Menu
RSS

ეს ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს!

ექსპერტები საბავშვო ბაღებში შეტანილ ბავშვთა კვების მენიუს აფასებენ!

ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გრძელდება. ბავშვთა კვებაზე ტენდერი თბილისის მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველად ტენდერში სამი კომპანია მინაწილეობდა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა სატენდერო პირობები ვერ დააკმაყოფილა და ამიტომ ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია ,,ნილს'' ანუ იმ კომპანიას გაუფორმდა, რომელმაც მერიას ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია _ ,,ნილი'' მონაწილეობდა, დააკმაყოფილა თუ არა სატენდერო პირობები, ჯერჯერობით უცნობია.
ბაღების სააგენტოშიც არ უარყოფენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს საკვები პროდუქტი ზოგჯერ გარკვეული ხარეზით მიეწოდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს კვების ხარისხზე არ აისახება და ბავშვებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. რა თქმა უნდა, ბავშვის სრულფასოვანი კვება უაღრესად მნიშვნელოვანია და ყველა დარღვევას გამადიდებელი შუშით ვუყურებთ. გასაგებია, მშობლების პრეტენზიები საკვების დაგვიანებასა და კალორაჟის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა გასაკვირია, რატომ გააპროტესტეს მშობლებმა ბავშვთა კვებაში შაქრისა და მარილის შემცირება მაშინ, როცა ამ ორი პროდუქტის წინააღმდეგ მსოფლიომ დიდი ხანია გაილაშქრა იმ ვერაგი დაავადებების გამო, როგორებიცაა: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები და ა.შ. „ვერსიამ“ გაარკვია, რომ ბავშვთა კვების ნორმები ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციის სახით ბაღების სააგენტოს გადასცა და მათი მენიუ კვების ექსპერტებმაც შეაფასეს.
იმისათვის რომ გაგვერკვია, კონკრეტულად, რა შეიცვალა ბავშვთა კვებაში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ნათია ნოღაიდელს ვესაუბრეთ, რომელმაც განმარტა, რომ დოკუმენტი, რომელიც ბაღებში კვების საკითხს არეგულირებდა, 14 წლის წინ მომზადდა და განახლებას საჭიროებდა. 2017 წლის აპრილში ამოქმედდა სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის შესახებ კანონი, რომელიც აქამდე არ არსებობდა და სწორედ მან განსაზღვრა ვალდებულება, მომზადებულიყო ტექნიკური რეგლამენტი ბავშვთა კვების ნორმებისა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში: „ეს კანონპროექტიცა და ტექნიკური რეგლამენტის პროექტიც განხორციელდა უნისეფ-ის დახმარებით. ვეცადეთ, უახლესი რეკომენდაციები მაქსიმალურად აგვესახა ტექნიკურ რეგლამენტში. მოგეხსენებათ, არაგადამდები დაავადებები _ როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და ა.შ წარმოადგენს სიკვდილიანობის ყველაზე დიდ მიზეზს, მათ შორის საქართველოში. ძალიან ხშირად ეს დაავადებები უკავშირდება ჯანსაღი კვების პრინციპების დარღვევას. ადამიანები, რომლებიც არ იკვებებიან ჯანსაღად, წარმოადგენენ რისკის ჯგუფს, ამიტომ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით, რაც პირველ რიგში შაქრისა და მარილის შემცირებას გულისხმობს.“
ნათია ნოღაიდელი განმარტავს, რომ შაქარი ბავშვს დღიურად 35 გრამი ეძლეოდა, რაც 15 ჩაის კოვზი გამოდის. ახლა კი 12 კოვზამდე შემცირდა. სამინისტროს წარმომადგენელი ამ რაოდენობასაც ზომაზე მეტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სასურველია, შაქრის რაოდენობა დამატებით პროდუქტად ბავშვთა კვებაში კიდევ შემცირდეს. მშობლები აცხადებენ, რომ შაქრისა და მარილის დაკლებამ საკვები უგემური გახადა და ბავშვები კერძებს აღარ ჭამენ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს კი არ ჰგონია, დღიური რაციონის განმავლობაში სამი კოვზი შაქრის დაკლება საკვების გემოზე ასე შესამჩნევად აისახოს.
რაც შეეხება, დღიური კალორაჟის დაკლებას, ნათია ნოღაიდელი „ვერსიას“ განუმარტავს, რომ აქამდე ბავშვთა კვების დღიური საშუალო კალორაჟი 1314.7კკალ იყო, ახლა კი _ 1292 გახდა, ანუ პრაქტიკულად 22 კკალ-ით დაიკლო, რაც სწორედ შაქრისა და მარილის შემცირებამ გამოიწვია. ბავშვთა მენიუში ყველის რაოდენობა გაზრდილია 3-დან 12 გრამამდე. კვერცხის ნორმა გაზრდილია ორჯერ, ხილის ნორმა _ 90-დან 125 გრამამდე. პურის ნორმა გაზრდილია თითქმის ორჯერა. შემცირებულია რძე 500-დან 450 გრამამდე, ასევე ხორბლის ფქვილის ნორმა 16 გრამიდან 10 გრამამდე, რადგან ბავშვებმა მიიღონ მეტი ხილი, ბოსტნეული და ნაკლები ცომეული.
ბავშვთა კვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის პროფესორი ნუტრიციოლოგი გულიკო დვალი, რომელმაც ბაღების სააგენტოს მიერ შედგენილი ბავშვთა კვების მენიუ შეაფასა. ექსპერტი განმარტავს, თუ რატომ შემცირდა შაქრის დღიური რაოდენობა 25 გრამამდე და აცხადებს „წლებია, იქით მიდის ტენდენცია, რომ მარტივი შაქარი _ ნახშირწყალი, რომლის ჭარბად მიღება იწვევს მეორე ტიპის დიაბეტს მოზრდილ ასაკში (ეს დადგენილი ფაქტია), 3 წლამდე ბავშვთა კვებაში საერთოდ არ იყოს გამოყენებული და ბავშვს ტკბილისადმი მოთხოვნილება ნაკლებად ჰქონდეს. ეს მხოლოდ კალორიებს აძლევს ადამიანს და არაფერს სხვას _ არც მინერალურ ნივთიერებებს და არც ვიტამინებს. სწორედ ამიტომ შეიზღუდა შაქრის რაოდენობა ბავშვთა კვებაში, მაგრამ, ვფიქრომ, მაინც საკმაო რაოდენობაა დატოვებული და სასურველია, იგი კიდევ უფრო შემცირდეს. კვების მენიუდან ამოღებულია ტკბილი სასმელები _ ჩაი, კაკაო, რომლებიც კოფეინს შეიცავს. არადა, სასურველია, ბავშვს მივცეთ უკოფეინო სასმელი, თუნდაც ნატურალური რძე.“
გულიკო დვალი ხაზს უსვამს, რომ ბაღებში ბავშვთა მენიუში გაზრდილია რაციონის თვისობრივი მხარე: „შემოტანილია ნატურალური რძე, აქამდე მათ მხოლოდ აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი) ეძლეოდათ. რძეს, როგორც სასმელს და მაწონს თითქმის არ აძლევნდნენ ბავშვებს, ახლა ხაჭოა, ყველია, რძის პროდუქტებია მენიუში. სადილებში, ფაფებში კიდევ შეიძლება აღდგენილი რძის გამოყენება... გაზრდილია თევზის რაოდენობა, როგორც იოდისა და იოლად შეთვისებადი ცილის წყარო. საკმაოდ კარგი საწყისი მენიუა და, ვფიქრობ, მშობლებიცა და აღსაზრდელებიც კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან ეს გათვლილია ბავშვების ჯანმრთელობაზე.“ რაც შეეხება მარილს, გულიკო დვალის განმარტებით, მარილი ანუ ნატრიუმი ბავშვმა დღის განმავლობაში 1.7 გრამი უნდა მიიღოს: „თითქმის ასე გვაქვს გათვლილი მენიუში. ხშირად რეკომენდაციას ვუწევთ, რომ სალათებში გამოყენებლი იყოს ლიმნის წვენი, რომელიც მარილის მოთხოვნილებას კლავს. საერთოდ, 3 წლამდე ბავშვთა კვება მარილის გარეშეა და მიგვაჩნია, რომ იმ ნატრიუმს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, ვიღებთ სხვადასხვა ბოსტენულისა და ხილისგან. ნატრიუმი ორგანიზმში ხელს უწყობს უჯრედშორისი სითხის დაყოვნებას. შესაბამისად, როცა ჭარბად ვიღებთ ნატრიუმს, სითხე ყოვნდება ორგანიზმში, რაც გულსისხლძარღვთა სისტემას აწვება, გადადის სისხლში და შემდგომში ადამიანი ჰიპერტონიკად ყალიბდება. ეს ექსპერტების მიერ დაგდენილი ფაქტია და ამიტომაც ვცდილობთ, როგორმე რაც შეიძლება, ნაკლებ მარილიანს, ნაკლებად ტკბილს მივაჩვიოთ ბავშვი. მშობელმა უნდა გაიგოს, რომ ბავშვის დასაჩუქრება კანფეტით კი არა, ხილით ან ბოსტნეულით უნდა მოხდეს. შოკოლადი საერთოდ არ შეიძლება, კოფეინის შემცველია, აღგზნებას იწვევს, ნერვიულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს და ასევე იწვევს კარიესს...“
გულიკო დვალი აცხადებს, რომ ბაღებში ნატურალური ხილი შევიდა კომპოტის სახით: „აქამდე კომპოტი, პრაქტიკულად, იყო ერთი ნაჭერი ვაშლი და დანარჩენი შაქარი, არც მიკროელემენტებს შეიცავდა და არც _ ვიტამინებს. ახლა პირიქითაა, წახემსება დაემატა ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის ხარჯზე. ამ მხრივ თვისობრივად გაცილებით კარგი ნაბიჯები გადაიდგა ბავშვთა კვების გამოსწორების მიზნით. პურის რაოდენობა არ შემცირებულა, რაციონის ენერგეტიკული ღირებულება, რაც უნდა მიეღო და რაც რეკომენდაციებითაა განსაზღვრული ბაღში ყოფნის 8 საათის განმავლობაში, სრულად გვაქვს ათვისებული.“
ბავშვთა კვებას დაემატა ქათმის ფილე და თითქმის არც ერთი დღე არაა ბავშვი უხორცოდ: „მენიუშია ასევე გოგრა, რომელიც ტექტინებს შეიცავს, უჯრედისით მდიდარია, კუჭნაწლავის მოქმედებას უწყობს ხელს, შეიცავს ,,ა'' ვიტამინს, პროვიტამინსა და ა.შ. სასურველია, ბავშვები თანდათან გადავიყვანოთ და მივაჩვიოთ ჯანსაღ კვებას, რაც შეიძლება ჭარბად მიიღონ ხილი და ბოსტნეული, რომ ჯანმრთელები გაიზარდონ, ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა... ალბათ, საჭიროა, ბაღებში მიიწვიონ პროფესიონალები, რომლებიც ამ ყველაფერს აუხსნიან მშობლებს. ეს არაა ჩვენი კაპრიზი, წარმოიდგინეთ, მარილი ყველაზე იაფი პროდუქტია და ამით სახელმწიფო თანხას ნამდვილად ვერ დაზოგავს. მეტიც, არა მხოლოდ ბავშვებმა, მოზრდილებმაც გაცილებით ნაკლები მარილი უნდა მიიღონ და ჩვენ ამაზეც ვმუშაობთ. მარილის საწინააღმდეგო კვირეულიც კი ტარდება თებერვალში მსოფლიოში. რამდენჯერმე კარდიოლოგებთან ერთად სკოლებში წავიკითხე ლექციები მარილის უარყოფით თვისებებზე.“
მშობელთა ნაწილის გულისწყრომა ბავშვთა მენიუში ჭადისა და ყველის შემოტანამ გამოიწვია. ნუტრიციოლოგს ვკითხეთ, რამდენად სასარგებლოა ჭადი ბავშვებისთვის? _ ექიმი გვპასუხობს, რომ სიმინდი მართალია საქართველოში მე-17 საუკუნეში შემოვიდა, მაგრამ კარგად ავითვისეთ და, ფაქტობრივად, ნაციონალური პროდუქტი გახდა: „მგონი, ჭადი და ყველი ყველა ბავშვს სიამოვნებს, 5 შვილიშვილი მყავს და ძალიან უყვართ. გამიხარდა, რომ ერთ ჯერზე იქნება ეს ჩვენი ჭადი და ყველი ბავშვთა მენიუში. სიმინდი ბურღულია და რაც უფრო მტავალფეროვანი სახის მივცემთ მარცვლეულს ბავშვს, მით უკეთესია, რადგან ისინი სხვადასხვა მიკროელემენტების წყაროა. არაჩვეულებრივია „ჰერკულესი“ _ შვრიის ფანტელი კუჭნაწლავისთვის, ლორწოვანის დასაცავად. ხშირად ბაღები წინააღმდეგი არიან, ბავშვები არ ჭამენო... ერთხელ არ შეჭამს, მეორედ, მაგრამ მესამედ შეჭამს და რაღაცნაირად უნდა მივაჩვიოთ ამას. აბსოლუტურად ყველანაირი ფაფა უნდა მივცეთ ბავშვს, რადგან ერთში რკინაა, მეორეში კობალტი, მესამეში ნიკელი, თუთია, სპილენძი.... და რაც უფრო მრავალფეროვანს გავხდით მენიუს, მით უკეთესია.“
ზოგიერთ ბაღში საუზმე მხოლოდ ფაფით შემოიფარგლება და ბავშვს დამატებით პურიც კი არ ეძლევა. ვსვამთ კითხვას _ რატომ არ აქვს კვირის ზოგიერთ დღეს საუზმეზე ფაფას ალტერნატივე, თუ ბავშვს აღნიშნული ფაფა არ უყვარს, გამოდის, სამხრამდე და სადილამდე მშიერი უნდა იყოს? გულიკო დვალი აცხადებს, რომ დილით მხოლოდ ფაფა არ უნდა იყოს გათვალისწინებული და მასთან ერთად ყველი ან პური უნდა იყოს დამატებული, ამასთან ადრე ბაღებში საკვები იმდენად დიდი რაოდენობით შედიოდა, რომ იყრებოდა და ამის მიზეზად არასწორ გაანგარიშებას ასახელებს: „ეს იყო გათვლილი 7 წლის ბავშვზე და ვერ ერეოდნენ საკვებს. დღეში 200 კკალორიით თუ ვაჭარბებთ ყოველდღიურად რაციონს, გამოდის, თვის ბოლოს 4 კგ-ს ვიმატებთ. ბავშვებშიც ასეა... შეიძლება, ზედმეტმა საკვებმა სიმსუქნე გამოიწვიოს. ეს რომ არ მოხდეს, კვების ნორმები ფიზიოლოგიურ რეკომენდაციაზე დაყრდნობით უნდა შედგეს...“
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში