Menu
RSS

გარემოს დაბინძურების გადასახადი აღსადგენია!

რა ახალ კანონპროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში და როგორ ვაიძულოთ ბიზნესი, გარემო არ დააზიანონ?

 

საყდრისის საბადოს მიმდებარედ, 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ოპოზიციური პარტიების გამარჯვებით დასრულდა. მიწის ნაკვეთი 5 056 320 ლარად გაიყიდა და მიწის სარგებლობის სანაცვლოდ, გამარჯვებული სუბიექტი ამ თანხას სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხდის. ელექტრონულ აუქციონში პოლიტიკური პლატფორმა _ ,,ახალი საქართველოს'' ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაიმარჯვა. ონლაინ-აუქციონზე ვაშაძე შემსყიდველად მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც 14 პოლიტიკური პარტიის მიერ დაფუძნებულმა ,,დმანისის გადარჩენის ფონდმა'' აუქციონში მონაწილეობაზე უარი მიიღო. 

კომპანია ,,არ ემ ჯი გოლდი'', რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვებით სამუშაოებს ასრულებს, ელექტრონულ აუქციონში დამარცხდა. პოლიტიკურმა პარტიებმა ამ გამარჯვებით პრეცედენტი შექმნეს და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, კომპანიას პოლიტიკური სილაც გააწნეს. თუმცა ამგვარი პრეცედენტის შექმნა პრობლემის მოგვარების უალტერნატივო გზად ვერ განიხილება, რადგან ,,არ ემ ჯი გოლდი'' ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც გარემოს აბინძურებს და არც დმანისის მუნიციპალიტეტია ერთადერთი რეგიონი საქართველოში, სადაც ნიადაგში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ცემენტის ქარხნები, ჰიდროელექტროსადგურები, ბუნებრივი რესურსების მოპოვებითი სამუშაოები _ ეს იმ ბიზნესის მცირე ჩამონათვალია, რასაც გარემოს ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი სჭირდება და რაც, სავარაუდოდ, ბუნებას აზიანებს. შესაბამისად, უპრიანი იქნება, ნებისმიერი ამ ტიპის კომპანიისთვის, სახელმწიფომ სპეციალური გადასახადი დააწესოს და ბიზნესი აიძულოს, გარემო არ დააზიანოს!

დაბინძურების გადასახადი 

,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები _ საქართველოს'' თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ გარემოს დაბინძურების გადასახადი საქართველოში, 2006 წლამდე მოქმედებდა. მისი თქმით, 2005-2006 წლებში, ,,ნაციონალური მოძრაობის'' ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების გადასახადები გაუქმდა: 

,,გარემოსდაცვითი გადასახები, მათ შორის, დაბინძურებაზე, წყალჩაშვებასა და წყალში გაფრქვევაზე 2006 წელს გაუქმდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში, ყველას ყველაფერი შეუძლია! გადასახადები იმ მიზეზით გააუქმეს, რომ თითქოს, ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას უწყობდა ხელს და ამიტომ დღეს ეს გადასახადები აღარ გვაქვს. იმ პერიოდშივე გაუქმეს ბუნებრივი რესურსის გადასახადიც, მაგრამ ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე, დღეს ეს გადასახადები აღსადგენია! ამას ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, ესაა ინტეგრირებული ნებართვის ცნება, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს, რომ ეს სისტემები და გადასახადი შემოიღოს! სხვათა შორის, ეს გადასახადები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს და ამ მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა! ჩვენი ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია მუშაობს, რომ ეს გადასახადები აღდგეს!'' 

როგორც ნინო ჩხობაძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, გადასახადის ოდენობას ბუნებრივი რესურსის ღირებულება და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ ტიპის გადასახადები სხვადასხვა კომპანიისთვის არაერთგვაროვანი იქნება, მაგრამ ეს ტექნიკური დეტალებია, რასაც სპეციალისტები კარგად განსაზღვრავენ და ჩამოაყალიბებენ. მით უმეტეს, ამ მხრივ, საერთაშორისო გამოცდილება უკვე არსებობს და რაც მთავარია, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ამ გადასახადების აღდგენას კატეგორიულად ითხოვს. 

ისე, გასაკვირი სულაც არაა, რატომ და რა მიზეზით გააუქმა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების ლიცენზიების მოპოვების გადასახადები. ცხადია, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური საბურველია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, კონკრეტულად, რომელმა ბიზნესმენებმა და კომპანიებმა ისარგებლეს ამ გადასახადების გაუქმებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. სხვათა შორის, იგივე საყდრისის მიმდებარედ, ოქროს მოპოვებით სამუშაოებს მაშინ მილიარდერი ბიზნესმენი, კობა ნაყოფია ასრულებდა და თან ამ პარტიის სახელით, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ცემენტის ბიზნესში თეთრიწყაროს მაჟორიტარი, ასევე სააკაშვილთან კარგად დაახლოებული, მილიარდერი ბიზნესმენ-პოლიტიკოსი დავით ბეჟუაშვილი იყო ჩართული... მოკლედ, სააკაშვილმა გადასახადების გაუქმებით, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს ეკონომიკური ,,ხარკი'' გადაუხადა, სამაგიეროდ, წინასაარჩევნო პერიოდში, სახელისუფლებო პარტიის _ ,,ნაციონალური მოძრაობის'' დაფინანსებით, ეს ბიზნესმენ-პოლიტიკოსებიც საკმაოდ სერიოზულ და მსხვილ პოლიტიკურ ,,ხარკს'' იღებდნენ. 

ასე შეხმატკბილებულად, ურთიერთთანხმობითა და პოლიტ-ეკონომიკური უნისონით, წინა ხელისუფლებამ ისეთი გადასახადები გააუქმა, რის გამოც თითქმის 12 წელზე მეტია, ქვეყანა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვების, მათ შორის, ჰესების მშენებლობაში არიან ჩართულნი, გარემოს აბინძურებენ და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან! 

,,ვერსია'' დაინტერესდა, გაითვალისწინებს თუ არა ,,ქართული ოცნება'' ევროკავშირის დირექტივებს და ,,მწვანეთა მოძრაობის'' ინიციატივას, გარემოს დაბინძურების გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ კანონპროექტი უკვე მზადდება: 

,,ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი ისაა, რომ წინასწარ, ცალკე გამოიყოს გარკვეული თანხა და როდესაც კომპანია საქმიანობას დაასრულებს, მის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, სწორედ ამ თანხით განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გაბანკროტდება, ან უხეშად რომ ვთქვათ, ქუდს დაიხურავს და წავა, ამ თანხას სახელმწიფო გამოიყენებს, რათა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელოს. ესაა ამ ახალი კანონპროექტის ძირითადი პრინციპი, რომელზე მუშაობასაც სამინისტრო უკვე ასრულებს და უახლოეს მომავალში, პარლამენტში განსახილველად შემოიტანს. სხვათა შორის, ეს კანონპროექტი ევროკავშირის დირექტივებით განსაზღვრულ ყველა პრინციპს პასუხობს და მასზე მუშაობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ,,იბიარდის'' ექსპერტებიც იყვნენ ჩართულნი. მეტსაც გეტყვით, საქართველოს მთავრობასა და ,,იბიარდს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვის სისტემის რეფორმა იგეგმება. 2006 წელს მიღებული კანონი ბუნებრივი წიაღის შესახებ, აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და პირიქით, გარემოს წინააღმდეგაა მიმართული''. 

უპრეცედენტო პრეცედენტი 

ეს გიორგი ვაშაძემ და იმ 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა, რომლებიც საყდრისის მიმდებარედ არსებული, 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადასარჩენად გაერთიანდნენ. ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონზე საწყის ფასად 15 000 ლარი იყო დაფიქსირებული, მაგრამ საბოლოოდ, ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. აუქციონი რამდენიმე საათს გაგრძელდა, სხვა მონაწილეების მიერ ფასის მომატების შემთხვევაში, ,,ახალი საქართველოს'' ლიდერი გიორგი ვაშაძე, აუქციონზე მცირედით მომატებულ ფასს აფიქსირდება. სწორედ ასე გაიზარდა თანხა 15 000 ლარიდან 5 მილიონამდე და ელექტრონული აუქციონი მისი გამარჯვებით დასრულდა. 

14-მა პოლიტიკურმა პარტიამ ,,დმანისის გადარჩენის ფონდი'' დააფუძნა და შესაბამისად, აუქციონზე შეძენილ ქონებასაც, სწორედ ეს ფონდი განკარგავს. აუქციონის მოგების შემდეგ, ,,დმანისის გადარჩენის ფორნდმა'' 16 ჰა მიწის ნაკვეთსა და მის გარშემო არსებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, დამატებითი ცნობები გამოითხოვა. ფონდში ეჭვობენ, რომ კომპანია, რომელიც ამ ტერიტორიის იჯარით შესყიდვით იყო დაინტერესებული, მას უკვე უკანონოდ იყენებს. 

პოლიტიკური პლატფორმა _ ,,ახალი საქართველოს'' ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისას, უმთავრესი მიზანი სპეციალური სამართლებრივი სტატისა და კონკრეტული უფლებების მოპოვება იყო: 

,,მთავარი მიზანი ისაა, რომ უბედურება, რაც გარემოზე ზემოქმედების კუთხით ახალ ხდება, შეჩერდეს, რათა კომპანია ,,არ ემ ჯი გოლდმა'' არ მოწამლოს და არ დახოცოს ის ხალხი, რომლებიც იმ რაიონში ცხოვრობენ. თუმცა ეს მხოლოდ დმანისელების პრობლემა არაა, რადგან თითოეული ჩვენგანი მივირთმევთ სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტებს, რაც იქ მოჰყავთ. ,,არ ემ ჯი გოლდმა'' ან უნდა დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, ან ლიცენზია უნდა ჩამოერთვას, რადგან დღეს ყოველგვარი კანონის, წესებისა და სტანდარტების გარეშე, საქმიანობს! ჩვენ კონკრეტული მექანიზმი მოვძებნეთ, თუ როგორ ვაიძულოთ კომპანია, რომ ეს ვალდებულებები შეასრულოს. ,,არ ემ ჯი გოლდმა'' საყრდრისი ისე ააფეთქა, რომ საზოგადოების საპროტესტო განწყობის მიუხედავად, არავის არაფერს დაეკითხა. ამიტომ კონკრეტული გზა მოვძებნეთ, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ იქ ოქროს მოპოვებას არ დავიწყებთ და რაიმე ფისკალურ ეფექტს ამ ტერიტორიის შესყიდვით, ვერ მივიღებთ. თუმცა ამ შემთხვევაში, პრინციპულია ის, რომ ,,არ ემ ჯი გოლდმაც'' და ბიძინა ივანიშვილმაც, კეთილი ინებონ და ხელშეკრულების ის პირობები შეასრულონ, რაც სახელმწიფოსა და ამ კომპანიას შორისაა გაწერილი. გადახედეთ ,,არ ემ ჯი გოლდის'' მენეჯმენტს, უამრავ ადამიანს ნახავთ, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებიდან, სუსი-დან, სხვადასხვა დეპარტამენტებიდან გადაბარგდნენ. ეს იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ, რისთვისაც ამ კომპანიაში მაღალი ანაზღაურება და სამუშაო ადგილი მიიღეს და ეს პირდაპირი პოლიტიკური კორუფციაა!'' 

,,ვერსიის'' კითხვაზე, როგორ აპირებს იმ 5 მილიონი ლარის მობილიზებას, რომლითაც ელექტრონული აუქციონი მოიგო, გიორგი ვაშაძემ გვიპასუხა, რომ ეს მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი არაა: 

,,ალბათ, თქვენც თვალს ადევნებდითYელექტრონულ აუქციონს სოციალური ქსელის _ Fაცებოოკ-ის საშუალებით. სხვათა შორის, ბევრი მომხმარებელი გვწერდა, რომ მათთვის ჩვენი ანგარიშის ნომერი მიგვეწოდებინა, რათა ფული ჩაერიცხათ. ჩვენ ახლა გავდივართ სამართლებრივ პროცედურებს და ჩემი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ,,არ ემ ჯი გოლდი'' სამუშაოებს უკვე აწარმოებს, მომიჯნავე მიწებიც მითვისებული აქვს. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ახლა უნდა შევისწავლოთ, ჰქონდა თუ არა ამის სამართლებრივი უფლება კომპანიას. აქედან გამომდინარე, თანხის მობილიზებაზე უფრო მნიშვნელოვანი, სწორედ სამართლებრივი სტატუსის მოპოვება იყო ჩვენთვის, რადგან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებით, ,,არ ემ ჯი გოლდთან'', ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან, ხალხის, საზოგადოების ხმა მივიტანეთ''. 

რაც შეეხება 16 ჰა მიწის ნაკვეთს, გიორგი ვაშაძემ ,,ვერსიას'' აუხსნა, რომ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილ ქონებას ,,დმანისის გადარჩენის ფონდი'' განკარგავს. მისი თქმით, სწორედ ეს ფონდი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის განვითარებას. ,,ვერსიის'' კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს გარემოს დაბინძურების გადასახადის შემოღებას, გიორგი ვაშაძემ გვიპასუხა: 

,,ყოველგვარი გადასახადის დაწესების გარეშე, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია, რომ გარემო არ დააბინძუროს. ამ კომპანიების საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, რათა გარემოს ზიანი არ მიადგეს და ჩვენთვის მთავარი ესაა, ამიტომ გადასახადის დაწესება გამოსავალი არაა. რაც არ უნდა გადასახადი გადაგვიხადონ, თუ კომპანიები საერთაშორისო სტანდარტებს არ ასრულებენ, რა აზრი აქვს მის შემოღებას? კომპანია, რომელიც ჰაერს აბინძურებს, ვალდებულია, რომ წარმოებაში თანამედროვე სტანდარტები და ტექნოლოგიები დანერგოს. ევროპაშიც მოიპოვებენ ოქროს, მაგრამ ჰაერს არ აბინძურებენ და ნიადაგში ტყვიის შემცველობაც ისეთი მაღალი არაა, როგორც დმანისის მუნიციპალიტეტშია''.

მაია მიშელაძე 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში