Menu
RSS

„სკოლის დირექტორს, მანდატურს, განათლების მინისტრს მორალური უფლება არ უნდა ჰქონოდათ, დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე!“

რატომ დუმს განათლების სამინისტრო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის გარშემო მე-7 თვეა, საზოგადოებრივი ინტერესი არ ცხრება. კეთდება უამრავი განცხადება _ ითხოვენ პროკურორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის საბჭოს, მთელი მთავრობის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუმცა არავის ახსენდება, ის ძირეულ პრობლემა, საიდანაც ეს დაპირისპირება წარმოიშვა. სკოლაში დაწყებულმა კონფლიქტმა მდგომარეობა იქამდე დაძაბა, რომ რამდენიმე მოზარდმა საკუთარი თანატოლები დანებით დაჩეხეს – განათლების სამინისტრო კი დუმს! 

,,ვერსია'' დაინტერესდა, უნდა აიღოს თუ არა გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა აღნიშნულ პრობლემაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან იმ სკოლების ხელმძღვანელებმა, პედაგოგიურმა საზოგადოებამ, რომელთა მოსწავლეებმაც ამ საზარელ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა? რა პრობლემებია განათლების სისტემაში და რა კეთდება სკოლებში ძალადობის, ბულინგისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად? _ ამ საკითხზე განათლების ექსპერტს, ლაშა მკურნალიძეს ვესაუბრეთ.

_ ჯერ პრობლემის იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ. ამ ტრაგედიამ ყველა შეძრა, მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის და სად დაიწყო ეს ყველაფერი? ვფიქრობ, საზოგადოება ყველაზე მეტადაა დამნაშავე ამ ტრაგედიაში, რადგან ესაა გულგრილობა და სკოლა არის საზოგადოების ის აქტიური ელემენტი, სადაც ხდება ჩვენი მომავალი თაობის ფორმირება. შესაბამისად, იქ უნდა იყოს თავმოყრილი პედაგოგიურ-აღმზრდელობითი გამოცდილი კადრები, რადგან ბავშვები მშობლების თვალწინ უფრო ცოტა დროს ატარებენ, ვიდრე სკოლაში. შესაბამისად, ჩნდება კითხვა _ პრობლემა მყისიერად წარმოიქმნა თუ წინაპირობა ჰქონდა? შეაფასა ეს განათლების სამინისტრომ? გამოიკვლია? ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს კონფლიქტი უცებ წარმოქმნილი არ იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ამ ბავშვების კონფლიქტში რომელია დამნაშავე, დამნაშავე საზოგადოება და მისი გულგრილობაა. 

რაც შეეხება, პასუხისმგებლობის საკითხს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას რომ თავი დავანებოთ, რამდენად დაკვირვებული იყვნენ თანამდებობის პირები სკოლაში, სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე, მანდატური, კლასის დამრიგებელი, სხვა პედაგოგები? ნებისმიერი ბულინგი, ძალადობა, კონფლიქტი ხომ სკოლისა და საზოგადოების პრობლემაა, მითუმეტეს არასრულწლოვნებს შორის, სადაც მათ, ასაკობრივი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ჰეროიკული მომენტები აქვთ, მომეტებული აგრესიაც შეიძლება იყოს, მომეტებული თავგამოდებაც, რაც ხშირად რადიკალური, გაუზარებელი ქმედებებით^ მთავრდება. აქ ფიზიოლოგია, ასაკი, გამოცდილება და სხვა ფაქტორები თამაშობენ დიდ როლს. გამოიკვლიეს და შეაფასეს კი ეს ყველაფერი? რამდენად ადეკვატურად მოიქცა სასკოლო პედაგოგიური საზოგადოება ამ პრობლემის აღმოჩენისთვის, პრევენციისთვის? ჰქონდათ ინფორმაცია, მოახდინეს სწორი რეაგირება თუ _ არა? 

მაგრამ აქ კიდევ არის ერთი მთავარი პრობლემა, ესაა მორალური დილემა _ ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ საზოგადოებაში მთელმა საზოგადოებამ და მათ შორის, თანამდებობის პირებმა უნდა აიღონ ის პასუხისმგებლობა, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე. სკოლის დირექტორს, მანდატურს, განათლების მინისტრს სულ მცირე მორალური უფლება არ უნდა ჰქონდათ, დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე. როცა შენ ხარ ხელმძღვანელი ამა თუ იმ მიმართულებით და შენს სტრუქტურაში ხდება ყველაზე ცუდი, ყველაზე რადიკალური რამ, მორალურად არ აქვს გამართლება, დარჩე იმ თანამდებობაზე! 

_ ახლა, როცა ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით პროტესტი პიკს აღწევს, არავინ ახსენებეს განათლების სისტემის პრობლემას და იმ საფუძველს, საიდანაც ეს პრობლემა წარმოიშვა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება ამას ვერ აცნობიერებს? 

_ არის თუ არა დირექტორის, მინისტრის, მანდატურის ბრალეულობა, ეს გამოძიების თემაა და უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა დავიცვათ. უდიდესი ტრაგედიაა ორი გარდაცვლილი მოზარდი, მაგრამ მე უფრო მეტი პრობლემა მგონია ის, თუ საიდან დაიწყო ეს, რა იყო წინაპირობა, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია? ჩნდება კითხვა, მსგავსი პროცესი იმ სკოლაში კიდევ ხომ არ არის? ან საზოგადოების სხვა სოციუმში მსავსი პრობლემა ხშირი ხომ არაა? გვაქვს ამის იდენტიფიკაცია, სატატისტიკა და პრევენცია? ცოტა გამიკვირდა, როცა განათლების მინისტრმა თქვა, მანდატურის სამსახურს გავაძლიერებთო. იქნებ ზუსტად იმ მანდატურის სამსახურმა ვერ იმუშავა იმიტომ, რომ მასწავლებელს ეგონა, რომ მანდატური გააკეთებდა საქმეს, ან პირიქით მოხდა? შემდეგ კი საერთოდ გაეცალნენ კამერებსა და მანდატურებს მოზარდები და სადღაც მოხდა უბედურება. ამ ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გამომწვევი მიზეზია. 

საერთოდ, განათლების სისტემაში ბულინგის, ანუ სკოლაში მომხდარი დანაშაულების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან ტენდენცია გვაქვს ასეთი _ ოღონდ ნუ იქნება ბუნტი, სჯობს, სკოლამ მიჩქმალოს, არ გამოიძახოს პოლიცია, არ გაასაჯაროოს, როგორმე ჩაფარცხოს და კონსერვაცია გაუკეთოს ერთგვარად, მაგრამ ეს არის ზედაპირული მიდგომა და პრობლემა ამით არ აღმოიფხვრება. პირიქით ის გროვდება და სად და როგორ აფეთქდება ღმერთმა უწყის. 

_ ეს დამოკიდებულება სკოლებში ამ ხელისუფლების დროს გაჩნდა? 

_ არა, ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის იყო სკოლებში. უფრო ადრე მანდატურის ფუნქცია იყო საზედამხედველო, ციხის ზედამხედველს შეიძლება, შევადაროთ, რომელიც აკონტროლებდა უფრო მეტად პედაგოგიურ საზოგადოებას და ეს იყო ინფორმაციის შეგროვებისა და შემდეგ არჩევნებზე ზემოქმედების მექანიზმი. დიმიტრი შაშკინმა როცა ეს სისტემა შექმნა, ზოგადი განათლების სისტემის აზრზეც არ იყო. მანდატური იყო აშშ-ში ისეთ სკოლებში, სადაც ბავშვები სწავლობენ გაძლიერებული რეჟიმით, მიმაგრებით და მძიმე სიტუაციაში. 

_ ანუ, მანდატურის სამსახურმა საქართველოში არ გაამართლა? 

_ მაშინ გკითხვათ _ შემცირდა სტატისტიკა? არ ხდება მკვლელობა, ბულინგი და გამოძალვა სკოლებში? არავინ თქვას, რომ იდეალურ შედეგს შეიძლება, მიაღწიოს საზოგადოებამ და ასეთი დანაშაულები არ მოხდება. აქ აღზრდის პრობლემაა, სამწუხაროდ. ის ბავშვები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან და ამ პროცესში მონაწილეობდნენ, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულების მსხვერპლი არიან, რადგან რაღაც შეეშალა საზოგადოებას, როდესაც მათ მიიღეს არავაჟკაცური, არაადამიანური და არაჰუმანური გადაწყვეტილება, როდესაც ამდენი დაესია ამ ორ მოზარდს, გამოიყენეს დანა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს თანატოლები. ეს ბავშვები იარაღი იყვნენ ამ დანაშაულის მდგომარეობაში, რადგან დარწმუნებული ვარ, ვინც იქ იყო, ნანობს ამას და გააზრებულად არც ჰქონდათ ეს განზრახვა. თვითონ ისინი უფრო დიდი მსხვერპლი არიან, რადგან მათ ამ ყველაფერით უნდა იცხოვრონ, რადგან ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს. ანუ ამ პროცესში მსხვერპლიცა და მოძალადეც მსხვერპლი გამოდის, დამნაშავე კი საზოგადოებაა. საზოგადოების წინაშე იმ ადამაინებს, რომლებსაც ასეთი ქმედების აღმოჩენა, პრევენცია ევალებოდათ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, აზრზეც არ იყვნენ, რა პრობლემა იყო ამ ბავშვებში და ჩვენ სწავლის პროცესში ინდივიდუალურ მიდგომასა და აღზრდის ნაწილში შედეგებს მივაღწევთ?! 

_ დირექტორებს, პედაგოგებს აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით უამრავი ტრენინგი უტარდებათ. რა გამოდის, ეს ყველაფერი ცალკე რჩება და მათ პრაქტიკაში ვერ იყენებენ სათანადოდ? 

_ ტრენინგები, რომლებიც დირექტორებს უტარდებათ, ალბათ, უფრო პოპულისტურია. პრაქტიკული გამოყენების უნარი ანუ პროფესიონალიზმის ხარისხი არის დაბალი. ჩვენს საზოგადოებაში, განათლების სისტემაში ჯერ კიდევ ევრ მოვიშალეთ სერტიფიკატებისა და კრედით-ქულების დაგროვება. ანუ, ჩვენ ვაგროვებთ ფურცლის ნაგლეჯებს და არა _ ცოდნას. არ ვაფასებთ იმას, თუ რამდენად შეუძლიათ პრაქტიკულად გამოიყენონ ცოდნა. აქვთ თუ არა, ეს უნარი, ამას არ ვაფასებთ და მიღებულია მხოლოდ სერტიფიკათი, ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა და არა _ ხარისხი, კრედიტ-ქულები და არა _ ცოდნა. 

_ ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ განათლების სამინისტროში ამ პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნა. კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს სამინისტროს მხრიდან პრობლემის მოსაგვარებლად? 

_ ვიმეორებ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია აარაა ახლა დაწყებული პრობლემა, ამას აქვს დიდი საწყისი, რომელიც გამოვლინდა ხორავას ქუჩაზე, თუმცა, ეს შეიძლება მომხდარიყო სხვა ნებისმიერ ქუჩაზე. უბრალოდ, აქ მოხდა იმ ტრაგიკული მოვლენათა თანმიმდევრობა, მაგრამ საფუძველი უფრო დიდია. მაქვს კითხვა _ საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო, ამის პრევენცია როგორ მოხდება? მისი იდენტიფიცირება როგორ მოხდება და ვინ უნდა გააკეთოს ეს? ისევ იმ ექსპერტებმა და სპეციალისტებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი ხელიდან გაუშვეს და ვერ გადადგეს თავის დროზე წინდახედული ნაბიჯები, რის გამოც მივიღეთ ეს შედეგი? ისევ იმ ადამიანებმა უნდა გააკეთონ ეს? იმისათვის, რომ ეს კოპლექსური პრობლემა მოგვარდეს, უნდა გატარდეს სტრატეგიული ცვლილებები და არა ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მინისტრმა წარმოადგინა და კრიტიკას ვერ უძლებს, არამედ უნდა იყოს რეალური, მიზანზე ორიენტირებული, გაზომვადი გეგმა. 

ჯერ ვაღიროთ, სად გვაქვს პრობლემა და რას ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად, ამ შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერაც საჭიროა. იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ხალხი, რომ მიზანი მიღწევადი იყოს. სხვა შემთხვევაში, თუ ეს იქნება კონკრეტული მინისტრის, განათლების ექსპერტის ახირება და ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, არაფერი გამოვა. საზოგადოების მხარდაჭერა კი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა ნათლად დავინახავთ, რომ დღეს გვაქვს პრობლემა სკოლების დეცენტრალიზაციის, სამოქალაქო განათლების სწავლის, სკოლაში აღზრდის, შეფასებისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური მუშაობის, დირექტორების კვალიფიციური კადრების და ა.შ. ეს ყველაფერი კომპლექსში არის რადიკალურად შესაცვლელი და გრძელვადიანი სტრატეგიაა ჩამოსაყალიბებელი. 

მთავრობების ცვლილების მიუხედავად, საზოგადოების მხარდაჭერილ სტრატეგიაში ახალმა მთავრობამ ვერაფერი უნდა შეცვალოს. თორემ ერთი მინისტრი მოვა და ვაშლებზე საუბრობს, მეორე _ ევრიკაზე და რაღაც პროგრამაზე, სხვას კიდევ ხალხური საკრავების ინტერესი ექნება და ამ დროს ჩვენი შვილები იღუპებიანმ ვერ ვითარდებიან და საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალეიზებას ვერ ახდენენ.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში