Menu
RSS

ბერძენი ისტორიკოსი და ენათმეცნიერი ქართველ ემიგრანტებს უცხო ენებს უფასოდ ასწავლის

იოანის ბულიასი: „ჩვენი მსგავსება, ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ“

ისტორიკოსი და ენათმეცნიერი იოანის ბულიასი, ათენში, ქართველ ემიგრანტებს, ბერძნულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს უსასყიდლოდ ასწავლის. ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველო ჩემთვის მეორე სამშობლოაო. ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებული ბულიასი საქართველოს ისტორიასა და კულტურას კარგად იცნობს. ამბობს, რომ ბერძნები და ქართველები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ეს იდენტობა, საქართველო-სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას უნდა მოვახმაროთ.

_ ბატონო იოანის, როგორც ვიცი, საქართველოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. გვიამბეთ ამ განცდის და ზოგადად, თქვენ შესახებ.
_ საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, რადგან ქართველი მეუღლე მყავს. წარმოშობით ზესტაფონელია. ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივარ, ვცდილობ ისტორიული ადგილები დავათვალიერო, გავეცნო თქვენს, ანუ ევროპელების ისტორიას, კულტურას, ადათ-წესებს... ბერძენი ვარ, საბერძნეთში ვცხოვრობ. ბავშვობიდან მომწონდა უცხო ენების სწავლა, მინდოდა მარტივად შემძლებოდა კომუნიკაცია სხვა ეროვნების ადამიანებთან. მრავალი ენა ვისწავლე, ბევრ უცხოელს დავუმეგობრდი. საქართველოში კი, ბერძნების მოძმე ერი აღმოვაჩინე. ვაღიარებ, განსაკუთრებულ უპირატესობას თქვენს ქვეყანას ვანიჭებ. ჩვენ მტრულად განწყობილი ქვეყნების გარემოცვაში ვცხოვრობდით და საქართველო, ნათელი გამონაკლისია, რომელიც თავისი უძველესი კულტურით, ბერძნების ნამდვილი მონათესავე იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მეუღლე ქართველია. ისტორიულად ასე იყო.
_ როგორც ისტორიკოსი და ენათმეცნიერი, საქართველოსა და საბერძნეთის დღევანდელ ურთიერთობას როგორ აფასებთ?
_ ბერძნულ-ქართული ურთიერთობები სათავეს ათასეული წლების წინ იღებს. მითოლოგიურად, არგონავტები, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1300 წლის ისტორიას გვიამბობს. ბერძენი და ქართველი არქეოლოგების მეცნიერული გამოკვლევებიდან კი ირკვევა, რომ ეს ურთიერთობა უფრო ადრეულ ხანას მიეკუთვნება _ 2000 წელი ქრისტეს შობამდე და ალბათ მეტიც. საქართველოსა და საბერძნეთში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ამის დამადასტურებელი არაერთი არტეფაქტია აღმოჩენილი. ქრისტესშობის შემდგომი პერიოდის საბერძნეთისა თუ კვიპროსის ტერიტორიაზე კი, ქართული არქიტექტურული (ივერიული) სტილის ეკლესია-მონასტრებია, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის მუდამ იყო კარგი კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობები. ამ ორი ერის კულტურა, ხელნაწერები, ადათ-წესებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. როცა საქართველოს პირველად ვესტუმრე, ისეთი შეგრძნება მქონდა, ბერძნულ ოჯახში ვცხოვრობდი.
საბერძნეთის დღევანდელ მთავრობას საქართველოსთან სწორი პოლიტიკური ურთიერთობა აქვს და ჩემი აზრით, ქვეყნები კარგად თანამშრომლობენ. საქართველოსა და საბერძნეთს უფრო მჭიდრო ურთიერთობაც უნდა ჰქონდეს და მეტად დაუჭირონ მხარი ერთმანეთს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთნაირი ეროვნული პრობლემები გვაქვს.
_ თქვენი სტატიები საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ ურთიერთობებზე ხშირად იბეჭდება ჟურნალში „ისტორიანი“. მათში ნათლად ჩანს, როგორ იცნობთ ამ ქვეყნების ისტორიას და საქართველოც როგორ გიყვართ. შეგიძლიათ, საქაერთველო-საბერძნეთის ისტორიიდან რაიმე ისეთი ეპიზოდის გახსენება, რომელიც ფართო საზოგადოებამ შესაძლოა არც იცოდეს?
_ საქართველოში ვწერ ჟურნალ „ისტორიანში'', ასევე _ ახალციხის უნივერსიტეტის ჟურნალში ,,არავი“. საბერძნეთში კი სამ ჟურნალში ვაქვეყნებ სტატიებს საქართველოს კულტურასა და ქართველი ხალხის ცხოვრებაზე. ეს საუკეთესო გზაა _ ერთმანეთის უკეთ გაცნობით, შევძლებთ კვლავ გავაერთიანოთ ქართველები და ბერძნები. პოლიტიკოსები ცდილობენ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დამყარებას, გაძლიერებას. ამაში წვლილი ჩვენც, თითოეულმა მოქალაქემაც უნდა შევიტანოთ.
რაც შეეხება ისტორიას. როცა საქართველოთი დავინტერესდი, გავიცანი საბერძნეთში მცხოვრები ქართველები. როცა ისინი ქართულად საუბრობდნენ, ხშირად მესმოდა სიტყვები: „რუ“, ,,ფაეტონი“, „ვუსმენ“, „მიხარია“, ,,კრამიტი“, „ლობიო“... ამ სიტყვებს ბერძნულშიც ვიყენებთ. ზოგს ქართველები ძველი ბერძნული აქცენტითაც კი გამოთქვამთ. ასევე საინტერესო იყო ჩემთვის, როცა საქართველოში იდენტური გეოგრაფიული დასახელებები აღმოვაჩინე, მაგალითად ,,ნიკეა'' (Νίκαια), ,,კორინთა'' (Κόρινθος), ,,დაფნი'' (Δάφνη), ,,ომალო'' (Ομαλός) და ა.შ. ყველა ჩემ ბერძენ მეგობარს ვეუბნები, რომ საქართველო ერთი დიდი ისტორიული მუზეუმია, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო უძველესი ბერძნული სამყაროც.
_ მართალია, რომ ქართველი ემიგრანტებს ბერძნულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს უსასყიდლოდ ასწავლით და ამის გამო, ისინი დიდ პატივს გცემენ?
_ მართლაც ასეა. საბერძნეთში ქართველებს ბერძნულს, იტალიურს და ინგლისურს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვასწავლი. არ მინდა ფული, რადგან საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ისე გამოვა, თითქოს ფულს საკუთარ თავს ვართმევ. სინდისი კი მკარნახობს, რომ საკუთარი თავისგან და სამშობლოსგან ფული არ უნდა აიღო! ქართველებს ბერძნულს ჩემი მეთოდით ვასწავლი. ეს მეთოდის მათთვისაა სასურველი, ვისაც ბერძნული ენის მაღალ დონეზე შესწავლა სურს. ახალგაზრდები ინტერესდებიან საბერძნეთში უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღებით. ბევრ მათგანს ამაში ძალიან დავეხმარე.
_ ზოგადად, როგორ ცხოვრობენ ათენში ემიგრანტები?
_ საბერძნეთში ძალიან ბევრი აფრიკელი და აზიელია. მაპატიეთ ჩემი უკმაყოფილება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათი აქ ყოფნა სასურველია. ბერძნულ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება და სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ემიგრანტები ევროპიდანაც გვყავს. აქ ბევრია ალბანეთიდანაც, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოდან... თუმცა ბუნებით, მხოლოდ ქართველებია ახლოს ბერძნებთან. ქართველების ისტორიაც, შესაბამისად, ჰგავს ბერძნების ისტორიას.
_ დიახ, ბერძენ ხალხსაც, ისტორიულად, ბევრი სირთულე აქვს გამოვლილი. ბერძნებს ბევრჯერ მოუხდათ სამშობლოს დატოვება. დღესაც, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა ქვეყანა. როგორ ეხმარებოდა სახელმწიფო მათ იმ დროს და რა დამოკიდებულება აქვს დღეს თავის ემიგრანტებთან?
_ სამწუხაროდ, მართლაც ბევრმა ბერძენმა დატოვა სამშობლო. მიზეზი ომები და ომის შემდგომი პერიოდები, უმუშევრობაა. გადასარჩენად აუცილებელი იყო სამუშაოს შოვნა. რომელ ქვეყნებშიც ისინი სახლდებოდნენ, აარსებდნენ კულტურულ-დიასპორულ ორგანიზაციებს, რომლის საშუალებითაც ინარჩუნებდნენ ბერძნული ცხოვრების ადათ-წესებს და ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი სამშობლოსთან. პარალელურად სახელმწიფოს შექმნილი აქვს საბჭო, რომელიც მუდმივ კონტაქტშია უცხოეთში მცხოვრებ ბერძნებთან.
_ უკვე არაერთხელ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიდი მსგავსებაა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნების შემდგომი ურთიერთობის გაძლიერებისთვის?
_ საბერძნეთს არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს იმდენი მსგავსება, რამდენიც საქართველოსთან. ეს იდენტობა უნდა გამოვიყენოთ, ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს განვითარებისათვის. ტურიზმის სფეროში, ასევე შეიძლება ერთმანეთის ხელშეწყობით განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, მეტად გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი დღევანდელი მიღწევები სხვადასხვა დარგში, მეტად განვითარდეს კულტურული, სპორტული ურთიერთობები. პირადად მე ვარ ორგანიზატორი, რომ საქართველოს მონაწილეობა მიეღო ბერძნულ კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში.
ქართველების ერთ-ერთი ძალიან წარმატებული თანამონაწილეობა შედგა ნემეას ძველი ისტორიულ-სპორტული თამაშების დროს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ერთი თვე გრძელდება. ეს ულამაზესი სანახაობაა. შემდეგ მხატვრების გამოფენებიც იწყება, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. ასევე მონაწილეობდნენ სავაჭრო ასოციაციები, გამოიფინა საქართველოს ფოტოები. ვცდილობ, ბერძნებსაც ჩვენ საქართველოს შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო და ტელეგადაცემებშიც, ხშირად მისაუბრია თქვენი ქვეყნის შესახებ.
ნინო ბაჯელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში