რატომ ჩასცა ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს მახვილი - უდელი ვანოს მძაფრსიუჟეტიანი დოსიე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ენმ-ში დიდი გნიასია - პარტიის თავმჯდომარეობისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იბრძვიან. მხოლოდ პოლიტიკურ კულუარებში კი არა, უკვე ღიადაც ამბობენ, რომ ხაბეიშვილის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დგანან. უფრო მეტიც, მედიაში გავრცელდა კულუარული ცნობა, რომ კეზერაშვილმა მერაბიშვილს, იმისთვის, რაც ახლა ხდება, თითქოს, რამდენიმე მილიონი მისცა და ამ თანხის ნაწილი მერაბიშვილმა დიღომში, სასახლის მშენებლობაზე დახარჯა. ასეა თუ ისე, ისე ჩანს, რომ უდელმა ვანომ სააკაშვილს ზურგში მახვილი საბოლოოდ ჩასცა. არადა, მის აღზევებაში ექსპრეზიდენტს ლომის წვლილი აქვს შეტანილი. და მაინც, ვინ არის მერაბიშვილი - „ვერსია“ ენმ-ს ერთ დროს „რუხი კარდინალის“ მძაფრსიუჟეტიან ქეისს“ გთავაზობთ.

 

ოფიციალური დოსიე

ივანე (ვანო) მერაბიშვილი, როგორც ქართული „ვიკიპედია“ იუწყება, 1968 წლის 15 აპრილს, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დაიბადა. ისე, იმ დროს, როცა მერაბიშვილი ქვეყანას მოევლინა, 15 აპრილი სიყვარულის დღედ არ იყო გამოცხადებული, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია: ბოლო წლებია, 15 აპრილს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ინიციატივით, საქართველო სიყვარულის დღეს ზეიმობს. ჰოდა, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ მერაბიშვილის დაბადებისა და სიყვარულის დღეები ერთმანეთს ემთხვევა. მათ, ვინც ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს, მერაბიშვილის შს მინისტრობა კარგად ახსოვს ანუ მართალია, „ნაციონალურ საქართველოში“ ადამიანების „ტრუსიკ-მაიკით“ დაჭერისა და ქუჩაში დახვრეტის „ტრადიციას“ საფუძველი ირაკლი ოქრუაშილის შს მინისტრობის დროს ჩაეყარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ძალოვან უწყებას სათავეში უდელი ვანო ჩაუდგა, ხალხის წამების მეთოდები დაიხვეწა. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლიანი საქმე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელიც, პრაქტიკულად, სააკაშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისად იქცა, სწორედ, მერაბიშვილის შს მინისტრობას უკავშირდება.

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, ნაცების მმართველობის დროსაა გადაღებული. ამ ვიდეოკადრებში ვანო მერაბიშვილი მკაფიოდ ჩანს, რომელიც ხელქვეითებს „ორ გვამს“ სთხოვს. ყველაფერ ამის მიუხედავად, ქართულ „ვიკიპედიაში“ მერაბიშვილი „სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწედ“ არის მოხსენიებული (?!).

ამავე წყაროს მიხედვით, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, მერაბიშვილი სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კერძოდ, 1992-1995 წლებში, მომავალი შს მინისტრი „გე პე ი“-სა და აგრარულ უნივერსიტეტებში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად და უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. 1995 წელს, მერაბიშვილი მეცნიერებიდან არასამთავრობო სექტორში ინაცვლებს და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას აფუძნებს, 1996 წელს კი თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ხდება.

საერთოდ, მიწა მერაბიშვილის X-ფაილში ერთ-ერთი „სუსტი რგოლია“. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, 2001 წლის მაისში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, „ტერა ინსტიტუტთან“ ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, საქართველოში მიწის ბაზრის განვითარების პროექტს იწყებს, რაც პრივატიზებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას გულისხმობს. ამ დროს მერაბიშვილი უკვე პარლამენტის წევრია. მის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობოს კი ჯაბა ებანოიძე ხელმძღვანელობს. ისე, მერაბიშვილის აღზევების დროს, ჯაბა ებანოიძეც დაწინაურებული გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, მას ჯერ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, მოგვიანებით კი შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კერძოდ, 2013 წლის იანვარში, ებანოიძეს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს ანუ გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ქონების გადამალვასა და  საანგარიშსწორებო დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა. მაშინდელი მედიის ცნობით, ებანოიძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

ცნობისთვის: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა, რომელიც 2.5 მილიონი მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, 1999 წლის მაისში დაიწყო. მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას იმთავითვე აქტიურად იყო ჩართული.

ისე, შეიძლება, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში, როცა დეპუტატი გახდა, მერაბიშვილი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. სწორედ მაშინ ითქვა, რომ მას გარკვეული ინტერესები „ჟინვალჰესთანაც“ ჰქონდა...

ამ „პატარ-პატარა“ სკანდალების მიუხედავად, თუკი „ვაშინტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუს არ ჩავთვლით, რომელიც წეღან ვახსენეთ, 2003 წლის მოვლენებამდე, მერაბიშვილის არსებობის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი პოლიტიკურმა ღმერთებმა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა, როგორც ჩანს, მისი მფარველობა გადაწყვიტეს და უდელმა ვანომაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა:

2004 წლის 26 იანვარს ანუ ინაუგურაციის მეორე დღესვე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საკითხებში თავის თანაშემწედ დანიშნა. პარალელურად, მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა. დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ, კერძოდ, 2004 წლის 7 ივნისს, მერაბიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ხდება და ამ თანამდებობას წლის ბოლომდე - 18 დეკემბრამდე იკავებს, საიდანაც მუშაობას შსს-ში, მინისტრის რანგში აგრძელებს.

ნაციონალთა კულუარებში გარკვეულები ამბობენ, რომ მერაბიშვილს ბევრი მტრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, რომელმაც „ვარდების მთავრობაში“, სააკაშვილის პრეზიდენტობის ორივე ვადის დროს, სავარძელი მყარად შეინარჩუნა - მართალია, 2012 წლის შუახანებში, შს მინისტრობა დატოვა, მაგრამ უსამსახუროდ არ დარჩენილა - პრემიერად დაინიშნა და ეს პოსტი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ეკავა.

რატომ უქმნიდა სააკაშვილი მერაბიშვილს სასათბურე პირობებს? - ეს რიტორიკული კითხვაა...

ექსხერხემლისა და ნაცმოძრაობის აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივნის ოფიციალური დოსიე სრულყოფილი რომ გამოვიდეს, ხაზს კიდევ ორ დეტალს გავუსვამ:

ვანო მერაბიშვილი დაქორწინებულია და ორი ვაჟი ჰყავს. ყველაზე გახმაურებულ სკანდალში კი სწორედ მეუღლის გამო გაეხვა. შეიძლება, ეს დელიკატური თემაა, მაგრამ ამის თაობაზე უკვე იმდენჯერ ითქვა და დაიწერა, რომ დასამალი აღარაფერია.

მოკლედ, იმ დროს, როცა მერაბიშვილი, პრაქტიკულად, თავისი კარიერის ევერესტზე იმყოფებოდა და, როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა - ქალამნად, ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებას სისხლიანი ამბის შესახებ ამცნო. სახელდობრ, გადაცემა „დროება“ იუწყებოდა, რომ ძალოვანებმა ოქროყანის სასაფლაოზე წამებით მოკლეს ახალაზრდა მამაკაცი, სანდრო გირგვლიანი. ამასთან, სატელევიზიო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ინციდენტი „შარდენ-ბარში“ დაიწყო, სადაც დათა ახალაიასთან, გურამ დონაძესთან, ვასილ სანოძესა და ოლეგ მელნიკოვთან ერთად, მერაბიშვილის თანამეცხედრე, თაკო სალაყაიაც იმყოფებოდა. მოგვიანებით, გირგვლიანის მკვლელობის მთავარ ფიგურანტად მაშინდელი ოპოზიცია სწორედ სალაყაიას დაასახელებს და მისი დასჯის პარალელურად, მერაბიშვილის შს მინისტრობიდან გადაყენებასაც მოითხოვს.

სააკაშვილის საბედისწერო შეცდომად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ გირგვლიანის საქმის გამო, ვანო „კბილებით დაიცვა“. სწორედ ამიტომაც, შს ექსმინისტრი მთელი ცხოვრება ექსრეზიდენტის მადლობელი უნდა ყოფილიყო და მისი ნაფეხურებისთვის ეკოცნა, მაგრამ მოგეხსენებათ, პოლიტიკა „სიბინძურის ხელოვნებაა“. მაშასადამე, პოლიტიკაში მუდმივი არც მტრები არსებობენ და არც - მეგობრები. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ვანომ მიშას „ზურგში მახვილი ჩასცა“?! 

შს ყოფილი მინისტრის ოფიციალური დოსიე ბოლო შტრიხითაც შევავსოთ. ეს „ბოლო შტრიხი“ კი მერაბიშვილის ტუსაღობაა: პატიმრობაში ყოფნისას, თავს ხშირად გვახსენებდა. ამ მხრივ კი ყველაზე გახმაურებული „თავის შეხსენება“ ის იყო, როცა უდელმა „რუხმა კარდინალმა“ განაცხადა, საკნიდან ღამე გამიყვანეს, მთავარ პროკურორთან მიმიყვანეს და მაიძულებდნენ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცაო. 

შეგახსენებთ: შს ყოფილ მინისტრსა და, ასევე, ყოფილ პრემიერს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული. კერძოდ, მერაბიშვილი მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ამასთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლაში იყო მხილებული. 2014 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო და თავისუფება 5 წლით აღუკვეთა. მერაბიშვილმა საპატიმრო რამდენიმე წლის წინ დატოვა, თუმცა პოლიტიკაში არ ჩარეულა, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ.

 

უდედან ჩრდილოეთამდე

ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ ინახება. ამჯერად, რესპონდენტი უშიშროებასთან ასოცირებული პირია, რომელიც ღიად მიანიშნებს, რომ მერაბიშვილს ბმა, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვევასთან, ესე იგი, „გრუ“-სთან ჰქონდეს. ამ მოსაზრებას ერთი გარემოებაც ამყარებს, სახელდობრ, მერაბიშვილი, როგორც სახელმწიფო მაღალჩინოსანი, ქართველ და ევროპელ ჟურნალისტებს არა, მაგარამ სამაგიეროდ, რუსულ მედიას სწყალობდა. ახლა, ეს დეტალი შეიძლება, არაფერზე მეტყველებს, მაგრამ მოგეხსენებათ, ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან.

2010 წლის 10 დეკემბერს, ინტერნეტპორტალი „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს სტატიას - „სად იძებნება ვანო მერაბიშვილი“, რომელშიც ნათქვამია:

ვანო მერაბიშვილი - თუკი ამ სახელს და გვარს რუსულ ენაზე ჩაწერთ Google-ის საძიებო სისტემაში, საქართველოს შს მინისტრზე შესაძლებელია უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე - ამ სახელისა და გვარის ქართულ ენაზე ჩაწერის შემთხვევაში.

რუსული „კომერსანტის“ ჟურნალისტი წლის განმავლობაში, დაახლოებით, ორ ინტერვიუს წერს მერაბიშვილთან; „ლენტა.რუ“-ზე ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიას გაეცნობით; „ეხო მოსკვისა“ და „რია ნოვოსტის“ გვერდებზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ ინტერვიუები ვანო მერაბიშვილთან. მოკლედ, მერაბიშვილთან ინტერვიუს არაერთი რუსული მედია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე აქტიური რუსული „კომერსანტია“ (commersant.ru), რომლის ჟურნალისტი ოლგა ალიონოვა ვანო მერაბიშვილს 2009-2010 წლებში რამდენჯერმე ესტუმრა და, შესაბამისად, რამდენჯერმე გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ გაზეთსა თუ ინტერნეტ გვერდზე.

მერაბიშვილთან სასაუბრო თემა, მცირე გამონაკლისების გარდა, ერთია: რეფორმა, რომელიც შს სამინისტრომ განახორციელა და პოლიციის რეიტინგი საქართველოში, თუმცა კარიერაზე საუბარსა და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, ვანო მერაბიშილი არ ერიდება პოლიტიკურ შეფასებებსაც. ის პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს. ხშირად ქართული მედია პოლიციაზე სიახლეებს, სწორედ რუსი ჟურნალისტების მიერ აღებული ინტერვიუდან იგებდა ხოლმე. 2010 წელს, ვანო მერაბიშვილთან სულ მცირე ექვსი ინტერვიუ ჩაწერეს ჟურნალისტებმა. აქედან მხოლოდ ერთია ჩაწერილი ქართული მედიის მიერ: „ტელეიმედის“ ეთერში გასულ „სპეციალურ რეპორტაჟში“ (12 ნოემბერი, 2010 წელი), ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩნდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხშირად რუსულ მედიაში, მერაბიშვილი პასუხობს, რომ ამ ფორმით, მისი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ მინისტრი ფლობს ინგლისურ ენას. რუსული ენის ფლობაზე მთავრობის გვერდი არაფერს ამბობს, თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსულად საუბრობს, ის ინტერვიუებია საკმარისი, რომლებიც რუსულენოვან მედიებში ვრცელდება.

იშვიათია ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“, „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „სი ენ ენ“-ზე, 2010 წლით დათარიღებულ მასალებს მინისტრზე ვერ იპოვით ისევე, როგორც ბრიტანულ „გარდიანსა“ და „ბი ბი სი“-ზე. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი ბი სი“-ს ოფიციალური ინგლისურენოვანი გვერდი საძიებო სისტემაში ვანო მერაბიშვილს ძებნის, მაგრამ ყველაზე ახალი ინფორმაცია 2009 წლით თარიღდება. ბუშის საქართველოში ვიზიტი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ინციდენტი და თბილისის მიტინგები ის თემებია, სადაც ვანო მერაბიშვილის კომენტარებს ვხვდებით. დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა „სი ენ ენ“-თან, „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „ვაშინგტონ პოსტთან“ მიმართებაშიც.“

იმას, რომ მერაბიშვილის X-ფაილი ბურუსითაა მოცული, ერთი გარემოებაც მოწმობს: 2005 წლის 3 თებერვალს, სწორედ მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც, ყოველგვარი გამოძიებისა და ექპერტიზის გარეშე, საზოგადოებას ამცნო, პრემიერი ზურაბ ჟვანია და მისი თანმხლები პირი, რაულ უსუფოვი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სახლში გაზით გაიგუდნენო. შს მინისტრს, წესით, ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა და, მინიმუმ, გამოძიების პირველად შედეგს დალოდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვანოს რაღაც ამოძრავებდა. სწორედ მერაბიშვილის ეს განცხადება გახდა იმის საფუძველი, რომ ჟვანიას შესაძლო მკვლელობაზე ხმა დღემდე არ მინავლებულა. ასევე, საეჭვო იყო და არის მერაბიშვილის როლი ფოტოგრაფებისა თუ ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმებული სხვა ადამიანების საქმეებში. ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ რუსი „ჯაშუშების“ დევნით ვანო, უბრალოდ, საკუთარი „ჩრდილოეთური ბეგრაუნდის“ დამალვას ცდილობდა. მართლა ასე იყო თუ არა, ამის თქმა მხოლოდ პოლიტიკურ ღმერთებსა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილ ანგელოზებს შეუძლიათ.

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ, რომელიც ჩემს პირად არქივში ინახება და რომელშიც აქცენტი ბევრ საინტერესო დეტალზეა გაკეთებული. აქვე, შეგახსენებთ, რომ რესპონდენტი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შევხვდი, უშიშროების ორგანოებთანაა დაახლოებული:

„- საერთოდ, ძალიან რთულია, ადამიანს დაუმტკიცო, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელია. ეს დროში გაწელილი პროცესია და ისე არ ხდება, ნაციონალები ადამიანს აგენტობას ერთ დღეში რომ უმტკიცებდნენ. ოპერატიულად საინტერესო პიროვნებაზე მუშაობა, შეიძლება, რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პიროვნებას უცხოეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტი აქვს, მასზე ოპერატიული აღრიცხვის საქმე იქმნება.

- „ოპერატიული აღრიცხვის საქმე რას ნიშავს?

- არ შეიძლება, მკითხველმა დეტალები იცოდეს.

- არც იმას მეტყვით, ვანო მერაბიშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურის ურთიერთობაზე საფუძვლიანი ეჭვი პირველად როდის გაჩნდა?

- ალბათ, გახსოვთ, მერაბიშვილმა სკანდალური განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როცა პარლამენტის წევრი იყო და ამ განცხადებით, პრაქტიკულად, მოქკავშირის დაშლა დაიწყო. არ გეგონოთ, რომ მერაბიშვილის მიმართ პირადი წყენა მაქვს... მერაბიშვილი პოლიტიკური მოღვაწეა და მასზე ოპერატიული ინფორმაცია არ იარსებებდა, მაგრამ სპეცსამსახურის თანამშრომლებს საიმისო ცოდნა აქვთ, რომ ადამიანში ის ნიშნები აღმოაჩინონ, რაც საინტერესოა... შეიძლება, დიქცია და გადმოცემის უნარი არ უვარგა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქკავშირში მოღვაწეობისას, საკმაოდ ინფორმირებული იყო. საერთოდ, სხარტი გონების ტიპია და ინფორმაციის მიღება-გადამუშავება, ამასთან, ამ ინფორმაციიდან მთავარის გამოყოფა შეუძლია.

სხვათა შორის, სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ვანო მერაბიშვილი ვიქტორ შეიმანს დააკავშირა. შეიმანი ბელორუსის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და „ეფ ეს ბე“-ს ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი პატრუშევის მეგობარია. შეიმანი, როგორც ვიცი, რუსებთან რუსია, ებრაელებთან - ებრაელი... დიახ, ვამტკიცებ, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ვანო მერაბიშვილიც იყო ჩართული. 2009 წლის თებერვალში, „ბელტრეიდინგმა“ შსს-ს ისეთი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა შემოუტანა, რომელიც შსს-ს არ სჭირდება. მაგალითად, ფეხოსანთა მინები, ასაფეთქებელი საშუალებები... რაც შეეხება მერაბიშვილის ანტირუსულ ისტერიას, ფილოსოფიაში დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი არსებობს - იმისთვის, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში თავისი მიზნები შეასრულოს, შიგნიდან გამაღიზიანებლები სჭირდება. ეს გაღიზიანება კი რიტორიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული ანუ მტკიცების მიუხედავად, დასავლეთისკენ მივდივართო, ნაციონალები რუსეთის საქმეს აკეთებდნენ“...

 

ნინო დოლიძე