Menu
RSS

ძიუდოისტთა პროტესტი გრძელდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების პროტესტი გრძელდება. ნაკრების წევრები ამბობენ, რომ სანამ პასუხებს არ მიიღებენ კითხვებზე და დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს, ვარჯიშის განახლებას არ აპირებენ. არადა, ხუთი ძიუდოისტი საზღვარგარეთ ემზადება და იმის მიუხედავად, რომ ფედერაცია აცხადებს, პროტესტს მხოლოდ რამდენიმე ძიუდოისტი გამოთქვამსო, წასულები ხმამაღლა აფიქსირებენ, რომ გუნდის გვერდით დგანან, ანუ ქევხიშვილის წასვლას ისინიც ითხოვენ. მოთხოვნების პარალელურად, ფედერაციის პრეზიდნეტის მიმართ ბრალდებებმაც იმატა.

„ქევხიშვილი და მისი საძმაკაცო თავიანთი კლანური მმართველობით ანგრევენ ქართულ ძიუდოს, სპორტსმენებს უკლავენ მოტივაციას და ამის მიუხედავად, მაინც არ ტოვებს თანამდებობას, მიჯაჭვულია ამირანივით იმ სკამს. პირადად ჩემი და კიდევ 24 ახალგაზრდა სპორტსმენის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსურ და არამხოლოდ ფინანსურ საკითხებში, ქევხიშვილსა და მის საძმაკაცოს უამრავი დანაშაული აქვთ. გასულ წელს ის თანხა, რაც ჩვენ ზედაზენის თასზე მოვიგეთ (საპრიზო ფონდი $10 000) დაიკარგა უგზო-უკვლოდ. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, გადაღლილმა სპორტსმენებმა დავტოვეთ დარბაზი. მეორე დღეს კი, როდესაც ვარჯიშზე მივედით, გამოგვიცხადეს, რომ თურმე დილით ვარჯიში ყოფილა და რადგანაც არ გამოვცხადდით, სასჯელის სახით, მოგებულ თანხას ვერ მივიღებდით _ თანხას, რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთვნოდა. როდესაც მოვითხოვეთ მთელმა გუნდმა, მოგებული კუთვნილი ჯილდო, გამოგვიცხადეს: ვისაც ფული უნდა, აიღოს და ნაკრებიდან წავიდესო. არადა, როდესაც არაგეგმური ვარჯიში ინიშნება, მწვრთნელი ვალდებულია, ყველა სპორტსმენი გააფრთხილოს. ამათ კი დაჯილდოების შემდეგ გამოუცხადებიათ დილის ვარჯიშის შესახებ, რაც ვერცერთმა სპორტსმენმა ვერ გავიგეთ (მხოლოდ ორი სპორტსმენი იმყოფებოდა დილით ვარჯიშზე, ერთი პირადმა მწვრთნელმა გააფრთხილა და მეორე დილით ექიმთან იყო შემოწმებაზე). ჩვენი მოგებული თანხა სასჯელის სახით ჩამოგვართვა ფედერაციამ და, ღმერთმა იცის, სად წაიღეს. მე კი, როგორც გუნდის სახელით მოლაპარაკეს, მოგებულ თანხასთან ერთად იაპონიაში შეკრებაზე წასვლაც ჯარიმის სახით აღარ დამიფინანსეს. ეს და კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს, რატომაც უნდა დატოვოს ქევხიშვილმა დაკავებული თანამდებობა. მე, პირადად, ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ ქართული ძიუდო ქევხიშვილსა და მის კლანურ მმართველობას არ შეეწიროს“, _ ეს განცხადება ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი გველესიანმა გააკეთა. 

„ერთ რამეს გეტყვით იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომელიც მოვისმინე. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ შეცდომა დაშვებულია პრეზიდენტის მხრიდან. კერძოდ, როდესაც კომისიამ მას შეკითხვა დაუსვა _ რატომ გაათავისუფლა წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანა მეგობრები, მან გვიპასუხა _ „მე მქონდა ვალდებულება“. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. მე ეს კი ვიცოდი გადმოცემით, მაგრამ როდესაც მან დაადასტურა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათ წინაშე, ვისი მეშვეობითაც მოვიდა პრეზიდენტად და ეს ყველაფერი ძმაკაცური და მეგობრული მომენტებიდან გამომდინარეობდა, ყველაფერს ხაზი რომ გადავუსვათ _ ფინანსურ მანიპულაციებს და ა.შ. _ ყველაზე პირველი პრობლემა გახლავთ ეს. გამოდის, პრეზიდენტი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საზიანოა ნაკრებისთვის და საზიანოც გამოდგა. მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო. წარმატებული მწვრთნელები გაუშვა და მოიყვანა ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ყველაზე მთავარი და მიუღებელი. ზუსტად ეს არის იმის საფუძველი, რა მოთხოვნასაც სპორტსმენები აყენებენ“, _ ეს კი პარლამენტარის, ძიუდოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, ოლიმპიური ჩემპიონის _ შოთა ხაბარელის განცხადებაა. 

რა გამოდის?! ქევხიშვილი დახურულ კარს მიღმა ოფიციალურად ამბობს, რომ ნაკრებიდან კვალიფიციური მწვრთნელი გაუშვა, ძმაკაცები მოიყვანა ვალდებულებების გამო. სპორტსმენები გამქრალ თანხებზე საუბრობენ, შესაბამისი ორგანოები კი ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებიან, არც გამოძიების დაწყებას აპირებენ და არც ქევხიშვილის გაშვებას. ამბობენ, რომ ქევხიშვილმა პარტიაში ყველაფერი დაალაგა და ახლა, დიდი შანსია, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გაუშვან გუნდიდან, ზედ მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილიც მიაყოლონ და ამით სხვებსაც ლაგამი ამოსდონ. 

„ეს ალბათობა არსებობს და ამ თემაზე არამარტო ჩვენთან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც საუბრობენ. ეს იქიდან ვიცით, რომ ნაკრების წამყვან ძიუდოისტებს უკვე დაუკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნების ფედერაციები და მათ მოქალაქეობა და ნაკრებში გარანტირებული ადგილი შესთავაზეს. გამორიცხული არაა, თუ სახელოვან ძიუდოისტებს ნაკრებიდან მოკვეთენ, მათ კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელონ. საუბარი აზერბაიჯანზე, თურქეთსა და საბერძნეთზეა. ეს იცის ყველამ და ფედერაციაში მოვლენების ასეთი განვითარება აწყობთ, რადგან მერე თქვან, რომ ბიჭებმა ქვეყანა გაყიდეს, დიდ ფულს დახარბდნენ და პატრიოტები არ არიან. სიტუაციის ასე დატოვება არ შეიძლება, ვიღაცამ რაღაც უნდა თქვას, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რაღაც უნდა მოხდეს, თორემ რა გამოდის?! ბიჭებმა იყვირეს, ქევხიშვილმა, პრაქტიკულად, დანაშაული აღიარა და არაფერი არ ხდება?!, _ გვითხრა ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წევრმა და ინკოგნიტოდ დარჩენა სწორედ ამ გაურკვეველი ვითარების გამო არჩია. 

ჩვენი ინფორმაციით, ქევხიშვილი და მისი გუნდი, აჯანყებულ სპორტსმენებსაც და პარლამენტარებსაც ბიძინა ივანიშვილის სახელით ესაუბრება. გაგიკვირდებათ და, მათ ამის საფუძველი აქვთ, რადგან მოქმედი პრეზიდენტის გვერდით, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები დგანან და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომაც არის, ძიუდოისტები ბოლო დროს სიტუაციის რადიკალიზებას რომ ერიდებიან და ივანიშვილის ფაქტორს უფრთხიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. წინ მსოფლიოს ჩამპიონატია, ტურნირი, რომლისთვისაც ახლა გამალებული მზადება უნდა მიდიოდეს, ძიუდოს დარბაზები კი ცარიელია და ნაკრების წევრები პროტესტს აგრძელებენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში