Menu
RSS

„აუცილებლად უნდა დაიწეროს სახელძღვანელო, რომელიც არ არსებობს და დიდი პრობლემაა!“

ექსკლუზიური ინტერვიუ თეოდორე გიგნაძესთან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში ახალ საგნად რელიგიის სწავლება იგეგმება. რელიგიის სწავლებაზე საუბარი დიდი ხანია, მიმდინარეობს, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო ამ საკითხზე ერთი მხრივ საპატრიარქოსთან, ხოლო მეორე მხრივ, ე.წ. ლიბერალური ფრთის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან ვერ თანხმდებოდა. ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია... ზოგი მიიჩნევს, რომ სკოლებში მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობა უნდა ისწავლებოდეს; ზოგიც მიიჩნევს, რომ ეს გამოიწვევს სხვა აღმსარებლობის დისკრიმინაცია; საზოგადოების ნაწილის აზრით, სკოლებში რელიგიის სწავლება საჭირო საერთოდ არ არის... ამ საკითხზე ,,ვერსია'' მამა თეოდორე გიგნაძეს დაუკავშირდა.
_ ამ საკითხის წამოწევის მიზეზი ის გახდა, რომ ყველამ საკუთარი თვალით დაინახა, თუ რაღაც არ გავაკეთეთ, ეს აგრესია ჩვენს ბავშვებსა და საზოგადოებას გაანადგურებს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ ჩვენი არ სჯეროდათ, ამის საჭიროება არსებული აგრესიიდან გამომდინარე დაინახეს და მადლობა ღმერთს, რომ ახლა მაინც მიხვდნენ ამის საჭიროებას. აქ ჩნდება მეორე კითხვა _ რას მოგვცემს ზოგადად ისტორიის სწავლება, თუნდაც ეს იყოს რელიგიის? _ როგორც მღვდელი, ამ საკითხს პრაქტიკული თვალსაზრისით ვუყურებ. აქცენტს იმაზე ვაკეთებ, რომ ეს საკითხი ბავშვებისთვის უფრო ფართო განათლების მისაცემად კი არ დაისვა, არამედ იმიტომ, რომ პრაქტიკულად გახდა საჭირო რაღაც ისეთი, რაც ჩვენს შვილებს დააშოშმინებს და აგრესია აღარ ექნებათ. როგორც პრაქტიკოსი მღვდელი, ასეთ დასკვნას ვაკეთებ _ ჩემთან რომ მოდის ადამიანი, რომელსაც რაღაც პრობლემები, აგრესია აქვს, საუბრები ისტორიაზე რომ ჩავუტარო, მასზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. მაგალითად, ისლამის, ბუდიზმის, პროტესტანტიზმისა და მართლმადიდებლობის ისტორიამ მასზე რა გავლენა უნდა მოახდინოს? _ არანაირი. ე.ი. მე მჭირდება რაღაც ისეთი, რაც მის აგრესიას დააშოშმინებს.
ახლა ვიღაც იტყვის, სკოლებში ეკლესიას ხომ არ მოვაწყობთო _ არა, ეკლესიას არ მოვაწყობთ. მე, როგორც მღვდელი, ვამბობ, რომ ერთის მხრივ პრაქტიკის გარეშე ქრისტიანობა კვდება, მეორეს მხრივ, თუ ბავშვებს აჩვენებენ იმ ამაღლებულ სწავლებას, რომელიც ქრისტემ მოიტანა და სწორად მიაწვდიან ბავშვს, რომ ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია, რომ მას ობიექტური საფუძველი აქვს ცოცხალ ღმერთში, ეს მეტნაკლებად მოახდენს გავლენას აღზრდაზე. ამიტომაც უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანობა არა სხვა რელიგიების განკიცხვით, არამედ უნდა დავანახოთ ადამიანს სიდიადე ქრისტიანობისა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ობიექტური რეალობა _ ცოცხალი ღმერთი. კითხვაზე, რა ვუყოთ სხვა რელიგიის მქონე ბავშვებს? _ ვპასუხობ, უნდა არსებობდეს ეთიკის კურსები მათთვის, ვისაც არ ენდომება რელიგიის მოსმენა. ამავე დროს, თუ იქნება რამდენიმე ბავშვი, ვისაც საკუთარი რელიგიის სწავლა ენდომება, მოუყვანონ თავისი რელიგიის წარმომადგენელი და ასწავლონ.
_ მამაო თეოდორე, ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი, სასულიერო თუ საერო პირებმა?
_ სასულიერო პირი იქნება თუ ერისკაცი, მთავარია, იყოს მოწოდების სიმაღლეზე, უნდა ესმოდეს ძალიან კარგად ქრისტიანობა და არ უნდა იყოს ფანატიკოსი, როგორც ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ფანატიკური დაჯგუფებები ჩვენს ეკლესიაშიც არსებობს, ასეთები მღვდლებიც არინ და მე თუ მკითხავთ, მათი შეშვება საერთოდ არ შეიძლება არც სკოლებში და არც ეკლესიებში. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, აუცილებლად უნდა დაიწეროს სახელძღვანელო, რომელიც ქრისტიანობის სიდიადეს წარმოაჩენს. ასეთი სახელმძღვანელო არ არსებობს, რაც სერიოზული პრობლემაა.
_ ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი ბრძანდებით აზროვნების თავისუფლებით, არასდროს შემოუთავაზებიათ, ჩართულიყავით საგანმანათლებლო საქმიანობაში?
_ შემოთავაზება მქონდა სამჯერ, სამჯერვე პატრიარქისგან, მესწავლებინა სემინარია-აკადემიაში და ვყოფილიყავი სასწავლო კომიტეტში, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიეზეზების გამო, ეს ვერ განხორციელდა. პედაგოგიურ და საგანმანათელბლო საქმიანობას მაინც ვეწევი, იმდენი ლექციის ჩატარება გვიწევს და ისეთი შეხვედრები გვაქვს ახალგაზრდობასთან, რომ დრო არ გვრჩება.
_ ბრძანებთ, რომ სხვა სარწმუნოების მქონე ბავშვებსაც უნდა მიეცეს საკუთარი რელიგიის სწავლის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა რელიგიური დისკრიმინაციის საფრთხეზე საუბრობენ...
_ ისლამთან დაკავშირებით პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან ეს შეიძლება მოგვარდეს, თუმცა არსებობს უამრავი პატარ-პატარა რელიგია და ყველაფრის სწავლება შეუძლებელია. საერთოდ, თუ დომინანტი იქნება ქრისტიანობა, სჯობს. სხვა ენაზე მოსაუბრე ბავშვები ხომ ქართულ ენას სწავლობენ დომინანტურად? _ ასეა სარწმუნოებაშიც.
_ როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში აგრესიის მატება, სარწმუნოების ნაკლებობის ბრალია?
_ სარწმუნოების, პატრიოტული სულისკვეთებისა და აღზრდის ნაკლებობის... როგორ შეიძლება, დამოუკიდებელ საქართველოში ახალგაზრდებსა და მოზრდილ თაობასაც ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება ისეთი ინსტიტუციებისადმი, როგორიცაა ჯარი, პოლიცია და უშიშროება? შეიძლება, საბჭოთა კავშირის დროს ეს ყველაფერი უცხო, დამპყრობელი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები იყო, მაგრამ თავისუფალ საქართველოში შეიძლება, ქართველ კაცს ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება ძალოვანი სტრუქტურებისადმი?
_ წარმოიდგინეთ დავით აღმაშენებლის საქართველო და რიგითი ქართველი, რომელიც ვერ იტანს აღმაშენებლის სახედრო შენაერთებს, აღმაშენებლის უშიშროების სისტემასა და პოლიციას?! როგორ შეიძლება, ქართველ ახალგაზრდა კაცს ოჯახში, ქუჩაში, ყველგან ეს აგრესიული ლიბერალიზმი უნერგავდეს უნდობლობას ძალოვანი სტრუქტურებისადმი?! კრიმინალური მსოფლმხედველობა ჩვენს ახალგაზრდობაში ისევ პოპულარულია, რადგან იგი ვერაფრით ჩაანაცვლეს. ცხადია, სადაც ქრისტიანობაა, პატრიოტული აღზრდაა, ცხოვრების ჯანსაღი წესია, კრიმინალური მსოფლმხედველობა გამორიცხულია.
ზოგი ამერიკას ლანძღავს, ზოგი _ რუსეთს, ორივე ქვეყანა სავსეა სპორტული დაწესებულებებით, სადაც ვაჟები კაცებად ყალიბდებიან, ცხოვრების ჯანსაღი წესი და პატრიოტული აღზრდა გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე _ ჩვენთან. ჩვენ რაღაც უბედურება გვჭირს, ხომ არ შეიძლება, ამ აგრესიულ ლიბერალიზმს გადავაყოლოთ ყველაფერი _ მამული, ენა და სარწმუნოება?!
_ გამოდის, ამ ყველაფრის მიზეზად ლიბერალიზმს მიიჩნევთ, არა?
_ არა, ხაზგასით შემომაქვს ტერმინი _ ,,აგრესიული ლიბერალიზმი'', რომელიც სინამდვილეში არ არის ლიბერალიზი. როგორ შეიძლება, ლიბერალიზმი აგრესიული იყოს? _ ჩვენ კი ვხედავთ, როგორ აგრესიულად ილაშქრებენ იმის წინააღმდეგ, თუკი რაიმე ღირებული, პატრიოტულია, რაც ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებას, ოჯახის სიწმინდეს ეხება და თუ აგრესიულები არიან, ეს როგორღაა ლიბერალიზმი? ისევე როგორც, მაგალითად, ეკლესიაში არსებული გარკვეული დაჯგუფებები, აგრესიულად რომ გამოხატავენ და ,,იცავენ'' ქრისტიანულ ღირებულებებს, თუ აგრესიულია, ქრისტიანული როგორღაა? _ ეს არის სიმახინჯე.
_ ეთანხებით მთავრობის ინციატივას, რეზერვის სამსახურის სავალდებულოდ შემოტანის შესახებ?
_ დიახ, ვეთანხმები ამასაც და ჯარში სავალდებულო გაწვევასაც, ოღონდ არის ერთი ნიუანსი _ ადამიანს ჯარში ომის წარმოება უნდა ასწავლონ და ყარაულად კი არ უნდა ამუშავო. ამასთან საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც კანონში რაღაც ,,გასაძრომს'' პოულობს (ვთქვათ, ისინი, რაღაც ეკლესია რომ შექმნეს) ეს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უნდა განიხილებოდეს, როგორც დესტრუქციული მოქმედება და დასჯადი იყოს. მაგალითად, ყოველგვარი კანონის დაცვით ხდება ფიქტიური ქორწინება ევროპაში, აშშ-ში. კანონით ცოლ-ქმარი არიან, სინამდვილეში _ არა. არსებობს სპეციალური საექსპერტო სამსახურები, რომლებიც ამას იკვლევენ და მიუხედავად იმისა, რომ კანონის დაცვით არიან დაქორწინებულნი, ფიქტიურ ქორწინებას კრიმინალად თვლიან. აქაც ასე უნდა იყოს, კი ბატონო, კანონის დაცვით შექმნეს ეკლესია, ჰყავთ ეპისკოპოსები, მაგრამ ეს ხომ ფიქციაა, რა უნდა ამის დადასტურებას? _ ასეთი რამ, როგორც დესტრუქციული ქმედება, უნდა აიკრძალოს. ოღონდ უნდა ჰქონდეს წინაპირობა, რომ ახალგაზრდა კაცი მებრძოლად გაზარდონ და არა _ ყარაულად.
_ საინტერესოა, ეკლესია რამდენად დგას თავის სიმაღლეზე, რომ ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოს -პირდაპირ გკითხავთ, მოზარდები ეკლესიაში დადიან?
_ არ შემიძლია, სრულიად ეკლესიის სახელით ვილაპარაკო, მაგრამ შემიძლია, ვისაუბრო, როგორც მღვდელმა და ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა... ჩვენი ეკლესია სავსეა ახალგაზრდობით და დღე არ გავა, რამდენიმე ახალგაზრდა არ მოვიდეს. ასე რომ, ჩვენი ტაძრის მაგალითით შემიძლია დავასკვნა _ შესაძლებელია, ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქრისტიანობით და სადაც ეს არ ხდება, ე.ი. იქ არის პრობლემა!
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში