Menu
RSS

ჯანო ჯომიდავა _ საზოგადოებას წინააღმდეგობის მუხტი აკლია

ჯანო ჯომიდავას მიერ გადაღებულმა ერთ-ერთმა ვიდეომ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიქცია. ვიდეოზე ასახულია, როგორ აჩერებს პატრულის ოფიცერი ჯანოს და მიუთითებს კანონდარღვევებზე, რასაც ეს უკანასკნელი აპროტესტებს და ოფიცრის მიერ ჩადენილ პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ჯანო ჯომიდავას არაერთი მსგავსი ვიდეო აქვს განთავსებული საკუთარ „იუთუბ“ არხზე, სადაც ასახულია, როგორ ცდილობს, გამოასწოროს ის წვრილმანი თუ მსხვილმანი პროცედურული დარღვევები, რომელიც პატრულის ყოველდღიურ საქმიანობაში გვხდება, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, ოფიცრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ მოვალეობებსა და კანონს. მიუხედავად ამგვარი მიზნისა, საზოგადოების უმეტესობას ვიდეოზე ნეგატიური რეაქცია ჰქონდა, რადგან ჯანოს სარკასტული დამოკიდებულება პატრულის ოფიცრის მიმართ, მისი ყურადღება, ერთი შეხედვით, ნაკლებადმნიშვნელოვანი დეტალებისადმი უარყოფითად იქნა აღქმული. გთავაზობთ ინტერვიუს ჯანო ჯომიდავასთან.

 

_ რა არის შენი პროფესიული განათლება და რას საქმიანობ? 

_ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული მაგისტრის ხარისხით. ამჟამად ბიზნესსექტორში ვსაქმიანობ. 

_ რატომ და როდის გაგიჩნდა იდეა, ჩაგეწერა პატრულის ყოველდღიური მოვალეობის აღსრულების პროცესი ვიდეოზე და შემდეგ საჯაროდ გაგეზიარებინა ეს ჩანაწერი ხალხისთვის? 

_ ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეა თავიდანვე დამებადა, მაგრამ, ზოგადად, უსამართლობასთან ბრძოლის სურვილი ყოველთვის მქონდა. უცხოურ საიტებზე ვიხილე, როგორ ებრძოდნენ მოქალაქეები ოფიცრების მიერ ჩადენილ დარღვევებს, როგორ ავლენდნენ ამ ყველაფერს საჯაროდ და მეც გამიჩნდა სურვილი, გამეკეთებინა მსგავსი რამ. 

_ რა შედეგი ან ცოდნა მოგცა ამ გამოცდილებამ? 

_ მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ, პირველ რიგში, ვისწავლე ის, თუ როგორ უნდა შეიკავო თავი კანონდარღვევებისგან, რაც ზოგჯერ ძალიან რთულია, თუკი კანონმდებლობას კარგად არ იცნობ. 

_ ვიდეოში საუბრობ იმაზე, რომ აუცილებლად გაასაჩივრებ პატრულის გადაწყვეტილებას და პროცესსაც, სავარაუდოდ, მოიგებ. ასევე აღნიშნავ, რომ ეს არ იქნება შენი პირველი მოგებული პროცესი. რამდენჯერ გაგისაჩივრებია მსგავსი ჯარიმები და, შენი შეფასებით, მოქმედებს თუ არა მოგებული სასამართლო პროცესი სისტემაზე დადებითად? 

_ გასაჩივრების პროცედურული არსი ისაა, რომ როცა ჯარიმა იწერება, პირველი ინსტანცია, რომელსაც საჩივრით მიმართავ თავად პატრულია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველთვის საჩივარი უარყოფილია, ეს უბრალო პროცედურაა. ამის შემდეგ ასაჩივრებ გადაწყვეტილებას სასამართლოში და ელოდები სამართლიან განაჩენს. 

უშუალოდ იმ პოპულარულ ვიდეოში აღწერილ ჯარიმას რაც შეეხება, ეს ჯარიმა დღეს გაუქმებულია იმის გამო, რომ გავასაჩივრე პატრულთან და წავედი ოზურგეთში ამისათვის. თავად ოზურგეთის საპატრულო პოლიცია უკრავდა ტაშს იმ ფაქტს, რომ შეიქმნა პრეცედენტი ჩემს საქმეზე დაყრდნობით, ამიტომ სასამართლო პროცესამდე აღარ მისულა საქმე. აქ ათლარიან ჯარიმაზე იყო საუბარი და მე ოზურგეთში მგზავრობა საბოლოო ჯამში უფრო ძვირი დამიჯდა, მაგრამ პრინციპის საკითხი იყო და მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიე კიდეც, ვინაიდან ამ პრეცედენტით მომავალში არაერთი მოქალაქე მიიღებს სარგებელს. 

ჩემი მიზანიც ზუსტად ეს იყო. ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს წინააღმდეგობის მუხტი, თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს პატრულს, როცა მიაჩნია, რომ ისინი საკუთარ უფლებამოსილებას არღვევენ, ამას ქუჩური, „ძველბიჭური“ ტონით აკეთებენ, მაგრამ ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არ ჭრის. აუცილებელია, საკუთარი უფლებების ცოდნა იმისათვის, რათა კანონდარღვევა გამოავლინო. მინდოდა, საზოგადოებას ეს მუხტი მისცემოდა _ არ ვიცი, რამდენად გამომივიდა. 

_ გასაგებია, რომ პატრულის თანამშრომლების დიდი ნაწილი სათანადოდ არ იცნობს საკუთარ მოვალეობებს, მაგრამ მეორე მხარეს არიან მოქალაქეები, რომელთა უზარმაზარ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, საკუთარი უფლებების შესახებ. შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა ორმხრივია და რა გესახება, ამ მეორე პრობლემის გამოსწორების საშუალებად? 

_ რეალურად ეს ძალიან მარტივი პროცესია და საკუთარი უფლებების დამახსოვრებაც არც ისე რთულია. მაგალითად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან საკუთარი სანათესაოს წინააღმდეგ. პატრულმა უნდა შეახსენოს მოქალაქეებს ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა იურისტები ვერ ვიქნებით და ყველას კონსტიტუცია ვერ ექნება წაკითხული. პრობლემა ისაა, რომ პატრული არ აცნობს მოქალაქეებს საკუთარ, ელემენტარულ უფლებებს. 

_ რამდენად ხელმისაწვდომი და მარტივად ფორმულირებულია დღეს რიგითი მოქალაქეებისთვის ის უფლებები, რომლებიც, მაგალითად, მათ აქვთ პატრულის ოფიცერთან კომუნიკაციის დროს? 

_ ამ საკითხზე ნამდვილად არ მიფიქრია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თვითშეგნება ასამაღლებელია. მე უამრავმა ადამიანმა გამაკრიტიკა ამ ვიდეოს გამო, ხაზს უსვამდნენ ჩემს სარკასტულ ტონს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს პატრულის ოფიცრები იმსახურებენ მოქალაქეებისგან ამგვარ დამოკიდებულებას, რადგან ვალდებულები არიან კანონის ფარგლებში იმოქმედონ, რასაც ხშირად არ აკეთებენ. მე ჩემი ყურით გავიგე, როგორ მოუწოდა რაციით მეთაურმა პატრულს იაქტიურეთო, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ეგრეთ წოდებული გეგმა, რომელიც უნდა შეასრულონ დღის განმავლობაში _ მაგალითად, გამოწერონ მინიმუმ რაღაც რაოდენობის ჯარიმები და სისტემა ამ ყველაფრისგან ფინანსურ სარგებელს იღებს. ალბათ, ამ ოფიცრებსაც ერიცხებათ ბონუსები. ეს დაუშვებელია, საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ხელფასებს ჩვენ ვუხდით, „საჯარიმო გეგმები“ არ უნდა ჰქონდეთ. 

_ როგორც თავადაც აღნიშნე, იმ ადამიანების უმრავლესობას, რომელმაც შენი ვიდეო იხილა, ნეგატიური რეაქცია ჰქონდა. არ მოეწონათ შენი დამოკიდებულება პატრულის ოფიცრის მიმართ, რაც დამცინავად აღიქვეს. ობიექტურად თუ შეაფასებ, ჰქონდათ თუ არა ამ დასკვნის გამოტანის საფუძველი? 

_ მე არ ვცდები იმ ფარგლებს, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. ვცდილობ, ყველანაირად რომ ამ ადამიანებს შევაგნებინო რას აშავებენ, მაგრამ, ბუნებრივია, მეც ადამიანი ვარ და ვღიზიანდები, როცა ვხედავ, რომ ოფიცრები, რომლებიც პირველ რიგში უნდა იცავდნენ კანონს, არღვევენ ელემენტარულ წესებს და ჯეროვნად ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. აქედან გამომდინარეობს ჩემი სარკაზმი და „დაცინვაც“. 

_ რომელია ყველაზე გავრცელებული პროცედურული დარღვევა, რომელიც პატრულის საქმიანობაში გვხვდება? 

_ ყველაზე გამაღიზიანებელია „გაჩერება გადამოწმების მიზნით“, ანუ საბუთების შემოწმება და ასე შემდეგ. კანონმდებლობაში ეს არ წერია, გადამოწმება არ არის გათვალისწინებული, უნდა მოხდეს კანონდარღვევა, ან უნდა არსებობდეს გონივრული ეჭვი იმისათვის, რათა მძღოლი გააჩერო. გონივრული ეჭვი არის ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს დასკვნის გასაკეთებლად. ამ დასკვნის საფუძველი „გადამოწმების“ მიზნით გაჩერების დროს უბრალოდ არ არსებობს, ამიტომ შედეგად ვიღებთ იმას, რომ პატრულის ოფიცრები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აწუხებენ უდანაშაულო მოქალაქეებს ღამით, ხშირად მხოლოდ იმის გამო, რომ მოწყენილები არიან და არ იციან თავი რითი გაირთონ. 

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ პატრული ხშირ შემთხვევაში საქმეს არ განიხილავს ადგილზე. საქმის ადგილზე განხილვა გულისხმობს გაჩერებული მძღოლისათვის ყველანაირი ფაქტის წარდგენას და მის საქმის კურსში ჩაყენებას, რათა მიხვდეს, რა დააშავა. მოქალაქეების ეს უფლება, რომელიც კანონმდებლობაშია გაწერილი, ძალიან ხშირად ირღვევა. 

ასევე მნიშვნელოვანი თემაა კამერა, რომელიც პატრულის ოფიცრებს აქვთ სამხრეებზე მიმაგრებული _ კანონმდებლობით ისინი ვალდებულნი არიან გაგაფრთხილონ, რომ ამ კამერას რთავენ და იწერენ ყველაფერს თქვენთან კომუნიკაციის დროს. ეს გაფრთხილება აუცილებელია, რადგან როცა მოქალაქემ იცის, რომ მის მოქმედებებს, სიტყვებს კამერაზე იწერენ, უფრო ფრთხილად იქნება. სამწუხაროდ, ჩემი ვიდეოებიდანაც კარგად ჩანს, რომ კამერის ჩართვის შესახებ ოფიცრები მოქალაქეებს არ ატყობინებენ. 

_ ამჟამად კვლავ ატარებ თუ არა ამგვარ ვიდეო ექსპერიმენტებს ან მომავალში თუ გეგმავ თუნდაც განსხვავებული ფორმის, მაგრამ იგივე შინაარსისა და მიზნის მქონე საქმიანობას? 

_ დიდი ხანია მსგავსი ვიდეო აღარ გადამიღია. საერთოდ, ეს ვიდეოები, რომლებიც ჩემს არქივში დაგროვდა, სხვადასხვა დროს არის გადაღებული და არის ერთი წლის წინ ჩაწერილი ვიდეოებიც, მაგრამ საზოგადოებამ რატომღაც დაასკვნა, რომ ყოველდღე ვიღებ და ვარ ავადმყოფი, რომელსაც სიამოვნებს, როცა პატრული აჩერებს და აჯარიმებს (იცინის). 

ამასთან, ეს არ იყო ექსპერიმენტები, ყველა ვიდეო იყო სიტუაციური, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო ჩავრთე მას შემდეგ, რაც პატრულმა უსაფუძვლოდ გამაჩერა (რაც ხშირად მომხდარა). ბუნებრივია, გული დამწყდა, როცა კომენტარებში ამხელა სიძულვილს წავაწყდი, მე მათი ლანძღვა ვერაფერს დამაკლებს, მაგრამ მაინც საწყენი იყო ამ ყველაფრის კითხვა. 

გეგმას რაც შეეხება, ნამდვილად არ მაქვს კონკრეტული მოქმედების გეგმა, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ კიდევ ერთხელ გამაჩერეს უსაფუძვლოდ, აუცილებლად გადავიღებ პროცესს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს უკვე მცნობენ და პატრულის ოფიცრებსაც ჩემი გაჩერების სურვილი აღარ აქვთ (იცინის).

ბექა ბერულავა

დაბრუნება დასაწყისში