Menu
RSS

1 თებერვლიდან მაღაზიებში ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტის მქონე საფერავი გაიყიდება

„ამ წამოწყებას სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე პრაქტიკული“

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის სოფელი“ ღვინის ერთ-ერთ კომპანიას, „ნავაზელს“ მიაწოდა იდეა იმის შესახებ, რომ ბრაილის შრიფტიანი ღვინის ეტიკეტიანი ბოთლები ჩაეშვა გაყიდვაში. იდეა მარტივია _ მხედველობადაქვეითებულ მომხმარებლებს გაუადვილდეთ ღვინის შესახებ ინფორმაციის მიღება. „ნავაზელმა“ ინიციატივა მოიწონა და პირველი თებერვლიდან ყველას შეეძლება ამგვარი ეტიკეტის მქონე საფერავის ყიდვა მაღაზიებში. გთავაზობთ ინტერვიუს „მომავლის სოფლის“ დამფუძნებელსა და იდეის ავტორ გურამ მეგრელიშვილთან.
_ როგორც ცნობილია, პირველი თებერვლიდან ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტის მქონე ღვინო უკვე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. თქვენი აზრით, რამდენად გაამართლებს ეს ინიციატივა?
_ მგონია, რომ ინიციატივა საკმაოდ კარგია. ეტიკეტზე ბრაილის შრიფტის დატანება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, ეს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობის აქციაა და თუ ღვინის მწარმოებელი სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან ამ აქციას, კარგი იქნება. გარდა ამისა, კომპანია „ნავაზელი“ გაყიდული ღვინიდან მიღებული თანხის მცირე ნაწილს ჩვენს ორგანიზაციას („მომავლის სოფელს“) ჩაურიცხავს, იმისთვის რომ მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის გავაკეთოთ აუდიო-წიგნი, რომელსაც შემდეგ საჩუქრად გადავცემთ მათ.
_ საიდან გაჩნდა ეს იდეა და რამდენად პოპულარულია მისი ანალოგები დასავლურ ქვეყნებში?
_ დასავლურ ქვეყნებში რამდენიმე მაგალითი ვიცი, თუმცა მე ეს იდეა ბანალური მიზეზის გამო გამიჩნდა _ ჩემს ერთ-ერთ უცხოელ მეგობარს, რომელმაც მხედველობა ადრეულ ასაკში დაკარგა, ქართული ღვინო ვაჩუქე. როცა მკითხა, რომელი კომპანიის ღვინო იყო და ვუპასუხე, შევატყვე რომ გაცილებით ერჩივნა ეს ინფორმაცია დამოუკიდებლად გაეგო და თითქოს გულიც კი დასწყდა, რომ ვერ შეძლო აღწერილობის წაკითხვა. სწორედ მაშინ დავპირდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მაქსიმალურად შევეცდებოდი აქციის წამოწყებას, რომელიც მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს პროდუქტების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად მიღებას გაუმარტივებდა.
_ რომელია პროდუქტის მთავარი სამიზნე აუდიტორია _ ქართველი მხედველობადაქვეითებული მომხმარებლები თუ უსინათლო ტურისტები, რომლებსაც ქართული ღვინის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება სურთ?
_ ამჟამად ბოთლს მხოლოდ ქართული წარწერა აქვს, შესაბამისად ქართველ მომხმარებლებზე უფროა გათვლილი. ვფიქრობ, ამ წამოწყებას სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე პრაქტიკული, რადგან პრაქტიკაში შეიძლება მხოლოდ 50 მხედველობადაქვეითებული ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც ამ ბოთლებს შეიძენს. ის ფაქტია მთავარი, რომ ასეთი ადამიანებისთვის არჩევანის თავისუფლებაა ხელმისაწვდომი, ჩვენი მიდგომაც წამოწყებისას სწორედ ეს იყო და ძალიან მიხარია, რომ ერთმა კომპანიამ მაინც აიტაცა ეს ინიციატივა.
ხშირად ხდება, რომ ადამიანს, რომელსაც ბუნებრივად აქვს შეზღუდული მოქმედების არეალი, ჩვენ დამატებით, ტექნიკურადაც ვუზღუდავთ და არჩევანის საშუალებას არ ვაძლევთ. იმედი მაქვს, ეს ინიციატივა სხვა კომპანიებსა და პროდუქციასაც გადაედება და მალე ვიხილავთ, მაგალითად, ბრაილის შრიფტის მქონე კარაქს.
_ იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ აქვს, იგეგმება თუ არა ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტის მქონე ღვინის საზღვარგარეთ გატანას?
_ დარწმუნებული ვარ, გაიტანენ ამ ღვინოს ექსპორტზე და უცხოელების ყურადღებას, სხვა თუ არაფერი, ეს ინიციატივა მაინც მიიპყრობს. მით უმეტეს, რომ არანაირ მნიშვნელოვან ხარჯს არ მოითხოვს ბრაილის შრიფტის დატანება ბოთლებზე და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ამის გაკეთება.
_ პირველი ღვინო, რომელიც ახალ ეტიკეტს მოირგებს, საფერავია. გეგმავთ თუ არა ახლო მომავალში სხვა ტიპის ღვინოებსაც გაუკეთოთ ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტი?
_ ყველა ტიპის ღვინოს, რომელსაც კომპანია გამოუშვებს, აუცილებლად ექნება ბრაილის შრიფტის წარწერა.
სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეა მოგვაწოდეთ, რომელზეც ჯერ არ გვიფიქრია, მაგრამ აუცილებლად გავითვალისწინებთ _ ბრაილის შრიფტის წარწერა გავაკეთოთ ინგლისურ ენაზეც, მხედველობადაქვეითებული ტურისტებისა თუ სხვა უცხოელი მომხმარებლებისთვის, რათა მათაც შეძლონ ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიღება, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.
ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში