ჩვენი დროის „გრინჩების“ იაფფასიანი პერფორმანსი - შავი ლენტები საახალწლო ნაძვის ხეზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი 

როგორ აღნიშნა ნაციონალურმა მოძრაობამ აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წლის ახალი წელი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა, რომელიც 2014 წელს, მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა

 

მაკა რუხაძე

 

4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის გარშემო, მოძრაობა „დროას“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კონსტრუქციის მიმდებარე ჯებირებს შავი ლენტები შეაბეს. „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ამ ფორმით, მწუხარება გამოთქვეს 3 დეკემბერს, უკრაინის ქალაქ ბახმუტში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო. ხოშტარიას თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღე არ გამოაცხადა, „დროას“ აქტივისტებმა საკუთარი პოზიცია მშვიდობიანი ფორმით დააფიქსირეს...

„დროას“ ლიდერს არც სხვა ოპოზიციონერები ჩამორჩნენ და საქმე იქამდეც კი მივიდა, სოციალური ქსელის საშუალებით, ლამის, საახალწლო ღონისძიებების გაუქმებაც კი მოითხოვეს. „ვერსია“ სამძიმარს უცხადებს უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებს საახალწლო ზეიმი და მხიარულება ჩავუშხამოთ და მით უმეტეს, წავართვათ. შორს, ისტორიულ წიაღსვლებში რომ არ წავიდეთ, 1991 წლის 21 დეკემბერს, შუა რუსთაველზე დაწყებული ყველაზე სამარცხვინო და ტრაგიკული ძმათამკვლელი ომი გავიხსენოთ - 1992 წლის 1 იანვრის ღამეს, საახალწლო ზეიმი ეგრეთ წოდებული „ბუნკერის“ ტელევიზიითაც კი გადასცეს. ამიტომ, არანაირი გამართლება არ აქვს, საახალწლო ნაძვის ხისთვის შავი ლენტების შებმას, მით უფრო - საახალწლო ზეიმის გადადებას...

ვიდრე ჩვენი დროის „გრინჩები“ იაფფასიანი პერფორმანსებით „გვანებივრებენ“, უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა, პოლიტიკოსების ამაზრზენ საქციელს კი „ამორალური ფარისევლობა“ უწოდა... 

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დავუშვათ, ელენე ხოშტარიას 1991-1992 წლების ამბები არ ახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომზე ვერაფერს იტყვის - აშკარად უნდა ახსოვდეს. თუმცა, თუ პოლიტიკური ამნეზია აქვს, პრობლემას ახლავე გადავჭრი, შევახსენებ, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი გმირი ბიჭების ცხედრებს მატლები ეხვია (მადლობა ღმერთს, საქართველოს პატრიარქმა და რამდენიმე მეუფემ გადმოასვენეს ცხედრები კონფლიქტის ზონიდან და პატივით დაკრძალეს), 12 აგვისტოს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. სხვათა შორის, არც 2009 წლის ახალ წელს ჩაუვლია მოკრძალებულად, როგორც ტერიტორიებდაკარგულ და ახლადომგამოვლილ ქვეყანას შეეფერებოდა. მეტსაც გეტყვით, ზუსტად 2006-2010 წლების საახალწლო და ქალაქგაფორმების ღონისძიებებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობა შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წელს და ისეთი დარღვევები გამოავლინა, რომ აუდიტის ანგარიში გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ცხადია, ეს ანგარიში „ვერსიაში“ დეტალურად 2014 წელსვე განვიხილეთ, თუმცა იმის გამო, რომ მაშინდელ თანამდებობის პირებს, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, პოლიტიკური სკლეროზი დაემართათ, იძულებული ვარ, მცირეოდენი შემოკლებით, ძირითადი დარღვევები გავახსენო.

 

ხარვეზები საახალწლო ილუმინაციების შესყიდვაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2006-2010 წლებში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ილუმინაციებისა და სხვა აქსესუარების შესყიდვებში, ძირითადად, შუამავალი ფირმები (მომწოდებლები) მონაწილეობდნენ. ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ტენდერებში, ერთმანეთთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები მონაწილეობდნენ. ამის გამო, არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, მიწოდებული საქონლისა და სამუშაოების ფასების მაღალ დონეზე ხელოვნურად შენარჩუნების, ასევე, ფირმებს შორის წინასწარი გარიგებების შესაძლებლობებისთვის მომეტებული რისკის საფრთხე გაჩნდა.

2006-2010 წლებში, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვებზე გამოცხადებულ ტენდერებში სატენდერო დოკუმენტაცია, ჩვეულებრივ, ორ-სამ პრეტენდენტს შეჰქონდა, მაგრამ რეალურად, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამის გამო, ტენდერით შესაძენი საქონლისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება, რომელიც შემსყიდველის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, პრაქტიკულად, არ მცირდებოდა...

2009 წლის შობა- ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2008 წელს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია სამმა პრეტენდენტმა - შპს „ჩიბიმ“, შპს „ოქსინომ“ და შპს „არტ ლაინ თრეველმა“ წარადგინეს, სატენდერო წინადადება კი მხოლოდ შპს „ჩიბიმ“ შეიტანა. შესაბამისად, 2008 წლის 11 ნოემბერს, ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჩიბი“ გამოცხადდა. „ჩიბიმ“ ტენდერის სავარაუდო ფასთან შედარებით, 112 400 ლარით ნაკლები დააფიქსირა და იმავე წლის 27 ნოემბერს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შპს „ჩიბიმ“ 1 214 100 ლარის ღირებულების საახალწლო ილუმინაციები საქართველოში, ამავე ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტისგან, შპს „არტ ლაინ თრეველისგან“ შეიძინა. სინამდვილეში, შპს „ჩიბიმ“ საახალწლო ილუმინაციები „არტ ლაინ თრეველისგან“ 1 126 500 ლარად იყიდა, მაგრამ თბილისის მერიას 1 241 100 ლარად მიაწოდა.

აუდიტით დადგინდა, რომ „ჩიბის“ მიერ, მერიისთვის მიწოდებული 385 700 ლარის ღირებულების 9 დასახელების, სხვადასხვა საახალწლო კონსტრუქციები თბილისში, ადგილობრივმა კომპანიებმა - შპს „პროცესორმა“, შპს „მერწყული 7“-მა და „3 MG“-მა დაამზადეს. ამ კომპანიებს „ჩიბიმ“ 105 700 ლარი გადაუხადა! ამ შესყიდვების შედეგად, „ჩიბის“ მოგების მარჟა 16.6% იყო. 2010 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2009 წლის 28 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ - შპს „კრედომ“ და შპს „ნებიმ“ წარადგინა, სატენდერო წინადადება - შპს „კრედომ“. 2009 წლის 19 აგვისტოს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტულებით, ტენდერში გამარჯვებულად შპს „კრედო“ გამოვლინდა, რომელმაც სავარაუდო ფასთან შედარებით, 800 ლარით ნაკლები ღირებულება დააფიქსირა. ამ შესყიდვის შედეგად, შპს „კრედოს“ მოგების მარჟა 26% იყო. 2011 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2010 წლის 13 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შპს „საქართველოს საფინანსო კომპანიამ“, შპს „თ.ფ“-მ, შპს „ბასიანმა“ და შპს „სითი ლაითმა“. ამ კომპანიებიდან სატენდერო წინადადება შპს „სითი ლაითმა“ წარადგინა, რომელიც 2010 წლის 10 აგვისტოს, ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს „სითი ლაითი“ 2010 წლის 23 ივლისს ანუ ტენდერის გამოცხადებიდან, 10 დღის შემდეგ დაფუძნდა, რაც ნიშნავს, რომ 13 ივლისს, სატენდერო წინადადება წარადგინა კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ დაფუძნებული არ ყოფილა! შესყიდვის შედეგად, შპს „სითი ლაითის“ მოგების მარჟა 21.4% იყო.            

 

უხარისხო გირლანდები და დეკორატიული ნაძვის ხეები

ვიდრე უშუალოდ 2009 წლის დარღვევებს განვიხილავთ, აუდიტის დასკვნის ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია პრეისტორია. ამიტომ, მივყვეთ თანმიმდევრობით: 2006 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა.ნ.ი“-მ, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში ანუ 2006 წლის 25 დეკემბერს, დაამზადა და თბილისის მერიას მიაწოდა 415 200 ლარის ღირებულების 44 ცალი საშობაო პავილიონი (ერთი ცალი პავილიონის საშუალო ფასი - 9 043 ლარი). 2007 წლის 24 დეკემბერს, შპს „ა.ნ.ი“-მ, მერიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით, 44 პავილიონიდან, მხოლოდ 29 ცალი პავილიონი აღადგინა. ამ პავილიონებიდან, 2008 წელს, 12 ერთეული შპს „ზოოლოგიურ პარკს“ გადასცეს. თბილისის მერიის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა - შპს „კომპაუდმა“, ეს პავილიონები 32 900 ლარად შეაფასა. ამავე კომპანიის ანგარიშის მიხედვით, 2008 წელს მოქმედი საბაზრო ფასებით, თითოეული ასეთი პავილიონის დამზადებას 4 100 ლარი დასჭირდებოდა. აუდიტორული კომპანიის მიერ შეფასებული ერთეული პავილიონის დამზადების ფასსა და მისი შესყიდვის ფასს შორის სხვაობა კი 5 033 ლარი იყო.

2007 და 2009 წლებში შესყიდული 20 პავილიონიდან, თითოეულის დამზადების ღირებულება, შესაბამისად, 20 300 ლარი და 21 300 ლარი გახლდათ. სახელმწიფო აუდიტები ასკვნიან, რომ ყოველწლიურად, თბილისის მერია დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავდა და ამიტომ ფიქრობენ, რომ მერიას ასეთი შესყიდვები საერთოდ არ უნდა განეხორციელებინა. მეტიც, ასეთი სახის სავაჭრო პავილიონები მერიის ბალანსზე არც კი უნდა ყოფილიყო, ამ ტიპის საქმიანობა კერძო სექტორს უნდა განეხორციელებინა, რადგან სწორედ კერძო სექტორია დაინტერესებული საკუთარი პროდუქციის რეკლამითა და რეალიზაციის მოცულობის გაზრდით.

2007 წელს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე დეკორატიული საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟზე, დემონტაჟსა და მხატვრული მინათების სამუშაოებზე, თბილისის მერიამ 453 300 ლარი, 2008 წელს - 215 500 ლარი, 2009 წელს - 144 200 ლარი, ხოლო 2010 წელს - 131 800 ლარი დახარჯა. 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შპს „აპრიორისგან“, თბილისის მერიამ 189 300 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. ამ ფასად, შპს „აპრიორმა“, თავისუფლების მოედანზე, დეკორატიული ნაძვის ხის მხატვრული მინათების სამუშაოები შეასრულა. მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული საქონლის ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ, შპს „აპრიორისგან“, 88 000 ლარის ღირებულების მანათობელი გირლანდები შეისყიდა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ გირლანდების საწყობში განთავსება არ ფიქსირდება და ისინი არც ბუღალტრულად აღურიცხავთ. გირლანდების მონტაჟის მიზნით, 5 დღის მანძილზე, მემონტაჟე მუშებს, მათ შორის, მთამსვლელების შრომის ჩათვლით, ხელფასის სახით, 32 000 ლარი გადაუხადეს, რაც დღეში 6 400 ლარი გამოდის. 2007 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით, თბილისის მერიამ, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შპს „დავითი და კომპანიისგან“ 270 100 ლარის მომსახურება მიიღო. ამ კომპანიამ თავისუფლების მოედანზე, დეკორატიული საახალწლო ნაძვის ხის, ასევე, საკონცერტო სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები შეასრულა. 2008 წელს, შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის, თბილისის მერიამ შპს „დავითი და კომპანიას“ თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე დეკორატიული ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებში 24 000 ლარი გადაუხადა. მომდევნო წლებში, თბილისის მერია შპს „თბილქალაქგანათებას“ ყველანაირ ტრანსპორტზე, მათ შორის, ამწეზეც, რომლებითაც კომპანიას მონტაჟის, დემონტაჟისა და მხატვრული მინათების სამუშაოები უნდა შეესრულებინა, 9 000 ლარს უხდიდა. 2008 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულებით, თბილისის მერიამ შპს „თბილქალაქგანათებას“ 183 800 ლარი გადაუხადა. კომპანიამ თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე, დეკორატიული საახალწლო ნაძვის ხის კონსტრუქციებისა და მისი მხატვრული მინათების სამუშაოები შეასრულა. შპს „თბილქალაქგანათებამ“, თბილისის მერიას, 49 400 ლარის ღირებულების, 14 100 მეტრის უხარისხო გირლანდები მიაწოდა, რომლებიც დემონტაჟის შემდეგ ჩამოწერეს და გაანადგურეს!

აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ 2008, 2009 და 2010 წლებში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე დეკორატიული ნაძვის ხის მონტაჟის, დემონტაჟისა და მხატვრული მინათების სამუშაოებს შპს „თბილქალაქგანათება“ ერთი და იგივე ფასად (?!) ასრულებდა.               

 

საახალწლო კონცერტები და განათება-გახმოვანება

2007 წლის 13 დეკემბერს, თბილისის მერიამ, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შპს „არტ ჯისთან“ სცენების განათება-გახმოვანებაზე ხელშეკრულება გააფორმა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს „არტ ჯი“ 2007 წლის 5 დეკემბერს ანუ მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 8 დღით ადრე დაფუძნდა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა.

2008 წლის საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად, შპს „არტ კომპანისა“ და შპს „არტ ჯისგან“, მერიამ საკონცერტო სცენების განათებისა და გახმოვანების (ცოცხალი შესრულება) მიზნით, 556 100 ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინა. ეს თანხა, 14 დღის მანძილზე, ოთხ სხვადასხვა ადგილზე კონცერტების განათება-გახმოვანებით უზრუნველყოფას მოიცავდა. გახმოვანების მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე, შპს „არტ კომპანიმ“, მის ხელთ არსებული, გახმოვანების აპარატურის მატერიალური ბაზა წარადგინა, რომელიც ამ კომპანიას „ინვალიდთა ლიგიდან“ უსასყიდლო იჯარით ჰქონდა აღებული.

2009 წლის 4 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 99 900 ლარი იყო, ორი კომპანია - შპს „არტ ჯი“ და შპს „არტ კომპანი“ მონაწილეობდა. სხვათა შორის, ორივე კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს. მართალია, სატენდერო დოკუმენტაცია ორივე კომპანიამ შეიტანა ტენდერზე, მაგრამ შპს „არტ ჯის“ სატენდერო წინადადება აღარ წარუდგენია. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი - შპს „არტ კომპანი“ დარჩა, რომელმაც ეს ტენდერი 99 500 ლარით მოიგო. აღსანიშნავია ფასთა კოტირებით განხორციელებული შესყიდვა, რომლის დროსაც, 2009 წლის 24 დეკემბერს, შესყიდვის მასალები სამ ფირმას - შპს „საუნდ სითის“, შპს „არტ ჯისა“ და შპს „არტ კომპანის“ გაუგზავნეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორ კომპანიას ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდა.

2006-2010 წლებში, საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყენებული სასცენო კონსტრუქციებით მომსახურებაზე (სცენა, პლატფორმა, ტრიბუნა) განხორციელებული შესყიდვების მთლიანი ღირებულება 859 800 ლარი იყო. 2006-2009 წლებში, თბილისის მერია სასცენო კონსტრუქციის მომსახურებას მხოლოდ შპს „ა.ნ.ი“-სგან იძენდა, 2010 წელს კი შპს „ა.ნ.ი & CO“-სგან, არადა, ორივე კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს. სასცენო კონსტრუქციის მომსახურების ღირებულება ფართობის მიხედვით იყო განსაზღვრული. ხელშეკრულების მიხედვით, 1 კვადრატული მეტრი სცენისა და პლატფორმის ფასი 160-410 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 2007-2011 წლებში, შობა-ახალი წლის საახალწლო ილუმინაციების მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4 761 ლარი იყო, რომლის 94% შპს „თბილქალაქგანათებაზე“ მოდიოდა.