ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის​ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჯეი კოლინზს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე საქართველოში გლობალური ბიზნესსერვისცენტრის გახსნის შესაძლებლობა.

Citigroup უმსხვილესი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის, აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. კომპანიაში 210 000 ადამიანია დასაქმებული, მისი შემოსავალი კი, 2021 წლის მონაცემებით, 71 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინზთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის.

„ყოველთვის სასიამოვნოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინზთან შეხვედრა და საქართველოს მომავლის ფინანსური მომსახურების ჰაბად განხილვა. ქვეყნის ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.