Menu
RSS

მარადონა სტადიონზე არ შეუშვეს!

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის კულუარები

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება და შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე პირველობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება. ამის თქმის საფუძველს კი პირველ ტურში ჩატარებული შეხვედრები გვაძლევს. შეხვედრები, რომლებშიც ფავორიტებმა ვერ იმარჯვეს. ვერ მოიგო ბრაზილიამ, არგენტინამ, ესპანეთმა... მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია კი საერთოდ დამარცხდა.

საფეხბურთო მატჩებზე არანაკლებ საინტერესო მინდორს გარეთ ხდება. მარტო ის რად ღირს, დიეგო მარადონა გახსნის მატჩზე რომ არ შეუშვეს. ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს მოსაწვევი სახლში დარჩა, პოლიციელებმა კი ვერ იცნეს. შედეგად, მარადონა შესასვლელთან ნაცემი ბავშვივით დადგა და როცა საპრეზიდენტო ესკორტი მოვიდა, ხელი დაუქნია და სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა მატჩზე. ისე, არგენტინის ფრეს შემდეგ, მარადონამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა როგორც საკუთარი გუნდის ფეხბურთელები, ისე მთავარი მწვრთნელი და მის სიტყვას არგენტინაში ოქროს ფასი რომ აქვს, კარგად მოგეხსენებათ. უფრო მეტიც, არგენტინის ნაკრების თავკაცს დიეგომ ურჩია, თუ ასე გააგრძელებ, სამშობლოში აღარ დაბრუნდე, მოგკლავენო. ერთიც _ ისლანდიის ნაკრების თავკაცი, ანუ იმ გუნდის, რომელიც არგენტინას ფრედ ეთემაშა, სტომატოლოგია. 

ისიც ვთქვათ, რომ არგენტინელთა დამრიგებელი ხორხე სამპაოლი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე შარში გაეხვა _ მას ნაკრების მზარეულმა სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი და სამსახურიდან წავიდა. არადა, არგენტინას იმის შიშით, რუსებმა არ მოგვწამლონო, სამი ტონა საკვები და ოთხი მზარეული ჰყავს მოსკოვში ჩაყვანილი. და ერთიც _ ისლანდიასთან არგენტინელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ პენალტი გააფუჭა და საინტერესოა, რომ ეს მის კარიერაში 25_ გაცუდებული თერთმეტმეტრიანია. ისე კი, ბოლო 7 პენალტიდან, ლეომ მეოთხე ვერ გაიტანა, რაც ასევე ცუდი შედეგია. 

ახლა სხვა ნაკრებებზეც ვთქვათ. იმის გამო, რომ მექსიკაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მსოფლიოს ჩემპიონატებზე მექსიკაში ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა. კაცებს უბრალოდ არ სცალიათ ქალებისთვის, ნერვული სტრესის ფონზე საერთოდ არაფერი აინტერესებთ და სწორედ ამიტომ... მექსიკაში კომპანია Vიცკყ Fორმ-მა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ქალის ასეთი ქვედა საცვლები გამოუშვა. საცვალში ჩაამონტაჟეს მიკრო-ვიბრატორი, რომელიც ფეხბურთელთა მოქმედებაზე რეაგირებს და გოგონას აღაგზნებს. თურმე, ისინი განსაკუთრებით გატანილ გოლებზე რეაგირებენ და ახლა მექსიკელ ქალებს გოლების გასვლა უბდა უხაროდეთ. 

აი, გერმანიაში კი სილამაზის კონკურსი ჩატარდა. 32 ქვეყნის წარმომადგენელი გერმანიაში მიიწვიეს იმისთვის, რათა ყველაზე ლამაზი გულშემატკივარი გამოევლინათ. ჰოდა, ყველაზე ლამაზ გულშემატკივრად ბელგიის წარმომადგენელი, ზოე ბრუნეტი გახდა. გოგონამ საპრიზო თანხაც, 3 500 ევროც მიიღო, თუმცა ამ თანხით რუსეთში გამგზავრებასა და იქ გართობას არ აპირებს. 

განხილვის საგანი გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, ბრაზილიელი ნეიმარის ვარცხნილობაც. მას თითქოს სპაგეტი ადევს თავზე, ისე თამაშობს და ვერ გეტყვით, ეს უშლიდა ხელს თუ სხვა რამ, მაგრამ შვეიცარიასთან მატჩში ბრაზილიელთა მთავარმა იმედმა ვერაფერი გააწყო. 

ერთ-ერთი, ვინც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სოლიდურ მოგებას ნახავს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო იქნება. მაურინიო რუსულმა არხმა ღთ-მ მიიწვია ექსპერტად და ოთხდღიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა. თითო დღეში მაურინიო 100 ათას გირვანქას მიიღებს, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, პორტუგალიელს 4 დღეში მილიონ ლარზე მეტს გადაუხდიან. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების ცენტრში მოექცა რამზან კადიროვი. ჩეჩნეთის ლიდერმა გადაწყვიტა ეგვიპტის ნაკრების ვარსკვლავი, მუჰამედ სალაჰი ახლოდან გაეცნო და ეგვიპტელთა ბაზაზეც მივიდა. ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაცინვის ობიექტი გახდა, რადგან ყველა წერდა, რომ კადიროვმა სალაჰი პიჟამოებში მოინახულა. რეალურად კი ჩეჩენს უცნაური ფერის სპორტულები ეცვა (სავარაუდოდ, მოდის ბოლო კივილი), თუმცა ფაქტია _ ფოტოზე ის ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. 

ყველა ნაკრების მწვრთნელისთვის სერიოზული პრობლემა რუსი ლამაზმანები არიან. ფეხბურთელები დასვენების საათებში სასტუმროდან იპარებიან და ცდილობენ ქალებთან გაერთონ, რაც მათ თამაშზე აისახება. სწორედ ამიტომ, სასტუმროებთან დაცვა აყენია _ როგორც წერენ, ყველაზე მკაცრად პორტუგალიის ნაკრების ბაზას იცავენ. პორტუგალიელთა მეკარის, რუი პატრისიუს ცოლმა, წარსულში ცნობილმა მოდელმა, ამჯერად კი ექიმმა-სექსოლოგმა ვერა რიბეირომ განაცხადა, რომ ფეხბურთელები მასტურბირებით უნდა დაკავდნენ, რადგან სექსუალური ცხოვრება მოწესრიგებული ჰქონდეთ. არადა, როგორი საქმეა, როცა რუსეთში ხარ, მილიონობით დოლარი გიდევს ანგარიშზე და... მასტურბირებ. ისე, რიბეიროს წიგნი „სახელმძღვანელო ცდუნებისთვის“ პორტუგალიაში ბესტსელერია. ისე, ვერ გეტყვით, რამდენად მართებულია მწვრთნელთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფეხბურთელებს სექსი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან აგერ, მექსიკის ნაკრებმა გერმანიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე ერთ-ერთ რუსულ სააგენტოს მიმართა და ესკორტ-გოგონების 30 მოდელი მიიწვიეს. ჰოდა, ამის შემდეგ მექსიკამ გერმანიასთან იფრინა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა... 

როგორც წესი, მსოფლიოს ჩემპიონატების თილისმად სხვადასხვა ცხოველს ირჩევენ ხოლმე და მათ პროგნოზების გაკეთებას აიძულებენ. ყველაზე პოპულარული რვაფეხა პული იყო, რომელიც პროგნოზებს 2010 წლის მსოფლიოს ჩამპიონატზე აკეთებდა. საფეხბურთო მატჩის წინ პულთან საკვები ორი თეფშით მიჰქონდათ, რომლებზეც მონაწილე გუნდების დროშები იყო დამაგრებული. მიიჩნეოდა, რომ ცხოველი რომელი თეფშიდანაც შეჭამდა საკვებს, ის გუნდი გაიმარჯვებდა, რაც მართლდებოდა კიდეც. ეს ყველაფერი სავალალოდ დასრულდა, რადგან როცა ესპანეთი-გერმანიის მატჩის წინ პულმა ესპანეთზე „გააკეთა“ ფსონი და პირენეელებმა ის შეხვედრა მართლაც მოიგეს, მთვრალი გერმანელი გულშემატკივრები ზოოპარკში შეიჭრნენ და რვაფეხა მოკლეს. 

რუსეთის ნაკრების პოპულარობისთვის გაიხადა ცნობილმა მოდელმა ალექსანდრა ამბროზიომ. მართალია, ოფიციალურად არ გახმაურებულა, რამდენი გადაუხადეს რუსეთის ნაკრების ფორმის მორგებაში ამბროზიოს, მაგრამ კულუარულად ამბობენ, რომ 3-საათიანი ფოტოსესია რუსეთის საფეხბურთო კავშირს ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა. 

აბა ისე როგორ იქნება, ამ ყველაფერს კრიმინალის გარეშე ჩაევლო. ჯერ იყო და მოსკოვში, წითელ მოედანზე, ტაქსი გულშემატკივრებში შევარდა და რვა ადამიანი დაშავდა. თავიდან ეგონათ, რომ საქმე ტერაქტთან ჰქონდათ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ მთელი ღამის ნამუშევარ ტაჯიკ მძღოლს უბრალოდ საჭესთან ჩაეძინა. საბედნიეროდ, მხოლოდ რვა ადამიანი დაშავდა და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უფრო მძიმე შემთხვევა მოხდა მოსკოვში, ბრუსლიოვის ქუჩეზე _ ნიგერიის ნაკრების 26 წლის გულშემატკივარი, ვინმე ტოლუპე აკინდი დათვრა, კორპუსის სახურავზე აძვრა და ბოლო ხმაზე სიმღერა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ საათის ისრები ღამის 12-ს აჩვენებდა, კორპუსის მაცხოვრებლებმა ნიგერიელს გაჩუმება სთხოვეს, თუმცა მან სიმღერა გააგრძელა, რის შემდეგაც სახურავზე კორპუსის რამდენიმე მობინადრე ავიდა და ხელის მარტივი მოძრაობით, ტოლუპე აკინდი სახურავიდან გადმოაგდეს. ნიგერიელს ორივე ფეხი აქვს მოტეხილი და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

ინგლისის ნაკრებიის ფეხბურთელი, რაჰიმ სტირლინგი, როგორც იქნა, ეროვნულ გუნდში მოხვდა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე გულშემატკივრებმა სტირლინგის ნაკრებში გამოძახება იმ მიზეზით გააპროტესტეს, რომ ფეხბურთელმა ფეხზე იარაღი ამოისვირინგა. ფანებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს, ასეთი კაცი გუნდში არ გვჭირდებაო, მაგრამ... 

„2 წლის ვიყავი, როცა მამაჩემი იარაღით მოკლეს. ნამდვილ იარაღც ცხოვრებაში არასდროს შევეხები, ეს სვირინგი კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“,-განაცხადა სტირლინგმა და გულშემატკივრების პროტესტის მიუხედავად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ფეხბურთელს გვერდში დაუდგა და ის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანა. 

ამ ეტაპზე სულ ეს იყო. ერთი კვირაა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და მთავარი მოვლენები ჯერ წინაა.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში