Menu
RSS

„დემოკრატიული სახელმწიფო თუ ლგბტ-ს პროპაგანდაა, ეგეთი დემოკრატია არ გვაინტერესებს!“

გურამ ფალავანდიშვილი 17 მაისის ლგბტ საზოგადოების აქციის ჩაშლას აანონსებს

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას. 2013 წელს ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. 17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია, მსოფლიო მასშტაბით, ლგბტ საზოგადოებებისკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროცესში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გზით. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. ღონისძიებები მოიცავს ქუჩის ფართომასშტაბიან მარშებს, პარადებსა და ფესტივალებს. 2013 წლის 17 მაისს, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. მომდევნო წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია II-მ, 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის'' ფაცებოოკ-ზე ივენთი დააანონსა. ორგანიზაცია, რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებებს იცავს, 17 მაისს 19 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავს, ლოზუნგით _ ,,ერთად თანასწორობისთვის''. ,,ვერსია'' ორგანიზაციის პრესსამსახურსა და რამდენიმე წევრს დაუკავშირდა, თუმცა, 17 მაისთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარი არც ერთმა მათგანმა ისურვა. 

,,ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების'' წარმომადგენელი, გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც მსგავსი აქციების დარბევის გამო სამართალდამცავებმა ორჯერ დააკეს, ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ ლგბტ საზოგადოების აქციას დაარბევენ: ,,17 ვგეგმავთ, შევუერთდეთ საპატრიარქოს და ქართველი ერის აქციას ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით. მოვაწყობთ მსვლელობას რუსთაველზე და ვიდღესასწაულებთ. მაგრამ თუ გავიგეთ, რომ სადმე ლგბტ პირები და ეს მამათმავლები ატარებენ სააგიტაციო და საპროპაგანდო აქციას, აუცილებლად დავუპირისპირდებით. რომელი პოლიციელიც დაიცავს სიბილწის პროპაგანდას, ამას აღვიქვამთ სიბილწის მხარდაჭერად და ეს იქნება სამარცხვინო საქციელი! 

ვეცდებით, ამ აქციაზე მივიდეთ ქალებისა და ბავშვების გარეშე, რადგან ესენი არიან დივერსანტები, რომლებიც ძალას ხმარობენ და შევეცდებით, ყველანაირი ფორმით ჩავშალოთ მათი აქცია. თუ შევძლებთ, კორდონის დაშლას, რა თქმა უნდა, არავინ არავის ჩაქოლავს, მაგრამ ტერიტორიიდან გავყრით მათ. არ მივცემთ სიბინძურის პლაკატების გამოფენის უფლებას. შეიძლება, კვერცხებიც დავუშინოთ, ქვას არ ავიღებთ და არავის ჩავქოლავთ, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, შევარცხვინოთ. ეს დარბევა კი არა, გაყრა იქნება. ეს არ მოხდება მხოლოდ ჩემს ხარჯზე, ჩემზე აქტიური ათასობით კაცი იქნება. 

დემოკრატიული სახელმწიფო თუ ლგბტ-ს პროპაგანდაა, ეგეთი დემოკრატია არ გვაინტერესებს! თუ დემოკრატია არის ზნეობრიობა, პატიოსნება და წესიერება _ გვინდა, მაგრამ თუ სიბილწეა _ არა! ნებისმიერი ადამიანის უფლებაა დაცული, არავის ცემა და ჩაქოლვა არ შეიძლება, კანონით უნდა მიუდგე, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ მათ აკრძალული ჰქონდეთ პროპაგანდის უფლება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ.. 

2013 წელს მოხდა ძალიან ცივილიზებული დაპირისპირება, ერთადერთი ,,ტაბურეტკა'' იყო, რომელიც მღვდელმა ჩაარტყა ავტობუსს, უამრავი ხალხი აშველებდა მათ. როცა მამათმავალი ბინძურ პროპაგანდას ეწევა, ყველას ერთნაირი რეაქცია ვერ ექნება. მე შეიძლება მომინდეს, რომ პლაკატი წავართვა და სახლში გავუშვა, მაგრამ სხვას უჩნდება სურვილი, ყბაში მოსდოს, რაც არაა გასაკვირი, იმდენად ამაზრზენია მათი საქციელი. 17 მაისს მაშინ ქართველმა ხალხმა არ დაუშვა, მამათმავლებს აქცია ჩაეტარებინათ, მოეწყოთ გეიპარადები, ბავშვების აყვანა, ქორწინება, იმიტომაც ვერ გამოდიან დღეს. მათი ქუჩაში გამოსვლა არის ქვეყნის, ქალაქის წაბილწვა და რიტუალური მსვლელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მხოლოდ საქართველოში კი არ ხდება, სერბეთში 5 ათასი პოლიციელი გაილახა, ვინც მაგათ გადაეფარა. პოლიციელი, რომელიც აძლევს საშუალებას, ბინძურ პლაკატებს გაუწიონ პროპაგანდა, დამნაშავეა. 

17 მაისს ჩვენი მთავარი აქცია იქნება რუსთაველზე, სადაც ხალხი გაივლის და ლგბტ-ს არც ვახსენებთ, როგორც უხსენებელს. მაგრამ თუ ისინი მოაწყობენ რამდენიმე ივენთს, არ მგონია, ეროვნული ცნობიერების ხალხს არ ეყოს ის ძალა, რომ ყველა აქციაზე თავის პროტესტი გამოხატონ და ხელი შეუშალონ მათ. 

თუ სადმე შეყუჟულად, დამალულად გამოვლენ, ეს უკვე ჩვენი გამარჯვება იქნება. ზოგადსაკაცობრიო ღირებულება არის ზნეობრიობა, ეს არაა მხოლოდ ქართული ღირებულება!''

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში