ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობიდან შვილიშვილის მიერ ბებიის მკვლელობის შეკვეთამდე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაქირავებული მკვლელის ანუ „ქილერის“ არსებობა ფართო საზოგადოებამ დასავლური „თრილერების“ შემოსვლის შემდეგ გაიგო. მანამდე კი ყურმოკვრით იცოდნენ, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ, თუმცა მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, მოსახლეობას მყარად სჯეროდა, რომ ყველა „ქილერს“ იმჟამინდელი „კა-გე-ბე“ აკონტროლებდა. მართლაც, ცივი ომის დროს, დასავლეთის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა ბრალდება, რომ საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა ესა თუ ის ადამიანი მოკლა, მაგრამ მტკიცებულება თითქმის არასდროს იყო.

 

90-იანების შემდეგ კი ცნება - „დაქირავებული მკვლელი“ მყარად ჩამოყალიბდა და რაც მთავარია, ამ პროფესიის ადამიანები ძალიან მომრავლდნენ. მეტიც, მათი არათუ არსებობის შესახებ იცოდნენ ფართო მასებმა, არამედ, იწერებოდა სტატიები, იბეჭდებოდა სურათები ანუ ყველამ იცოდა, ვინ იყო „ქილერი“. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა 1994 წლის 5 აპრილს მოხდა, როცა მოსკოვში, ოთარი კვანტრიშვილი მოკლეს. კვანტრიშვილი ზოგს კრიმინალურ ავტორიტეტად მიაჩნდა, ზოგს - მეცენატად და ბიზნესმენად, რეალურად კი ის რუსულ პოლიტიკაში აპირებდა მისვლას, მაგრამ არ დასცალდა. კვანტრიშვილის მკვლელობისთვის ვინმე ალექსეი შერსტობიტოვი (მეტსახელად, „ლიოშა-სალდატ“) დააკავეს, თუმცა მხოლოდ 2006 წელს და კვანტრიშვილის გარდა, მან კიდევ 12 ადამიანის მკვლელობა აღიარა. გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, შერსტობიტოვს 23 წლით ციხე მისცეს და არა - სამუდამო პატიმრობა. კულუარებში იმასაც ამბობენ, რამდენიმე თვეა, „ლიოშა-სალდატი“ უკრაინის ფრონტზე იბრძვის და სნაიპერის შაშხანით არაერთი უკრაინელი მოკლაო.

სხვათა შორის, შერსტობიტოვი ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალ „ქილერად“ ითვლება, რაც თუნდაც კვანტრიშვილის მაგალითზეც გამოჩნდა. მან ოთარს ორი ტყვია მოარტყა და პირველი მაშინ, როცა ის ფეხზე იდგა, მეორე - როცა მიწაზე ვარდებოდა ანუ ჰაერში და ორივე ტყვია თავის არეში. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ კვანტრიშვილზე ამბობდნენ, აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თემაში და რომ დასცლოდა, ეგებ, ახლა აფხაზეთი ისევ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ყოფილიყოო. ოფიციალურად, რუსულმა გამოძიებამ, კვანტრიშვილის საქმეში ჩაწერა, რომ ის ჩეჩნურ და სლავურ დაპირისპირებას შეეწირა, რაც სიმართლეს არ ჰგავს, თუნდაც იმიტომ, რომ იმ დროისთვის, კვანტრიშვილი კრიმინალურ გარჩევებში ნაკლებად მონაწილეობდა და მთლიანად პოლიტიკურ ამბებსა და ბიზნესზე იყო გადართული.

ყველაფერი ეს იმიტომ მოგიყევით, რომ გასულ კვირას, სამართალდამცავებმა 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც საკუთარი ბებიის, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორისა და 66%-იანი წლის მფლობელის, ვალენტინა საყვარელიძის მკვლელობას გეგმავდა. მან „ქილერს“ მიაწოდა ბებიის სურათი, უთხრა მისამართი, წაიყვანა, ანახა და რაც მთავარია, ჩანაწერში ისმის, როგორ ურჩევს დროს ანუ რომელ საათზე იქნება უფრო კარგი ბებიის მოკვლა. შვილიშვილი დაქირავებულ მკვლელს იმასაც ეუბნება, მაყუჩიან იარაღს ხმა მაინც აქვს და ეგებ, გაგუდო, ნაკლები ყურადღება რომ მიიქციოსო და... ჩანაწერში ისმის, რომ თურმე, ბებო ფრთხილია, უცხო კაცს კარს არ გაუღებს, ამიტომ შვილიშვილი დააკაკუნებს და შემდეგ „ქილერი“ თავის საქმეს იზამს. იმასაც გვეუბნებიან, რომ შვილიშვილი „ქილერს“ მთლიანობაში, 150 ათასი დოლარის გადახდას დაპირდა, ამ თანხის თითქმის ნახევარი - 70 ათასი წინასწარ გადასცა და თანხა... ბებიას გამოართვა. უკვე გაცხადდა ისიც, რომ ქალბატონ ვალენტინას საკმაოდ კარგი შემოსავალი და უძრავი ქონება აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ გაასხვისა და სავარაუდოდ, სწორედ ეს ფული მისცა შვილიშვილს... ბიზნესის დასაწყებად. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, როცა ოჯახის წევრს სასიკვდილოდ იმეტებ, სამუდამო პატიმრობა ალალი და უსაყვედუროა.

ერთი შეხედვით, საქართველოში დაქირავებული მკვლელის თემა თითქოს 90-იანებს ჩაბარდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. არცთუ იშვიათად გვესმის ხოლმე ამა თუ იმ ბიზნესმენის მკვლელობის  შესახებ, მკვლელს კი ვერ აკავებენ. ზოგადად, სამართალდამცავებისთვის ეს ყველაზე რთული საქმეა, რადგან არ ჩანს „ქილერი“ და არ ჩანს დამკვეთი. ძალოვნებს იშვიათად უმართლებთ ხოლმე, როცა ისინი „ქილერის“ დაკაებას ახერხებენ, თუმცა წარმატების გარანტია არც ესაა - დაკავებული „ქილერები“ დამკვეთს იშვიათად ასახელებენ და ხშირად მათი ვინაობა არც იციან - ისინი ინტერნეტით იღებენ შეკვეთებს და გადარიცხვით იღებენ ფულს ანუ რეალურად, მკვლელი და შემკვეთი ერთმანეთს სახეზეც კი არ იცნობენ. მაგალითისთვის, დღემდე გაუხსნელია 2015 წლის 28 მარტს მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის საქმე. მართალია, შსს-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მკვლელობა უკრაინის მოქალაქემ, 31 წლის ოლექსანდრ დამეტოვმა და რუსეთის მოქალაქემ, 43 წლის ოლეგ დოევმა შეასრულეს, მაგრამ მინიშნებითაც კი არაფერი თქმულა დამკვეთზე და მხოლოდ ოჯახის წევრთა ეჭვები ძიებისთვის საკმარისი არ არის.

გასული წლის 22 ივნისს, ბაგებში მოკლეს ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, მეტსახელად, „ტილიკა“, რომელიც 90-იან წლებში, საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი პიროვნება გახლდათ და ამბობენ, რომ კვალიც სწორედ იქიდან მოდის, თუმცა სამართალდამცავებმა ვერც „ქილერს“ მიაგნეს, ვერც დამკვეთს და ეს იმის მიუხედავად, რომ კაჭარავას უახლოესი მეგობარი გიორგი რამიშვილი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი და უმდიდრესი ადამიანია, არც ფინანსურ და არც ადამიანურ რესურსს არ დაიშურებდა საქმის გასახსნელად, კულუარულადაც დაძებნიდა, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს, დაკავებებით დასრულდა. მაშინ ამ საქმეზე, ლამის, მთელი საქართველო საუბრობდა, სამართალდამცავებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც მკვლელობის შემკვეთ ქალბატონს სახე არ ჰქონდა დაფარული და ის „ქილერს“ ეუბნებოდა, რომ სანამ მსხვერპლს ტყვიას დააჭედებდა, მისთვის თვალებში ჩახედვა სურდა. გაგეცინებათ და, დღეს ეს ქალი თავისუფალია. საქმე კი „ქილერმა“ გახსნა, რომელიც ძალოვანი უწყების ინფორმატორი იყო ანუ ზუსტად ისე, როგორც გასულ კვირას მომხდარ შემთხვევაში.

2009 წელს, თბილისში მცხოვრები ქალბატონი და საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს ყოფილი მოქალაქე „ქილერს“ ეძებდნენ. ეძებდნენ, შესაძლოა, ამ შემთხვევაში ცოტა უხეში სიტყვა იყოს, მაგრამ სწორედ რომ ეძებდნენ, რადგან ამბავი იმდენად გახმაურდა, რომ შსს-ს ყურამდე მივიდა და გამზადებული „ქილერიც“ გამოცხადდა. მას სამი ადამიანის ფოტო გადასცეს, რომლებიც არა მარტო უნდა მოეკლა, არამედ, მანამდე უნდა დაეკავებინა, მიყრუებულ ადგილას წაეყვანა, მერე იმ ადგილზე ის ქალი მივიდოდა, თვალებში ჩახედავდა მსხვერპლებს და მერე „ქილერი“ დახოცავდა. მოკლედ, სიუჟეტი ისეთი იყო, ცალკე - ფრენსის ფორდ კოპოლას რომ შეშურდებოდა და ცალკე - ალ კაპონეს. ძალოვნებმა მხოლოდ ის ვერ გაიგეს, რატომ სურდათ ამ სამეულის მოკვლა. სამიდან ორი საკმაოდ შეძლებული პირი იყო, ცოტა კრიმინალური წარსულით, ცოტა ძველბიჭობით,  „ბაბულიკები“, მესამე კი... ღარიბ-ღატაკი მძღოლი, რომელიც მუდმივად სამსახურს ეძებდა. სამართალდამცავებმა სწორად გათვალეს, ზუსტად იცოდნენ, რომ ის ორი არაფერს იტყოდა, ამიტომ მძღოლი დააკავეს, წინ სურათი დაუდეს და ჰკითხეს - რატომ გადასცეს „ქილერს“ მისი სურათი და რატომ უნდა მოეკლათ? მძღოლმა თავიდან ყველაფერი გაიკვირვა, მაგრამ როგორც კი ერთი წამოარტყეს, პასტა და ფურცელი მოითხოვა და დილამდე წერდა.

როგორც გაირკვა, ქალს და მამაკაცს უცხოეთიდან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანის სქემა ჰქონდათ დალაგებული, ეს უბედური კი მძღოლად ჰყავდათ და რეალურად მან ბევრი არაფერი იცოდა. უბრალოდ, საჭეს ატრიალებდა, მერე კი, როცა ჯამაგირის მომატება მოითხოვა, გამოაგდეს და დავალიანება არ მისცეს. მანაც თავის უბნელ „ბაბულიკებს“ მიაკითხა, რომლებიც მაშინვე მიხვდნენ, რომ მანქანებით ნარკოტიკი გადაჰქონდათ და საკმაოდ სოლიდური თანხის ახევა მოინდომეს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ნარკოდილერებს თანხა გადაეხადათ, ფულის მოსაგროვებლად დრო ითხოვეს და „ქილერის“ ძებნა დაიწყეს. გახმაურებული დაკავებები 2010 წელს განხორციელდა და მაშინ მართლა მთელი საქართველო ამ თემაზე საუბრობდა.

და ერთიც - უკრაინაში ომის დაწყებამდე, პრაქტიკულად, ერთი თვით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს, როგორ ისვრის მამაკაცი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს მეორე მამაკაცის მიმართულებით, როგორ კლავს ადგილზე და როგორ მშვიდად ტოვებს იქაურობას. ეს იყო ტიპიური შეკვეთილი მკვლელობა და თავდამსხმელი იმდენად თავხედი გახლდათ, რომ არც ნიღაბი ეკეთა და არც სათვალთვალო კამერებს დაემალა. მალე გაირკვა, რომ მკვლელი საქართველოს მოქალაქე გახლდათ და მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა ათ წელზე მეტია, ის საქართველოში არ გამოჩენილა და როგორც ამბობენ, მკვლელობიდან რამდენიმე საათში, უკრაინა დატოვა. ისიც ითქვა, ეს ბიჭი მკვლელობაში 20-30 ათას დოლარზე მეტს არ იღებს და კლიენტურაც ბევრი ჰყავსო (?!).

 

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე