Menu
RSS

სამშენებლო ბიზნესი სიცოცხლის ხარჯზე ნაშოვნი მილიონები!

ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე საშიში პროფესიების ხუთეული ასე გამოიყურება: ნიანგებთან მებრძოლი, ცათამბჯენის ფანჯრების მრეცხავი, მეხანძრე-მაშველი, მეშახტე, მეთევზე ღია ზღვაში... პრაქტიკულად, ყველა გამოკითხვაში, ხუთეულში ზემოთ დასახელებულებიდან მინიმუმ ოთხი ფიგურირებს, თუმცა, პრაქტიკულად, ვერსად შეხვდებით მშენებელს. ჰო, ჩვეულებრივ მშენებელს, მუშას, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს. არადა, საქართველოში არსებული ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს მშენებლობაზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. თურმე, მშენებლობის პროცესში უბედური შემთხვევები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არსებულ თანხებს ზოგავენ. და გამოდის ისე, რომ თანხებს ზოგავენ სიცოცხლეზე.
 
სახელმწიფო რეგულაციები ამ მხრივ თითქმის არ არსებობს, უფრო ზუსტად კი არსებობს, მაგრამ იმდენად აბსურდული და არაფრისმომცემი, რომ შეგვიძლია თამამად ჩავთვალოთ, საქართველოში მშენებლობებზე სიკვდილი დადის. მარტივ მაგალითს გეტყვით _ გარემოს დაბინძურებისთვის ცემენტის ქარხნებს სახელმწიფო ორი ათასი ლარით აჯარიმებს და სამ თვეში ერთხელ ამოწმებს, ანუ, მთლიანობაში რვა ათასი ლარი გამოდის. ეს მაშინ, როცა ცემენტის ქარხნებმა თანამედროვე ფილტრები რომ დააყენონ და ყოველწლიურად გამოცვალონ, წელიწადში 50 ათას ლარზე მეტი დაუჯდებათ. რა გამოდის? ქარხნების მფლობელებს აბსურდული ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, თორემ ჯარიმა ჯერზე 50 ათასი რომ იყოს, ფილტრებს აუცილებლად დააყენებდნენ და გარემოც არ დაბინძურდებოდა. ასეა მშენებლობის სფეროშიც _ ჯარიმები დაბალია და იმ შემთხვევაში, თუ მშენებლები ყველა ნორმას დაიცავენ (დამცავი ბადე, ქამრები), სოლიდური თანხა დაუჯდებათ. მშენებლობის სფეროში მომუშავე ბიზნესმენები ღიად აცხადებენ კიდეც, რომ ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს და შარშან, ხელისუფლებამ სამუშაო ადგილებზე სიმბოლურად 41 გარდაცვლილი მიიღო.
„არ გვაქვს არანაირი პირობები, არანაირი მექანიზმი არ არსებობს. მიდიხარ, მუშაობ ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე, არ გინდა და წადი. უფრო მეტიც, მუშების აბსოლუტური უმრავლესობა ხელფასს ხელზე იღებს, ანუ დამსაქმებელი სახელმწიფოსაც არ უხდის ხელფასის დაბეგვრის პროცენტს. გაფორმებული ჰყავთ ათი მუშა და მორჩა. არადა, სახელმწიფომ ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ ათი მუშა ერთ კორპუსს ვერანაირად ვერ ააშენებს, თუმცა ყურს არავინ იბერტყავს. ხმას ამოიღებ და სამუშაოს კარგავ.
შედარებისთვის ძალიან მარტივ კითხვას დაგისვამ _ რამდენი ქართველი მუშა დაიღუპა ბოლო ათ წელიწადში მშენებლობაზე ევროპაში? არცერთი და ეს იმიტომ, რომ ერთი კაციც რომ მოუკვდეთ, მშენებლობის ლიცენზიას ხომ დაემშვიდობებიან და უზარმაზარი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. საუბარი მილიონობით ევროზეა, ამიტომ ევროპაში, მშენებლობაზე თავის მოკვლაც რომ გინდოდეს, გაგიჭირდება, ისეა ყველაფერი ბადეებით და დამცავი ჯებირებით შემოსაზღვრული!“
გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც თბილისში, კონკრეტულად კი ორთაჭალაში მუშაობს კორპუსის მშენებლობაზე და არ მალავს, რომ ყოველდღიურად სიკვდილს თვალებში უყურებს, თუმცა მშიერი ცოლ-შვილის ყურებას, ისევ გარისკვა ურჩევნია.
მართლაც, არ გვახსენდება, რომ ევროპაში დაღუპულ ქართველთაგან, რომელიმეზე ეთქვათ, მშენებლობაზე გარდაიცვალა, გადმოვარდა, უბედური შემთხვევა მოხდაო. ისე არ გაიგოთ, თითქოს ევროპაში უბედური შემთხვევები არ ხდება, მაგრამ არა ისე მასიურად, როგორც ჩვენთან. არც იმის თქმა იქნება გამართლებული, პროფესიონალი მშენებლები ევროპაში მიდიან და საქართველოში გამოუცდელები რჩებიანო. არიან ადამიანები, რომლებიც მშენებლობაზე დაბერდნენ, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ დამსაქმებელს არანაირი სურვილი არ აქვს, ზედმეტი ხარჯი გასწიოს და თუნდაც დამცავი ბადე შემოავლოს კორპუსს, რომელიც შემთხვევით გადმოვარდნილ მუშას უეჭველი სიკვდილისგან იხსნის.
„როცა ხელფასი ბარათზე არ გერიცხება, ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ ტრავმასაც არავინ აგინაზღაურებს. ხელი და ფეხი რომ დაკარგო, ხმას ვერ იღებ იმიტომ, რომ ვერ იჩივლებ, კანონი შენს მხარეს არაა, ერთ დოკუმენტსაც ვერ დადებ, რომ იმ მშენებლობაზე ხარ დასაქმებული. სხვა მუშები კი იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგონ, ხმას ვერ ამოიღებენ ანუ მთლიანად ბედისა და ღმერთის ანაბარა ხარ იმის იმედად, რომ შენ არაფერი მოგივა და იმ 41 კაცში არ აღმოჩნდები, რომელიც შარშან დაიღუპა და ნაკლები წელსაც არ გვეყოლება“, _ გვეუბნება ჩვენი ნაცნობი მუშა.
ხელისუფლება კი ამტკიცებს, სამშენებლო რეგულაციებზე ვმუშაობთო, მაგრამ ეს გვესმის უკვე წლებია, წინ გადადგმული ნაბიჯი კი უბრალოდ არ ჩანს. არ ვამბობთ მხოლოდ დედაქალაქზე, გადით რეგიონებში და ნებისმიერ მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს მიაკითხეთ და ხელმძღვანელობას სთხოვე წარმოადგინონ საბუთი, რომ კონკრეტული ადამიანი მათთან მუშაობს. გვერწმუნეთ, საბუთი დასაქმებულთა ათ პროცენტზე იქნება, დანარჩენები უბრალოდ ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე არიან. არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება, არანაირი პირობები _ ჰაერში გადმოკიდებული ადამიანები და შესაბამისად, ჰაერში გადმოკიდებული სიკვდილი.
როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები ამტკიცებენ, მთავრობისგან დაპირება მიიღეს, რომ სამშენებლო რეგულაციები დაიხვეწება და ძალაში წელს შევა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საეჭვოა ეს 2018-ში მოხდეს. ჯერ ერთი, 2018 საპრეზიდენტო წელია და გაზაფხულის მიწურულს, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება და მეორეც _ როგორც ამბობენ, მთავარი პრობლემა დღეისთვის ავტოსაგზაო შემთხვევებია და ციფრებს თუ ავიღებთ, მართლაც სამწუხარო რეალობას მივიღებთ. ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ათასობით ადამიანი სახიჩრდება, ხუთასზე მეტი კი იღუპება. ამის დასტური რამდენიმე დღის წინ რიკოთთან მომხდარი შემზარავი შემთხვევაც არის, როცა ერთ ავტომობილში ერთბაშად ექვსი ადამიანი დაიღუპა და იმავე დღეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას. თუმცა, მიდგომა, რომ ამ სფეროში ბევრი იღუპება და სხვა სფეროში ცოტა, არასწორია და იქნებ დროა, პარლამენტმა კომპლექსური კანონი მიიღოს.
P.S. საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ანუ განვითარებულ ქვეყნებში, სამშენებლო პროცესის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხს აგებს არამარტო მშენებელი ფირმა, არამედ მაკონტროლებელი ორგანოც _ ლიცენზიის გაუქმების გარდა, ორივე მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 4-დან 6-წლამდე ციხე დგება. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხევევებს, კანონები აქაც მკაცრია და ათ წლამდე სასჯელსაც კი ითვალისწინებს. ჰოდა, ევროპაზე სწორება ამ მიმართულებით რომ გავაკეთოთ?!
ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში