Menu
RSS

სტიქიური უბედურება ჭუბერის ხეობაში

რამ გამოიწვია მდინარე ნენსკრას ადიდება და უკავშირდება თუ არა სტიქია ჰესის მშენებლობას?

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო ზარალს სრულად აუნაზღაურებს. 5 ივლისს, ღამის საათებში, უხვი ნალექის შედეგად, ხოკრილის მთის ნაწილი ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა. მოგვიანებით, დაგროვილმა წყალმა მეწყერი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია, განადგურდა ათობით დამხმარე ნაგებობა, ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წყალმა შიდა საავტომობილო გზები და ხიდებიც წაიღო, რაც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს გარესამყაროსთან აკავშირებდა. ჭუბერიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განახორციელეს.

მედიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცია გავრცელდა. სტიქიის შედეგად, ოთხი ხიდი დაინგრა, დაიტბორა მდინარე ნენსკრას გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მაშინვე შეუდგნენ მუშაობას, მაშველები მდინარის კალაპოტის გამაგრებას ცდილობდნენ. ჭუბერის ყველა თემს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რადგან სტიქიის გამო, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა ცნობილია, რომ ათამდე სახლი, უამრავი დამხმარე ნაგებობა და სათავსო დაინგრა. მისივე თქმით, ჭუბერის ხეობაში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი სრულად აუნაზღაურდება: 

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც სტიქიის შედეგად, ზარალი მიადგა, ვისაც სახლი დაუზიანდა, ქონება სრულად აღუდგება. მათი სახლები გარემონტდება, ხოლო თუ სახლი დანგრეულია, აშენდება, ან მიეცემა მიწა, თუ წყალმა მიწაც წაიღო. პირადად მთხოვა პრემიერ-მინისტრმა გადამეცა მოსახლეობისთვის, რომ ფრიდონ ცინდელიანს, რომლის სახლიც მდინარემ წაიღო, ექნება ღირსეული საცხოვრებელი პირობები'', _ განაცხადა სოზარ სუბარმა. 

6 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც ჩავიდა. თუმცა უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც პრემიერი სვანეთში მიემგზავრებოდა, ზუგდიდში დაეშვა. ზუგდიდიდან პრემიერ-მინისტრი ჭუბერში ავტომობილით გაემგზავრა: 

„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში, სწრაფი შეტყობინების სისტემები ყვლეგან გვქონდეს. სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ორგან გვაქვს ეს, მაგრამ მომავალი წლიდან, მასშტაბურ ღონისძიებას დავიწყებთ, რათა აღნიშნული სისტემები ყველგან დავამონტაჟოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, მთავრობამ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს“, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჭუბერის ხეობაში, სტიქიის მიზეზებზე საუბრისას. 

ჭუბერის მოსახლეობის ინფორმაციით, ამ მასშტაბის სტიქია ხეობაში, ნენსკრა-ჰესის მშენებლობამ გამოიწვია. თუმცა ,,ნენსკრა ჰიდროს'' განცხადებით, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს, ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ მოვლენას ნენსკრა-ჰესის მშენებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. კომპანიაში განმარტეს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ნენსკრა-ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები გაჩერებულია. საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით, ,,ნენსკრა ჰიდროს'' ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა: 

,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 5 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანდა გზები და ხიდები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია ნენსკრა-ჰესის მშენებლობას უკავშირდება. გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ნენსკრა-ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები სრულიად გაჩერებულია. სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ, მდინარის მიმართულებით. შესაბამისად, შექმნილ ვითარებას ნენსკრა-ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს''. 

მედიაში გავრცელებული ოფიციალური განცხადების შემდეგ, ს/ს ,,ნენსკრა ჰიდრომ'' მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ჭუბერში, მძიმე ტექნიკის 8 ერთეულიც გაგზავნა: 

სამომავლოდ, ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს. ეს კი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, _ განაცხადა „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, თეიმურაზ კოპაძემ. 

რადიო ,,თავისუფლების'' ინფორმაციით, ,,მწვანე ალტერნატივას'' წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი ,,ნენსკრა ჰიდროს'' ამ განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს. მისი თქმით, ვიდრე სპეციალისტები არ გამოიკვლევენ, რამ გამოიწვია სტიქიური უბედურება, მსგავსი განცხადებები დაუშვებელია: 

„კომპანიამ განაცხადა, რომ სტიქიის ზონა საპროექტო არეალიდან, 5 კილომეტრითაა დაშორებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სტიქიამ სათავე აიღო მემულის ტერიტორიაზე, მდინარე ოკრილიდან. ეს ტერიტორია, მაქსიმუმ 2 კილომეტრითაა დაშორებული, დაგეგმილი ნენსკრის კაშხლიდან, რეალურად, ეს ტერიტორია სწორედ საპროექტო არეალია. საპროექტო ტერიტორიაში არ იგულისხმება მხოლოდ კაშხლის, ან რეზერვუარის ტერიტორია. საპროექტო არეალში იგულისხმება მიმდებარე ტერიტორიებიც. ეს არის ის ტერიტორია, სადაც კომპანიამ უკვე გადაუხადა მოსახლეობას კომპენსაცია და ააღებინა საზაფხულო კარვები ჭუბერის თემის საძოვრებიდან, რადგან იქ გზას აფართოვებდა. არის თუ არა დაკავშირებული ჰესის სამუშაოები ამ სტიქიასთან, ეს სხვა თემაა, მაგრამ თავად განცხადება, რომ თურმე სტიქიის ზონა 5 კილომეტრითაა დაშორებული საპროექტო არეალიდან, სიცრუეა!“ 

მიუხედავად იმისა, რომ ჰესების მშენებლობას იმ ტერიტორიებზე, სადაც მრავლადაა ღვარცოფული მდინარეები, რისკის შემცველად მიიჩნევს ჰიდროლოგი მერაბ ალავერდაშვილი, რადიო ,,თავისუფლებასთან'' საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაკვირვებით, ჭუბერში, 5 ივლისის სტიქიურ მოვლენა ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. დარგის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ წყლის მოვარდნა ჭუბერში მხოლოდ ბუნებრივ მოვლენას უკავშირდება, რაც სამმა მიზეზმა გამოიწვია: 

„ძალიან დიდი სიცხეების გამო, მყინვარის ინტენსიური დნობა დაიწყო. ენგურის აუზის მდინარეებსა და იმ მდინარეებს, რომლებიც მყინვარიდან საზრდოობენ, ივლის-აგვისტოში, მაქსიმალური წყლიანობა ახასიათებთ. წელს ეს პერიოდი ცოტა ადრე დაიწყო, რადგან დიდი ხანია, ასეთი სიცხეები არ ყოფილა. თოვლის ინტენსიური დნობა დაიწყო და გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ნალექიც მოვიდა წვიმისა და სეტყვის სახით. ამან ნიადაგის დამძიმება გამოიწვია, სწორედ ისე, როგორც სამი წლის წინ, ვერეს ხეობაში. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდია ანთროპოგენული ზეგავლენა. კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ტყის მასივები იჩეხება, ასეთ დროს კი ფერდობების მდგრადობა ძალიან მყიფეა, რაც ხელს უწყობს მთების ჩამოქცევას“. 

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის გნაცხადებით, ხეობაში ნენსკრა-ჰესის აშენებას ის თავიდანვე, ჯერ კიდევ 2010 წლიდან ეწინააღმდეგებოდა: 

,,აქ ჰესის აშენება შეუძლებელია! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ხელუხლებელი ხეობა და აბსოლუტურად შეუსწავლელია. გარდა ამისა, აქ სერიოზული, გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ხეობაში მეწყრული ზონებია, არის ღვარცოფული შენაკადები, ამას უფრო მეტი პროცესების გამოწვევა შეუძლია! უკვე დიდი ხანია, რაც ნენსკრა-ჰესთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროექტი მზადდება. ვხედავთ, რომ სპეციალისტები ახალ გეოლოგიურ დასკვნებს ითხოვენ, რადგან არცერთი დასკვნა, რაც ამ ჰესთან დაკავშირებით აქამდე მომზადდა, სპეციალისტებს არ მოსწონთ. ამბობენ, რომ ეს დასკვნები ხეობაში არსებულ გეოლოგიურ მდგომარეობას სრულად არ ასახავენ. დღეს მთლიანად შეცვლილია სურათი და შესაბამისად, ეს შეფასებაც ახლიდანაა გასაკეთებელი. ნებისმიერი ასეთი სტიქია, ხეობაზე კვალს ტოვებს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს _ აშენდეს, თუ არა ჰიდროელექტროსადგური''. 

9 ივლისს, ჭუბერის ხეობაში, დროებითი ხიდის სამონტაჟო სამუშაოები დილიდან დაიწყო. დროებითი ხიდი ჭუბერის ცენტრში მონტაჟდება და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, ჭუბერში გაემგზავრნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები გარემოსთვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან. თბილისიდან ჭუბერის მიმართულებით ჯგუფები მომდევნო დღეებშიც გაემგზავრება და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს იქამდე დაეხმარებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში