Menu
RSS

რატომ ჩააგდო სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა და რას უპირებს „ოცნება“ უბინაოდ დარჩენილებს

22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ,,პატრიოტთა ალიანსმა'' უსახლკაროთა საცხოვრისით უზრუნველყოფისა და საბანკო ვალდებულების გამო ბოლო საცხოვრისის დაკარგვის პრევენციის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებას ხელისუფლება მოსვლის დღიდან ცდილობს, თუმცა კანონპროექტი კენჭისყრაზეც კი არ დააყენა. განაცხადა, რომ ინიციატორების სულისკვეთებას იზიარებენ, მაგრამ რადგან პროექტი დაუხვეწავია და ბევრი გაურკვეველი ნიუანსია, მეორე მოსმენით აღარ განიხილავენ. ზოიძემ ისიც დასძინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.
კანონპროექტი პარლამენტში ,,პატრიოტთა ალიანსის'' წევრმა გიორგი ლომიამ წარადგინა. დეპუტატი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში მწვავედ დგას უსახლკაროთა პრობლემა, რომელთაც იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს უკანასკნელი საცხოვრისი. არაა განსაზღვრული, ვინ შეიძლება, იყოს უსახლკარო პირი და რა ფორმით უნდა გადაეცეს საცხოვრებელი ფართი. ლომია განმარტავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, საქართველოში არც ერთი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ. მისივე თქმით, სახელმწიფოში არ არსებობს ოფიციალური ბაზა, სადაც აღწერილი იქნება უსახლკაროდ დარჩენილი პირები და ოჯახები, თუმცა დასძენს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით 1758 უსახლკარო მოსახლეა. გიორგი ლომიას განმარტებით, 287 000 ადამიანი დგას უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საშიშროების წინაშე. მათგან 42 000 ბანკის მოვალეა: ,,ჩვენი მონაცემებით, ვანო მერაბიშვილის დეიდა ფლობს 1000-მდე ბინას. მან, როგორც კერძო მევახშემ, 2011 წლამდე გამოასახლა ოჯახები. შსს-ს მოვთხოვეთ გამოსახლებულების სტატისტიკა, მაგრამ ვერ მოგვაწოდეს, რადგან 2011 წლამდე სახელმწიფო არ აწარმოებდა აღრიცხვას. ბუნებრივია, არავის აწყობდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო, რომ კერძო მევახშეები ფლობდნენ ძალაუფლებას, გამოესახლებინათ ათასობით ოჯახი. პრობლემა არ მოგვარებულა. კლანები იყო შექმნილი, რომლებიც ასახლებდნენ ოჯახებს და ტენდენცია გრძელდება''.
გიორგი ლომია აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია იმ ოჯახების დაბინავება უზრუნველყოს, რომლებმაც ბოლო საცხოვრისი დაკარგეს: ,,ერთ სულზე განსაზღვრული უნდა იყოს 20კვ.მ, ორ სულზე _ 30 კვ.მ და ა.შ. უმნიშვნელოვანესია, მოვახდინოთ პრევენცია, რათა ადამიანები ამ საფრთხის წინაშე არ დადგნენ. ამისთვის პროცენტი უნდა შემცირდეს და აღებული სესხის 100%-ის გადახდის შემდეგ, სესხი დაფარულად უნდა ჩაითვალოს''. ლომია განმარტავს, რომ ამ მხრივ ბანკებთან საქმე მოგვარებულია, რადგან ბანკიდან სესხის აღების დროს გაწერილია გადახდის გრაფიკი, რაც არ არსებობს კერძო მევახშეების შემთხვევაში: ,,250 000 მევახშე არსებობს და მათი შემოსავალი არსადაა აღრიცხული. ეს ე.წ. შავი ფულია, რადგან საშემოსავლო ნაწილში შემოსავლის გარკვეული პროცენტი ბიუჯეტში არ შეაქვთ. ვითხოვთ, მევახშემ თანხის გასესხებისა და დაბრუნებისას, მიუთითოს ბანკის რეკვიზიტები და ეს პროცესი ბანკის საშუალებით განახორციელოს, რათა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი.''
პრევენციაზე საუბრისას, ლომიამ კანონპროექტის კიდევ ერთ ასპექტს გაუსვა ხაზი: ,,თუ მეუღლეები უძრავ ქონებას თანაცხოვრების პერიოდში შეიძენენ, განქორწინების შემთხვევაში ქონება ორად იყოფა. ეს ნიშნავს, რომ ქონება ორივეს ეკუთვნის, არადა არსებული კანონით, შესაძლებელია ერთ-ერთმა ქონება იპოთეკით ისე დატვირთოს, მეუღლეს არც კი გააგებინოს. კანონპროექტით ვითხოვდით, მეუღლის ნებართვის გარეშე, არ შეეძლოს პირს უკანასკნელი საცხოვრისის უზრუნველყოფით იპოთეკური სესხის აღება, რაც კიდევ ერთი დამცავი მექანიზმია, რომ ოჯახი ქუჩაში არ აღმოჩნდეს.''
ლომიას განმარტებით, შეიძლება ბანკმა ბოლო საცხოვრებელი, ძვირადღირებული ბინა, იპოთეკით დატვირთოს, მაგრამ ვალდებული უნდა იყოს, ბინის დაკარგვის შემთხვევაში, მევალე გარკვეული ფართით დააკმაყოფილოს. იაფფასიანი საცხოვრისის დაკარგვის შემთხვევაში კი, მევალეს საცხოვრებელი ფართი სახელმწიფომ უნდა გამოუყოს. საცხოვრისის გადაცემა უსახლკაროდ დარჩენილებისთვის უნდა მოხდეს არა საკუთრების, არამედ სარგებლობის უფლებით, რაც გამორიცხავს რისკს, რომ ვინმემ ამ სერვისით არაკეთილსინდისიერად ისარგებლოს.
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე, დეპუტატებმა დებატები სწორედ შესაძლო რისკების შესახებ გამართეს. ,,ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა, აღნიშნა, რომ ინიციატორის სულისკვეთებას იზიარებს, თუმცა კანონპროექტში ბევრი დაუზუსტებელი ნიუანსია. მაგალითად, არაა გაწერილი, პროექტი ბიუჯეტიდან რა ხარჯებს მოითხოვს. წერეთელი ასევე დაინტერესდა, ხომ არ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, რის გამოც დაკარგა პირმა უკანასკნელი საცხოვრებელი _ ჯანმრთელობის მდგომარეობს გამო თუ იმიტომ, რომ კაზინოში წააგო თანხა.
უმრავლესობის დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ამ კანონით, არაერთი ადამიანი არაკეთილსინდისიერად ისარგებლებს. ნარჩემაშვილის განმარტებით, ზოგმა შესაძლოა სხვა დანარჩენი ქონება განგებ სხვაზე გადააფორმოს, ბოლო საცხოვრებელი კი სესხის გამო დაკარგოს, რათა სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრისი მიიღოს. კანონპროექტის ინიციატორი კი აცხადებს, რომ 20 კვ/მ-ში ცხოვრება, წესით არავის უნდა ხიბლავდეს და ამის გამო ადამიანები ქონებას არ დათმობენ, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოსგან ფართი საკუთრების უფლებით არ გადაეცემათ. ლომიასვე განმარტებით, ისინი მხოლოდ იდეას, ინიციატივას სთავაზობენ პარლამენტს და დეტალებზე დეპუტატებმა უნდა იმუშავონ. თუმცა, კომიტეტის წევრები ძირითადად რისკებზე საუბრობდნენ და აპელირებდნენ, რომ შესაძლოა, ამ სერვისით მოქალაქეებმა ბოროტად ისარგებლონ და კანონპროექტს ერთგვარი ,,წამახალისებელი'' სახე მიეცეს, რამაც დარბაზში მყოფი სოციალურ საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შალვა ფერაძე ააღელვა და პარლამენტარებს ემოციურად მიმართა: ,,საინტერესოა, დასწრებიხართ გამოსახლების რომელიმე პროცესს? იცით, ეს რამხელა ტკივილი და პრობლემაა? ასე გულგრილად რომ საუბრობთ არ გესმით იმ ადამიანების, ვინც ქუჩაში უსახლკაროდაა დარჩენილი და სასოწარკვეთილია!!!''
საინტერესოა, ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად იყო თუ არა საჭირო პოლიტიკური ნება და ის უმრავლესობამ იმიტომ ხომ არ ჩააგდო, რომ ინიციატორი ოპოზიციური პარტიაა? გიორგი ლომია აცხადებს: ,,არ მინდა ამ ადამიანებს დავუკარგო ის სულისკვეთება, რომელიც პრობლემის მიმართ მართლაც აქვთ. ამ ფონზე ვერ ვიტყვი, კანონპროექტი მხოლოდ იმის გამო ჩავარდა, რომ ის ოპოზიციურმა პარტიამ წარმოადგინა. პოლიტიკური ნება კი, ცხადია, საჭირო იყო.''
აკაკი ზოიძის განმარტებით კი: ,,წარმოდგენილი კანონპროექტის პოსტულატებთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა და ინიციატორისგან დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მოვისმინეთ. ისეთი საკითხებია დასაზუსტებელი, რომლებმაც შეიძლება დამღუპველი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკაზე. შეიძლება, ვუშველოთ 20 000 კაცს და დავღუპოთ 3 მილიონი ადამიანი. ეს არასწორი იქნება.''
კომიტეტის თავმჯდომარემ ისიც განაცხადა, უსახლკაროთა პრობლემების მოგვარებაზე ხელისუფლება 2012 წლიდან ზრუნავს, ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ და ცვლილებებიც განვახორციელეთო: ,,პრევენციისთვის, ონლაინსესხების მარეგულირებელი პროექტი შემოვიღეთ. პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომელიც ფინანსურ პირამიდებს ეხება. მათი რეგულირება მკაცრდება. დამატებით რეგულაციასაც ვუწესებთ, რათა მომავალში სხვა ფორმით არ დაიწყონ საინვესტიციო ფონდების შექმნა. ლარიზაციაც სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ადამიანებს, ლარის კურსის ცვლილების გამო, სესხის დაფარვის პრობლემა არ შეექმნათ და ქონება არ დაკარგონ. ,,ქართულმა ოცნებამ'' ბევრი რამ გააკეთა შედეგის წინაშე დამდგარი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვისაც. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ შეჩერდა გამოსახლება, მოხდა დაზარალებულების აღრიცხვა. წინა ხელისუფლების დროს იპოთეკარების 1/3 ნაწილი საპროცესო შეთანხმების შედეგადაა დაზარალებული, 2/3 კი _ ჯანდაცვის ხარჯების გამო. ჯანდაცვის პრობლემა გადაიჭრა და ძალიან ცოტა ადამიანს თუ უწევს ავადმყოფობის გამო ბინის იპოთეკით დატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ქუთაისში, უსახლკაროთა გარკვეული ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია ფართით. ვისაც დაკარგული აქვს საცხოვრისი, ადგილობრივი ხელისუფლება ქირით აკმაყოფილებს. ეს კანონპროექტი საცხოვრისის საკუთრებაში გადაცემას იმიტომ არ გულისხმობს, რომ შესაძლოა ადამიანმა სესხი აიღოს, კაზინოში წააგოს და სახელმწიფოს სახლი მოსთხოვოს. ასეთი ,,წახალისება'' არ უნდა მოხდეს. კონსტიტუციაშიც იმიტომ ჩავდეთ ,,ღირსეული საცხოვრებლის'' შესახებ ჩანაწერი, რომ ვართ სოციალური სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა მოქალაქე. ჩვენს ხელისუფლებას ეს მიზანი აქვს. მინიმალური საცხოვრებლის საკითხი ასე გადავწყვიტეთ _ ადგილობრივ ხელისუფლებას ორგანულ კანონში ჩავუწერეთ, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა. ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი არ დავუჭირეთ, მაგრამ პარლამენტში შეიქმნა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფი, რომელშიც ჩვენთან ერთად, ჩართულები იქნებიან იურიდიული და ფინანსურ საკითხთა კომიტეტების წევრები. ამ ინიციატივას საფუძვლად ავიღებთ და დავხვეწავთ''.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში