Menu
RSS

„არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის!“

რა ხდება ძიუდოს ფედერაციაში?!

თითქმის ორი კვირაა, რაც თელ-ავივში ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრების წევრებმა ისრაელიდან ერთი მედლის წამოღებაც ვერ შეძლეს, რაც ქართული ძიუდოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

შესაბამისად, თელ-ავივში გამოსვლა ფიასკოდ, კრახად შეფასდა და ლოგიკურიც იყო, ისრაელიდან დაბრუნებული ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე თანამდებობიდან რომ გადადგა. თუმცა, ცირეკიძემ იქვე აღნიშნა, ეს პრობლემა მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის, არც კატასტროფაა, მაგრამ რადგან ფედერაციამ ასე გადაწყვიტა, მივდივარო. სხვათა შორის, ცირეკიძეს მხარი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ღვინიაშვილმაც აუბა. 

„ევროპის ჩემპიონატზე ვიტყოდი, რომ სპორტია და ყველაფერი ხდება. არავინ არ არის წაგებისგან დაზღვეული. შესაძლოა, მაგარი მომზადებული წახვიდე და უმედლოდ ჩამოხვიდე, ანდაც პირიქით. ძალიან ბევრ ადამიანს დაებადა კითხვა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპორტია და ხდება. ზუსტად ვიცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ შედეგს გამოვასწორებთ და მისთვის უფრო კარგად მოვემზადებით. ირაკლი ცირეკიძისა და თითოეული მწვრთნელის მიმართ მე პირადად სიმპათია გამაჩნია, რადგან იბრძოდნენ, რაც შეეძლოთ. ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და ჩვენ გვერდით იდგნენ, მაგრამ უცბად ეს ცუდი შედეგი დაინახა ქართველმა გულშემატკივარმა და ამისგან ტრაგედია შექმნა. ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება, რადგან წინ მსოფლიო ჩემპიონატი და არაერთი შეჯიბრია“, _ განაცხადა ღვინიაშვილმა. 

სხვათა შორის, კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ ორი სპორტსმენის, ღვინიაშვილისა და გურამ თუშიშვილის გარდა, ყველა ძიუდოისტმა შეხვედრა შეგნებულად წააგო, რათა მიზეზი ჰქონოდათ და ფედერაციის პრეზიდენტი გაეშვათ, თუმცა ეს მოსაზრება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს _ იგივე თუშიშვილი მსაჯებს რომ არ დაეჩაგრათ, ფინალში გადიოდა, უმედლოდ არ დარჩებოდა და ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა. უფრო რეალური ის გახლავთ, რომ ნაკრები ჩავარდა. ჰოდა, ცირეკიძის მოხსნის შემდეგ, პრესკონფერენცია ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა გამართა. 

„არ ვიცი, საიდან დავიწყო. ამას ვამბობდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე. ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორტსმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი, ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია“, _ ეს იყო ზვიადაურის განცხადების ძირითადი პათოსი. 

ამის შემდეგ განცხადება უკვე ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოისტების სახელით გააკეთა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფა, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით. საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვდასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება. ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში.“ 

ცნობისათვის, როცა ლიპარტელიანი განცხადებას კითხულობდა, მის გვერდით ღვინიაშვილი და თუშიშვილი არ იდგნენ, თუმცა ნაკრების კაპიტანმა დააფიქსირა, რომ მხარს ყველა ძიუდოისტი უჭერს, მაგრამ ფაქტია _ სხვები იქ იყვნენ, ნაკრების ეს ორი წევრი კი _ არა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ ითქვა, რომ ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტად ზვიადაურს ამზადებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად _ დღის ბოლოს ლიპარტელიანმა კიდევ ერთი განცხადება მიაყოლა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზვიადაური ფედერაციაში რაიმე თანამდებობას დაიკავებს, ის ძიუდოდან საერთოდ წავა. 

დღის ბოლოს კი დავით ქევხიშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ფედერაციის პრეზიდენტობა არა ზვიადაურს, არამედ თავად ლიპარტელიანს სურს და ეს იმის მიუხედავად, რომ ლიპარტელიანი მოქმედი ძიუდოისტია. 

იმის დასამტკიცებლად, რომ ფედერაცია პარალიზებული არ არის, დავით ქევხიშვილმა, მარჯანიშვილზე მდებარე ძიუდოს დარბაზში 18-წლამდე ნაკრების წევრები შეკრიბა და პირადად ავარჯიშებს. რამდენად ჯდება ლოგიკაში ის, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრებს (თუნდაც ახალგაზრდებს) ავარჯიშებს, სხვა საქმეა, თუმცა... 

„გარდა იმისა, რომ ქევხიშვილი ცდილობს საქმიანი გარემო შექმნას, ის მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდეს. მან კახეთიდან ვეტერანი ძიუდოისტები ჩამოიყვანა, მათ შორის რამდენიმე ქისტი და ისინი დარბაზის გარშემო პატრულირებენ. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები 10 მაისს ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზეც მივლენ და მაქსიმალურად შეეცდებიან სიტუაცია დაძაბონ, რომ საქმე მუშტი-კრივამდე მივიდეს“, _ გვითხრა ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ჩამოყვანილი ძიუდოისტების შესახებ ინფორმაცია სხვა წყარომაც დაგვიდასტურა. 

რა ხდება რეალურად?! საქმე ისაა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ქევხიშვილი საცხოვრებლად კანადაში წავიდა და იქ ცდილობდა ლუკმა-პურის შოვნას. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ქევხიშვილი კანადიდან ზვიადაურმა ჩამოიყვანა, „ქართულ ოცნებაში“ რეკომენდაცია გაუწია და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტადაც პირადად დასვა. ამის შემდეგ, ქევხიშვილი უკვე თავად დაუახლოვდა „ოცნების“ ლიდერებს და იმდენად დაუახლოვდა, რომ გასულ წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მშობლიურ ყვარელში კენჭიც იყარა და საკრებულოს თავმჯდომარეც გახდა. ანუ, დღეის მდგომარეობით, ქევხიშვილს ორი ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს _ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია და პრაქტიკულად სულ საზღვარგარეთ უწევს შეჯიბრებებზე ყოფნა და პარალელურად, საკრებულოსაც თავმჯდომარეობს. ჰოდა, როგორც ჩანს, მას ორი თანამდებობისთვის დრო არ ჰყოფნის და არცერთი არ ეთმობა. ზვიადაური კი გაიძახის, ჩემი შეცდომის გამოსწორება მსურს და მომეხმარეთო. ის, რომ ზვიადაურს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებთან საუცხოო ურთიერთობა აქვს, არავინ მალავს, თუმცა უკვე გამორიცხულია, რომ ის ფედერაციაში თანამდებობაზე დაინიშნოს, რადგან ძიუდოისტები ამ შემთხვევაშიც დემარშით იმუქრებიან. 

რა იქნება მომავალში, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. პროტესტის გამო, მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ბოსნიაში გასამართ შეჯიბრზე არ გაემგზავრა და აეროპორტიდან უკან გამობრუნდა. სამაგიეროდ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში ევროპის თასზე 10 ვაჟით და 2 გოგონათი გაემგზავრა. 

და ერთიც _ ლიპარტელიანმა ისიც თქვა, ისრაელში უამრავი გულშემატკივარი წამოგვყვა, ადამიანები, რომლებსაც არავინ იცნობს, ფედერაციის ხარჯზე გრიალებდნენ მაშინ, როცა ნაკრების მასაჟისტი უსახსრობის მიზეზით ფედერაციამ თბილისში დატოვაო. 

7 მაისს, ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენთა ნაწილმა ფედერაციასთან აქცია გამართა და ფედერაციის პრეზიდენტის _ დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა. 

ძიუდოს ფედერაციაში ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული, თუმცა ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას ყრილობის ჩატარებამდე დატოვებს. 

7 მაისსვე, ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენებსა და კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, ფედერაციაში სიტუაცია მწვავეა და საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. შეხვედრა გაცნობითი იყო, სადაც არ განხორციელებულა კონკრეტული ცვლილებები და სპორტსმენებს არ მიუღიათ რაიმე ტიპის დაპირება. მინისტრის განცხადებითვე, ის ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში არ იქნება, ხოლო ოფიციალური ვიზიტების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შეხვდება სპორტსმენებს, ასევე, ძიუდოს ფედერაციასა და ფედერაციის პრეზიდენტს. 

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი კი აცხადებს, რომ ყველა სპორტსმენი ერთ აზრზეა და მათი პოზიცია უცვლელია: „ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, სანამ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს. ეს ორი დღე ჩვენ არ ვჩერდებით, შეხვედრა იქნება იმ ადამიანებთან, რაიმე გეგმა დაისახება თუ არა, ეტაპობრივად გეცნობებათ. რაც შეეხება აქციებს, არაა ის პერიოდი, რომ გადაჭრით ვთქვათ რამე. ბიჭები ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს“.

დაბრუნება დასაწყისში