"ეს არ არის შოუ, ეს არ არის ფბ სურათი, ისტორია იწერება და ჩვენი ფურცლები არ უნდა დაიხეს" - ელენე ხოშტარია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ელენე ხოშტარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ამერიკაში ჩასვლას ეხმაურება: 
"ჩვენთვის, საბჭოთა ბოროტების იმპერიიდან გამოსული და თავისუფალ სამყაროში რწმენის მქონე თაობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დღე.
ბოროტება 30 წლის წინ ბოლომდე არ დაინგრა და ეს ჩვენ ალბათ ყველაზე კარგად ვიცით, ომებით, რაც გამოვიარეთ, დევნილებით, რეფორმატორებით და სახელწმიფოს ნაკლოვანებებით, ადამიანებით, ვინც აგურები დადო თავისუფლებისთვის და ვინც ემსხვერპლა უსამართლო სახელმწოფოს, იმ 160 ათასი ადამიანით, ვინც მიუხედავად ყველაფრისა რუსთაველზე იდგა და, რაც მთავარია, იმ გმირებით, ვინც დაეცა იმპერიასთან ბრძოლაში საქართველოს და უკრაინის მიწაზე. ყველაფერ ამას განასახიერებდა ზელენსკი და მისი სიტყვები დღეს აშშ-ის კონგრესში. ამ სიტყვების გატანამ ამერიკაში, აზრი დაუბრუნა ყველა იმ პატარა თუ დიდ შრომას, რაც ჩადებულია იმისთვის, რომ დავაღწიოთ თავი საბჭოთა ნარჩენებს. ჩვენი სათქმელიც ისმოდა დღეს მსოფლიოს თავისუფლების ცენტრში, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში.
ეს ვიზიტი იყო როგორც სიმბოლო თავისუფლებისთვის აქამდე გაწეული ბრძოლის, ასევე კონკრეტული იმედი, ამ საქმის ბოლომდე მიყვანის. მსოფლიო შემობრუნდა ჩვენკენ ხელებაკაპიწებული.
დარწმუნებული ვარ, როგორი მძიმე ვითარებაც არ უნდა გქვონდეს, ისტორიის წინააღმდეგ არ წავალთ და მოვიკრებთ ძალებს ამ გადამწყვეტ მომენტში. ბრძოლა არის ბახმუტში და ბრძოლა არის საქართველოშიც. სხვადასხვა ფორმის, მაგრამ ერთი იდეის. ჩვენ თავებშიც არის ბრძოლა, დავძლევთ თუ არა საკუთარ მანკიერებებს, გამოფიტვას, ზიზღს, გულგრილობას.
თავისუფალი სამყარო არის როგორც ყველაზე დიდი კეთილდღეობის სივრცე, ასევე შრომის და პასუხისმგეობის სივრცე.
ძალიან მინდა, რომ იმ სიმართლის ძალის ენერგიამ ჩვენამდეც მოაღწიოს და ჩვენს პასუხისმგებლობებში გაგვამყაროს. ეს არ არის შოუ, ეს არ არის ფბ სურათი, ისტორია იწერება და ჩვენი ფურცლები არ უნდა დაიხეს.
დიდება გმირებს!"