Menu
RSS

„შეამოწმეთ ბაღები რეგიონებში და ნახავთ, რომ 80 პროცენტი ბაღებისა თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გარეშეა!“

2017 წელს 15 222 ხანძარი დაფიქსირდა, 79 ადამიანი კი გარდაიცვალა

გასულ ნომერში დავწერეთ, რომ შარშან მშენებლობებზე 41 ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, უკეთესი შედეგი არც წელს გვაქვს და ახალმა სტატისტიკამ ათვლა უკვე დაიწყო _ რამდენიმე დღის წინ, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, თბილისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ეს არ არის გარდაცვალებების ყველაზე ცუდი სტატისტიკა.
 
ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს, საქართველოში 15 222 ხანძარი დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 79 შეადგინა. ამავე ინფორმაციით, ასეთი მაღალი მონაცემი, ქვეყანაში 2001 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. თუნდაც 2016 წელი ავიღოთ _ საერთო ჯამში 10 951 ხანძარი მოხდა და 49 ადამიანი დაიღუპა, 2015-ში კი 14 614 ხანძარს 67 პირი ემსხვერპლა. რეალურად, სტატისტიკა კატასტროფულია და ყოველწლიურად, კონკრეტული სამსახურების დაუდევრობის გამო, ასეულობით ადამიანი იღუპება.
გასული წლის ხანძრებიდან ყველაზე საშინელი ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ხანძარი გახლდათ, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არადა, მანამდე, ერთი წლით ადრე, ქობულეთში, ხანძრის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაიღუპა და შესაბამის სამსახურებს აჭარაში სასტუმროს მონიტორინგი დაევალათ. როგორც ვნახეთ, ამ მონიტორინგმა შედეგი არ გამოიღო და ახლავე გეტყვით რატომ.
ერთ-ერთ რეგიონში, სადაც ცემენტის ქარხანა მუშაობდა, ზედამხედველობის სამსახურმა, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე, ფილტრების არქონის გამო, ქარხანა დააჯარიმა. სამი თვის შემდეგ, კვლავ დააჯარიმა, შემდეგ ისევ და ასე, წელიწადში ოთხჯერ. საერთო ჯამში, ქარხანამ ჯარიმებში რვა ათასი ლარი გადაიხადა, მაშინ, როცა ფილტრების დაყენება და ექვს თვეში ერთხელ გამოცვლა, 50 ათასი უჯდებოდა.
„ქარხნის ხელმძღვანელობა ბიზნესს აკეთებს, არ აინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ურჩევნიათ ჯარიმაში წლის განმავლობაში რვა ათასი ლარი გადაიხადონ, ვიდრე 50 ათასი. თუ ბიზნესმენების კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებულები, ვაღიაროთ, რომ ბიზნესმენებში კეთილსინდისიერი ცოტაა“, _ გვითხრა მაშინ ადგილობრივმა და ეს დღევანდელი რეალობაცაა.
შესაძლოა, ცემენტის ქარხანა ხანძართან არაფერ შუაშია, მაგრამ რეალურად აქაც იგივე პრობლემას ვაწყდებით.
სასტუმროს მფლობელებს, რომლებსაც სანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამართული არ აქვთ, არ აპირებენ მის გაკეთებას, რადგან ასეთ შემთხვევაში, თანხა რამდენიმე ათას ლარს შეადგენს. აი, ჯარიმა კი 200-დან 500 ლარამდეა და თან, გულის სიღრმეში ყველას სჯერა, რომ მისი სასტუმრო არ დაიწვება. ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ისევ დემოკლეს მახვილივით ჰკიდია ჰაერში.
როგორც აღვნიშეთ, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ხანძარზე, აქ საუბარია სხვა მიმართულებითაც, თუნდაც იგივე ცემენტის ქარხნებზე, რომლებიც გარემოს აბინძურებენ და მართალია, ხანძარივით ხელის ერთი მოსმით არ ანადგურებენ ადამიანების სიცოცხლეს, მაგრამ ფილტვებში დალექილი ცემენტის მტვერი, ნელ-ნელა უღებს ასობით ადამიანს ბოლოს.
„ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მხოლოდ სასტუმროებში კი არა, სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც უდიდესი პრობლემაა. შეამოწმეთ ბაღები რეგიონებში და ნახავთ, რომ 80 პროცენტი ბაღებისა, რომლებიც კომუნისტების დროს არის აშენებული, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გარეშეა. ანუ, ჩვენ ბავშვების სიცოცხლით ვრისკავთ. მშობლებმა ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ იძულებული არიან მიიყვანონ ბავშვები ასეთ ბაღებში და გულის სირმეში სჯერათ, რომ ცეცხლი არ გაჩნდება.“
„უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა და ვინმე იძლევა იმის გარანტიას, რომ საბავშვო ბაღში ცე-ცხლის შემთხვევაში ჯგუფის ორი ძიძა ოც ბავშვს ოპერატიულად გამოიყვანს გარეთ?! ნახეთ სკოლებში რა სიტუაციაა, ნახეთ კერძო კომპანიებში. არსად არავინ არაფერს ითვალისწინებს. ახლადაშენებულ კორპუსებში, იშვიათად, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააკეთოს ვინმემ, კომუნისტების მიერ აშენებულ კორპუსებში კი ამაზე საუბარიც არ არის'',_ გვეუბნება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უშურველად არიგებს ჯარიმებს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ერთხელ დაჯარიმებული ობიექტის დაჯარიმება, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მოუწევს.
„გამოსავალი ერთადერთია _ ასეთი ობიექტები სოლიდურად უნდა დაჯარიმდნენ და ამის გარდა, სანამ არ მოაწესრიგებენ ინფრასტრუქტურას, მანამ მუშაობის უფლება უნდა შეუჩერდეთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა, გამორიცხულია, პრობლემას მოევლოს და მივდივართ იქამდე, რომ ცეცხლს ვეთამაშებით. ამ თამაშმა შარშან 79 ადამიანი იმსხვერპლა, წელს კი შეიძლება უფრო მეტი იყოს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კანონი არ გვაქვს, კანონი...“
პრინციპში, მოყოლა რად გვინდა, მკითხველთა უმრავლესობა ალბათ სწორედ იმ კორპუსებში ცხოვრობს, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, უბრალოდ, არ არსებობს და 90-იან წლებში დამატებული მიშენებების გამო, რაიმე ნორმის არსებობაზე საუბარიც კი სასაცილოა.
რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში ყველას სჯერა, რომ მის კორპუსს ხანძარი არ წაეკიდება, თუმცა ფაქტია, რომ გასულ წელს ამ მიზეზით 79 ადამიანი მივაბარეთ მიწას და უკეთესი დასაწყისი არც წელს გვაქვს.
ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში