვერტი, არ დაუსახელებია. გავხსენი და 300 ლარი იყო. ჩემს მეგობარს ეს ფული უკანვე გავატანე... დაცვის უფროსის დახმარებით, ტანჯვითა და წამებით შევედი საპატრიარქოში, წინ და უკან დარბოდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ არ შემიშვა. ყველამ კარგად იცის, ვინ არ შემიშვა, მაგრამ პატრიარქის დაცვის წევრებს შორის, ერთი პატარა ბიჭი ნახეს, ჩამოიყვანეს და ბოდიში მოახდევინეს. პატრიარქი მაინც ვერ ვნახე, დაცვის უფროსს ვურეკავდი ხოლმე, მაგრამ ამის შემდეგ ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა. 

_ უკაცრავად, პატრიარქის მდივანი, შორენა რატომ არ გელაპარაკებათ? 

_ შორენა შვილივით მიყვარს, ამხელა სიყვარული რატომ ვერ დაინახა და რას მერჩის, ვერ გამიგია. იაკობი რომ მეჭიდავება და მე ვპასუხობ, თურმე ამით საპატრიარქოსა და ეკლესიას ვურტყამ! იაკობია საპატრიარქო და ეკლესია? როდემდე და რატომ უნდა დაიმალოს ეს სიბინძურე? მე არ მეშინია, რადგან შიში ჩემს შვილს ჩავაყოლე იმ დღეს, როდესაც დავასაფლავე. მე მხოლოდ ღმერთის მეშინია და მინდა, მხოლოდ მასთან ვიყო მართალი... გიმეორებთ, ,,ციანიდის საქმესთან'' შეხება არ მაქვს, თუმცა ჩემი ჩარევა სურდათ. მითხრეს, რომ დაკითხვის დროს, შორენამ მახსენა, მაგრამ გადავამოწმე და, რა თქმა უნდა, არსად ნახსენები არ ვარ. გულდასაწყვეტი ისაა, რომ დამირეკა შორენამ და მითხრა, თუ იცნობ უშიშროების თანამშრომელს, ვინმე ბარამიძეს აფრიკაშიო. გადავირიე და ვუთხარი _ ადამიანი, რომელსაც უშიშროებაში ვიცნობდი და ვისი საშუალებითაც თქვენზე ყველაზე ინფორმაცია მაქვს, ალეკო ბექაური და ზვიად გამსახურდია იყვნენ, მაგრამ ისინი ახლა გარდაცვლილები არიან-მეთქი! შორენამ მითხრა, ასე რატომ გადაირიე, თურმე ჩემზე კარგი გილაპარაკიაო, მაგრამ ან კარგი როგორ უნდა მელაპარაკა ან ცუდი ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ? შორენას ვუთხარი, უკვე მეორედ მწამებ ცილს, დავიღალე და როდის შემოგიბრუნდები სხვანაირად, არ ვიცი-მეთქი. 

პირველად, ორიოდე წლის წინ დამწამა ცილი, როდესაც ერთ-ერთ გაზეთში, მასზე ძალიან ცუდი წერილი დაიწერა. საპატრიარქოში ჩემს საქმეზე ვიყავი მაშინ შემთხვევით და შორენა ცივად შემხვდა. გამიკვირდა. ყოველთვის თბილად ვხვდებოდი ხოლმე. თურმე, ამ წერილის დაბეჭდვას მე მაბრალებს! ერთ-ერთ თანამშრომელს ჰკითხა კიდეც, წერილის დამწერს რომ ვუჩივლო და ცილისწამებისთვის მილიონი მოვთხოვო, ღირსი ხომ იქნებაო? მივუბრუნდი შორენას და ვუთხარი, მე რომ ასე დამწამონ ცილი, ყველაფერს გავაკეთებ, ის ადამიანი ციხეში დავალპო-თქო. არადა, თურმე მე მგულისხმობდა. შორენამ მკითხა: ,,დედაო, ადრე ხომ თქვი, რომ ერთ-ერთი დოკუმენტი ნანახი გაქვს, შეგიძლია, ეს დოკუმენტი მეც მანახოო?'' ვუპასუხე, რომ ვერ ვანახებდი, რადგან ეს დოკუმენტები ალეკო ბექაურმა და ზვიად გამსახურდიამ მანახეს, დღეს კი ორივე გარდაცვლილია. ამის შემდეგ ვუთხარი: ,,რა იყო, შორენა, ფიქრობ, რომ ეს წერილი მე დავწერე? მაშინAაუცილებლად მიჩივლე და თუ არ მიჩივლებ, მე გიჩივლებ ცილისწამებისთვის-თქო''. იცით, გული რატომ მწყდება? შარშან ძმა გარდამეცვალა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მივლიდა, ჩემზე უმცროსი იყო და შვილივით მიყვარდა. ძალიან მძიმედ იყო ავად, ბოლოს ლოგინად ჩავარდა. შორენამ დამირეკა და მითხრა: ,,დედაო, მოიყვანეთ თქვენი ძმა საპატრიარქოში, უწმინდესს დავალოცინოთ, მისი დალოცვის გარეშე, არ გავიდეს ამ ქვეყნიდანო''. მე წასვლა არ შემეძლო, მაგრამ ჩემი მომაკვდავი ძმა მისმა ფეხმძიმე შვილმა წაიყვანა, რომელსაც დღედღეზე უნდა ემშობიარა. სამი თუ ოთხი საათი ამაოდ ალოდინეს საპატრიარქოში, არადა შორენამ იცოდა, რომ ჩემი ძმა მომაკვდავი იყო, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა... 

ჩვენ გვყავდა მეუფე ამბროსი ქათამაძე _ აჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიას გვერდით იდგა, განკვეთეს. მეც ზვიადის გვერდით ვიყავი, ამიტომ ეკლესიაში ჩვენ ,,კეთროვანებად'' გვთვლიან. მიხარია, რომ ზვიადის მიმდევარი ვიყავი. მეუფე ამბროსი, რომელიც ნაქირავებში ცხოვრობდა და გაზი არ ჰქონდა, მოულოდნელად, გაზით გაიგუდა და გარდაიცვალა! მისმა შვილმა ერთ-ერთ მიტინგზე თქვა, რომ მამა მომიკლესო, ეს არ აპატიეს და ერთ დღეს დაიჭირეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკი გადმოჰქონდაო. იმ პერიოდში, საპატრიარქოში ჩემს საქმეზე ვიყავი, მე და შორენა ვსაუბრობდით და ვუთხარი, ვერავინ დამაჯერებს, რომ მამა გიორგის წამალი ჰქონდა-თქო. შორენამ მითხრა: ,,კარგი, რა დედაო, როგორ არ გჯერა, ან 20-წლიანი პატიმრობა ელოდება, ან სამუდამოო''. ამაზე ვუპასუხე: ,,პირობას გაძლევ, რომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ და თავდებში მე დავუდგები-მეთქი''.

მამა ნოდარი მართლაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს... იმიტომ მეჭიდავებიან, რომ მათზე მეტი ვიცი, ხედვა მაქვს და ზვიადის დროს, მათ შესახებ, თითქმის ყველა საბუთმა ჩემს ხელში გაიარა! სწორედ ეს აგიჟებთ, მაგრამ არასდროს მიცდია, რომ მათ საწინააღმდეგოდ, რამე ინფორმაცია გამომეყენებინა. თუ დრო დადგება და ალბათ, ასეთი დრო მალე დადგება, რომ მომკლან, მაინც ყველაფერს ვიტყვი! მე ჯერ ყველაფერი არ მითქვამს _ როგორ მაწამეს, დამაინვალიდეს, წყალში ჩამაგდეს, 10 წელი წამლის გარეშე ვიყავი, ეკლესიაში რომ მოვედი, გამომიცხადეს, ზვიადისტებს საჭმელს არ ვაჭმევთო, ზვიადისტებთან არ ვტრაპეზობთო! ჩვენ დღესაც ,,კეთროვანები'' ვართ, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ. გეკითხებით, შეიძლება, ეკლესიაში ასე ხდებოდეს?! 

ანგელოზი არ ვარ და არც ფრთები მაქვს, მაგრამ მართალი ადამიანი ვარ. პატრიარქის თანამოსაყდრე შიოს მოადგილემ, მამა ანდრიამ იცით, რა გააკეთა? აქ მოვიდა ჩემთან, კელიაში და მითხრა: ,,დედაო, 600 ლარი აიღეთ, ერთი თვე დასასვენებლად წაბრძანდით და რომ ჩამოხვალთ, ლიფტი გაკეთებული დაგხვდებათო''. ჯერ ერთი, ჩემს მომვლელთან ერთად, ერთი თვე 600 ლარად სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ, ამიტომ არც თანხა გამოვართვი და არც არსად წავსულვარ. ერთი კი არა, ოთხი თვე გავიდა და ეს ლიფტი ისევ გასაკეთებელია! თუმცა მამა ანდრიას ნათქვამმა ისე გამანერვიულა, რეზიკოს მივწერე: ,,დღეს საღამოს, დედაო გულის შეტევით გარდაიცვალა''. ეს ჩემი უდიდესი პროტესტი იყო, რადგან იმ დღეს მართლა მომკლეს! სულიერი სიკვდილია საშინელება, თორემ ფიზიკური სიკვდილი სანატრელი მაქვს, რადგან ჩემს შვილთან მივალ. მესიჯით, რომელიც რეზიკოს მივწერე, ჩემდაუნებურად, ეს ადამიანი გავამწარე. ვიცოდი, რომ ინერვიულებდა, რადგან მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი მესიჯი მისთვის შოკისმომგვრელი რომ იქნებოდა, ეს მომენტი ვეღარ გავითვალისწინე. შუაღამისას უნახავს მესიჯი რეზიკოს, გადაირია, დარეკა საპატრიარქოში, შორენამ უთხრა, პოლიცია და სასწრაფო გამოძახეო, პანიკა ატყდა, იფიქრეს, მართლა ხომ არ მოკვდა და საკუთარი თავები ციხეში წარმოიდგინეს. ახლა გულდაწყვეტილები არიან, რადგან ცოცხალი დავხვდი. 

_ დედაო, რატომ არავინ გეკონტაქტებათ საპატრიარქოდან? 

_ იაკობმა შემომითვალა, თავი რომ მოიკლა, აქედან მაინც გაგაგდებო. ეზოდან ძაღლი არ გამიგდია, რას ქვია, გამაგდებს? 70 წლის, შვილმკვდარი დედა სად უნდა გამაგდოს? 

_ უკაცრავად, მაგრამ მეუფე იაკობი წყვეტს თქვენს მიღებას, ან გაგდებას? 

_ არა, მხოლოდ პატრიარქს ვემორჩილები, მაგრამ ალბათ, არ იცით, რომ პატრიარქზე მაღალი თანამდებობა იაკობს აქვს. იაკობი მართავს საპატრიარქოს, აბა, რას ნიშნავს, ყოველდღიურად რომ მითვლის, მოგკლავ, თავი მოიკალი, არ გაგახარებ! ბოლოს და ბოლოს, ეკლესიაში მოვედი, თუ სადამსჯელო რაზმი მადგას თავზე? 

_ მეუფე იაკობის გამო არ გეკონტაქტებიან საპატრიარქოში? 

_ ერთ-ერთ გაზეთში დავწერე, რომ მეუფე იაკობი სიკვდილით მემუქრება. შორენამ შემომითვალა: ,,დედაო, მამა გიორგი მამალაძესა და მეუფე პეტრეზეც რომ იგივე დაგეწერა, ისიც მეწყინებოდა და იმიტომ გაგებუტე, რომ მეუფე იაკობზე ასეთი რამ თქვიო''. არადა, მამალაძესა და მეუფე პეტრეზე რომ ასე დამეწერა, საპატრიარქოში ტაშ-ფანდურს გამართავდნენ, მაგრამ რატომ უნდა დამეწერა, როდესაც მათთან არავითარი შეხება არ მაქვს! ისე, უბრალოდ, ვინმე რატომ უნდა გავლანძღო? რომელიმე თუ გამლანძღავს, ნამდვილად არ დავიხევ უკან, პასუხს დავუბრუნებ! 

_ დედაო, მაპატიეთ, მაგრამ ერთ დღეს გაიღვიძა მეუფე იაკობმა და გადაგემტერათ, ვერ გავიგე, რა არის ამ დაპირისპირების მიზეზი? 

_ ვერ ვიქნები ისეთი პიროვნება, როგორიც მათ სურთ! მე ღმერთის მონაც კი არ ვარ, მხოლოდ ღვთის მსახური ვარ, მეუფე იაკობის მსახური ვერ და არ ვიქნები! ხალხის დასანახად არ ვმარხულობ, არ ვყვირი, ჩემთვის ვარ, ჩუმად ვცხოვრობ უფალთან და ჩემი შვილის სულთან ერთად! ესაა ჩემი სამყარო და ამ სამყაროშიც არ მასვენებენ! რა გავაკეთო, არ ვისუნთქო? იმაზე, რასაც მეკითხებით, პასუხი არ მაქვს, მაგრამ ეს პასუხი სრულიად შემთხვევით, რეზიკოსგან გავიგე იმ ღამეს, როდესაც მესიჯი გავუგზავნე. როგორც გითხარით,Pპოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს, გაგიჟდნენ ექიმები, წნევა 220 მქონდა, ინსულტს, ან ინფარქტს გადავურჩი. თქვენი გაზეთის საშუალებით, რეზიკოს ამ მესიჯის გამო, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სასწრაფოს ექიმებმა და პოლიციელებმა აქეთ უსაყვედურეს: ,,ეს რა დღეში გყოლიათ დედაო, ვერც კი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ჯერ გაგერკვიათ, რა მდგომარეობა იყო და ჩვენ მერე გამოგეძახებინეთო''. სწორედ მაშინ მითხრა რეზიკომ: ,,ნუღარაფერს დამაბარებთ საპატრიარქოში, თქვენს შესახებ ამბავს მაინც ვერ ჩავიტან, რადგან ორი წელია, არავინ მისმენსო''. თუ იაკობი ახლაა ნაწყენი ჩემზე, ორი წლის მანძილზე რატომ გრძელდება ეს ყველაფერი? თუკი ორი წელი რეზიკოს არც კი უსმენდნენ, წელს, ბოდბეში რომ ჩავედი, რატომ დაურეკა და რატომ დაავალა იაკობმა, დედაოს მანქანა მოუძებნეთო? მართალია, საბოლოოდ მანქანაზე უარი თქვა, მაგრამ თუ ორი წლის წინ გამინაწყენდა, წელს ეს სპექტაკლი რაში დასჭირდა? თურმე, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში რეზიკო ყოფილა, რომელსაც დღე და ღამე ვურეკავდი, ხან მანქანის, ხან ლიფტის გამო, მაგრამ მას პასუხი არ ჰქონდა! ის ძალიან წესიერი ახალგაზრდაა და გული მტკივა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა შეწყდა. 

_ მას შემდეგ აღარ ეკონტაქტებით? 

_ რა აზრი აქვს, რატომ უნდა შევაწუხო? ახლა საპატრიარქოში ყველა გზა ჩამიკეტეს, რეზიკო იყო ერთადერთი შუამავალი ჩემსა და მათ შორის. იქ მისვლა სულ არ მჭირდება, ისედაც კარგად ვიცი, რა ხდება, ან რა მოხდება. მეუფე იაკობი ამბიონიდან აცხადებს, ჩემს პატრიარქს დავიცავო, მაგრამ უწმინდესი იაკობზე მეტად რომ მიყვარს, ეს ღმერთმაც იცის და ხალხმაც. იაკობი პატრიარქის დასაცავად კი არა, მისი სკამისთვის იბრძვის, იმ სკამისთვის, რომელზეც უწმინდესი ზის! რად უნდა მისი დაცვა, პატრიარქს უფალი იცავს, ხოლო პატრიარქი _ ჩვენ, მთელ საქართველოს! ვის სჭირდება იაკობის დაცვა, ეგ ვისი დამცველია? ვის იცავდა, იცით, მკვლელებსა და ,,მხედრიონელებს'', ხოლო ჩვენ, ზვიადისტებს გვესროდა! M 

მართალია, უწმინდესმა ჩემს მეგობარს უთხრა, იაკობი დედაოს მოკვდინებას ვერ გაბედავსო, მაგრამ მის რეაქციას ველოდები. უწმინდესი უყურადღებო ადამიანი არ არის, შესაძლოა, პასუხი გამომიგზავნა კიდეც, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. არ ვთვლი, რომ უწმინდესმა უყურადღებოდ დამტოვა, მაგრამ მასთან ჩემს პირდაპირ კონტაქტს საპატრიარქოში ბლოკავენ. ვერ წარმოგიდგენიათ, ერთმანეთი როგორ ეზიზღებათ, მაგრამ როგორც კი ბოროტება უნდა ჩაიდინონ, გული გაგისკდებათ, ისე შეიკვრებიან ხოლმე ერთ მუშტად! რეზიკომ მითხრა, საპატრიარქოში შორენას დედაოებმა უსაყვედურეს: ,,დედა თამარს რამდენს უთმენო''. რომელი დედაო გეგულებათ, რომელიც გაბედავს და შორენას ამის გამო წაეჩხუბება? თურმე, ვაშინებ და ვაშანტაჟებ შორენას, ნეტარი დედაოები კი მას იცავენ! სწორედ ამ დედაოებს მივმართავ, რომელმა თქვა ეს, ან რომელი დედაოა, რომელთანაც ან ცუდი ურთიერთობა მაქვს, ან კარგი, რადგან მე მათ არ ვიცნობ! ერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამ, დღეს საკუთარ თავზე ვსაუბრობ, ხვალ _ მათზე ვილაპარაკებ! 

ჩვენი პატრიარქი ბავშვებსაც კი თქვენობით ელაპარაკება, მაგალითი აიღოს იაკობმა, მისი ქორეპისკოპოსი, მისი მოადგილე არ არის?! საქართველოს მოფერებასა და სიყვარულში გაილია ჩვენი პატრიარქი და ამასაც არ აცლიან! მუდმივი სიცოცხლე უწერია პატრიარქს, ასე ვიწინასწარმეტყველე და დაიხოცონ ბოღმით! ვიდრე ცოცხალი ვარ, იაკობი საპატრიარქო სკამს ვერ ეღირსება და ამას ხმამაღლა ვამბობ! მთელ საქართველოს გამოვიყვან და მაგის კაიკაცობას ხმამაღლა ვიტყვი, ჭკვიანად იყოს და ნუ მემუქრება! თმის ერთი ღერიც რომ ჩამომივარდეს, იაკობმა პასუხი უნდა აგოს! მისი ზეწოლის ქვეშ ვცხოვრობ, დღეს მისი პატიმარი ვარ და ჩემი ადამიანური უფლებები დარღვეულია. იაკობი ვინაა, რომ პირადი პატიმრები ჰყავს _ იქით მამა გიორგი, აქეთ _ დედა თამარი? მათსავით, ჯვრებისა და ჯინჯილებისთვის ეკლესიაში არ მოვსულვარ, არც იღუმენობა მითხოვია. 10 წელი ლოგინში ჩამაგდეს, ნესტსა და წყალში ვიყავი, წამალსა და საჭმელს არ მაწვდიდნენ. როცა გაიგო უწმინდესმა, წამლისა და მომვლელის ფული დამინიშნა, მაგრამ ამის გამოც მემუქრებიან, თუ ჩუმად არ ვიქნები, არ მომცემენ! ჩუმად რატომ უნდა ვიყო, ფულის მონა ვარ, მათსავით? ჩუმადაც იყვნენ და ხმაც ჩაიწყვიტოს ყველამ! ჩუმად რატომ უნდა ვიყო, უფლისგან მონიჭებული ეს უფლება ვინ ჩამომართვა? უფალი მეუბნება, შენ ხარ შენი თავის უფალი და შენ გაქვს თავის-უფალი ნება! ამას ოქროსა და ბრილიანტის ჯვრებით გამშვენებულები მიკრძალავენ? ვინ გაყიდა უფალი? მღვდელმთავრებმა, მწიგნობრებმა გაყიდეს, ესენი ახლაც 30 ვერცხლობანას თამაშობენ და ამიტომ ხმა ჩაიწყვიტოს ყველამ! აქედან მომაშორებს კი არა, ვიდრე ცოცხალი ვარ, პატრიარქობას ვერ ეღირსება და ვინ ვის მოაშორებს, დავანახებ! სად უნდა გამიშვას, სახლშიც რომ გამიშვას, ღვთის წინაშე, აღკვეცილი მონაზონი ვარ, რამე წოდება მაქვს, ჯინჯილები მკიდია და ამხსნის, თუ რა?! 

პ.ს. ,,ვერსია'' საქართველოს საპატრიარქოში, დეკანოზ მამა ანდრია (ჯაღმაიძეს) დაუკავშირდა: 

_ მამა ანდრია, დედა თამარს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, როდის მოგვარდება ლიფტის პრობლემა? 

_ ლიფტი გათიშული არაა, მას ეწურება საექსპლუატაციო ვარგისიანობის ვადა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ლიფტი ისევ ქმედითია. ვიცით რომ შეკეთება სჭირდება, ამისთვის გამოყოფილია თანხა, მაგრამ დრო იყო საჭირო, რათა სამფაზიანი დენი გაგვეყვანა დედაოს კელიაში, რაც დამოუკიდებელი პროექტია. სამფაზიანი დენის გაყვანა სხვადასხვა ტიპის დანადგარების ასამუშავებლადაა საჭირო, ამისთვის სპეციალური განცხადება უნდა დაიწეროს და მის გაყვანას დრო სჭირდება. ეს განცხადება უკვე დაწერილია და ახლა დენის შემოყვანის პროცედურა დაიწყება. ,,თელასის'' წარმომადგენლები უკვე იყვნენ კიდეც ადგილზე. არავითარი პრობლემა არ არსებობს, ლიფტის ძრავი უნდა გამოიცვალოს. ახლა სწორედ ეს სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კი ,,თელასი'' მუშაობას დაასრულებს, ეს პრობლემა მოგვარდება. 

_ მამა ანდრია, დედა თამარი ამბობს, რომ ის მეუფე იაკობის შინაპატიმარია... 

_ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს და თუ ამ კითხვა-პასუხებს გავყვებით, ჭორაობა გამოგვივა. მისი პირადი დამოკიდებულება რომელიმე ეპისკოპოსის მიმართ, მხოლოდ პირადი განწყობებითაა გამოწვეული. დედაო ავადაა და შესაძლოა, მძაფრი განცხადება გააკეთოს, თუმცა რაც შეეხება პრობლემას, უკვე მოგახსენეთ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება... არც ისე მძაფრად დგას საკითხი, როგორც მისგან ისმის ანუ ლიფტი მუშაობს, ცოტა ხანში გაუვა ვადა, შესაძლოა, მისი მოწყობა უკეთესადაა საჭირო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გამოყენება შეიძლება. საპატრიარქოს უყურადღებოდ არ დაუტოვებია დედაო, მოიძია თანხა, შეუთანხმდა ,,თელასს'', მაგრამ ეს საქმე უცებ არ კეთდება, დრო სჭირდება. ეკლესიას ძალიან ბევრი მონაზონი ჰყავს, შეიძლება ითქვას, რომ დედაო ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშაა. არცერთ მონაზონს არ ექცევა ისეთი ყურადღება საპატრიარქოდან, როგორც დედაოს!,,ვერსიასთან'' საუბარში კომპანია ,,თელასის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ვალერი ფანცულაიამ განაცხადა, რომ ,,საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ოფიციალურად მოგვმართეს. განაცხადი შემოვიდა და დავეხმარეთ, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ სამფაზიანი მომსახურების სამუშაოები. ,,თელასის'' საინჟინრო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ტექნიკური პირობა გაცემულია და სამუშაოებს ვასრულებთ''.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში