Menu
RSS

აბიტურიენტები არჩევით საგანს მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ

რა ცვლილებები იგეგმება 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2018 წელს, აბიტურიენტები არჩევით საგნებში გამოცდას ქართულ ენაზე ჩააბარებენ. გამონაკლისი მხოლოდ ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს ეხება, რომლებიც საშუალო განათლებას რუსულ ენაზე იღებენ.
როგორც ირკვევა, სიახლე არ ეხება ზოგადი უნარების გამოცდას, რომელიც ისევ ქართულ, რუსულ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდება.
დაგეგმილი ცვლილებების დეტალებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, „ვერსიას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრება.
_ ბატონო ივა, რა მიზეზით გადაწყდა, რომ აბიტურიენტებმა არჩევითი საგანი ქართულ ენაზე ჩააბარონ?
_ 2005 წლიდან დღემდე აბიტურიენტებს ვთავაზობდით, რომ არჩევითი საგნები ჩაებარებინათ რუსულ ენაზე. სტატისტიკამ აჩვენა, რომ არჩევითი საგნების რუსულ ენაზე ჩამბარებელთა რაოდენობა ძალიან მცირეა. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის არსებობა აუცილებელი არ არის. გარდა ამისა, ქართული სახელმწიფო ენაა და ცოდნა სავალდებულოა. ყველა საჯარო თუ უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენა ისწავლება სავალდებულო საგნად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, არჩევითი საგნების რუსულ ენაზე ჩაბარების აუცილებლობა აღარ დგას, თუმცა გამონაკლისს დავუშვებთ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ სოფლებში ცხოვრობენ და ქართულ ენას არ სწავლობენ. მათ შეუძლიათ მოითხოვონ არჩევითი საგნების რუსულ ენაზე ჩაბარება.
_ ეს პრობლემას არ შეუქმნის აბიტურიენტებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ, მაგრამ სკოლებში, რუსულ სექტორზე სწავლობენ?
_ მათ შეუძლიათ გადაავლონ თვალი ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წინა წლების ტესტებს, გაეცნონ ამ ფორმატს და მისი მიხედვით იმუშავონ. კონკრეტულად ჩვენი ტესტების მიხედვით მუშაობის შემდეგ მიხვდებიან, რომ რთული ნამდვილად არაფერია.
_ რაიმე ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზეც ხომ არ იგეგმება?
_ ცვლილება არის ის, რომ არგუმენტირებული ესე 20-ის ნაცვლად 24-ქულიანი გახდება. ეს 4 ქულა კი რედაქტირების შეფასებას დააკლდება.
_ სიახლე ზოგადი უნარების გამოცდაშიც იქნება?
_ დიახ, გარკვეული სიახლეები აქაც გვაქვს. ანალოგიების ბლოგი, როგორც იცით, დამოუკიდებელი, კონტექსტიდან ამოღებული წყვილები იყო. 2018 წლიდან ანალოგიები გაერთიანდება ტექსტთან, რომ კონტექსტიდან ამოღებული არ იყოს. ამით აბიტურიენტს უფრო გაუადვილდება დავალების გააზრება.
ანუკი გაგულიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში