Menu
RSS

რა რეგულაციები ამოქმედდება გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის 1 იანვრიდან

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმების გადავადებას სთხოვს

2018 წლის 1 იანვრიდან, გაზზე მომუშავე იმ ავტომობილების მფლობელებს დააჯარიმებენ, რომლებსაც სავალდებულო ტესტ-შემოწმება გავლილი არ ექნებათ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აირბალონების დასამონტაჟებლად ახალი სტანდარტები ამოქმედდება, თუმცა ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ეს სტანდარტები დიდი ხანია მოქმედებს. ,,ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის'' თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განგვიცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, რათა გაზზე მომუშავე ავტომობილები 2018 წლის 1 იანვრიდან არ დააჯარიმონ! სავალდებულო ტექდათვალიერებას კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან, ორი წლის განმავლობაში, ყველა ავტომობილი გაივლის. პირველ ეტაპზე პროცესში მხოლოდ ავტობუსები და მიკროავტობუსები ჩაერთვებიან. დავით მესხიშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ჯერ უცნობია, როგორ გაიწერება სავალდებულო ტექდათვალიერების გრაფიკი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილებისთვის, რომლებშიც აირბალონებია დამონტაჟებული, ახალი სტანდარტები უნდა ამოქმედდეს, ხოლო ტესტ-შემოწმება აკრედიტირებულ ცენტრში, შპს ,,აირბალონში'' უნდა გაიარონ. ცენტრი გაზზე მომუშავე ავტომობილების უსაფრთხოებას შეამოწმებს და მძღოლს მისცემს სპეციალურ საბუთს, რომლის გარეშეც, 2018 წლის 1 იანვრიდან, ყველა მძღოლი დაჯარიმდება. აკრედიტებულ ცენტრში მისვლისას, გაზის ბალონის მდგომარეობას შეამოწმებენ და ,,აირბალონთან'' არსებულ ,,ბოქსში'', ყველა საჭირო მომსახურებას მიიღებენ. შემოწმების გავლა და სპეციალური საბუთის მიღება 130 ლარი ღირს.
მესხიშვილმა ,,ვერსიას'' აუხსნა, რომ შემოდის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, მოქმედებს და ახალი არაა. ამ სტანდარტის მიხედვით, გაზის ბალონი ავტომობილში ასე უნდა დამონტაჟდეს: ბალონი ვადიანი უნდა იყოს; სალტეები, რომლებითაც ბალონებს კრავენ, რეზინის სარჩულით უნდა იყოს; გაზის ბალონის დამტენი ავტომობილის გარეთ უნდა დამონ¬ტაჟდეს, რომელსაც გოფრირებულ შლანგში ჩასვამენ; ბალონი უნდა გასუფთავდეს ზეთისა და ტექნიკური ნარჩენებისგან, ასევე დაიტესტოს წყლით; აუცილებელია, მძღოლს ავტომობილში ცეცხლმაქრი ჰქონდეს. რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან გაზზე მომუშავე ავტომობილების მძღოლები? რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან? ამ კითხვებით ,,ვერსიამ'' საქართველოს ,,ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის'' თავმჯდომარეს, დავით მესხიშვილს მიმართა:
_ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა _ გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებისთვის ისედაც იყო გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომლითაც შემოწმება ჯერ 25 წელზე ძველ, შემდეგ 23-25 წლის მანქანებს უნდა გაევლოთ. პროცესი ყოველ 6 თვეში უნდა გაგრძელებულიყო. კარგი იქნება, თუ გაზზე მომუშავე ავტომობილებს შეამოწმებენ, რადგან აირბალონები რისკისშემცველია, მით უმეტეს, როცა არ ვიცით, სად ან როგორ დაამონტაჟეს მძღოლებმა. მთავრობამ გეგმა-გრაფიკი კი გაწერა, მაგრამ ბოლო ორ წელში, ინსპექტირების დაწყება სამჯერ ჩავარდა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ პროცესი მოუმზადებელი იყო. დღეს მოქმედი ტესტ-ცენტრი, სადაც გაზზე მომუშავე ავტომობილებმა შემოწმება უნდა გაიარონ, ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთია. ავტომობილების რაოდენობა კი, დაახლოებით, 250 000. რაც მთავარია, პირობითად, ბათუმში მცხოვრებ მძღოლს ავალდებულებ, თბილისში ჩამოვიდეს, შემოწმება გაიაროს და ისევ ბათუმში დაბრუნდეს. ეს არასერიოზული მიდგომაა. ცუდია, როცა არასამავრობო სექტორის მიერ მოწონებული რეფორმების დისკრედიტირება მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ არასწორადაა დაგეგმილი და მენეჯმენტი არ ვარგა! გაცხადდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან, გაზზე მომუშავე იმ ავტომობილების დაჯარიმება იწყება, რომ¬ლებმაც შემოწმება ვერ გაიარეს. მეეჭვება პროცესი დაიწყოს, რადგან არცერთ ავტომობილს შემოწმება არ გაუვლია. მთავ¬რობა ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ეს ეხება 250 000-მდე ავტომფლობელს. მეტიც, აჯობებდა, ხელისუფლე¬ბამ მათ კი არ დაუწყოს დევნა, ვისაც ავტომობილი უკვე გაზზე ჰყავს, არამედ ისინი გააკონტროლოს, რომლებიც აირბალონებს ამონტაჟებენ! ვითარება რომ შევაფასოთ, პროცესი ასეთია: 2018 წლის 1 იანვრიდან, გაზზე მომუშავე ავტომობილების დაჯარიმება დაიწყება, მაგრამ სინამდვილეში, ესეც დაუხვეწავია _ არ ვიცით ვინ დააჯარიმებს, რა ეტაპზე დაჯარიმდება მძღოლი და ასე შემდეგ. საპატრულო პოლიცია გამოეკიდება, გააჩერებს და ჰკითხავს მძღოლს, გაზზე მუშაობს მისი ავტომობილი, თუ როგორ წარმოუდგენიათ? დეტალები დასახვეწია. გარდა ამისა, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ტესტ-შემოწმებას გაივლიან, არ არსებობს ელექტრონული ბაზა. პროგრამა ჯერ დანერგილიც არაა. გამოდის, შემოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლი ცნობის ფურცელივით მიიღებს.
_ თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება არ შეფერხდეს?
_ პირველ რიგში, რამდენიმე აკრედიტებული ტესტ-ცენტრი უნდა შეიქმნას. ხელისუფლებამ ადგილობრივი, ან საერთაშორისო ინვესტორები უნდა დააინტერესოს, რომლებიც ყველა დიდ ქალაქში გახსნიან აკრედიტირებულ ტესტ-ცენტრებს. ცენტრებში ელექტრონული პროგრამები უნდა დაინერგოს და ელექტრონული ბაზები შეიქმნას. ფურცლებისა და ცნობების ფრიალის დრო აღარ არის, პროცესი ელექტრონულად უნდა მოგვარდეს, რაც კორუფციის რისკებს შეამცირებს. უმნიშვნელოვანესია კანონის აღსრულება. აუცილებელია კანონი დაიხვეწოს, რისთვისაც ელექტრონული ბაზები აუცილებელია. როცა ხელისუფლება, ამ ყველაფრის გარეშე აანონსებს დაჯარიმების დაწყებას და ლოგიკურად მიჩნდება კითხვები _ ვის დააჯარიმებენ? სად და რატომ? სავარაუდოდ, საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მექანიზმით დაჯარიმდებიან გაზზე მომუშავე ავტომობილების მფლობელები.
_ გაზზე მომუშავე ავტომობილების ტესტ-შემოწმება 130 ლარი ეღირება?
_ დიახ, ეს ტარიფი შპს ,,აირბალონმა'' დაადგინა. თუმცა რო¬გორც ვიცი, ტესტ-შემოწმების საფასურის ლიმიტი არ არსებობს, ანუ, ტარიფს აკრედიტირებული შპს ადგენს.
_ შემოწმების სტანდარტები უკვე დადგენილია?
_ დიახ, ეს სტანდარტები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუ რომელიმე ავტომფლობელი ამ სტანდარტების მიხედვით, ტესტ-შემოწმებას ვერ გაივლის, უნდა წავიდეს და ავტომობილში დამონტაჟებული აირბალონი გადააკეთოს. საკითხავიც ესაა, სად მიდის აირბალონის გადასაკეთებლად? მოკლედ, ბევრი კითხვაა, რის გამოც ეს რეგულაცია არ ვარგა! ზუსტად ამას ვთხოვ სახელმწიფოს, რომ სადაც ავტომფლობელი მივა აირბალონის გადასაკეთებლად, ის იყოს ლიცენზირებული ცენტრი. გაზზე ავტომობილის გადაყვანა საკმაოდ სერიოზული პროცესია და თუ ვინმე ამას კუსტარულად აკეთებს, საშიში.
_ მიმართავთ მთავრობას, რომ შემოწმების პროცესი დახვეწოს?
_ ჯერ მხოლოდ საჯარო საუბრებით შემოვიფარგლებით, მაგრამ ვფიქრობ, ეკონომიკის სამინისტროს აუცილებლად მივმართავთ. პროცესი მოუმზადებელია და ვთხოვთ, ჯარიმების მექანიზმი იქამდე მოხსნან, ვიდრე ტესტ-შემოწმების პროცესი სათანადოდ არ განვითარდება!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში