Menu
RSS

„დღეს ტრანსგენდერისთვის სამუშაოს შოვნა შეუძლებელია“

ინტერვიუ ქართველ ტრანსსექსუალთან

 

8 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად აქცია გამართეს სახელწოდებით „მე ვარ ქალი, აღიარე!“, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რამდენიმე მოქალაქემ აქციის დარბევაც სცადა, დაფიქსირდა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც აქციის წევრების მიმართ. 

რატომ იწვევენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოების აგრესიას და როგორია ტრანსგენდერი ქალების ყოველდღიურობა _ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ ინტერვიუს ტრანსსექსუალ გაბრიელასთან, რომელიც ამჟამად სექს მუშაკია.

_ ვიცი, რომ რამდენჯერმე თავს დაგესხნენ და ფიზიკურად გაგისწორდნენ, რისი მიზეზიც შენი სექსუალური იდენტობა იყო. რეაგირებს თუ არა პოლიცია ამგვარ ფაქტებზე ადეკვატურად? 

_ რეაგირება მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე მოხდა, უმრავლესობაზე ახლაც არაა გამოძიება დაწყებული. საერთო ჯამში. შემიძლია ვთქვა, რომ ზერელედ უდგებიან ამგვარ პრეცედენტებს. მაგალითად, როცა რვა მარტის აქციაზე ვიყავი გასული მეგობრებთან ერთად, ბიჭმა და გოგომ ჩაგვიარა და ძაღლი მოგვიქსია, რაზეც პატრული გამოვიძახეთ, ეკიპაჟი მოვიდა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. 

ტრანსგენდერების უამრავი საქმეა გამოუძიებელი, ხშირ შემთხვევაში თავად პოლიციაცაა აგრესორი. პირადად გამომიცდია ასეთი შემთხვევა, როცა პოლიციამ ჩემზე და ჩემს მეგობარზე იძალადა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. შევიტანეთ კიდეც განცხადება, მაგრამ გამოძიებას არანაირი შედეგი არ გამოუღია. 

_ რა იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი თავად თავდამსხმელების განმარტებით? 

_ ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ არ არიან დადებითად განწყობილი ტრანსგენდერების მიმართ, ანუ _ სიძულვილი. 

_ ფიზიკური ძალადობის გარდა განიცდი თუ არა სხვა სახის შევიწროებას ან დისკრიმინაციასაც, როგორც ტრანსსექსუალი? 

_ კი, მაგალითად, მომხდარა ისე, რომ ტაქსი გამიჩერებია, რომელიც ცარიელი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ შემატყო ტრანსგენდერი ვიყავი, მითხრა არ მცალიაო. 

ხშირია შემთხვევები, როცა მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ზურგს უკან მესმის: „იცი რომ ეს ბიჭია?!“ ვგრძნობ, როგორი ზიზღით მაყოლებენ თვალს და ასე შემდეგ. 

_ 8 მარტს ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად გაიმართა აქცია „მე ვარ ქალი, აღიარე!“ დაესწარი თუ არა ამ აქციას და, როგორ ფიქრობ, შეიცვალა გარემო წინა რვა მარტებთან შედარებით? 

_ აქციას, რა თქმა უნდა, დავესწარი. ბევრი არაფერი შეცვლილა, აგრესია კვლავ ძალიან დიდია, ბევრი ამბობს, რომ ეს ქალების დღეა და ტრანსგენდერები არაფერ შუაში ვართ. წინასწარაა დაანონსებული ერთგვარი დაპირისპირება ამ დღეს, როცა საზოგადოებას მიზანმიმართულად აქეზებენ ჩვენ წინააღმდეგ. 

არ მგონია, რომ ამ რვა მარტმა რამის შეცვლა შეძლო, უბრალოდ, შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ დოკუმენტებში სქესი ჩაგვეწეროს ტრანსგენდერებს. საზოგადოების დამოკიდებულება ნამდვილად არ შეცვლილა. 

_ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ხშირად პოსტავ გამომწვევ, ეროტიკული შინაარსის ფოტოებს. როგორია ადამიანების რეაქცია და გამხდარა თუ არა ეს ფოტოები მუქარის ან აგრესიის წყარო? 

_ „ფეისბუქი“ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრებთან საკონტაქტოდ მაქვს გახსნილი, შიგადაშიგ ამგვარ ფოტოებს მართლაც ვდებ, მაგრამ ეს ჩემი საქმეა ან რატომ უნდა დავმალო ის, რაც კარგი მაქვს (იცინის)? ვისაც არ მოსწონს, შეუძლია წამშალოს, დამბლოკოს, „დამაჰაიდოს“ და ასე შემდეგ. 

_ რამდენად რთულია დღეს ტრანსსექსუალისთვის საქართველოში ნორმალური ანაზღაურების მქონე სამსახური შოვნა? 

_ მე ვიტყოდი, რომ შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს არაერთ ტრანსსექსუალ მეგობარსაც უმაღლესი განათლება გვაქვს, დამსაქმებლები არასოდეს განიხილავენ ჩვენს კანდიდატურას სერიოზულად, რადგან მათთვის გადამწყვეტია ჩვენი გარეგნობა და ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერები ვართ. გარეგნობაზე რომც ვერ შეგვატყონ, როცა ხედავენ ჩვენს პირადობის მოწმობას და კითხულობენ, რომ სქესის გრაფაში „მამრობითი“ წერია, მაშინვე უარს გვეუბნებიან. 

პროფესიის მიხედვით დასაქმებაზე საუბარიც ზედმეტია, არ აქვს მნიშვნელობა რა დონის პროფესიონალი ხარ საკუთარ სპეციალობაში. ამიტომ თვითგადარჩენისთვის ტრანსგენდერების უმრავლესობას სექსმუშაკებად გვიწევს ქცევა _ ნორმალური შემოსავლის ერთადერთი წყარო ჩვენთვის ეს არის და სხვათა შორის, როგორც სექს მუშაკს, შემიძლია ვთქვა, რომ უამრავი კლიენტი მყავს, რაც ცოტა უცნაურია ისეთ ქვეყანაში, სადაც ასე აპროტესტებენ „ჩემნაირების“ არსებობას. 

_ თუკი რამდენიმე წლიან მონაკვეთს განვიხილავთ, განიცადა თუ არა ტოლერანტობამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ პროგრესი ქართულ საზოგადოებაში? 

_ პროგრესის რაღაც ნიშნები არის, მაგრამ ისე ნამდვილად არ შეცვლილა სიტუაცია, როგორც უნდა შეცვლილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ მაინც მუდმივად ვარ დისკრიმინაციის ობიექტი, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტიპის ძალადობა. 

_ დისკრიმინაციის რომელი ფორმა გიქმნის ყველაზე დიდ დისკომფორტს? 

_ ფიზიკური ანგარიშსწორება. ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდი საავადმყოფოში, იმის გამო, რომ ვიღაცამ მცემა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გავაღიზიანე საკუთარი გარეგნობით. როცა საავადმყოფოში ვწევარ, ვეღარც ვმუშაობ, შესაბამისად შემოსავალსაც ვერ ვიღებ და მიწევს მეგობრებისგან ვისესხო ფული რამდენიმე კვირით თავის სარჩენად. 

დისკრიმინაციის სხვა ფორმებს _ კომენტარებს თუ შეძახილებს საზოგადოებრივ ადგილებში მოძრაობისას, ასე თუ ისე უკვე შევეჩვიე. 

_ გიფიქრია იმაზე, რომ შენი ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა, რომელიმე დასავლურ ქვეყანაში რომ დაბადებულიყავი და დატოვებდი თუ არა საქართველოს, ამის შესაძლებლობა რომ გქონდეს? 

_ ალბათ იქნებოდა და ვაპირებ კიდეც ევროპაში წასვლას სასწავლებლად, იურიდიულ ფაკულტეტზე. დაგროვებულ ცოდნას და ფინანსებს კი გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოში გავხსნა ორგანიზაცია, რომელიც რეალურად დაეხმარება ლგბტ ადამიანებს და არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ გრანტების მოპოვებაზე. ანუ სამუდამოდ ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, ჩემი მიზანი სამომავლოდ ამ ორგანიზაციი გახსნაა, რომელიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს (და არამხოლოდ) დაეხმარება ფინანსურად თუ სხვა გზებით, თუნდაც სამუშაოს პოვნაში.

ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში