Menu
RSS

რისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტუროპერატორებს

ევროკავშირის ქვეყნებში A ჰეპატიტის აფეთქებაა. დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ბოლო პერიოდში 2873 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და ვარაუდობენ, რომ სტატისტიკა მზარდია: ,,იმის მიუხედავად, რომ პოლონეთს ჯერჯერობით არ შეუტყობინებია დაავადებათა მაჩვენებელი, ეპიდემიოლოგიურმა სკრინინგმა აჩვენა, რომ 2017 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, პოლონეთში დაფიქსირებულია 1426 შემთხვევა, რაც 55-ჯერ აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა მამაკაცებზე მოდის, რომელთაც ჰქონდათ სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცებთან; ამიტომ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრევენციის საუკეთესო საშუალება ლგბტ პირების ვაქცინაციაა, თუმცა ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში (ავსტრია, ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია, მალტა, პორტუგალია, შვედეთი) ვაქცინის მარაგი ამოწურულია, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება დაავადების პროფილაქტიკაზე'', _ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. საინტერესოა, ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია A ჰეპატიტს ახასიათებს ღვიძლის ვირუსულ დაავადებად, რომელიც შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც იოლი, ასევე რთული ფორმით. ვირუსი გადაეცემა დაბინძურებული პროდუქტისა თუ წყლის მიღების, ან დაავადებულთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად. A ჰეპატიტით ინფიცირების რისკი დაკავშირებულია უვნებელი წყლისა და ჰიგიენური ნორმების არარსებობასთან. B და ჩ ჰეპატიტებისგან განსხვავებით, A ჰეპატიტი არ იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას და იშვიათად სრულდება ლეტალობით, თუმცა ზოგ შემთხვევაში ღვიძლის მწვავე უკმარისობით სრულდება. უმრავლეს შემთხვევაში სრული განკურნება გარანტირებულია და ამის შემდეგ ადამიანს უვითარდება იმუნიტეტი. A ჰეპატიტი უფრო მეტად გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, სადაც არცთუ სახარბიელო სანიტარული პირობებია _ იქ ბავშვების 90% ათ წლამდე ავადდება. თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისად ვერც განვითარებულ ქვეყნებს მივიჩნევთ _ ცივილიზაციას უამრავი უარყოფითი ფაქტორი ახლავს და გეიმამაკაცების გარდა, რისკჯგუფში არიან ასევე პირებიც, რომლებიც იყენებენ ინექციურ ნარკოტიკულ საშუალებებს. გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა _ მაღალი ტემპერატურა, დიარეა, მა¬დის დაქვეითება, გულისრევა, მუცლის არეში ტკივილი, კანის სიყვითლე... ბავშვებში დაავადება შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ხოლო ზრდასრულ პირებში ყველაფერი არცთუ მარტივადაა. სანიტარული ნორმების დაცვა საშუ¬ალებას იძლევა დაავადების რისკები შევამციროთ, თუმცა პრევენციის ყველაზე საიმედო საშუალება ვაქცინაციაა. არცთუ სახარბიელო ვითარებაა აშშ-ში; კალიფორნიის შტატში დაავადების 570-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 18 ადამიანი, ეპიდემიის ჩასახშობად, შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა დიდი რაოდენობით ვაქცინა შემოიტანა, რადგან ,,ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა, შევაჩეროთ დაავადების გავრცელება'', _ განაცხადა ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე გილ ჩავეზმა; თუმცა გაურკვეველია, დამატებით რამდენი ვაქცინა დასჭირდება კალიფორნიის შტატს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და, როგორც ექსპერტები აცხადებენ, უკანასკნელი 22 წლის განმავლობაში, დაავადების ეს ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა, ხოლო მეტი დაზარალებული უსახლკაროებსა და ნარკომანებს შორის ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტუროპერატორებს აფრთხილებს, მეტი სკურპულოზურობით მიუდგნენ საკითხს, სასტუმროებმა კი ზედმიწევნით დაიცვან ჰიგიენის ნორმები.
კალიფორნიასთან ერთად, საგანგაშო მდგომარეობაა მიჩიგანისა და კოლორადოს შტატებში და საინტერესოა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ფონზე, ხომ არ შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს მსგავსი საფრთხის წინაშე.
არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში A ჰეპატიტის დადასტურებული შემთხვევები, როგორ გადაეცემა დაავადება და საჭიროა თუ არა პრევენციული ზომების გატარება, ,,ვერსიის'' კითხვებს წყლითა და საკვებით გადაცემადი დაავადებებისა და პარაზიტოლოგიის სამმართველოს უფროსი ლევან ბაიდოშვილი უპასუხებს:
_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩ და A ჰეპატიტები აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადებაა, სხვადასხვა გამომწვევითა და კლინიკური სურათით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ღვიძლს აზიანებს, ერთმანეთთან არანაირ კავშირში არაა არც გადაცემის მექანიზმით, არც კლინიკური სურათით... ჩ ჰეპატიტი გადაეცემა სამედიცინო მანიპულაციებით, სქესობრივი გზით; A ჰეპატიტი კი ასე არ გადადის – ყოველ შემთხვევაში, მედიცინის ისტორიაში, მსგავსი მექანიზმი აღწერილი არაა. A ჰეპატიტი გადაეცემა ისევე, როგორც დიარეული დაავადება, კერძოდ: დაბინძურებული ჭუჭყიანი ხელებით, გაურეცხავი და თერმულად ცუდად დამუშავებული ან საერთოდ დაუმუშავებელი, ფეკალური და საკანალიზაციო სითხეებით დაბინძურებული საკვებით ან ასეთივე წყლით, თუ მას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იყენებს სასმელად. ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემები კი, სადაც წყლის ფილტრაცია, დეზინფექცია და სტერილიზაცია ხორციელდება, გამორიცხავს მსგავს რისკებს.
_ ანუ ასეთ შემთხვევაში, რისკი არ არსებობს?
_ შანსი, დაბინძურებული საკანალიზაციო სითხეებით დაბინძურებული, უმად მისაღები საკვებით დაავადების გავრცელებისა, არსებობს. რაც შეეხება კალიფორნიას, იქ ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე იყო შტორმი, დაიტბორა დიდი ტერიტორია, რაც ავტომატურად აზიანებს საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემებს. ცალსახად შეიძლება თქმა _ რაც დღეს ამერიკის ზოგიერთ შტატში ხდება, შტორმისა და საკანალიზაციო თუ სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგია.
რაც შეეხება საქართველოს, ხაზგასმით ვამბობ, თეორიულად მსგავსი რამ შესაძლოა ჩვენთანაც განვითარდეს და სადღაც, სოფელში, რომელიღაც დასახლებაში მოხდეს საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების თანმხვედრი _ ერთდროული დაზიანება და შედეგად დაბინძურდეს სასმელი წყალი, ოღონდ თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში, კონკრეტულ უბანზე არ არის A ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი, რომელიც ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფს A ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსს, თავისთავად ცხადია, ამ დაავადების გავრცელება არ მოხდება!
საქართველოში, ბოლო 15 წლის განმავლობაში, მთელ ქვეყნის მასშტაბით, A ჰეპატიტის 20 შემთხვევაზე მეტი არც ერთ წელიწადს არ გვქონია. ძირითადად, ავადდებიან მოზარდები 14 წლამდე ან სკოლამდელი ასაკის ბავშვები. ზრდასრულ მოსახლეობას დაავადება გადატანილი აქვს და იმუნიტეტიც გააჩნია.
_ რა ნიშნები ახასიათებს A ჰეპატიტს?
_ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლენა, რომელიც შესაძლოა ახლობლებმაც კი შეამჩნიონ, ესაა თვალის სკლერების, ასევე კანის გაყვითლება, მუქდება შარდი, შესაძლოა, გადიდებული იყოს ღვიძლი და აღინიშნებოდეს გარკვეული უსიამოვნო შეგრძნება... თუ ეს კლინიკური ნიშნები არ არსებობს, მერწმუნეთ, ისე გადაიტანს A ჰეპატიტს ნებისმიერი, რომ ვერც გაიგებს.
_ რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ვაქცინა, მოთხოვნადია თუ არა იგი საქართველოში?
_ სახელმწიფო პროგრამა აცრებს A ჰეპატიტზე არ ითვალისწინებს. რაც შეეხება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, იქაც ყველგან სახელმწიფო არ იღებს საკუთარ თავზე აცრებს, უბრალოდ, არის რეკომენდაციები, სადაც საქართველოცაა მოხსენიებული. ვაქცინები, რომელიც საქართველოში შემოდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული და, შესაბამისად, ხარისხსა თუ მაღალეფექტურობაზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება... ისე კი, ნამდვილად არ გამიგია, ვინმეს მოეთხოვოს ამ აცრის ჩატარება.
თამარ ლომსაძე

back to top