Menu
RSS

„სირსკი ხარ, ამართლებ გვარს, წამო, ომში დაამტკიცე შენი კაცობა!“

რატომ აგინა გენერალ სირსკის და რას გვიამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მებრძოლების შესახებ დავით ქუქჩიშვილი

,,ვერსია'' ხშირად გიამბობთ ჩვენი მეომრების ცხოვრების, ბრძოლისა და იმ საგმირო საქმეების შესახებ, ყველა ქართველის საამაყოდ რომ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს ერთგვარი თანაგრძნობა თუ თანადგომაა იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც იარაღით ხელში უწევს მტერთან ბრძოლა, ყინვასა და სიცივეში, სანგრებში ჩამსხდართ ხშირად ვახშმობის დროც კი აღარ აქვს და ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებები ავიწყდება. მათ ენატრებათ შვილები, მეუღლე, ოჯახი, თბილი ლოგინი და დედის გამზადებული ცხელი კერძი, თუმცა აქვთ მთავარი – იციან, რომ იბრძვიან საკუთარი შვილებისა და სამშობლოს ნათელი მომავლისთვის.
ამჯერად უკრაინის ცხელ წერტილში მებრძოლი ქართველი პარტიზანების მეთაურის დავით ქუქჩიშვილის მცირე ინტერვიუს გთავაზობთ და იმასაც შევეცდებით, ჩვენი საუბარი ოდნავ გავახალისოთ და რამდენიმე მხიარული ისტორიაც გავიხსენთ.
_ დავით, რამდენი ხანია უკრაინის ფრონტზე იბრძვით?
_ როგორც კი ომი დაიწყო, ბევრი არ გვიფიქრია, წამოვედით და 2014 წლის აგვისტოდან აქ ვართ. მანამდე ბატალიონ „დონბასში“ ვიყავით. 16 მებრძოლი ვართ და მონაწილეობა მივიღეთ ყველა სპეცოპერაციაში, რაც კი ჩატარებულა. ათამდე სოფელი გვაქვს აღებული და გამაგრებული, აყვანილი გვყავს 18-მდე ტყვე.
_ გიფასებენ ქართველ პარტიზანებს ამ ღვაწლს უკრაინელები?
_ რა თქმა უნდა, ამის დასტურად ის ჯილდოებიცა და ორდენებიც გამოდგება, რომელიც მიღებული გვაქვს: 2016 წელს, უკრაინის პატრიარქმა დაგვაჯილდოვა ყველა ქართველი მებრძოლი. 2017 წლის 24 აგვისტოს პეტრო პოროშენკომ დამაჯილდოვა უკრაინის ბრძოლებში მონაწილეობისთვის და ერთადერთი ქართველი ვარ უკრაინაში, ვისაც პრეზიდენტის ჯილდო აქვს მიღებული. მიღებული მაქვს ჯილდოები შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვისა და ნაციონალური გვარდიის მთავარი სარდლის იური ალეროვისგან, ასევე ორდენი 57-ე ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ დიმიტრი კრასელნიკოვის „უკრაინის დაცვისათვის“, ხოლო უნაუნსოს მეთაურმა მაზურმა (აფხაზეთში უკრაინული ბატალიონის მეთაური იყო საქართველოს დასახმარებლად), დამაჯილდოვა ორდენით „ძმა ძმისთვის“.
_ სპეცოპერაციები, რომელშიც მონაწილეობთ ლეგალურია?
_ რასაკვირველია, ყველაფერი ცენტრთან არის შეთანხმებული და ქართველებს გვენდობიან. ანგარიშს ვაბარებთ აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების სამსახურს.
_ დავით, პირად საუბარში, მითხარი რომ დახმარება გჭირდებათ, რა დახმარებაზე გინდა საუბარი ?
_ საჭმელ-სასმელი არ გვიჭირს, უბრალო, ახლახანს რუსებმა „ჯიპი“ აგვიფეთქეს და ტრანსპორტი აღარ გვყავს, გვიჭირს ქალაქთან კომუნიკაცია. იქნებ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი და დაგვეხმაროს ტრანსპორტის შესაძენი თანხით. არადა, ტრანსპორტი სანოვაგისა და მედიკამენტების მოსატანადაც გვჭირდება. რა თქმა უნდა, აქაურ ნაციონალურ გვარდიაში ვირიცხებით, როგორც ინსტრუქტორები, ყველანაირი პროდუქტითაც გვამარაგებენ და ზოგჯერ ფინანსურადაც გვეხმარებიან, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე ავადმყოფსა და დაჭრილსაც ვეღარ დავეხმარებით.
_ ამჟამად ავდეევკა-დონეცკის რაიონში, ყველაზე ცხელ წერტილში ხართ, რომლის ნახევარი რუსეთის სეპარატისტულ ჯარებს უკავიათ, ნახევარი _ უკრაინის ჯარებს და დეტალებს აღარ ჩაგეკითხები. შეგიძლია მოგვიყვე აქამდე წარმოებული ბრძოლების, თუნდაც სახალისო დეტალები?
_ 2016 წლის ზაფხულში, სოფელი ზაიცევოში, 7 ქართველი ვიცავდით 3 ცენტრალურ სტრატეგიულ გზას 5 დღის განმავლობაში და ისიც არ იცოდნენ, რომ შვიდნი ვიყავით. მაგრად გვეცინებოდა, როცა რუსული პრესსამსახურები აცხადებდნენ – ერთი ბატალიონი ქართველია შემოსული და ზანგები ჰყავთ დამატებითო. ერთი კვირის შემდეგ შემოვიდნენ უკრაინის ჯარები და პოზიციები გაამაგრეს.
კიდევ იყო ასეთი ისტორია – 29-ე ბლოკპოსტს ეძახიან, უკრაინის ბოლო საგუშაგოა. ცოტა ცოტა ვიაროთ-მეთქი და 5 ქართველი შევედით დაზვერვაზე. ისე შევყევით ამ ,,სეირნობაში'', მივადექით ორ სეპარატისტს და განვაიარაღეთ _ მთელი აღჭურვილობა ჩამოვართვით _ ტყვიამფრქვევი, ყუმბართმტყორცნი, ავტომატური იარღი და რაციები. ყველაფერი შემთხვევით მოხდა, არადა წამოვედით უკან და ტყვეებიც წამოვიყვანეთ. დებალცევოში შევედით 2015 წლის თებერვალში შემთხვევით. იქაც ჯარები უნდა გამოგვეყვანა ქართველებს და იქაც 12 ტყვე ავიყვანეთ, ვიდეოც კი იყო გავრცელებული, საწყალ რუსს საჭმელს რომ ვაჭმევდი.
კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა, ზაიცევოში რომ მოხდა _ სოფელი ავიღეთ. ვისხედით და რაღაცაზე ვხუმრობდით... როგორც კი ვთქვით სიტყვები _ ,,თუ გადავრჩითო'' _ ეგრევე სნაიპერის ტყვიამ არ გაგვიწუილა?! დათო მაყაშვილი იყო მაგ დროს სტუმრად ჩვენთან და ვიდეოკადრებზეც აღბეჭდილია ეგ მომენტი, სადაც გულიანად ვიცინოდით.
ჰო, დათოზე გამახსენდა, მაყაშვილზე _ ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლია, უკრაინიდან რომ გააძევეს ამდენი წვლილის მიუხედავად – კი, ჩამოდიოდა როგორც ინსტრუქტორი, მაგრამ ჩვენთან ერთად უამრავ ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ზაიცევოში, ნოვგოროდსკსა და ტრიუმხისბიკაში იბრძოდა. ახლახან გაადეპორტეს სასაცილო ბრალდებით, ვითომდა სააკაშვილის ახლობელი ხარო და გაადეპორტეს, იმასაც ამბობენ, არ უბრძოლიაო, არადა მე, პირადად ვადასტურებ, რომ დავითს ცენტრის მიერ დავალებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ნამდვილად მიღებული აქვს, თანაც ჩემთან ერთად, ბევრ ადგილას.
_ ხომ იცი, ჟურნალისტების ამბავი, მაღალჩინოსანთან დაკავშირებული ექსკლუზივი მომიყევი და დავასრულოთ...
_ ერთი გენერალი იყო, გვარად სირსკი. დავალებაზე გაგვიშვა ერთ-ერთ სოფელში _ დებალცევოს სოფელია ლოგვინოვო. ამჟამად სეპარატისტებისაა. დაგვავალა, დაზვერეთ, არავინააო და დავიჯერეთ, გენერალია ბოლო-ბოლო, ატოს ზონას ეგ კურირებდა. რადგან არავინ იყო, არც შესაფერისი აღჭურვილობით წავსულვართ და არც ბევრნი ვიყავით. ჩავედით და მთელი ჯარი არ დაგვხვდა?! გასაკეთებელი მაინც გავაკეთეთ, ტყვეებიც წამოვიყვანეთ, მაგრამ ისე გავბრაზდი, დავბრუნდი თუ არა კაბინეტში თათბირზე შევუვარდი და მთელი ატოს გენერალს ვაგინე _ ,,სირსკი ხარ, მართლა ამართლებ გვარს, წამო ჩემთან ერთად, ომში დაამტკიცე შენი კაცობა-თქო!'' თუმცა, ჩემო ლევან, როგორც რუსები იტყვიან, „პარკეტნი'' გენერლები პარკეტზე რჩებიან!
ლევან ხვედელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში