Menu
RSS

მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ!

სატრანსპორტო კოლაფსი დედაქალაქში!

4 ივნისს, დილიდან, მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ. გაფიცულები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ხელფასის ზრდის მოთხოვნით, გაფიცულებმა შიმშილობა დაიწყეს და განაცხადეს, რომ აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დედაქალაქის მუნიციპალიტეტი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.Pპარალელურად, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და მეტროს მემანქანეების გაფიცვას შანტაჟი უწოდა. მერია მემანქანეების ხელფასის ზრდას არ აპირებს. მეტიც, სატრანსპორტო კოლაფსისგან თავის აცილების მიზნით, კალაძემ თბილისელებს მუნიციპალური ტრანსპორტით _ ავტობუსებით უფასო მგზავრობა შესთავაზა!

4-5 ივნისს, თბილისის მეტრომ მუშაობა შეწყვიტა! ასეთი რამ შავ-ბნელ 90-იანებშიც კი არ მომხდარა, რადგან მაშინ, როდესაც თბილისში ყველანაირი ტრანსპორტი _ ავტობუსი, ტროლეიბუსი და ტრამვაი პარალიზებული იყო, მხოლოდ მეტრო მუშაობდა... მეტროს მემანქანეების პროტესტი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2 აპრილიდან დაიწყო, თუმცა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მათ ხელფასს არ გაუზრდიდა. 2018 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,სამუშაო საათებში'', მეტროს მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობა აუკრძალა?! 31 მაისს კი პროფკავშირების გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

4 ივნისის გაფიცვა მეტროს მემანქანეთა პროფკავშირმა ,,ერთობა 2013'', ერთი თვით ადრე დააანონსა. მას შემდეგ, რაც მეტროს სადგურებმა მუშაობა შეაჩერა, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო გახდა, თბილისში სრული სატრანსპორტო კოლაფსი მაინც შეიქმნა. ფაქტია, უფასო ავტობუსებმა პრობლემა მინიმალურადაც ვერ აღმოფხვრა, რადგან, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა მეტისმეტად მცირეა და მგზავრთა მზარდ ნაკადს ვერ იტევს. ერთი შეხედვით, პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება სამარშრუტო მიკროავტობუსებსაც შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისი არც ეს აღმოჩნდა _ მიკროავტობუსებიც მგზავრებით გადაიტვირთა და რაც ყველაზე სამწუხაროა, მათი გარკვეული რაოდენობა სამარშრუტო ხაზებზე არც კი გამოსულა! 

აი, ამ დაძაბულ ფონზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შრომითი უფლებების დამცველებმა მუნიციპალიტეტს პირობა წაუყენეს, რათა მეტროს მემანქანეთა ხელფასი 45%-ით, მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე გაზრდილიყო: ,,ეს პირობა თბილისის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია! კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების, ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე! მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ, რომ მერიის სტრუქტურებში ხელფასები მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის, ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე გაიზარდოს! მინდა შეგახსენოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას! მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით, 1 400-დან 1 800 ლარამდე შეადგენს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველებისა და უშუალოდ, მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასი! მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას“. 

კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა შანტაჟია საკუთარი მოსახლეობის მიმართ. მისი თქმით, მერია არ დაუშვებს, რომ თბილისელები შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო დაზარალდნენ: ,,არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2 4000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ასრულებენ. თითოეული მათგანის შრომა საპასუხისმგებლო და დასაფასებელია. დაუშვებელია, რომ შანტაჟის საფუძველზე, მერიამ უსამართლო და უთანასწორო გადაწყვეტილებები მიიღოს. სხვა შემთხვევაში, მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისა, თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და თბილისელებზე ზრუნავენ! ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება, რომ ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც, გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა''. 

პარალელურად, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ'', რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია დედაქალაქის მეტროპოლიტენი, განცხადება გამოაქვეყნა: ,,მოლაპარაკებების პროცესში, სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომლის მიხედვით, კომპანია დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების ზრდას არ განიხილავს, ვინაიდან ეს სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს. წლების მიხედვით, ვაქვეყნებთ მეტროს თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას და ვაცხადებთ, რომ დინამიკა მზარდია. მაგალითად, მემანქანე ინსტრუქტორის ხელფასი 2013 წელს _ 1 824 ლარი, 2014 წელს _ 1 962 ლარი, 2015 წელს _ 1 968 ლარი, 2016 წელს _ 2 046 ლარი, 2017 წელს _ 2 158 ლარი იყო; ხაზის მემანქანის ხელფასი 2013 წელს _ 1 605 ლარი, 2014 წელს _ 1 700 ლარი, 2015 წელს _ 1 730 ლარი, 2016 წელს _ 1 794 ლარი, 2017 წელს _ 1 827 ლარი იყო!'' 

,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'' განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესება მათი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ბოლო წლებში, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა: ,,კონკრეტულად, მეტროს მემანქანეებისთვის, კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს, აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება თანრიგის ცვლილების შესაბამისად, ხოლო სწავლის პერიოდში, მემანქანე იღებს ხელფასს. კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფის ზრდაც, რაც დადებითად აისახა თანამშრომელთა შემოსავლებზე'', _ აღნიშნულია განცხადებაში. ოფიციალური ინფორმაციით, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია'' (ყოფილი შპს ,,თბილისის მეტრო''), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, 1966 წლიდან ოპერირებს, როდესაც მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი _ დიდუბე-რუსთაველის მიმართულებით გაიხსნა. 2009 წელს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ამ კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება _ სამი ავტოპარკის სახით. 2012 წელს, კომპანიის საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მის აქტივებს დაემატა ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, 2016 წელს კი კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა. 2017 წელს, თბილისის მეტროს ახალი, 23-ე სადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი'' შეემატა. 

P.S. ტრანსპორტის პოლიტიკა თბილისის მერის, კახა კალაძის შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთი, წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერად არჩევის შემდეგ, მის გუნდს ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია უნდა შეექმნა, რაც თბილისის ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნებოდა. მეტიც, კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას გვპირდებოდა, რაც მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული კი არა, პოპულარულიც უნდა ყოფილიყო. თბილისის მერი მეტროპოლიტენის მასშტაბურ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, არსებული მეტროსადგურების რეკონსტრუქციასა და ახალი ხაზების განვითარების დაგეგმვასაც გვპირდებოდა. მოკლედ, არც მაშინ და არც შემდეგ, კალაძე მეტროს მემანქანეებს ხელფასის ზრდას არ დაპირებია, მაგრამ დიდი ალბათობით, მერობის კანდიდატს ხმა ალბათ, მემანქანეებმაც მისცეს... ფაქტია, რომ ამ ადამიანებს სერიოზული პრობლემა აქვთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ეს პრობლემა უშუალოდ მათ ხელმძღვანელს ანუ ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას'' უნდა გადაეჭრა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც არასწორად ჩატარებული ტენდერის გამო, რამდენიმე თვის წინ, მეტრო ,,ვარკეთილში'', ჭერი თავზე ჩამოენგრა! მართალია, კომპანიაში დღეს ის ხელმძღვანელი აღარ მუშაობს, რომელმაც ტენდერი ჩაატარა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. თბილისის მერს ბრიფინგი კი არ უნდა ჩაეტარებინა და მეტროს მემანქანეების შრომითი ხელშეკრულებები კი არ უნდა აეფრიალებინა საზოგადოებისთვის, საკუთარ დაქვემდებარებაში არსებული შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის'' ხელმძღვანელი, მამუკა კობახიძე უნდა დაებარებინა და პასუხი უნდა მოეთხოვა, რადგან ახლა უკვე ფაქტია, რომ სატრანსპორტო კოლაფსი 4-5 ივნისს, დედაქალაქში, სწორედ ამ შპს-ს მენეჯმენტის უნიათობით შეიქმნა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში