Menu
RSS

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა!

„თბილისის სამ წერტილში აღებული ჰაერის სინჯებით, წერეთლის გამზირზე, ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება დაფიქსირდა!“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თბილისის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, რადგან აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმებს აღემატება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს! 2016 წელს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის კვლევით, რომელიც ზოგადი დაბინძურების დონეს ეხება, გაირკვა, რომ 2016 წელს, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, საქართველო 111-ე ადგილზეა. არადა, საქართველოსთვის, როგორც მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 37%, თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ირიცხება. თუმცა დედაქალაქში, როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს) რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში, სწორედ ავტომობილის ექსპლოატაციით საქმიანობს. ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების ზრდაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ასს-ბის რაოდენობა და ასაკი, ტექნიკური მდგომარეობა, საწვავის ხარისხი, მოძრაობის სტრუქტურა და ორგანიზება, მოსახლეობის ცნობიერების დონე, ინსტიტუციური რეგულირება. 

ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი ისეთ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის ჟანგეულები, აქროლადი ორგანული ნაერთები, უმცირესი ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ჰაერის დაბინძურება უამრავ დაავადებას იწვევს, რომელთა შემცირებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების განხორციელება: 

,,ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებზე კონტროლი და მათი შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. გარკვეული კატეგორიის ასს-ებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი) სავალდებულოა, მაგრამ ხარვეზებით ხასიათდება. მაგალითად, დაბალია პტი-ს გაუვლელობაზე არსებული ჯარიმების ოდენობა და მათი ადმინისტრირების დონე. რთული მდგომარეობაა ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის სეგმენტშიც. მიუხედავად თბილისის მერიის მიერ განხორციელებული აქტივობებისა, ვერ ხერხდება ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება მგზავრების ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების თავიდან არიდების მიზნით, გრძელდება არსებული მოძველებული ავტობუსების გამოყენება'', _ მითითებულია აუდიტის ანგარიშში. 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა (მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია) და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები (ავტოტრანსპორტის მიერ, მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება). სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე წყარო, ვინაიდან საავტომობილო გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს და ქვეყანაში არსებული ასს-ების 37%-ც თბილისშია თავმოყრილი: 

,,ქვეყანაში არსებული ატმოსფერული ჰაერის დაცვაზე მიმართული ღონისძიებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წელს, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ასს-ების 76%-ს გავლილი არ აქვს, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია _ 2016 წელს, მხოლოდ 13.6%-ია დაჯარიმებული; აუდიტის პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 10 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის _ 100 ლარს, რაც ძალიან მცირეა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პტი-ს გავლის ვალდებულების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს. 2018 წლის 1 იანვრიდან, ეს გადასახადი გაიზარდა და ფიზიკური პირებისთვის _ 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის _ 200 ლარამდე განისაზღვრა''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ოპერატორის მიერ, პტი-ს შედეგები სისტემაში მექანიკურად აისახებოდა, რაც მონაცემთა არასწორად ასახვის რისკს ზრდის. რაც მთავარია, პტი-ს მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან წვდომა არ ჰქონდა საპატრულო პოლიციის სამსახურს. შესაბამისად, სამსახური ნფორმირებული არ იყო, რომელ ასს-ებს არ ჰქონდათ გავლილი სავალდებულო პტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფორმაციულ სისტემაში გაერთიანება ინსპექტირების ცენტრებისთვის ნებაყოფლობითი იყო და კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა: 

,,აღსანიშნავია, რომ გარკვეულწილად, აუდიტის შედეგები მთავრობის დადგენილებაში უკვე აისახა. შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან, ინსპექტირების ყველა ცენტრი, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში უნდა ჩაერთოს; ინსპექტირების შედეგად მიღებული მონაცემები კი ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული უნდა იყოს ჩარევისგან. აგრეთვე, სისტემაში შეტანილ ინფორმაციაზე ინდივიდუალური წვდომა უნდა გააჩნდეს საპატრულო პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრსა და სსიპ ,,სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს''. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა, მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის''. 

მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც აუდიტის შედეგად გამოვლინდა ისაა, რომ 2015 წლის დეკემბერში, „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“ შეიმუშავეს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტის სახით, ეს სტრატეგია არ დაუმტკიცებიათ. 2016-2017 წლებში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25%, მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად არ გამოცხადდა, პტი მხოლოდ მიკროავტობუსების 40%-მა გაიარა. არადა, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია! 

,,აუდიტის შდეგად გაირკვა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი ჰაერის დამაბინძურებლის გაზომვის (გასაშუალოების) პერიოდულობა შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტით დამტკიცებულ ნორმებთან; გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმა _ NEAP-2-ით განსაზღვრულ რიგ ღონისძიებებში ჩამორჩენაა, ხოლო 2017-2021 წლების გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცებული არაა. ქვეყანაში არ არის მკაფიოდ გაწერილი გასატარებელი ღონისძიებები, გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები, ასევე აქტივობების შემდგომი შეფასებისა და კონტროლის მექანიზმები. ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ზოგიერთი ინდიკატორი (PM 2.5 და PM 10), ეროვნული კანონმდებლობით საერთოდ არაა გათვალისწინებული, ხოლო ის მახასიათებლები, რომელთათვისაც ნორმები დადგენილია, მათი ზღვრული ოდენობითა და გაზომვის მეთოდოლოგიით, საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება!'' 

სახელმწიფო აუდიტორებმა ანგარიშში აღნიშნეს, რომ საქართველოში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ამჟამად მოქმედი ნორმები, საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. „გოსტებს“ ეფუძნება. არადა, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ჰაერის ხარისხობრივი ნორმების ევროსტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და PM ნორმების შემოღება, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სწორი შეფასებისთვის აუცილებელია, რადგან შეუძლებელია სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება იმ დამაბინძურებლის წინააღმდეგ, რომელზეც ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ) არ არის განსაზღვრული: 

,,ახალი ზღვრული კონცენტრაციების შემოღება მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში დამაბინძურებლების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. სახელმწიფოს მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე დახარჯული სახსრები კი შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სათანადო პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება. თბილისის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ფაქტობრივი დონე ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს აჭარბებს. მაგალითად, თბილისის სამ წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე, ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება დაფიქსირდა; 2017 წელს, ზდკ-ს გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი ოზონის შემთხვევაში _ 167%-ს, გოგირდის დიოქსიდის შემთხვევაში _ 155%-სა და ნახშირჟანგის შემთხვევაში _ 122%-ს შეადგენდა''. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების სრული და რეალური სურათის დასადგენად, მავნე ემისიების პროგნოზირებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემები დანერგილი არაა. მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებები არ ტარდება. არადა, ატმოსმფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობასა და დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შესახებ, ფართო მასები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ: 

,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის ცენტრის პასიურობის გამო, საზოგადოების ფართო მასებისთვის უცნობია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის დონე. რეალური მძიმე მდგომარეობის შესახებ დროული ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლებელი იქნება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გადაწყვეტილებების მიმღები პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან _ პრიორიტეტების გადახედვა, ახალი სტრატეგიის შემუშავება და ღონისძიებების დაგეგმვა მავნე გავლენების შესამცირებლად. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და მასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, მათ შორის, უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, ადრესატთა ყურადღების მიღმა დარჩეს, თუ შესაბამისი უწყებები მოსახლეობას ინფორმაციას დროულად არ მიაწვდიან!''

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში