Menu
RSS

17 მაისის სინდრომი _ ძალადობა უფლის სახელით თუ რეალური პატრიოტიზმი

რატომაა ქვეყანა „დაბოღმილი“ და ვის ინტერესშია სამოქალაქო დაპირისპირება

მთელი ქვეყანა „დაბოღმილია“! _ ეს შეფასება შესაძლოა, ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აგრესია პიკს აღწევს. არადა, წესით, ყველაფერი სხვაგვარად უნდა იყოს, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია ეკლესიაა ანუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს მორწმუნედ მიიჩნევს და, რომ ჰკითხოთ, ათ მცნებასაც იცავს. 

სინამდვილეში? 

სინამდვილეში კი, სახეზეა ფსევდო და მოჩვენებითი მართლმადიდებლობა, რასაც, სხვათა შორის, სასულიერო პირების ნაწილიც არ უარყოფს.

იზომება თუ არა პატრიოტიზმი 

ზოგადად, აგრესიას ეროვნება არ აქვს და, ალბათ, ადამიანის ბუნებაა, მაგრამ რა ჯანდაბა გვეტაკა ქართველებს, რატომ ვართ ერთმანეთზე დაგეშილები? _ ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა ფსიქოლოგები, რომლებიც პოლიტიკის მიმართლებით მუშაობენ, ამბობენ, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, შავ-ბნელი 90-იანი წლების გამოძახილია. 

დიახ, ჩვენს ანუ ე.წ. მამებისა და უფროსების თაობაში 90-იანმა წლები მძიმედაა დალექილი, რასაც ვერ ვაცნობიერებთ. 

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „მამათა და შვილთა ბრძოლა“ ახალი არაა. ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, ეს ბრძოლა სათავეს 1860-იანი წლებიდან იღებს. თავდაპირველად მამები და შვილები ერთმანეთს ლიტერატურული ნორმების გამო დაუპირისპირდნენ, თუმცა მოგვიანებით, ლიტერატურული პაექრობა იდეურში გადაიზარდა და ორი საუკუნეა, მამებისა და შვილების ბრძოლა აღარ სრულდება. 

დღესაც, პრაქტიკულად, ამის მომსწრენი ვართ ანუ უფროსებს არ მოსწონთ ფერადი ახალგაზრდები და წუხან, რომ თუ გოგო-ბიჭები განსხვავებულ სასმისებსა და ხაშლამა-ჩაქაფულზე უარს იტყვიან, ამით ერი გადაგვარდება. არადა, ყველაფერი უფრო მარტივადაა _ სამშობლოს სიყვარული არც ყანწებით იზომება და არც _ ღიპითა თუ ფერადი ტანსაცმლით! 

სხვათა შორის, 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ, რუსთველზე, კერძოდ, პარლამენტის წინ გამართული აქციის _ „შენი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა მონაწილემ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა, რასაც სოციალურ ქსელში აგრესია მხოლოდ „რეტროგრადებისგან“ კი არა, ე.წ. ლიბერალთ ნაწილისგანაც მოჰყვა. 

ამასთან, რეტროგრადებს ფერადი ახალგაზრდების ცეკვის სტილიც არ მოეწონათ და თავში ხელები წაიშინეს _ იქ, სადაც 1989 წლის 9 აპრილს ნამდვილი ქართელები „შავლეგოს“ მღეროდნენ და ჭეშმარიტ ქართულ ცეკვას ცეკვავდნენ, ასეთი „ტანცები“ როგორ შეიძლება, სასწრაფოდ აქაურობა უნდა ვაკურთხოთ და უწმინდურებისგან განვწმინდოთო. 

ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარის გაკეთება შეიძლება, არც ღირდეს, მაგრამ ერთის თქმა მაინც აუცილებელია: 

იმაში გასაკვირი, რომ ფერადი გოგო-ბიჭები, მაგალითად, ხორუმს არ ცეკვავენ, არაფერია _ მამების თაობას რატომ დაავიწყდა, რომ ამ ასაკში თავადაც, მაგალითად, „ტვისტის“ ცეკვა ერჩია „მთიულურს“? 

ისე, საჭირო თუ გახდება, ეს ბავშვები მწყრალად არც ქართულ ფოლკლორთან იქნებიან და ამის ნათელი დადასტურება თუნდაც ის გახლავთ, რომ „სუხიშვილების“ კონცერტებზე ტევა არ არის ხოლმე, თუმცა ძველგაზრდებს არც ეს მოსწონთ და გაიძახიან -„სუხიშვილებმა“ ქართული ცეკვა მოკლესო. 

ახლა, რაც შეეხება 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგონას, ამის ნახვა შესაძლოა, მართლაც, არაესთეტიური იყო, მაგრამ მოკლე მეხსიერება არ უნდა გვქონდეს და თუ ვიღცებს რაღაცები დაავიწყდათ, მოდით, გავახსენოთ: 

2009 წელს, როცა მაშინდელმა ოპოზიციამ შუა რუსთველზე, პარლამენტის წინ, ზუსტად იქ, სადაც ფერადმა გოგო-ბიჭებმა ახლა აქცია გამართეს, „კარვების ქალაქი“ დასცეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ლამის „დეზერტირების ბაზარს“ დაემსგავსა _ მომიტინგეები არათუ 9 აპრილის ძეგლზე ადიოდნენ და დროშებს იქიდან იქნევდნენ, არამედ, მემორიალს, მომიტევეთ და, აშარდავდნენ კიდეც! 

ახლა, თავად განსაჯეთ, რომელი უფრო უმსგავსობაა _ მემორიალზე ცეკვა თუ მემორიალის მიმდებარედ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? 

ისე, ბოლოდროინდელ მოვლენებს ზუსტად ასახავს მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ლიდერის -ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვყენა: 

„ტრადიციული ქართული ღირებულებების მიმდევარიც ვარ, ლიბერალურისაც და ვისაც ჰგონია, რომ ეს ორი შეუსაბამო და შეუთავსებელია, გადაიკითხოს ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა. 

და ვინც ახლა ორივე ფლანგიდან ქვეყანაში ისტერიას, მტრობასა და დაპირისპირებას თესავს, ან „ფე-ეს-ბე“-ს აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი. 

მესამე არ არსებობს! 

რაც მართლა გვჭირდება დღეს ჰაერივით, არის ერის გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელია იდეოლოგია და მერე მისი პრაქტიკაში გატარება, რაც განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას!“ 

რატომ არ გვაქვს ან ვინ უნდა შექმნას ერის გამაერთიანებელი იდეოლოგია? _ ეს კითხვა კი არა, დილემაა -დილემა, რომელიც ლამის სამი ათეული წელია, ვერ გადაგვილახავს. ამასობაში კი, ერი გათითოკაცდა და დაიბოღმა. ბოღმიანებს კი უკეთესი მომავალი არსად და არასოდეს შეუქმნიათ! 

თუ წესიერ, ნორმალურ და ძლიერ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ერთმანეთი ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც ვართ! 

ბოლოს და ბოლოს, რატომ ვივიწყებთ, რომ ღმერთი სიყვარულია?! 

ჰოდა, თუ უფლის გზით გვინდა სიარული, ხელს რა გვიშლის, რომ მოყვასი, რომელიც ჩვენნაირად არ აზროვნებს, რომელსაც ჩვენნაირად არ აცვია და თავისებურად უყვარს, შევიყვაროთ? 

ფერადი გოგო-ბიჭები კი არა, ალბათ, ისინი უფრო საშიშები არიან, რომლებიც უფლით სახელით ძალადობენ! 

ასეთები, სამწუხაროდ, ხშირად გვინახავს. მაგალითისთვის, 2013 წლის 17 მაისი გავიხსენოთ, როცა „ტაბურეტკიანი მამაო“ განსხვავებული შეხედულებების ახალგაზრდებს ლამის მოსაკლავად დასდევდა. 

17 მაისის სინდრომი 

ზოგადად, 17 მაისი შესაძლოა, თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთგვარ წყალგამყოფად მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში, 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, ამ თარიღმა რაღაცნაირად საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, ორივე მხარე, ესე იგი, ულტრანაციონალები და ულტრალიბერალებიც ყოველი წლის 17 მაისს ცდილობენ, ამ დღეს ერთმანეთს არათუ საკუთარი ძალა დაანახონ, არამედ, საკუთარი უპირატესობაც დაუმტკიცონ. 

ალბათ, ეს არცთუ სახარბიელო ტრადიცია არც წელს დაირღვევა და ქუჩაში ერთმანეთის მიმართ უარყოფითად განწყობილი მხარეები კვლავინდებურად გამოვლენ, მით უმეტეს, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, 17 მაისი საპატრიარქომ ქართული ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 

ოჯახის სიწმინდის დაცვა, რასაკვირველია, აუცილებელია, მაგრამ იმ ფონზე, როცა დაპირისპირების რისკი იმთავითვე არსებობდა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა სხვა დღეს აღნიშნულიყო ანუ ისე გამოვიდა, რომ ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქომ ულტრანაციონალური ჯგუფები რაღაცანაირად წაახალისა. 

ცნობისთვის: 17 მაისის აღნიშვნას მსოფლიოში საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. „ერთწლიანი კამპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა და ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის, კონგოში, ჩინეთსა და ა.შ. 

2009 წელს, შემუშავდა ახალი პეტიცია, რომელსაც მსოფლიოს 75 ქვეყნის მასშტაბით 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. მხარდამჭერებს შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები _ ელფრიდე იელინეკი, ფრანსუაზა ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე“, _ ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაში“. 

როგორც აღვნიშნეთ, 17 მაისს, საპატრიარქოს ინიციტივით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა წელსაც გაიმართება, რომელიც არსებული ინფორმაციით, „ვარდების მოედნიდან“ დაიწყება და რუსთაველის გამზირის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც პატრიარქი ოჯახებსა და გვარებს დალოცავს. საპატრიარქო სამართალდამცველებს მოუწოდებს, მსვლელობის დროს მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ 

„თუ ვინმეს აქვს აგრესიული განწყობები, შეიკავოს მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი. სამების საკათედრო ტაძარში, ყველა მონაწილეს გადაეცემა ოჯახის დალოცვის ფურცელი, მისი უწმინდესობის ლოცვით. დაგეგმილია ძველი ტრადიციული ოჯახების ფოტო ალბომების გამოფენა,“ _ აცხადებენ საპატრიარქოში. 

განმეორდება თუ არა ისტორია და გახდება თუ არა წლევანდელი 17 მაისი ახალი დაძაბულობის საფუძველი? _ ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, თუმცა მოსახლეობის ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების 17-ში ქუჩაში გამოსვლას არ დაუშვებს. 

საპროტესტო აქციაზე, რომელიც ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა, ერთ-ერთმა გამომსვლელმა განაცხადა, 17 მაისს აქ, პარლამენტის წინ აღვნიშნავთო, რაც უდავოდ, მეორე მხარის პროვოცირება იყო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ხვალ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვისთვის მიძღვნილი აქცია, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება. 

,,საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართულ საზოგადოებას არაერთი სასტიკი, ძალადობრივი აქტი გვახსოვს. ჩვენს მეხსიერებაში ოთხი ომის შავ-თეთრი სურათებია აღბეჭდილი, აქედან ერთი, ყველაზე სასტიკი _ სამოქალაქო ომის. ჩვენ ერთად გამოვიარეთ შიმშილის, განუკითხაობისა და უსამართლობის ათწლეულები, რომელმაც ათასობით თანამოქალაქის ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსეული ცხოვრება, ხოლო ხშირ შემთხვევაში, საუბედუროდ, სიცოცხლე შეიწირა და იწირავს დღემდე. ძალადობისა და სიძულვილის დამანგრეველი შედეგები ქართული საზოგადოებისთვის უცხო არაა. ამ პროცესში კი სიძულვილის წამახალისებელ როლს უმეტესად სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესთა მქონე ჯგუფები ასრულებდნენ.

2013 წლის 17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლის და სიცოცხლის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, რომ სასტიკად მოკლული ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგჯერ არც კი იგლოვეს, ზოგჯერ დაწვეს, ზოგჯერ კი სიხარულით აღნიშნეს ჩვენი დებისა და ძმების სიცოცხლის დასრულება,'' _ ნათქვამია ,,თანასწორობის მოძრაობის'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2013 წლის შემდეგ, 17 მაისი ხმაურიანი აღარ ყოფილა. კერძოდ, 2014-ში ელგებეტე აქტივისტებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნაზე უარი საერთოდ თქვეს, მომდევნო წლებში კი მცირე ღონისძიებებით შემოიფარგლნენ. 

ზოგადად, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიურ თუ პოლიტიკურ შეხედულებებს აფიშირება არ სჭირდება, მით უმეტეს, როცა იცი, რომ ყველაფერ ამას საზოგადოების ნაწილისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი დაპირისპირებები რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესში შედიოდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენს სპეცსამსახურებს გაორმაგებული მუშაობა მართებთ, რადგან ისეთი არაფერი მოხდეს, რაც, ნებსით თუ უნებლიედ, 90-იან წლებში დაგვაბრუნებს _ ეს ქვეყანა კიდევ ერთ, თუნდაც მცირე დაპირისპირებას ვეღარ გადაიტანს! 

ადამიანებს რომ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ცხადზე-ცხადია, მაგრამ ის მაინც უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ მორალისტობას თავი დავანებოთ და ერთმანეთს არღარც ქვეყნის სიყვარული ავუწონ-გავუზომოთ. თან, ეს აწონ-გაზომვა ძალიან უსაგნოა, თუნდაც იმ ფონზე, როცა მაგალითად, თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ოკუპანტი ჯარი დგას, ცალკეული კერძო კომპანიები კი ჩვენს ეროვნულ საგანძურს ანადგურებენ. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს აზრად არ მოსვლია, რომ, მაგალითად, სოფელ ტანძიაში ჩასულიყო და იქ არსებულ პრობლემებს სიღრმისეულად გასცნობოდა, ამიტომაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახეზეა ფარისევლური ზრუნვა ქვეყანაზე. 

ამასთან, ისიც ხაზგასასმელია, რომ წამალდამოკიდებულება თავისუფლება არ არის და არც დასავლური თავისუფლება ნიშნავს აღვირახსნილობას. იგივე ევროპასადა აშშ-ში ოჯახი წმინდათაწმინდაა და ამ კულტს აუგად არავინ მოიხენიებს. 

ჩვენთან კი რა ხდება? ვიღაცებს ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს დასავლეთი ჩვენს ტრადიციებს ებრძვის. ეს უფრო რუსულ ნარატივს ჰგავს, ვიდრე _ რეალობას! 

სიმართე თუ გვინდა, რეალობა ისაა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვინმე „კეთილი ჯადოქარი“ თავის სტატუსში აღწერს: 

„მე მახსოვს თქვენი ,,კასტეტებით“ სიარული, ჯინსის უკანა ჯიბეში მოთავსებული დანა, სახელოში შემალული ,,სპიცი“. მახსოვს სადარბაზოში დამალული ,,აბრეზი“, მახსოვს თქვენი ,,შეკეთებული “ სიგარეტი და „კრუგში“ მოწეული პლანი. მე მახსოვს, თქვენი ავტორიტეტი ,,კულინარიელები“ , ,,ვეძისელების“ გაზრდილები რომ ხართ, მახსოვს. 

მე მახსოვს ,,პერედოზით“ მკვდარი თქვენი მეგობრები, მახსოვს ,,ჩადების“ მსხვერპლი თქვენი მეგობრები, მახსოვს თქვენი ,,ტრუსიკის ძმაკაცები“, ,,მომავლები“ რომ იყვნენ და დღეს აღარ არიან ცოცხლები. 

მე მახსოვს მინდორში მოკრეფილი „ტრუხა“, მახსოვს ჩემი მაცივრიდან გამქრალი ,,სგუშონი“ და სარდაფში მოხარშული ,,მანაგუა“. 

მე მახსოვს, როგორ იშორებდით სხეულიდან არარსებულ მატლებს, მე მახსოვს, როგორ ტიროდით, რადგან ნიანგი ფეხებს გირღრნიდათ, მე მახსოვს სუფრის კოვზში მოხარშული წამალი, მე მახსოვს ბავშვის(!!!) ტანსაცმელში (რომელიც მას ეცვა) დამალული შპრიცი. 

მე მახსოვს რაღაც თეთრი წამლის ზოლები, რომელსაც დახვეული ქაღალდით სუნთქავდით. 

მე მახსოვს, რომ ერთმანეთი დაჭერით და გაიმეტეთ. 

მე მახსოვს, როგორ გძულდათ ეს ქვეყანა, როგორ გარბოდით და გადეპორტებდნენ. მე მახსოვს, თქვენი ღმერთი ,,ქურდებს“ წყალობდა. 

ძალიან არ აატყლაშუნოთ ფრთები, ეგ თქვენი წარსულია, ჩემი _ არა. 

მე მთელი ცხოვრება სათვალიანი წიგნის ჭია ვიყავი და ისეთი ,,ჩმორი“, ზუსტად იცოდით, მაშინ ამაზე ხმასაც ვერ ამოვიღებდი. 

გიცნობთ და მახსოვხართ. სხვებსაც ახსოვხართ. 

მე არ მძულხართ თქვენ, არც თქვენ სიკვდილს ვნატრობ. უბრალოდ, მინდა, გადარჩეთ!“ 

P.S. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების არცთუ მცირე ნაწილი ქუჩაში გამოვიდა და საკუთარი უფლებებისთვის ფართომასშტაბიანი ორდღიანი აქცია გამართა, საზოგადოების ერთმა ფრთამ სოციალურ ქსელში ქილიკი დაიწყო, ეს რა უბედურება გვჭირს, ამ თაობის იმედი როგორ უნდა გვქონდესო, მაგრამ ეს ის თაობაა, რომელიც მაგალითად, 13 ივნისის ტრაგედიის დროს ერთ მუშტად შეიკრა და სტიქიისგან განადგურებული თბილისის აღსადგენად ხელები დაიკაპიწა! 

ასე რომ, მართლაც, დროა, ურთიერთბრალდებები წარულს ჩავაბაროთ და ქვეყნის უკეთესი მომავალი ერთად ავაშენოთ!

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში