Menu
RSS

ხორვატია და პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კატაროვიცი _ მსოფლიო ჩემპიონატის ორი სკანდალი!

თქვენ თუ იცით, ვინ არის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი?! ეს 50 წლის ქალბატონი ხორვატიის მოქმედი პრეზიდენტია. ის სამშობლოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და თავადაც ამბობს, რომ „ნაროდნი“ პირველი პირია, რამეთუ ხალხში გასვლას დაცვის გარეშეც მარტივად ახერხებს და, როგორც რიგითი მოკვდავი, ისე იქცევა. ალბათ იფიქრებთ, კოლინდა და ფეხბურთი რა შუაშიაო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ მისი ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა.

პრეზიდენტი თავისი გუნდის ყველა თამაშს დაესწრო და, რაღა თქმა უნდა, არც რუსეთი-ხორვატიის 1/4-ფინალური შეხვედრა გამოტოვა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ მატჩს სამთავრობო ლოჟიდან უმზერდა რუსეთის პრემიერი დმიტრი მედვედევი და, როგორც მედია იუწყება, სწორედ მან მოიკითხა ქალბატონი კოლინდა, აქაოდა ჩვენს გვერდით რატომ არ ზისო?! ჰოდა, ხორვატიის პირველი პირი გულშემატკივრებში იპოვეს და როცა ის მედვედევმა დაინახა, ძალიან გაუკვირდა _ ოფიციალური დრესკოდი ქალბატონ პრეზიდენტს დაცული არ ჰქონდა და თავისი ქვეყნის ნაკრების ფორმა ეცვა. 

მატჩს გრაბარ-კიტაროვიჩმა და მედვედევმა ერთად უყურეს და ნამატჩევს, რაღა თქმა უნდა, უკეთეს გუნებაზე სწორედ ხორვატი იყო. მისმა ნაკრებმა წვალებით, მაგრამ პენალტების სერიაში დაამარცხა რუსეთი და საქართველოში ფართოდ გავრცელებულ პროპაგანდას _ „მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი პუტინმა იყიდა და რუსეთი ჩემპიონი გახდება“ _ დიდი წერტილი დაუსვა. ერთიც ვთქვათ კოლინდაზე და სხვა თემებზე გადავიდეთ _ თავის დროზე, ეს ქალბატონი მოდელი გახლდათ, საკუთარ თავს დიდ ყურადღებასაც უმობდა და მის თამამ სურათებს სოციალურ ქსელში ახლაც სიამოვნებით ათვალიერებენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები. 

„ბრავო, ხორვატიის ნაკრებო! მე მხოლოდ მინდა, თავისუფალმა სამყარომ ასეთივე შემართება გამოიჩინოს პუტინის გეოპოლიტიკურ მიღწევებთან ბრძოლაში, როგორიც გამოიჩინა ხორვატიის ნაკრებმა მოედანზე!“ _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ჭადრაკში, გარი კასპაროვმა გააკეთა. 

გაგეცინებათ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ნაკრების ქომაგობის გამო, უკრაინელი მეკარე დაისაჯა. ლვოვის „კარპატიდან“ დუბლების 18 წლის მეკარე მიხაილ გოტრა გააგდეს. გოტრამ „ინსტაგრამზე“ რუსეთის ნაკრების მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა და კლუბში უთხრეს, რომ გუნდიდან გარიცხულია. „კარპატის“ ხელმძღვანელობას კი მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა მოუწონა. 

მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე მეტჯერ მომგები და მიმდინარე ტურნირის უპირველესი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები შინ ბელგიამ გაუშვა. მატჩი, რომელიც ყაზანში შედგა, ყველა პროგნოზით ბრაზილიას უნდა მოეგო, თუმცა ბენილუქსელებმა იმარჯვეს და ბოლო ლათინოამერიკული გუნდი გაისტუმრეს სამშობლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ წელსაც, მსოფლიოს ჩემპიონატს ისევ ევროპული ნაკრები მოიგებს. არადა, ბრაზილიელები იმდენად იყვნენ დარწმუნებული გამარჯვებაში, რომ ყაზანი-სანქტ პეტერბურგის ბოინგი უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ, აქაოდა ნახევარფინალური შეხვედრა პეტრეს ქალაქში იმართება და იქ უნდა გავფრინდეთო. ბრაზილიამ ჯავშანი გააუქმა, ბელგიამ კი... ბელგიას ჯავშანი არ ჰქონდა, თუმცა გუნდი უკვე სანქტ-პეტერბურგშია და საფრანგეთთან ომისთვის ემზადება. ფრანგების გამჩერებელი ამ მუნდიალზე სწორედ ბრაზილია ჩანდა, თუმცა პენტაკამპეონები სახლში არიან. არადა, ბრაზილიელებს გულშემატკივრები სამთავრობო დონეზეც არ აკლდათ. მაგალითად, ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა განაცხადა, რომ თუ ნეიმარი ბელგიასთან ჰეთ-თრიქს შეასრულებს, მას მიწის ნაკვეთს გადასცემენ. ბრაზილიამ წააგო, ნეიმარი კი ნაკვეთის გარეშე დარჩა. 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ტიტეს, ფეხბურთის ფედერაციამ გათავისუფლების ნაცვლად, კონტრაქტის კიდევ 4 წლით გახანგრძლივება შესთავაზა ანუ ბრაზილიელებს სურთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვისაც ნაკრები სწორედ ტიტემ მოამზადოს. ცნობისათვის, რაც ტიტე ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში, ნაკრებმა მხოლოდ ერთ მატჩში გაუშვა ორი გოლი და ჩატარებული 26 თამაშიდან მხოლოდ ორი წააგო. 

კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა, ხამეს როდრიგესმა კი მსოფლიოს ჩამპიონატს ოჯახიც შესწირა. ხამესი ცოლს დაშორდა და განაცხადა, რომ ბედს მოდელს, ჰელგა ლავკეიტს უკავშირებს. არადა, ეს სახელი და გვარი რეალურად ფსევდონიმია. ჰელგა ლავკეიტი სინამდვილეში რუსი ქალბატონი, ოლგა კორობიცინაა და სანამ როდრიგესს გაიცნობდა, ორიოდე კვირით კრიშტიანუ რონალდუს ლოგინში მოასწრო კოტრიალი, თუმცა როდრიგესმა ამას ყურადღება არ მიაქცია _ მე და რონალდუ ვძმაკაცობთ და ერთმანეთთან პრობლემა არ გვექნებაო (?!). 

ძალიან საინტერესო ფოტო გადაიღეს ინგლისის ნაკრების თამაშის დროს. ტრიბუნებზე ინგლისელი ქომაგი იყო მოკალათებული, რომელმაც მისი გუნდის გამარჯვების შემდეგ ხელში პლაკატი დაიჭირა, რომელზეც ეწერა _ „ჯონ, კატას აჭამე, ორ კვირაში დავბრუნდები, მიყვარხარ...“ როგორც ირკვევა, ეს გოგონა შეყვარებულს სულ რაღაც ერთი კვირით დაემშვიდობა, აქაოდა, ინგლისი ჯგუფიდანაც ვერ გავა და მალე ჩამოვალო, მაგრამ გარეთ საუთგეიტის ბიჭები ნახევარფინალში არიან და რაღა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებენ. 

ისე როგორ იქნებოდა, სოჭში მცხოვრებ უამრავ სომეხს საკუთარი სიტყვა არ ეთქვა. ორმა ახალგაზრდამ ინგლისელი გულშემატკივრები გამოიჭირეს, აუხსნეს, არგენტინელები ვართო, ერთმანეთში სომხურად ისაუბრეს და ამით მოხიბლულმა გოგომ მათთან ერთად სასტუმროს ნომერში ეგზოტიკური ღამე გაატარა, მეორე დღეს კი მიხვდა, რომ სოჭში თითქმის ყველა „არგენტინულად“ საუბრობდა და... პოლიციას მიმართა. სამართალდამცავებმა ბიჭებს გაფრთხილება მისცეს და ისიც გაიხსენეს, რომ უზბეკებმა ორი დღით ადრე, რომელიღაც ტურისტი მოატყუეს, იაპონელები ვართო. 

ჯერჯერობით სულ ეს იყო _ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამართი ოთხი შეხვედრა დარჩა _ ორი ნახევარფინალი და მატჩები პირველი და მესამე ადგილისთვის. საბუკმეიკერო კანტორების ფავორიტი საფრანგეთია და ვნახოთ. 

პ.ს. რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ ამ კვირაში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და ოთხი ქართული კლუბი _ თბილისის „დინამო“, საჩხერიც „ჩიხურა“, ქუთაისის „ტორპედო“ და სამტრედიის „სამტრედია“ ჩაერთვებიან გათამაშებაში. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდების შანსები სამი სიტყვით უნდა შევაფასოთ _ „გულო, გაუძელ ტკივილს...“

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში