Menu
RSS

მეორე მსოფლიო _ გმირობები, რომლებიც არ მომხდარა

28 გვარდიელი პანფილოველის მითი 

ოფიციალური საბჭოთა ისტორია გვამცნობს, რომ 1941 წლის 16 ნოემბერს, 316-ე დივიზიის, მე-4 ნაწილის, მე-2 ბატალიონის 28 მებრძოლი, პოლიტხელ ვასილი კლოჩკოვის მეთაურობით, მოსკოვის მახლობლად, გზაგასაყარ დუბოსეკოვოსთან წინ აღუდგა 50 გერმანულ ტანკს და მათგან 18 გაანადგურა. მათ სიცოცხლის ფასად 4 საათით შეაჩერეს ტანკების მსვლელობა მოსკოვისკენ, რისთვისაც ყველა მათგანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სსრკ გმირის წოდებით. 

რა მოხდა სინამდვილეში _ 1948 წელს გაირკვა, რომ ერთ-ერთი გმირი პანფილოველი _ სერჟანტი ივან დობრობაბინი გადარჩა და გერმანულ პოლიციაში მსახურობდა. ამასთან დაკავშირებით სსრკ-ს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ 28 პანფილოველის შესახებ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ 16 ნოემბერს მე-4 ნაწილი განადგურებულ იქნა _ 140 ადამიანიდან გადარჩა _ 25, დანარჩენი დაიღუპა ან ჩაბარდა ტყვედ. გერმანული დოკუმენტების თანახმად, გერმანიის მე-2 სატანკო დივიზიის ნაწილებმა შეუტიეს გზაგასაყარ დუბოსეკოვოს. სწორედ 16 ნოემბერს მათ მიაღწიეს წარმატებას. კანადელი ისტორიკოსის _ ალექსანდრ სტატიევის შეფასებით, დუბოსეკოვოს უტევდა 10-15 ტანკი, მათგან მხოლოდ 1 იქნა დაზიანებული (Statiev, Alexander. “La Garde meurt mais ne se rend pas!” Once again on the 28 Panfilov Heroes // Kritika: Explorations in Russian and Eurasian History. 13. 4. Fall 2012. P. 769-798.)

 

5 სევასტოპოლელი მეზღვაურის მითი 

საბჭოთა პროპაგანდის თანახმად, 1941 წლის 7 ნოემბერს, სევასტოპოლთან მდებარე დასახლება დუვანკოისთან, 5-მა მეზღვაურმა პოლიტხელ ნიკოლაი ფიჩენკოვის ხელძღვანელობით, სიცოცხლის ფასად გაანადგურა 10 გერმანული ტანკი. ისინი ტანკებს ჩაუვარდნენ ყუმბარების შეკვრასთან ერთად და შეაჩერეს გერმანელების შეტევა. ახლა „ნიკოლაი ფილჩენკოვის'' სახელს ატარებს შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი. 

რა მოხდა სინამდვილეში _ ამ დღეს გერმანელებს სევასტოპოლის სიახლოვეს არც ტანკებითა და არც სხვა ტიპის დანადგარებით შეტევა არ განუხორციელებიათ. ერთადერთი დივიზიონი, რომელიც მათ იმ რაიონში ჰყავდათ, წინა დღეს, 6 ნოემბერს გაიყვანეს ბახჩისარაიში საბჭოთა სახომალდო არტილერიის აქტიურობის გამო. ნოკოლაი დიმიტრის ძე ფილჩიკოვი, არქივებში არსებული დოკუმენტების თანახმად, 1941 წლის დეკემბერში გარდაიცვალა და არც ერთ დოკუმენტზე, რომელიც თარიღდება 1944 წლამდე, არაა მითითებული გარდაცვალების თარიღად 1941 წლის 7 ნოემბერი. კიდევ უფრო უარესადაა საქმე მის თანამებრძოლებთან დაკავშირებით _ ორგანიზაცია „მემორიალში“ ვასილ გრიგორის ძე ციბულკო გარდაცვლილად აღნიშნულია 1944 წლის 15 ივლისს ვოლინსკის ოლქში. იური კონსტანტინეს ძე პარშინი გაიწვიეს 1942 წელს და დაიკარგა უგზოუკვლოდ 1943 წლის აპრილში. ივან მიხეილის ძე კრასნოსელსკი ირიცხება დაღუპულად სევასტოპოლთან 1942 წელს. ყველა ცნობა დანიელ სიდორის ძე ოდინცოვის სიკვდილის შესახებ ჩნდება მხოლოდ 1942 წლის 23 ოქტომბერს გამოცემული ბრძანების _ „ფილჩიკოვისა და მისი ამხანაგებისთვის გმირის წოდების მინიჭების შესახებ'' _ გამოცემის შემდეგ, ამიტომ შეუძლებელია მტკიცება, ეს ადამიანი რეალურად არსებობდა თუ არა. 

რა აზრი ჰქონდა ტანკების ქვეშ ჩავარდნას? ცნობილია, რომ ამ დროს ადამიანის სხეული ამცირებს აფეთქების ძალას. თუ ტანკთან საკმარისად ახლოს მიახლოვებას შეძლებთ, ეფექტურია მის მუხლუხოებში ხელყუმბარის შეკვრის შეგდება, მაგრამ საბჭოთა პროპაგანდას ესაჭიროებოდა თავგანწირვა სიცოცხლის ფასად სწორე დიმ დღეს _ 1941 წლის 7 ნოემბერს, რადგან ეს ის თარიღია, როცა მოსკოვში აღლუმი გაიმართა. ფილჩიკოვის ხუთეულის გმირობის ტირაჟირება პირველად, მასიურად დაიწყეს იმ დღეებში, როცა კატასტროფით დასრულდა საბჭოთა ჯარების ოპერაცია ქერჩის ნახევარკუნძულზე. 1942 წლის 19 მაისს, სევასტოპოლის გაზეთში „მაიაკ კომუნი“ გაჩნდა უფროსი პოლიტხელის მეერ კოგუტის მოთხრობა „პოდვიგ პიატი ჩერნომორცევ“, სადაც დასახელებული იყო მეზღვაურების გვარები და სახელები. თავად კოგუტი უგზოუკვლოდ დაიკარგა გერმანელების მიერ სევასტოპოლის აღების დროს და შეუძლებელია გავიგოთ, საიდან შეიტყო მან ეს ამბავი. 

ალექსანდრ მატროსოვის გმირობის მითი 

1943 წლის 23 თებერვალს, წითელი არმიის შექმნის 25 წლისთავზე, ციმბირის მოხალისეთა მე-2 ბატალიონის რიგითმა ალექსანდრ მატროსოვმა, სოფელ ჩერნუშკებთან, ფსკოვის ოლქში გერმანული ტყვიამფრქვევის ამბრაზურა საკუთარი მკერდით დაფარა, რითაც თანამებრძოლებს შეტევის განხორციელების საშუალება მისცა. ჩვენ დროს გმირობის კორექტირება მხოლოდ თარიღსა და ადგილში მოხდა. ოფიციალური დაზუსტებული ვერსიით _ მატროსოვი ამბრაზურას არა სოფელ ჩერნუშკიში, არამედ იქვე, მახლობლად მდებარე სოფელ პლეტენში, 27 თებერვალს გადაეფარა. 

რა მოხდა სინამდვილეში? _ არავის, ვინც იგონებს ან აღწერს მატროსოვის გმირობას, ეს მომენტი არ უნახავს. მათ ნახეს მხოლოდ მისი სხეული, რომელიც ამბრაზურის მახლობლად იყო. ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტის შედეგად ცნობილია, რომ ტყვიამფრქვევის ტყვია ხელში მოხვედრის შემთხვევაშიც კი ადგილზე ანადგურებს ადამიანს, მით უმეტეს შეუძლებელია სხეულით ამბრაზურის დაფარვა, რადგან ტყვიამფრქვევის მოკლე ჯერიც კი რამდენიმე მეტრზე უკან ისვრის ყველაზე დიდ სხეულს. 

დღემდე ცდილობენ ამ მითის მოდერნიზაციას. ჟურნალის „როდინა'' რედაქტორის მოადგილე სემიონ ეკშტუტი ამტკიცებს:„მატროსოვი ადგა ფეხზე, გაქანდა ,,ძოტისკენ'' და სხეულით დაფარა ამბრაზურა. ეს არ იყო განწირული ადამიანის საქციელი, ეს იყო შეგნებული, გააზრებული აქტი: რამდენიმე წამით სროლა ,,ძოტიდან'' შეწყდა. სწორედ ამ რამდენიმე წამმა გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. გერმანელი მსროლელი ფსიქოლოგიურ შოკში ჩავარდა, როცა მან სროლა განაახლა და ტყვიამფრქვევის ჯერმა სხეული ამბრაზურიდან უკან გადაისროლა, მატროსოვის თანამებრძოლებმა უკვე მოასწრეს ,,ძოტთან'' მირბენა.“ რა თქმა უნდა, ეს სრული გამონაგონია, რა იცის ავტორმა, შოკში ჩავარდა თუ არა გერმანელი მსროლელი? საბჭოთა პროპაგანდას სჭირდებოდა წითელი არმიის იუბილესთან დაკავშირებით მორიგი გმირობა და მატროსოვის სიკვდილიც სწორედ ამ მიზნით გამოიყენა. 

 

ნიკოლაი გასტელოს მითი 

საბჭოთა ვერსიის თანახმად 42-ე ავიადივიზიის, 207-ე პოლკის, მე-4 ესკადრილიის მეთაურმა ნიკოლაი გასტელომ და მისმა ეკიპაჟმა, მას შემდეგ, რაც მათი თვითმფრინავი მიწიდან იქნა დაზიანებული, სოფელ დეკშნიანისთან შემოაბრუნეს ცეცხლმოკიდებული ბომბდამშენი ,,ილ-4'' და შეეტაკნენ მტრის კოლონას ბელორუსიის რადოშკოვიჩესკევსკის რაიონის, ვილეისკის (ახლანდელი მინსკის) ოლქის რადოშკოვიჩი-მოლოდეჩნოს გზატკეცილზე. 

რა მოხდა სინამდვილეში? _ როცა 1951 წელს, გმირების სხეულების საზეიმოდ გადასასვენებლად, კაპიტან გასტელოს ეკიპაჟის სავარაუდო საფლავი ამოთხარეს, მასში აღმოჩნდა კაპიტან სპირიდონ მასლოვისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტები. იგი მსახურობდა იმავე 207-ე პოლკში და მე-3_ ესკადრილიის მეთაური იყო. გასტელოს თვითმფრინავი სინამდვილეში ჩავარდა გზატკეცილის სიახლოვეს მდებარე ჭაობში და სწორედ იქ იპოვეს მისი ეკიპაჟის საბუთები, თუმცა არ იყო თავად კაპიტან გასტელოს დოკუმენტები. 

ყველაფერი თავდაყირა დადგა მაშინ, როცა იმ ბრძოლაში გადარჩენილმა ერთადერთი ბომბდამშნის მეთაურმა _ უფროსმა ლეიტენანტმა ფეოდორ ვორობიოვმა მოხსენებითი ბარათი დაწერა.

იგი ამტკიცებდა, რომ გასტელოს თვითმფრინავი დაეცა გერმანელების კოლონას. ალექსანდრ მასლოვის ბომბდამშენი კი ტყეში ჩავარდა. თვითმხილველების მონათხრობით, გასტელოს ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი მეთაურის „ფანრიდან“ გამოძვრა, გაიარა რამდენიმე ნაბიჯი ფრთაზე და ქვემოთ გადახტა. დაჭრილი პარაშუტისტი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. ასევე საარქივო მასალებში ინახება დანაკარგების სია, სადაც გასტელოს ეკიპაჟის გასწვრივ არის მინაწერი: „ერთი ადამიანი ამ ეკიპაჟიდან გადახტა პარაშუტით, ვინ _ უცნობია“. თვითმხილველთა აღწერით, გადარჩენილი კაპიტანი გასტელო იყო. გადარჩა და დასავლეთში დარჩა, თუ დაჭრილი ტყვეობაში გარდაიცვალა, უცნობია. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირში არ დაბრუნებულა. 

კონსტანტინ ზასლონოვის გმირობის მითი 

ბელორუსი პარტიზანების ერთ-ერთი წინამძღოლი _ კონსტანტინ ზასლონოვი, 1942 წლის 14 ნოემბერს დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ სსრკ გმირის წოდებით დაჯილდოვდა. საბჭოთა პროპაგანდამ მას ფილმები და პიესები მიუძღვნა. ოფიციალური ვერსიით, 1941 წლის დეკემბრიდან 1942 წლის თებერვლამდე, მისმა იატაკქვეშა ჯგუფმა ააფეთქა 98 ეშელონი, დააზიანა 150 ორთქმავალი და სასადგურე მოწყობილობა. ზასლონოვი იძულებული გახდა, პარტიზანებთან წასულიყო. მისი ხელმძღვანელობით პარტიზანები ისეთ წარმატებებს აღწევდნენ, რომ გერმანელები იძულებულნი გახდნენ, ფრონტიდან მოეხსნათ და მასთან საბრძოლველად ,,ესეს''-ის 3 დივიზია გაეგზავნათ, ზასლონოვის სიკვდილისთვის კი ჯილდოდ 50 ათასი მარკა დააწესეს. 

რა მოხდა სინამდვილეში? _ ყველაფერი, რაც დაწერილია ზასლონოვზე _ წმინდა წყლის ფანტასტიკაა, რაც პედანტი გერმანელების არქივებითაც მტკიცდება. ეს ყველაფერი რომ სიმართლე ყოფილიყო, გერმანული არმიის ჯგუფის „ცენტრი“ მომარაგება პარალიზებული იქნებოდა, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. მთელი ეს ისტორია ეყრდნობოდა ზასლონოვის პატაკებს, რომლებსაც სინამდვილესთან ცოტა რამ აკავშირებდა. საუკეთესო შემთხვევაში მათ 5-7 ორთქმავლის დაზიანება შეძლეს. 

არავითარი ბრძოლები რეგულარულ დანაყოფებთან არ გამართულა. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა 2 საპოლიციო ბატალიონი, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ტყვეებისგან დაკომპლექტდა. პარტიზანების მიერ დახოცილი პოლიციელების რაოდენობა 2 ათეულს არ სცდება, თუმცა ნამდვილად არაა 1000-ზე მეტი, როგორც თავად ზასლონოვი ამტკიცებდა. 

გერმანულ არქივებში არ მოიპოვება საბუთი ზასლონოვის სანაცვლოდ ჯილდოს დაწესების შესახებ. ვისაც პირადად ახსოვდა ზასლონოვი, 90-იან წლებში _ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყვებოდა, რომ ისინი მთვრალები ძარცვავდნენ სოფელებს და იქვე, ახლოს ლოთობდნენ. (ტარას, ანატოლ. კ. ზასლონოვის და მისი ამხანაგების დაუჯერებელი გმირობების შესახებ. მინსკი:იბიკ, 2017)

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში