Menu
RSS

გალაკტიონის ახდენილი ოცნება და წიგნის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

უნიკალური გამოცემების ნახვა უფასოდაა შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა. წიგნის მუზეუმი, ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც, დახურულ ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მუზეუმი ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენაა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი.
წიგნის მუზეუმის გახსნა, გალაკტიონ ტაბიძის აუხდენელი ოცნება იყო. სწორედ ამიტომ, მისი გახსნა, ორგანიზატორებმა, სიმბოლურად, პოეზიის მეფის დაბადების დღეს, 17 ნოემბერს დაამთხვიეს. მუზეუმის გახსნის ინიციატივა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გამოიჩინა. ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის _ იშვიათი გამოცემებისთვის, ულტრათანამედროვე საცავისა და მუზეუმის გამართვა კი, ბიზნესის თანადგომით მოხერხდა. ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“. სწორედ ამ ფონდის მხარდაჭერით შეესხა ფრთები გალაკტიონის ოცნებას. ფონდის პრესსამსახურის უფროსმა მანანა მანჯგალაძემ, ,,ვერსიასთან'' საუბრისას განაცხადა, რომ მის მომზადებას, ძალიან დიდი დრო დასჭირდა: ,,პროექტზე მუშაობა 2015 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დავიწყეთ. იდეის ავტორი გიორგი კეკელიძეა. ეს იყო პირველი დიდი პროექტი, რომელსაც რამდენიმე წელი დასჭირდა. განსაკუთრებულად დიდი დრო წაიღო შენობის საძირკველის გამაგრება-გარემონტებამ. მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური წიგნები. აქამდე მათი არსებობის შესახებ თითქმის არავინ იცოდა. მათი ნახვა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ, ვისაც პროფესიული შეხება ჰქონდა მათთან. რადგან წიგნებთან მუდივი შეხება არ შეიძლება და მათთვის სპეციალური კონტროლრეჟიმიცაა აუცილებელი, ელექტრონული ვერსიებიცაა წარმოდგენილი''.
მანანა მანჯგალაძემ, ფონდის მიერ ახლო მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია: ,,შარშან ვითანამშრომლეთ ხელოვნების სასახლესთან. დავასრულეთ ქართული ისტორიული ტანისამოსის აღდგენა. ამა წლის თებერვალში დავიწყეთ 1-წლიანი პროექტი, რომლის სახელწოდებაა _ ეროვნული სალარო. დავით ბეჟაშვილის განათლების ფონდი ყიდულობს მუზეუმებში მოხვედრილ ისტორიული მნიშვნელობის ნივთებს, რომლებიც ხელოვნების სასახლეში გამოიფინება. ამ თვეების განმავლობაში ბევრი ისტორიული და საინტერესო ნივთი შეგროვდა. მათ შორისაა ეკატერინე ჭავჭავაძის მარაო, მიმოწერები, ფოტოსურათები, ნახატები, ოქროს სამკაული... ზოგი რესტავრაციას ექვემდებარება, დანარჩენი კი, არაჩვეულებრივადაა შენახული. ეს ყველაფერი ახლა დამუშავების პროცესშია. გამოფენა გაიხსნება, პროექტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე. ასევე ახლა დეკემბრის დასაწყისში გამოიცემა წიგნი „თბილისი“, რომლის პრეზენტაცია წიგნის მუზეუმში გაიმართება. ეს არის წიგნი თბილისის შენობების შესახებ, მათ სტრუქტურაზე და ისტორიაზე, თუ რით და როგორ შენდებოდა ისინი''.
,,ვერსია'' წიგნის მუზეუმს ესტუმრა და მუზეუმის თანამშრომელს, შორენა ოსიპოვას, აქ გამოფენილი წიგნების შესახებ ესაუბრა.
_ ამ საგანძურის მონახულება ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა. მუზეუმი ღიაა სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით. დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მუზეუმი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დამონტაჟებულია ვენტილაციის უახლესი სისტემა და შექმნილია უძველესი წიგნებისთვის აუცილებელი კლიმატური პირობები.
_ რა რაოდენობის წიგნია მუზეუმში?
_ მუზეუმი 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს. გამოფენა წარმოდგენილია ოთხ ნაწილად: 1. იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი; 2. „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 3. ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით; 4. ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ-კონტროლის აპარატურით.
_ მუზეუმში რაიმე სახის ღონისძიებებიც ხომ არ მოეწყობა?
_ დიახ, თუმცა ამ ყველაფერს გაფრთხილება უნდა _ დარბაზი საცავებისგან შედგება და ხალხმრავლობა მაინც არაა სასურველი. მუდმივი გამოფენის პარალელურად სისტემატურად მოეწყობა თემატური გამოფენები.
_ დამთვალიერებლები რაოდენობით კმაყოფილი ხართ?
_ მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი ახალგახსნილია, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის. როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისე ტურისტები.
_ რომელი გამოცემების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ დამთვალიერებლებს?
_ მუზეუმი დამთვალიერებელს ისეთი გამოცემების ნახვის შესაძლებლობას აძლევს, როგორიცაა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი; მოსკოვში არჩილ მეფის მიერ გამოცემული „დავითნი'', რომლის ტირაჟიდან სამი-ოთხი ეგზემპლარია შემორჩენილი; ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემები: „ვეფხისტყაოსანი'' (1712 წ), „სახარება'' (1709) ; ერეკლეს სტამბის წიგნები; იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ წესში გამოცემული პირველი ქართული მინიატურული წიგნი „ღვთისმშობლის სავედრებელი''; რუსეთში, ათანასე ამილახვრის სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური ქართული გამოცემები...
_ შეგიძლიათ, დარბაზში წარმოდგენილი წიგნებიდან, რომელიმეს შესახებ საინტერესო ისტორია გვიამბოთ, რაც შეიძლება მკითხველმა არ იცოდეს?
_ დავიწყებ წიგნით, ქართული ენის გრამატიკის შესახებ (მაჯიო ფრანცისკო- მარია. რომის სასულიერო სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების სტამბა. 1670 წელი). ეს არის ნაშრომი აღმოსავლურ ენათა შესახებ, რომელიც საქართველოს მხარეებში იხმარება. მოამზადა ფრანცისკო-მარია მაჯიომ საქართველოში ხანგრძლივად ყოფნის შემდგომ. გამოცემას დართული აქვს პაპ ურბან მერვესადმი ავტორის „მიძღვნა“. ტექსტიდან ირკვევა: ჯერ კიდევ ახალგაზრდა პალერმოელ ღვთისმსახურ მაჯიოს პაპისგან მიუღია საგანგებო დავალება, საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა. სახელმძღვანელოს ორი ნაწილი ცალ-ცალკეა დასათაურებული _ წიგნი პირველი შეიცავს სწავლებას ქართული, ანუ იბერიული სასაუბრო ენის გრამატიკული წესების შესახებ. წიგნი მეორე მოიცავს ცნობებს არაბული და თურქული ენების მართლწერაზე და სწავლებას თურქული ენის შესახებ. წიგნს ბოლოში ერთვის ქართული მრწამსი, ათი მცნება, ღვთისმშობლის საგალობელი _ გადაბეჭდილი 1629 წელს.
საინტერესოა ასევე „აითი ანუ ქმნილების ცოდნის წიგნი'' (თბილისი, ვახტანგ მეექვსეს სტამბა. 1721 წელი) მხედრული შრიფტით შესრულებული პირველი მეცნიერული ხასიათის ნაბეჭდი ქართული წიგნი ასტრონომიულ-კოსმოგრაფიული შინაარსის ნაწარმოებია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ასტროლოგიური ხასიათისაა, მეორე _ გეომეტრიული. 1712 წლიდან ირანის შაჰის კარზე ტყვეობაში მყოფმა ვახტანგ მეექვსემ სპარსულიდან თარგმნა რამდენიმე სამეცნიერო თხზულება, რომელთაგან მან მხოლოდ „აითის“ გამოცემა მოასწრო. გამოცემას უძღვის მეფის წინასიტყვაობა _ ეს წიგნი დავბეჭდე, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა „ისწავონ და წადიერ იყვნენ ფილოსოფოსობისად და ინებონ და შეასრულონ ქართულისა ენითა ფილასოფოსობა“. სტამბის ტექნიკური შესაძლებლობების შეზღუდვის გამო, გამოცემის ფურცლებზე შეუვსებელი ადგილებია დატოვებული. მათ ადგილას გვხვდება ხელით შესრულებული შავი და წითელი ფერის ნახაზები.
აქვეა „გამოკრებილი სადღესასწაულო“. (იმერეთის სტამბა. 1811 წელი). ნუსხა ხუცურით ნაბეჭდი საეკლესიო დღესასწაულების წიგნია. დღესასწაულების ჩამონათვალი სექტემბრიდან იწყება. 1 სექტემბერი ეკლესიური ახალი წელია, რომელიც ნიკეის საეკლესიო კრებიდან იღებს სათავეს. კალენდრის ბოლო დღესასწაული 29 აგვისტოს მთავრდება, როდესაც იოანე ნათლისცემის თავისკვეთის დღე აღინიშნება. როგორც წიგნის ბოლოსიტყვაობიდან ჩანს, წიგნის გამოცემის ხარჯები გაუღია ნიკოლაოსწმიდელს სოფრონიოსს და სტამბის უხუცესს, ზურაბ წერეთელს. იმერეთის სტამბის გამმართველის, რომანოზ ზუბაშვილის გარდაცვალების შემდეგ, წიგნის გამოცემა დაასრულა მისმა შვილმა დავით ზუბაშილმა.
მუზეუმში წარმოდგენილია უამრავი ასეთი საინტერესო და ისტორიული წიგნი. ყველას ვურჩევ მათ მონახულებას, რათა მათი მეშვეობით შეძლონ საქართველოს წარსულის უკეთ გაცნობა და ისტორიულად უმნიშვნელოვანეს გამოცემებთან მიახლოება.
ია გრიგალაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში