სპერმას ძვლის ტვინისგან მიიღებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელ მკვლევართა ჯგუფმა ადამიანის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებიდან სპერმატოზოიდების წინამორბედი - უჯრედების მიღება შეძლო.  ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებმა მნიშვნელოვნი ნაბიჯი გადადგეს ლაბორატორიულ პირობებში, ხელოვნური სპერმის მიღების საქმეში. გამოკვლევა გეტინგენის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში ჩატარდა. გერმანელმა სწავლულებმა მოხალისე მამაკაცების ძვლის ტვინის ნიმუშებიდან აღებული ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. უნდა აღინიშნოს, რომ ნორმაში ეს უჯრედები დიფერენცირდება ძვლის, ხრტილის, კუნთოვან ან ცხიმოვან უჯრედებში. მკვლევრებმა შეძლეს უჯრედების დიფერენციაციის მიმართულების შეცვლა და ისინი სპერმატოგონინად - ჩამოყალიბებული სპერმატოზოიდების წინამორბედებად აქციეს, რომლებიც ქრომოსომათა ორმაგ ნაკრებს შეიცავენ.

სრულყოფილ სპერმატოზოიდებად გადასაქცევად, სპერმატოგონინებმა მეიოზის დაყოფა უნდა გაიარონ, რომლის დროსაც, მათში ქრომოსომათა რიცხვი ორჯერ მცირდება. პროცესის ამ სტადიამდე მიყვანა ლაბორატორიულ პირობებში ვერ მოხერხდა. ადამიანის ძვლის ტვინისგან სრულყოფილი სპერმის მისაღებად, როგორც გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, კიდევ სამი-ხუთწლიანი გამოკვლევებია საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცხადი, მსგავსი ტექნოლოგიები დაიმკვიდრებენ თუ არა ადგილს მედიცინაში, კერძოდ, მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობაში.