Menu
RSS

17 მოთხოვნა, რომელიც ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტს წაუყენეს!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გაფიცვამ თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძიუდოს მთავარი გუნდის პროტესტი, პრაქტიკულად, აღარავის ახსოვს, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ისეთივეა, როგორც მანამდე იყო -ძიუდოისტები ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ და რაც მთავარია, კვლავ კატეგორიულად ითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას. თავის მხრივ, ქევხიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს თანამდებობის დატოვებას, რადგან მიიჩნევს, რომ მართალია. სანამ დეტალებზე გადავალთ, იმ 17 მოთხოვნას გაგაცნობთ, რომელიც გაფიცულმა სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტს წაუყენეს.

1. სად დაიკარგა და წავიდა ის თანხები, 85 ათასი ლარის ოდენობით, რომლებიც სპორტსმენებს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის უნდა მიეღოთ, რატომ ჩაირიცხა 13 ათასი ლარი, რა მიზნობრიობით დაიხარჯა, წარმაოდგინოს ყველა საბუთი და გაგვცეს პასუხი; 

2. სად მიდის სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული თანხები, რომლებიც „ატკატის“ სახით ბრუნდება ფედერაციაში? 

3. მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდიდან რატომ აბრუნებინებს 10% და რაში ხარჯავს? 

4. ვისი ხარჯებით დადიან გულშემატკივრები ტურნირებზე, როდესაც ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავდა ევროპის ჩემპიონატზე მასაჟისტი. გაასაჯაროვოს, ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იყო მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე? 

5. რატომ არ ჰყავს ქალების ნაკრებს პირადი ექიმი, არ სჭირდებათ თუ არ სცნობს მათ? 

6. რა ძალა გვმართავს ჩვენ, დაასახელოს კონკრეტული სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც გვმართავს. 

 

7. რატომ არ იყო ყრილობა საჯარო, რატომ არ მიეცით ჟურნალისტებს შესვლის უფლება, რას საუბრობდით და რას განიხილავდით? 

8. ვინ არიან აღმასკომის წევრები, ის ადამიანები, ვინც ძიუდოისტებს ბედს უწყვეტენ, რა დამსახურებებით დაინიშნენ ისინი? 

9. რამდენი კლუბია „შევარდენი 2005“-ში დარეგისტრირებული, ერთ დარბაზში, რომელ კლუბებსაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტის არჩევის უფლება. ჩამოთვალოს. 

10. რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომელს არ შეგვწევს ძალა ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა, რომელი ვართ იმ ასაკში, რომ პრეზიდენტობა, ვიცე-პრეზიდენტობა ან სხვა პოსტი გვინდოდეს? 

11. ვინ დგას ქევხიშვილის უკან? არ გვინდა კონკრეტულად დასახელება, რომ დაძაბულობამდე მივიდეს კიდევ ეს საქმე. ხალხის თვალში თავს შერცხვენილად ვთვლი, ამ ზომამდე ქევხიშვილმა მიგვიყვანა. 

12. საკლუბო ჩემპიონატი ტარდება. თანხები გამოვყავი და ვაფინანსებ ამდენ სპორტსმენსო. რატომ აბრუნებინებს სპორტსმენებს 10% უკან პრემიებიდან. წარმოადგინოს ყველა საბუთი. 

13. რატომ ითხოვდა სპორტსმენებისთვის განკუთვნილი შედეგებიდან 10%. მივიღებდით და შემდეგ 10% უკან უნდა დაგვებრუნებინა, რატომ? 

14. რატომ დააგვიანა ფედერაციამ ლუხუმ ჩხვიმიანის განაცხადის გაგზავნა მასტერსზე. გაგვცეს კონკრეტული პასუხი, ვინ იყო კონკრეტული, პასუხისმგებელი პირი. მასტერსზე, კარიერის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მოუწიოს სპორტსმენს ასპარეზობა და მათი უყურადღებობით ჩხვიმიანმა ეს ვერ მოახერხა. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? 

15. სად წავიდა „ზედაზენის“ მიერ დაფინანსებული შეჯიბრის ხარჯები, რომლებიც სპორტსმენებს უნდა მიეღოთ. რატომ არ მისცეს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, როდესაც შავით თეთრზე ეწერა, ვის რამდენი თანხა უნდა მიეღო და სპორტსმენებს ცარიელი კონვერტები გადასცეს, სადაც თანხა არ იყო. 

16. რატომ ათავისუფლებს მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე და რატომ იგებენ ამას სპორტსმენები სახლში, თუ ის ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტილებებს? 

17. რატომ არ აძლევს სპორტსმენებს კიმონოებს და რატომ აძლევს შერჩევით. 2015-2016 წლებში 300 კიმონო გამოუგზავნა საერთაშორისო ფედერაციამ, ვინ იცვამდა და სად მიდიოდა?! 

ბრალდებები სერიოზულია და რამდენიმე მათგანს ქევხიშვილმა უპასუხა კიდეც. მან განაცხადა, რომ სპორტსმენებს ლიპარტელიანი მართავს (არადა, მანამდე ამბობდა, რომ ძიუდოისტების უკან სხვა ძალა დგას), თქვა, რომ ქალთა ნაკრებს ექიმი ჰყავს (ოფიციალურად ამ თანამდებობაზე არავინ მუშაობს და ხელფასს არავინ იღებს) და... 

და მეტი არაფერი. უფრო სწორედ, მეტ კითხვას ქევხიშვილმა არ უპასუხა. სამაგიეროდ, მან ეროვნული გუნდი გაყო. ჯერ იყო და ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი გაუშვა შეკრებაზე იაპონიაში, შემდეგ კი ამ შემადგენლობას ბექა ღვინიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილიც მიაყოლა და ეს ბიჭები სავარჯიშოდ სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ. მართალია, წასვლამდე ბიჭებმა თქვეს, რომ ნაკრებს მხარს უჭერენ ყველა მოთხოვნაში, მაგრამ ფაქტია _ დადებული პირობა, ვარჯიშს ვწყვეტთ, ნაკრების წევრებმა ვერ შეასრულეს. ეს, რა თქმა უნდა, ქევხიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ნაკრები თან იფიცება და თან უცხოურ შეკრებაზე ხუთი კაცი მიდის, ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს ნაკრების წევრებმაც კარგად იციან და იმის მიუხედავად, რომ არსად ჩანან, პროტესტის გაგრძელებას სხვა ფორმატში აპირებენ. უფრო კონკრეტულად კი, ძიუდოისტების ერთ-ერთმა მწვრთნელმა _ ლევან ციგრიაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ხელფასიდან 200 ლარს ქეშად აბრუნებდა ფედერაციაში. პარალელურად, ძიუდოისტებიც ამბობენ, რომ ხელფასებისა და პრემიების 10 პროცენტს ფედერაციაში აბრუნებინებდნენ, თუმცა არავინ უხსნიდა, სად და რაში იხარჯებოდა დაბრუნებული თანხები. არადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს თავი რომ დავანებოთ, კომერციულ ტურნირებზე ძიუდოისტებს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ და თანხა ასტრონომიულიც შეიძლება იყოს. მარტივ მაგალითზე გეტყვით _ როგორც ქევხიშვილმა თქვა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ხელფასების, პრემიისა თუ მოგებული ტურნირების სახით, ნაკრების კაპიტანს ვარლამ ლიპარტელიანს 700 ათასი ლარი აქვს მიღებული. მართალია, ქევხიშვილმა ეს ციფრი ამაყად დაასახელა, მაგრამ კითხვა გვაქვს _ ამ 700 ათასიდან 10 პროცენტი, ანუ 70 ათასი ლიპარტელიანს ქეშად აქვს დაბრუნებული ფედერაციაში და ეგებ ვინმემ აგვიხსნას, სად წავიდა ეს თანხა? თანაც, ეს მხოლოდ ნაკრების ერთი წევრის მაგალითზე და მთელი შემადგენლობა რომ ავიღოთ, საქმე მილიონობით ლართან გვექნება, რომელსაც სპორტსმენები თუ მწვრთნელები ქეშად აბრუნებენ ფედერაციაში. 

 

ჩვენი ინფორმაციით, ძიუდოისტები აპირებენ, არა ერთი და ორი ადამიანი ალაპარაკონ დაბრუნებულ თანხებზე, საბოლოო ციფრი (მიახლოებითი) გამოიყვანონ და დასვან კონკრეტული კითხვა _ სად წავიდა აღნიშნული თანხა?! ამის პარალელურად, კი ქევხიშვილს პარტიიდან და პარლამენტიდან არნახული მხარდაჭერა აქვს და, როგორც ამბობენ, ეს იმიტომ, რომ ძიუდოს რეგიონალურ ფედერაციებში სრული განუკითხაობაა და დეპუტატების საახლობლო-სანათესაო ხელფასს არარსებულ დარბაზებსა და არარსებულ მოსწავლეებში იღებს. 

პ.ს. ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ტოპ-ფოტოს“ სათაურით, ეს ფოტო დევს. არადა, წესითა და რიგით, ტოპ-ფოტოდ რომელიმე ოლიმპიური ან მსოფლიოს ჩემპიონის ფოტო უნდა იდოს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში