Menu
RSS

რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის მოახლოებულ საფრთხეზე მსოფლიო მედიცინა დიდი ხანია ალაპარაკდა. განვითარებული ქვეყნები განგაშის ზარს რეკენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ. საფრთხე იმაზე რეალურია, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებამ ბაქტერიები ბევრად მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი გახადა, შედეგად კი პრეპარატების ეფექტურობა დაქვეითდა.
,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად'' _ ასეთია ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის სლოგანი, თუმცა რამდენად გამოიღებს ეს ყველაფერი შედეგს, საუბარი ნაადრევია. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რომ მსოფლიოს ელის პოსტანტიბიოტიკური ერა, როცა ,,ვეღარ შევძლებთ ვუმკურნალოთ ნებისმიერ ინფექციას. დაიკარგება ისეთი სამედიცინო მკურნალობის სარგებელი, როგორიცაა ქიმიოთერაპია და სერიოზული ქირურგიული მანიპულაციები''. რა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო და რა როლი აქვს საქართველოს გლობალურ სამედიცინო რუკაზე; რა უნდა გავაკეთოთ არსებული რისკების თავიდან ასაცილებლად; შევძლებთ თუ არა, დავუპირისპირდეთ ფარმაცევტული გიგანტების ბიზნესინტერესებს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. ,,ვერსიას'' დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი დავით წერეთელი ესაუბრება.
_ თავად ანტიბიოტიკების აღმოჩენამ დედამიწის მოსახლეობის სიცოცხლე რამდენიმე წლით გაახანგრძლივა, რადგან ანტიბიოტიკებით მკურნალობენ ისეთ ინფექციურ დაავადებებს, რომლებსაც იწვევს ბაქტერიები და აპრიორი უნდა ვთქვათ, რომ ანტიბიოტიკები გამოიყენება მხოლოდ ასეთი ინფექციების სამკურნალოდ. 
წლების განმავლობაში მსოფლიოში ანტიბიოტიკების არარაციონალურმა და არამიზნობრივმა გამოყენებამ გამოიწვია ბაქტერიებში უნარი, გამოიმუშაონ მდგრადობა ანუ რეზისტენტობა ამ პრეპარატების მიმართ. სწორედ ამის შედეგია, რომ უკანასკნელ წლებში ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური გამოწვევაა და ეს ეხება არა ერთ, კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მსოფლიოს _ პანდემია არ ანსხვავებს ასაკს, სქესს, მოქალაქეობას... ჩვენ რომ ავიღოთ წლები დინამიკაში, 60-70-იან წლებში ხშირად ხდებოდა ახალი ანტიბიოტიკების აღმოჩენა, უკანასკნელ წლებში კი ახალი ანტიბიოტიკი არ აღმოუჩენიათ.
დღეისთვის, ესაა მსოფლიოს პრობლემა და 2017 წელს საქართველომ შეიმუშავა სპეციალური ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია.
_ რატომ აღარ ხდება ახალი ანტიბიოტიკების აღმოჩენა _ მეცნიერები ზარმაცობენ თუ ვიღაცებს ეს უბრალოდ არ აწყობთ?
_ თითოეული ანტიბიოტიკის აღმოჩენა ურთულესი პროცესია და მოითხოვს როგორც მეცნიერების ძალისხმევას, ისე დიდ ფინანსურ დანახარჯებს. მართალია, დღეისთვის მრავალმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეწყვიტა ახალი ანტიბიოტიკების აღმოჩენაზე მუშაობა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ საკითხის მოგვარებას ცდილობს და მრავალმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ მათ მიერაც იქნას სუბსიდირებული და წახალისებული ეს კომპანიები.
_ გამოდის, ანტიბიოტიკებმა თავი ამოწურეს?
_ შეიძლება, ასეც ითქვას... სწორედ ამიტომ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ანტიბიოტიკებს სიცოცხლისუნარიანობა. ეს მიიღწევა რამდენიმე გზით: ანტიბიოტიკების რეზისტენტობა ბუნებრივი პროცესია და, ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდებოდა, უბრალოდ მათი ხშირი, არამიზნობრივი, არარაციონალური გამოყენება აჩქარებს პროცესს... მაგალითად, ვირუსული ინფექციის დროს, ანტიბიოტიკები საერთოდ არ მოქმედებს და ლოგიკურად, გაციებისას, მათ დანიშვნას არანაირი აზრი არ აქვს. უარყოფითი თუ არა, ყოველ შემთხვევაში დადებითი ეფექტი არ გააჩნია.
 
_ საქართველო უძლურია ამ პრობლემის წინაშე?
_ უკანასკნელ წლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ექსპერტები, იაპონელი, ჰოლანდიელი და ბელგიელი მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა საქართველოში როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე მოსახლეობის სწორი ქცევა იყოს ანტიბიოტიკებთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, სამედიცინო პერსონალი, არარაციონალურად იყენებს ამ პრეპარატებს და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, თავად მოსახლეობაც, ექიმის დანიშნულების გარეშე, იღებს ანტიბიოტიკებს, არადა ნებისმიერი ადამიანი ორჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ ანტიბიოტიკს მიიღებს, მით უმეტეს ექიმის დანიშნულების გარეშე. არ უნდა გავუზიაროთ ანტიბიოტიკები ერთმანეთს, ექიმის დანიშნულების დროს კი, კურსი სრულად უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი თუ თვითნებურად შეწყვეტს ან გაახანგრძლივებს მკურნალობას, შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა.
_ რეცეპტით პრეპარატების გაცემამ ეს საკითხი ნაკლებად დაარეგულირა, შეიძლება ოდესმე ანტიბიოტიკების გაყიდვა აიკრძალოს?
_ მსოფლიოში ბევრი მეცნიერი ფიქრობს, შორს არაა დრო, როცა ანტიბიოტიკები დაკარგავს თავის ფუნქციას და მუშაობენ, რათა ანტიბიოტიკების შემცვლელი პრეპარატები შეიმუშაონ. რა თქმა უნდა ანტიბიოტიკები არ არის მუდმივი და შესაძლებელია, 10, 20, 30 წლის შემდეგ მათი მოქმედება აღარ იყოს ეფექტური.
_ თუმცა ეს შემოსავლიანი ბიზნესია და ფიქრობთ, მეცნიერები დაუპირისპირდებიან ფარმაცევტულ კომპანიებს?
_ რამდენიმე წლის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, ითარგმნა სენტფორდის რაციონალური ანტიბიმიკრობული თერაპიის გაიდლაინი, რომელიც ექიმებს უფასოდ გადაეცათ. სასურველია, ექიმებმა იხელმძღვანელონ ანტიბიოტიკების გამოყენების თანამედროვე გაიდლაინებით და ანტიბიოტიკის დანიშნონ ანტიბიოტიკოგრამის მიხედვით, ეს იქნება ყველაზე კარგი როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე, რა თქმა უნდა, პაციენტებისთვის. თუ ანტიბიოტიკები დაინიშნება რაციო¬ნალურად, მიზანმიმართულად და მოსახლეობასაც ექნება გარკვეული ცოდნის დონე, ეს აუცილებლად გადაწყვეტს კონკრეტულად საქართველოს პრობლემას. უკანასკნელ წლებში საქართველოს ბევრ კლინიკაში დაინერგა ანტიბიო¬ტიკების რაციონალური გამოყენება, ტარდება ღონისძიებები ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესამცირებლად; ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგს, რომელსაც ატარებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო...
თამარ ლომსაძე

დაბრუნება დასაწყისში