მიშა, სტალინი, წითელი ტილები და შოკისმომგვრელი პოლიტიკური ოკულტიზმი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომაა რიცხვი 21 საქართველოსთვის საკრალური

ავტორი: ნინო დოლიძე 

დღეს 21 დეკემბერია. ეს რიცხვი საქართველოსთვის ერთგვარად საკრალურია. რატომ? - ამაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კი 21-ის კარმული აურა გავარკვიოთ. მოკლედ, ნუმეროლოგიის თანახმად (ნუმეროლოგია მეცნიერების შედარებით ახალი მიმდინარეობაა) რიცხვ 21-ის შემადგენელ ციფრებს მთვარე და მზე მფარველობს. საინტერესოა ცალკე აღებული 1-ისა და, ასევე, 2-ის ანატომია. საერთოდ, ერთი (1) რიცხვთა მიმდევრობის გვირგვინია და, როგორც ქართველი ოკულტისტი და მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი განმარტავს, ღმერთიც ერთია. შესაბამისად, რიცხვი ერთი, შესაძლებელია ყველგან და ყველაფერში დავინახოთ ანუ ერთში მრავლადაა მზის ენერგია. მეტიც, რიცხვი ერთი მხოლოდ თვითგანვითარების საშუალებას კი არ იძლევა, არამედ, გრძნობებს ამძაფრებს და აკმაყოფილებს.
რიცხვი 2 ანტაგონიზმს ნიშნავს ანუ რიცხვი ორი ის ენერგიაა, რომელსაც სამყაროში არსებული წინააღმდეგობათა ერთიანობა ქმნის. ამასთან, რიცხვი ორი სიბრძნეცაა, ესე იგი, ესმის, ან საუკეთესო შემთხვევაში, ცდილობს, გაიგოს, რატომ ხდება ყველაფერი ისე, რაც და როგორც ხდება. შესაბამისად, იმაზე, თუ რატომაა 21 საქართველოსთვის საკრალური, პასუხისმგებელი სწორედ რიცხვი ორია. დიახ, 21-მა უხვად „მოგვიტანა სისხლი და ცრემლები“. ყველაფერი კი მე-20 საუკუნის მეორე ათასწლეულში, კერძოდ, 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო.

წითელი ტილი
როცა რიცხვ ორის პოლიტიკურ კომბინაციაზე ვმსჯელობთ, გვინდა თუ არა, რამდენიმე ის პიროვნებაც გვახსენდება, რომელმაც პოლიტიკური ღმერთებისა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზების ხელშეწყობით, მეოცე საუკუნესა და 21-ის დასაწყისში (და ისევ საბედისწერო 21!) ხელთ ქვეყნის მართვის სადავეები იგდო! ამ მხრივ, ბუნებრივია, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) და მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი უნდა გამოვყოთ. მართალია, ქრისტესშობის 21-ში დაბადების დღეს სხვა პოლიტიკოსებიც აღნიშნავენ (მაგალითად, ირაკლი ალასანია, ნიკა მელია და სოსო მანჯავიძე), მაგრამ პოლიტიკურ ოკულტიზმში მათი როლი თუ ფუნქცია, სტალინ-სააკაშვილთან შედარებით, ნულის ტოლია!
ისე, არსებობს ინფორმაცია, რომ პროლეტარიატის გორელი ბელადი 21-ში კი არა, სინამდვილეში, 6 დეკემბერს დაიბადა, თუმცა გიორგი გურჯიევის რეკომენდაციით, დაბადების მხოლოდ წელი კი არა, თვის რიცხვიც შეიცვალა. შესაბამისად, საბჭოთა პროლეტარები ბელადის დაბადების დღეს ყოველი წლის 21 დეკემბერს აღნიშნავდნენ.
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გორელმა კობამ დაბადების თარიღი მართლა გიორგი გურჯიევის რეკომენდაციით შეიცვალა, თუ უბრალოდ, ამ კომბინაციით პოლიტიკურ ალქაჯებს თავგზა აუბნია, მაგრამ ფაქტია: ყველაფერმა ამან სტალინი ვერ გააკეთილშობილა და ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან გენიად დარჩება, თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გორელი მეწაღის შვილი უნიჭო ნამდვილად არ იყო. უნიჭო რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, მე-20 საუკუნის მსოფლიოში, ერთ-ერთ უძლიერეს იმპერიას ვერ შექმნიდა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
უნიჭობას ვერც საქართველოს პრეზიდენტყოფილს დავწამებთ. ახლა, მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება, სტალინისდარი გენია არაა, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკის ვარსკვლავია. ვარსკვლავი, რომელიც კი არ ანათებს, არამედ, წვავს!
დიახ, სააკაშვილმა ყველა და ყველაფერი, ან თითქმის ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც მის გარშემო იყო, დაწვა, საუკეთესო შემთხვევაში, განადგურების პირას მიიყვანა.
მოკლედ, უტრირებულად რომ ვთქვათ, სტალინსა და სააკაშვილს მხოლოდ რიცხვი 21 კი არა, კიდევ ის „აერთიანებთ“, რომ ორივე, როგორც მმართველი, „ცეცხლისა და მახვილის პოლიტიკას“ ატარებდა. შეიძლება, ეს ვინმეს უბრალო დამთხვევად მოეჩვენოს, მაგრამ თუკი მსჯელობას პოლიტიკური ოკულტიზმის ჭრილში გავაგრძელებთ და ორივეს ბიოგრაფიასაც სკრუპულოზურად გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ, 21-ის გარდა, სხვა ბევრი საერთოც აქვთ...

21-ის ანატომია
21-ის ნუმეროლოგიური კვლევა ნათელჰყოფს, რომ ამ რიცხვში დაბადებულებს დიქტატურისკენ აქვთ მიდრეკილება. საერთოდ, 21, როგორც პოლიტიკური ოკულტიზმის სპეციალისტები ამბობენ, ემოციური რიცხვია ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ოცდაერთიანელებისთვის“ მხოლოდ სულიერი კი არა, ფიზიკური სიახლოვეც აუცილებელია, თუმცა ისინი, რომლებიც ბედისწერამ 21-თან დააკავშირა, თურმე, საშუალო სექსუალურობით გამოირჩევიან. ზოგი ფსიქოლოგის აზრით, ადამიანის ნებისმიერი ქმედების ფარული მოტორი სწორედ მისი სექსუალური ცხოვრებაა. ეს შეიძლება, ზერელე შეხედულებაა, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ მათ, რომლებმაც მსოფლიოს თავი სხვადასხვა საშინელებით დაამახსოვრეს, სწორედ სექსუალური პრობლემები აღენიშნებოდათ.
ავიღოთ, მაგალითად, ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი, იგივე ლენინი, რომელსაც ათეულობით წლებია, მიწაც არ ეღირსა. მართალია, ამის თაობაზე კომუნისტურ საზოგადოებაში სიტყვას არავინ ძრავდა, მაგრამ ხალხური მითოსის თანახმად, ილიჩს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა. ამბობენ იმასაც, რომ ლენინი ბავშვობაში საკუთარი მამინაცვლის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ყველაფერი ეს, შესაძლოა, უბრალოდ, ბოროტი ხმაა, მაგრამ ფაქტია: ადამიანს, რომელსაც მილიონობით ადამიანი გარდაცვალების მერეც ეთაყვანებოდა, სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
კიდევ ერთი „ამოუხსნელი საიდუმლო“, რომელიც ლენინს უკავშირდება, მისი გარდაცვალებაა. ჩვენ, ყველას, ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ „ძია ლენინი“, რომელსაც ბავშვები უყვარდა და რომელმაც გვიანდერძა, სწავლა, სწავლა და სწავლაო, ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა, თუმცა დღემდე მუსირებს აზრი, რომ ულიანოვის გარდაცვალების მიზეზი ათაშანგი გახდა.
ისე, ალბათ, სიმბოლურია, რომ ლენინის დაბადების თარიღშიც ურევია რიცხვი ორი - „არშემდგარი წითელი ანგელოზი“ დედამიწას 22 აპრილს მოევლინა. ყველაზე საკრალური კი ისაა, რომ ლენინი 21-ში გარდაიცვალა. მაშასადამე, ისევ პოლიტიკურ ოკულტიზმსა თუ მეტაფიზიკასთან მივდივართ, რომელიც გვიბიძგებს, დავასკვნათ, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული...
ეს კავშირი კი, მართლაც, გამაოგნებელია:
ის, ვინც, ლენინის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა იმპერიის სათავეში ექცევა ანუ სტალინი, 21-შია დაბადებული.
ლენინი პოლიტიკურ ღმერთებსა თუ დემონებს სულს 21-ში აბარებს...
მიხეილიც 21-ში იბადება, სააკაშვილი...
21 დეკემბრის ქრონიკა კი ასეთია:
მსოფლიოში პირველი კროსვორდი, სწორედ 21 რიცხვში დაიბეჭდა...
სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ პრემიერა 21-ში გაიმართა.
კენედის კოსმოსური ცენტრიდან პირველი პილოტირებული ხომალდი „აპოლო 8“ 21-ში აფრინდა...
არაბეთ-ისრაელის კონფლიქტზე ჟენევის კონფერენცია 21-ში გაიხსნა.
დსთ - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 21-ში გამოცხადდა და შესაბამისად, საბჭოთა კავშირმაც არსებობა 21-ში შეწყვიტა...
მაიას კალენდრით, ე.წ. გრძელი ციკლი 21-ში სრულდება...
21-ში დაიბადნენ: იტალიელი მხატვარი მაზაჩო, გერმანელი მწერალი ჰაინრიხ ბიოლი, ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო, ვირტუოზი გიტარისტი პაკო დე ლუსია...
21-ში გარდაიცვალნენ: იტალიელი მწერალი ჯოვანი ბოკაჩო, ინგლისელი ექიმი ჯეიმს პარკინსონი, თურქმენეთის დიქტატორი საფარმურატ ნიაზოვი...
21-ში მართლმადიდებელი ეკლესია არაერთი წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავს...
21-ის ფერად რუხი და თეთრი ითვლება...
21-ის ქვა მარგალიტია.
21-ის „სუსტი წერტილი“ კუჭ-ნაწლავია.
„ოცდაერთიანელები“, როგორც ნუმეროლოგია მოწმობს, უმეტესად წარმატებულები, ნიჭიერები და ენერგიულები არიან, თუმცა ნებისყოფის სიმტკიცითა და საკუთარი თავის რწმენით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან.

სტალინიდან სააკაშვილამდე
21-ის ოკულისტური ანალიზით კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ანუ ადამიანები, რომლებსაც ამ რიცხვთან გარკვეული შეხება აქვთ, უმეტესად, სპეცსამსახურების მსხვერპლნი ხდებიან, რასაც, სხვა თუ არაფერი, სტალინისა და მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიებიც მოწმობს.
ახლა, სააკაშვილის სპეცსამსახურულ ბეგრაუნდზე არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. ზოგისთვის ამ თემაზე ლაპარაკი, უბრალოდ, დროის ფუჭად ხარჯვაა, თუმცა მოგეხსენებათ, ეშმაკები დეტალებში სხედან. ჰოდა, „ოცდაერთიანელი“ მიშას ბიოგრაფიაშიც სწორედ ეს დეტალებია საყურადღებო.
2013 წლის ვარდობისთვის მიწურულს, მწერალმა და უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი ინფორმაცია განათავსა:
„საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, რომ იცოდეს მისი პრეზიდენტის ბიოგრაფია მთლიანად და შელამაზების გარეშე. მიშა სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა „კა-გე-ბე“-სთან, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე, რომ 1980-იან წლებში, საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და „კა-გე-ბე“-ს ჯარში ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. არადა, ეს ინფორმაცია ჟონავს. მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის სრული ბიოგრაფია და ახლა, როცა მისი მომხრეები აქეთ სხვებს ადანაშაულებენ ათას რამეში, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს - ამ ბიოგრაფიის კაცს რამდენად შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკაში, საქართველოში. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, მათ შორის, 2008 წელს, მიშას მიერ საქართველოს მეხუთედის ჩუქებას რუსეთისთვის. ეს ახსნა მის ბიოგრაფიაშია“.
რაც შეეხება სტალინს, ვერ ვიტყვით, გორელი ბოროტი გენიოსი „კა-გე-ბე“-ს პროდუქტიაო, რადგან საბჭოთა სპეცსამსახურის ერთ-ერთ ფუძემდებლად, ბერიასთან ერთად, სწორედ იოსებ ჯუღაშვილი ითვლება, მაგრამ თუნდაც ვერსიის დონეზე, რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ ჯერ კიდევ „დიდი ოქტომბრის სოციალისტურ“ რევოლუციამდე კარგა ხნით ადრე, პროლეტარიატის მომავალი ბელადი, რომელსაც იმხანად კობას ეძახდნენ, მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის უშიშროების ორგანომ გადაიბირა?
სხვათა შორის, არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც, იგივე 1917 წლის „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია“ დასავლეთის კაპიტალისტური ქვეყნების სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, რომანოვების წინააღმდეგ შეთქმულება წლების განმავლობაში მზადდებოდა და ბოლშევიზმის ყველა ან თითქმის ყველა თვალსაჩინო თუ მეტ-ნაკლებად უცნობი ლიდერი, როგორც რევოლუციონერი, სწორედ ბურჟუების ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.
ამავე კონტექსტში, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც მსოფლიომ სტალინის სახელით გაიცნო, თავის დროზე, ესე იგი, სიყმაწვილეში ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო - ცნობილია, რომ კობა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში, ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით, კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, გეორგი პლეხანოვის შრომებს გაეცნო და რევოლუციურ მოძრაობაშიც ჩაება.
მოგვიანებით, ჯუღაშვილი „მესამე დასის“ წევრი გახდა და თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებში, ხელი მარქსისტული იდეების პროპაგანდას მიჰყო.
1899 წელს, მომავალი საბჭოთა ბელადი, სემინარიიდან სწორედ რევოლუციური მოღვაწეობისთვის გარიცხეს, რის შემდეგაც ცხოვრება არალეგალურად დაიწყო.
„სტალინი შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირისა და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების - „ბრძოლა“, „პროლეტარიატის ბრძოლა“, „ბაკინსკი პროლეტარიატი“, „გუდოკი“, „ბაკინსკი რაბოჩი“ გამოცემაში; იყო 1905-07 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე, მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკებდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში.
ასევე, იყო რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905 წელი), სადაც პირველად შეხვდა ვ.ი. ლენინს...
იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისთვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში.
1912 წელს, სტალინი რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე, დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში.
1912-1913 წლებში, მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებთან - „ზვეზდა“ და „პრავდა“.
მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში, პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912 წელი).
ამ პერიოდში დაწერა შრომა - „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა „კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის“ ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ლენინმა დადებითად შეაფასა.
1913 წლის თებერვალში, კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში“, - ნათქვამია ქართული „ვიკიპედიის“ ინფორმაციაში.
ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც ღმერთთან კავშირს გრძნობს, მოულოდნელად, პირწავარდნილი ათეისტი ხდება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ეკლესია-მონასტრების ნგრევას იწყებს, თუმცა დღემდე არსებობს მითი, რომ იოსებ სტალინი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჭეშმარიტი მორწმუნე იყო. ამ კუთხით საყურადღებოა ინტერნეტპორტალ orthodoxy.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც მეორე მსოფლიო ომით იწყება და რომელშიც აღნიშნულია:
„ღვთის განგებით, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი. იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განმავლობაში, არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას, განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო. და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ შესრულდება, რუსეთი დაიღუპება. ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა: რუსეთის ხსნისთვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმინდა პეტრეს ქალაქის ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი და დიდებით, ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისთვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა. ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ, მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ.
სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყა. სანკტ-პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და დიდებით სვლით ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამის შემდეგ ფაშისტებმა, მართლაც, ერთი ბიჯიც ვერ წადგეს ნევისპირა ქალაქისაკენ, ხოლო ბლოკადა გარღვეულ იქნა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთა სწორი ნინოს ხსენების დღესასწაულზე...
1947 წელს, პირადად სტალინის მიწვევით, მიტროპოლიტი ილია რუსეთში ჩავიდა. მიტროპოლიტ ილიას მიართვეს ყაზანის ხატის ასლი, ძვირფასი ჯვარი და პანაღია, შემკული ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი პატიოსანი თვლით. მას სახელმწიფო პრემიაც მიანიჭეს, რაზეც სტუმარმა უარი განაცხადა“...
მოკლედ, ყველაფერი ზემოთქმული აჩენს ეჭვს, რომ სტალინი, პირდაპირ თუ ირიბად, სპეცსამსახურების პროდუქტი იყო. სტალინისა და სააკაშვილის ანუ როგორც „ოცდაერთიანელების“ მსგავსებაზე ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც მეტყველებს: როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლებაში მოსვლამდე, კობამ ნაშრომი - „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ დაწერა, სააკაშვილმა კი, „ვარდების რევოლუცია“ წიგნით - „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ დაიწყო...
ასე და ამგვარად, 21-ის დოსიეში იდუმალებით მოცული ბევრი ფაქტი იკვეთება და სწორედ ეს იდუმალება გვაძლევს საფუძველს, ეჭვგარეშედ დავასკვნათ, რომ 21 საქართველოსთვის და, შესაძლოა, პლანეტა დედამიწისთვისაც ერთობ საკრალურია!..