Menu
RSS

თაღლითობა კუშებით

ქართველები ყველაფერში ნიჭიერები რომ ვართ, კარგად მოგეხსენებათ. ნუ, თუ არ მოგეხსენებათ, გაგებული მაინც გექნებათ, რომ ქართველებს შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვონ გამოსავალი და რაღაცები ისე მოირგონ თუ მოარგონ ვითYარებას, სხვა რომ ვერ მოიფიქრებს.
ბოლო დროს სოციალური ქსელები წალეკა ტოტალიზატორის მოყვარულთა არმიამ. შექმნილია სპეციალური გვერდები, სადაც გთავაზობენ ტოტალიზატორის ბილეთების ყიდვას მოგების გარანტიით. უფრო კონკრეტულად კი...
სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ გვერდებზე, შეიძლება ითქვას, ერთთვიანი გამოძიება ჩავატარეთ. დავუკავშირდით როგორც გვერდების შემქმნელებს, რომლებსაც ბილეთის ყიდვის მსურველად გავეცანით, ისე იმ ტოტალიზატორებს, რომლებსაც თითქოს აკოტრებენ. ჰო, სწორედ რომ აკონტოლებენ, რადგან არაერთ გვერდს აწერია ,,გავაკოტროთ ტოტალიზატორი...'' ,,ტოტალიზატორის ექსპერტები...'' და ა.შ.
ერთ-ერთ გვერდს ჰქონდა განთავსებული ინფორმაცია, რომ აქვს ბილეთი 700 კუშით. 700 კუში ცოტა არაა _ ათი ლარი რომ დადო, 7000 ლარს იგებ. მაშინვე მივწერეთ გვერდის ადმინისტრაციას, რომ ბილეთის შეძენა გვინდოდა და აი, ასეთი პასუხი მოგვივიდა: „BM არის შუამავალი ევროპის ქვეყნების ბუქმეიკერებთან. დადებული გვაქვს ვადიანი კონტრაქტი, რის თანახმადაც, მათგან გამოგზავნილი კუშები უნდა გავყიდოთ საქართველოში. ასე რომ, გეძლევათ ყველაზე რეალური შანსი, მოიგოთ დიდი ფული. ბილეთები, განურჩევლად კუშისა, ღირს 140 ლარი. გადახდა, რა თქმა უნდა, ხდება წინასწარ, სრულად. წაგების შანსი 0%-მდეა დაყვანილი, რადგან წვდომას პირდაპირ გაყიდულ თამაშებთან ვახდენთ. მოგების მერე გადახდის მოთხოვნა არც განიხილება. BM წარმატებებს გისურვებთ''.
ანუ, გვერდის ადმინისტრაცია გვაჯერებს, რომ 700-კუშიანი ბილეთი სულ რაღაც 140 ლარი ღირს, რომ ხელშეკრულება აქვს ევროპელ ბუქმეიკერებთან და ვალდებულია, ბილეთები გაყიდოს. მერე ისიც მოგვწერეს, დღეში ასი ბილეთი თუ არ გავყიდეთ, კონტრაქტს გაგვიწყვეტენო. ანუ, ხომ ხვდებით თავად შინაარსის აბსურდულობას?! ვითომ გაყიდული თამაშების კოეფიციენტები აქვთ, ანუ კორუფციულ გარიგებაში შედიან და ამ ყველაფერზე კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. უფრო აბსურდული კი ის არის, რომ ევროპელები სთხოვენ, გინდათ თუ არა, დღეში ასი ბილეთი გაყიდეთ ანუ 14 ათასი ლარი მოგვეცითო. როცა იგივე 700-კუშიან ბილეთზე ერთი გაყიდული ბილეთის თანხა, ანუ 140 ლარი რომ დადონ, 98 ათასს იგებენ, მაგრამ არა, ამას ხომ არ იკადრებენ, არ უნდათ მინიმუმ 98 ათასის მოგება, პატიოსნად ყიდიან 700-კუშიან ბილეთს 140 ლარად კონტრაქტის გაწყვეტის შიშით.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ გვერდზე მოგებულ ბილეთებს მეორე დღეს დებენ და გული გისკდება, მეყიდა და მეც მოვიგებდიო. მოგებული ბილეთის სურათის დაბლა კი კომენტარებში ფოტოებს შეხვდები სამადლობელი სიტყვებით _ ,,ამოვისუნთქე, მთელი ოჯახი ბედნიერია'' და იქვე ფულის დასტები დევს. ისტერიკაც, სწორედ აქ იწყება _ აზარტის, მოყვარულები 140 ლარს შოულობენ, ბილეთს ყიდულობენ და შემდეგ გინებით იკლებენ გამყიდველებს. სხვათა შორის, ისიც ვიკითხეთ, წაგების პროცენტი ნული რომ არის, თუ სასწაული მოხდა და წავაგეთ, ფულს რა ეშველება და... არაფერი, არ გიბრუნდებათ, მაგრამ არ წააგებთო. შემდეგ ის ვიკითხეთ, მადლიერი მოთამაშეების მიერ გამოგზავნილ სურათებში დოლარის დასტებიც რომ ფიგურირებს, რა ხდება, რომელი ტოტალიზატორი არიგებს დოლარებსო და... აი, მანდ უკვე მოთმინების ფიალა აევსოთ და ინტრიგანი გვიწოდეს.
რადგან იარლიყი მოგვაკრეს, არ გავჩერდით და იმ ტოტალიზატორებს შევეხმიანეთ, რომლებიც ბილეთებზე გახლდათ მითითებული. ჩვენ არ მოვითხოვეთ გამარჯვებულების სახელი და გვარი, უბრალოდ ვიკითხეთ, ხდებოდა თუ არა ყოველდღიურ რეჟიმში კოლოსალური თანხების გადახდა, რაზეც გვიპასუხეს, რომ კოლოსალურ თანხას მარტივად ვერავინ იგებს, სხვადასხვა ტოტალიზატორს სხვადასხვა ზღვარი აქვს დაწესებული და იმის ზემოთ მოგება უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციასთან ანუ თუ თქვენ გნებავთ, მაგალითად, ათასი ლარის დადება და მოგებამ შესაძლოა ასი ათასს გადააჭარბოს, ტოტალიზატორის ადმინისტრაციასთან უნდა შეათანხმოთ, რადგან შესაძლოა კუში უბრალოდ არ მიიღონ.
რა გამოდის?! 700-იან კუშს ყოველ დღე არიგებენ სოციალურ ქსელებში, ყოველ დღე მინიმუმ ასი კაცი ყიდულობს და მინიმუმ 10 ლარს დებს, ანუ ყოველ დღე ტოტალიზატორები საქართველოში მინიმუმ 700 ათასს აგებენ... და ეს მაშინ, როცა ყველა ტოტალიზატორმა ოფიციალური მონაცემებით, გასული წელი რამდენიმე ათეული მილიონის მოგებით დაასრულა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. უფრო ჭკვიანებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც შექმნეს გვერდი _ ,,ჯერ იგებ, მერე იხდი.'' ხომ საინტერესოა?! რა თქმა უნდა, მათაც დავუკავშირდით და ვთხოვეთ, აეხსნათ, რას ნიშნავდა ეს სტატუსი. მათაც მშვიდად აგვიხსნეს, რომ არ არიან აფერისტები, არ უნდათ ჩვენი ფული წინასწარ და ამიტომ კოეფიციენტს უბრალოდ გვჩუქნიან, ჩვენ თანხას ვდებთ და თუ მოვიგებთ, შემდეგ ვიხდით 80 ლარს, თუ წავაგებთ, არაფერს ვიხდით. რეალურად კი რა ხდება _ ზის რამდენიმე ,,ტოტალიზატორის ექსპერტი'' (ასეთი გვერდიც არის სოც-ქსელებში), არჩევს 4-5 თამაშს და გიგზავნის. შენ ამ თამაშებზე დებ თანხას და თუ მოიგებ, ,,ექსპერტებს'' წილს უხდი, თუ წააგებ, არც არაფერი ანუ ის ადამიანები, ,,ტოტალიზატორების ექსპერტები'', უბრალოდ შენი ფულით თამაშობენ და მეტი არაფერი. თავისი ფული არ აქვთ, მაგრამ აქვთ იდეა, რომელსაც შენ ახორციელებ და თუ გაამართლა, შენივე მოგებულ ფულს უხდი, თუ წააგე შენი ფული, ისინი წაგებაში აშკარად არ არიან, არ გაუმართლათ, ცუდი მთვარე იყო... ჰო, ეს მიზეზიც თქვეს, შესაძლოა, ცუდი მთვარე იყოს და არ გაგვიმართლოსო... რაც მთავარია, არ გეგონოთ, რომ ისინი ბრმად გენდობიან. უფასო კუშის სანაცვლოდ, პირადობის ქსერო-ასლს და ტელეფონის ნომერს გთხოვენ, რათა შენი ფულით რომ მოიგებ, ისინი არ გადააგდო. ტელეფონზე ხომ აგიკლებენ და თუ მაინც არაფერს მისცემ, შემდგომში სხვისი პირადობის გადაგზავნა მოგიწევს და რაც მთავარია, სხვისი გვერდიდან და სხვისი ტელეფონით...
და ერთიც _ ამას წინ, ერთ-ერთ ტოტალიზატორში კონკრეტულმა პიროვნებამ 99 ათას ლარზე ოდნავ მეტი მოიგო. ეს ამბავი იმავე ტოტალიზატორმა გაახმაურა, აქაოდა, ჩვენთან ითამაშეთ, ეს ფული ერთიანად გადავიხადეთ, ამხელა მოგება საქართველოში არასდროს გაცემულაო... არადა, სოციალურ ქსელებში 900-იანი კუშებიც იყიდება და რეალური რომ იყოს, ვინმემ 200 ლარი დადოს, ქართული ტოტალიზატორების რეკორდი მოხსნილი არ იქნება ვითომ?!
გიორგი იაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში