Menu
RSS

სტუდენტთა მოძრაობა ,,აუდიტორია 115'' ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში'' ცვლილების შეტანას ერთ წელზე მეტია, უშედეგოდ ითხოვს. სტუდენტებმა ერთი წლის წინ აქციების ციკლი გამართეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ პიკეტირებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში დათანხმდა პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირებულიყო, ,,აუდიტორია 115''-მა ამ საკითხზე პროტესტი შეწყვიტა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით კი მიიღო, მაგრამ ,,გაიყინა''. ,,ვერსიას'' ,,აუდიტორია 115''-ში განუცხადეს, რომ მარიამ ჯაშმა ეს პროექტი საკანონმდებლო ორგანოდან სტუდენტთა პოლიტიკური აქტიურობის გამო დროებით გამოიწვია, თუმცა თავად ჯაში ,,ვერსიასთან'' ამ ინფორმაციას უარყოფს. საინტერესოა, რა ბედი ეწია ,,დაპაუზებულ'' კანონპროექტს და გადაიქცევა თუ არა სტუდენტთა მოთხოვნა კანონად.
,,აუდიტორია 115''-ის წევრი ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში'' არაერთი ცვლილების შეტანას ითხოვენ. მათი უმთავრესი მოთხოვნა სტუდენტური თვითმმართველობების განუსაზღვრელი პრივილეგიების გაუქმებაა: ,,ფინანსებზე წვდომა პრივილეგირებულ დონეზე აქვთ სტუდენტურ თვითმმართველობებს. ახლანდელი განათლების მინისტრისა და ყოფილი თსუ-ს პრორექტორის დახმარებით, შიდა რეგულაციებით იმას მივაღწიეთ, რომ ფინანსების გადანაწილება თანასწორად ხდება, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ თსუ-ში. დანარჩენ უნივერსიტეტებში არსებული კანონი ამ პრივილეგიას მაინც იძლევა.'' კუპრაძე განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ის უნივერსიტეტში ერთადერთი ,,ნათელი წერტილი'' იყო: ,,ახალი მინისტრი უნივერსიტეტში ახალ ხელძღვანელობასთან ერთად მოვიდა, მასთან ფორმალური ურთიერთობა გვქონდა და მხოლოდ დადებითის თქმა შეგვიძლია. იმ ჩაკეტილ ადმინისტრაციულ ,,ჯურღმულებში'', რომელიც თბილისის უნივერსიტეტს ახასიათებს, თუ კი ვინმესთან კარი იყო ღია და შესაძლებელი იყო საუბარი პრობლემებსა და მათ გადაწყვეტაზეც, ერთადერთი მიხეილ ჩხენკელი გახლდათ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან მაქსიმალურად კარგად დაამახსოვრა თავი ყველას პროფესიონალიზმით, კვალიფიციურობით, გულისხმიერებით და ა.შ. ის უნივერსიტეტის შიდა კლანურ პროცესებში საკმაოდ შეუპოვარი იყო, რაც იმედს გვაძლევს, რომ სხვა ბრძოლებშიც უკან არ დაიხევს.''
კუპრაძე განათლების კანონში ცვლილების აუცილებლობის კიდევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს: ,,ვითხოვთ, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში ყველა სტუდენტს ჰქონდეს მოხვედრის საშუალება, დღეს ეს პრივილეგია მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობას აქვს, რაც ხშირად პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენება. თვითმმართველობა სჭირდებათ დეკანატებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად, თანამდებობების პირთა, მათ შორის, დეკანის ასარჩევად. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება, რაშიც მონაწილეობს საფაკულტეტო საბჭოები, სადაც სტუდენტებისგან მხოლოდ თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან. გვაქვს შეკითხვები ასევე თვითმმართველობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამ ყველა საკითხზე, კანონის ფორმაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან შეთანხმებულნი ვართ, კანონპროექტი პარლამენტში შევიდა, პირველი მოსმენით გავიდა, მაგრამ შემდეგ გამოიტანეს. გვაინტერესებს, რატომ მოხდა ასე, თუ მათთვის მისაღები იყო ეს კანონი? როგორც ვიცით, მარიამ ჯაშმა განაცხადა, დროებით გამოვიწვიე პარლამენტიდან აღნიშნული კანონპროექტიო. არგუმენტად კი ის დაუსახელებია, რომ ჩვენ, ,,აუდიტორია 115'' ვაქტიურობთ და არ მოგვანიჭეს კანონის მიღების ლეგიტიმაცია...''
ამ საკითხზე ,,ვერსია'' ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როცა სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობა პიკეტირებული ჰქონდათ. ისიც არაერთხელ დავწერეთ, რომ ,,აუდიტორია 115''-მა აღნიშნული ცვლილებების მოთხოვნით პარლამენტში კანონპროექტის წარდგენასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. თუ სასამართლო მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონს'' გააუქმებს და საკანონმდებლო ორგანო ვალდებული იქნება, კანონი თავიდან მიიღოს. ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რომ სარჩელი ეხება საფაკულტეტო საბჭოებში არჩევისა და ფინანსებთან/რესურსებთან წვდომის თანასწორობის საკითხს: ,,ზამთარში საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი ერთხელ განიხილა და შემდეგ რაღაც უცნაური შემთხვევა მოხდა: სხდომა იმის გამო გადაიდო, რომ პარლამენტის წარმომადგენელს, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოდიოდა, თავში სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის დიდი მასა დაეცა. სწორედ ეს ოფიციალური მიზეზი წერია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადების მიზეზად. იმის შემდეგ ამ საკითხზე სასამართლო სხდომა აღარ ჩანიშნულა.''
ირაკლი კუპრაძეს ვკითხეთ, ხომ არ აპირებენ ისევ აქციების გამართვას და პროტესტის სხვა ფორმების გამოყენებას? ,,აუდიტორელი'' გვპასუხობს, რომ ფიქრობენ აქციებზეც: ,,ამ აქციებმაც, როგორც ჩანს, უკან დაახევინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ ეს ცვლილება განხორციელდება, ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობას არ გავაგრძელებთ სხვა მიმართულებითაც.''
იმის გასარკვევად, ნამდვილად გამოიწვია თუ არა მარიამ ჯაშმა კანონპროექტი პარლამენტიდან და აპირებს თუ არა ამ საკითხის განხილვის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანო, განათლების და მეცნიერების კომიტეტს დავუკავშირდით. აპარატში განგვიმარტეს, რომ ეს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებულია და მასზე მუშაობა გრძელდება: ,,ახლა განახლდა პარლამენტის მუშაობა და ამ კანონპროექტზეც განახლდება. ჩვეულებრივ ჩატარდება მეორე მოსმენაც. კანონი არავის გამოუწვევია. ვაპირებთ პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენას და იქაც იქნება დაფიქსირებული ეს ინფორმაცია. კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ეს კანონპროექტი მარიამ ჯაშის ინიცირებულია და მას პოზიცია არ შეუცვლია. შეიძლება განხილვის დროს რაღაც მუხლობრივი ცვლილებები შევიდეს, რაც იურიდიული საკითხია, თორემ შინაარსობრივად იდეა და არსი იგივე რჩება. ამ კანონპროექტის განხილვა უახლოეს მომავალში აუცილებლად განახლდება...''
ინფორმაცია, რომ კანონპროექტი პარლამენტიდან არ გამოუწვევიათ და გრძელდება მუშაობა ამ საკითხზე, თავად მარიამ ჯაშმაც დაგვიდასტურა.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში