Menu
RSS

2018 წელს, საქართველოში, შიდსის შემთხვევები 30-ით გაიზარდა!

საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, აივ/ შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაიზარდა და 7000-ს გადააჭარბა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 20 მაისის მონაცემებით, დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30 შემთხვევით მეტია, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დღეს ქვეყანაში რეგისტრირებულია 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანი, თუმცა ეს არ ასახავს ქვეყანაში აივ/შიდსის გავრცელების რეალურ სურათს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში შეიცვალა აივ-ის გადაცემის გზები. დღეს აივინფიცირებულების 56% დაინფიცირდა დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (45% ჰეტერო და 11% -ჰომოსექსუალური კონტაქტით), 41% ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით, ხოლო დანარჩენი 2.3% -დედიდან შვილზე ან ჰემოტრანსფუზიის გზით. 0.7%-ის შემთხვევაში გადაცემის გზა დაუდგენელია. აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. 

20 მაისს მედიკოსებმა და ჟურნალისტებმა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღნიშნეს და ცაში წითელი ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნული იყო გარდაცვლილი პაციენტების სახელები. ეს დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია, აღინიშნება და წელს მისი დევიზია _ „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“. საქართველოს შიდსის ცენტრი გამორჩეულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსი ტიპის სამსახურებს შორის. იგი ემსახურება აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებულებს, ასევე გახლავთ ,,ც'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ინიციატორი და პროვაიდერი. შიდსის ცენტრში განმარტავენ, რომ 2004 წლიდან საქართველომ, პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უზრუნველყო და შეინარჩუნა ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც დადებითად აისახა ეპიდემიის დინამიკაზე. 2005 წლიდან საქართველომ უზრუნველყო დედიდან ბავშვზე აივგადაცემის პროფილაქტიკის ღონისძიებებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. 2015 წლიდან კი საქართველომ –პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში – დანერგა პრინციპი ,,მკურნალობა ყველასათვის'', რის შედეგადაც მკურნალობა უტარდება ყველა ავადმყოფს იმუნური სტატუსისა და დაავადების სტადიის მიუხედავად. ,,ვერსია'' ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეპიდემიოლოგიის განყოფილების უფროსს ნინო ბადრიძეს ესაუბრა: 

_ ქალბატონო ნინო, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრევენციისთვის, რათა შიდსით დაინფიცირებამ იკლოს საქართველოში? 

_ პირველ რიგში, მთავარია რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოკვლევა აივინფექციაზე. ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებში უნდა დაინერგოს კონსულტირება და ტესტირება. ამასთან პრევენციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში ადრეული განათლება სქესობრივი განათლების შესახებ, რადგან ეს არის საწინდარი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად იყოს აივინფექციისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბარი და გარკვეული საათები დაეთმოს ამ ყველაფერს სკოლებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება არაკომერციული რეკლამის სახით მესიჯების გაგზავნა ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. 

_ საქართველოში ინფექციურ დაავადებებსა და განსაკუთრებით შიდსზე შემოწმების კულტურა არსებობს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოხდეს ამ ინფექციურ დაავადებაზე შემოწმება? 

_ მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვინც პერიოდულად მოიხმარენ ნარკოტიკს, ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვთ, რეკომენდირებულია 3 თვეში ერთხელ გამოკვლევა. სხვა ადამიანებს, რომლებსაც შედარებით დაბალი რისკი აქვთ, მაგალითად, ჰქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მათთვის უცნობ ადამიანთან, წელიწადში ერთხელ გადამოწმება საკმარისია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიმოწმებს თავს ყოველწლიურად, რაც მალე გამოვლინდება ინფიცირებული, მათი ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია და მენეჯმენტიც უფრო ადვილად ხდება. ეს ადამიანი შემდეგ უკვე გავრცელების წყაროს აღარ წარმოადგენს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში