Menu
RSS

ქვეყნის მთავრობამ მუსლიმებს სახის დაფარვა აუკრძალა

რატომ სცემეს ჩადრიანმა ქალებმა პედაგოგი ვენის ქუჩაში
ავსტრიაში, მუსლიმებს სახის დაფარვა აუკრძალეს. შესაბამისი კანონი ძალაში 1 ოქტომბრიდან შევიდა. ახალი რეგულაციით იკრძალება, საზოგადოებრივ ადგილებში სახის ფარანჯით, ნიქაბით, ჰიჯაბით დაფარვა, ასევე _ სამედიცინო თუ საკარნავალო ნიღბის, რესპირატორის, სპეცსამოსის ტარება. კანონის დამრღვევებს ჯარიმის სახით, 150 ევროს გადახდა მოუწევთ, ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ციხე არ ასცდებათ.
ავსტრიაში ამ კანონის მიღებას მოქალაქეების განწყობაც დაედო საფუძვლად _ ქვეყნის მოსახლეობის 65% მუსლიმიზაციის შეჩერების მომხრეა. ბოლო წლებში კონტროლია გამკაცრებული ისლამურ სკოლებზე, ბაღებსა და კულტურულ ცენტრებზე. მთავრობამ დახურა ბევრი ისეთი ისლამური სასწავლო დაწესებულება, სადაც რადიკალიზმი და კორუფცია დაფიქსირდა. მათ კანონით აეკრძალათ უცხოური ინვესტიციის მოზიდვაც. სხვათაშორის, მუსლიმებმა, რომლებიც ავსტრიაში დღეს მეჩეთების ასაშენებლად მიწების გადაცემას ითხოვენ, სხვადასხვა ხრიკს მიმართეს _ მიწებს ყიდულობდნენ და აცხადებდნენ, რომ აქ სახლის მშენებლობას იწყებდნენ. მშენებლობის გარკვეულ ეტაპზე შენობას სტატუსს უცვლიდნენ და ისლამურ დატვირთვას სძენდნენ, მაგალითად, კულტურულ ცენტრად ასახელებდნენ. ცხადია, ეს არ გამორჩა მხედველობიდან ავსტრიის ხელისუფლებას და მსგავსი ობიექტები საერთოდ დახურა.
ავსტრიაში ისლამიზაციის წინააღმდეგ საკმაოდ აქტიურად იბრძვის რეიტინგით მეორე პოლიტიკური ძალა _ ,,ლურჯების პარტია'' (FPÖ), ქრისტიან შტრახეს ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელის დაპირებაა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისლამიზაციას საერთოდ შეაჩერებს.
მედიაში აქტიურად წერენ, რომ აღნიშნული კანონი ძალიან მოსწონთ გერმანელებს, რომლებიც ავსტრიას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიბაძავენ. სხვათაშორის, ანალოგიური კანონი, 2011 წლიდან მოქმედებს საფრანგეთსა და ბელგიაში.
ალჟირელი მილიონერი რიჩარდ ნეკკაზი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ავსტრიაში მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდებს, კანონს არ დაემორჩილონ, ისე ჩაიცვან, როგორც სურთ, ხოლო ჯარიმის ქვითრები მას გადაუგზავნონ. მილიონერი ყველას ჰპირდება, რომ ჯარიმას თავად გადაუხდის. ნეკკაზის მოწოდება ავსტრიაში ვითარების დაძაბვის მცდელობად უკვე შეაფასეს. სხვათაშორის, მას 9 ოქტომბერს ავსტრიაში ჩასვლა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, ნიქაბში გამოწყობილს, საპროტესტო აქციის ჩატარება ჰქონდა დაანონსებული.
8 ოქტომბერს, პარიზში, იგი სასტიკად სცემეს და სასწრაფო ოპერაციაც კი დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ნაცემ-ნაოპერაციევი მილიონერი, 9 ოქტომბერს, ვენას მაინც ესტუმრა და თავი საკმაოდ სასაცილო ვითარებაშიც ჩაიგდო _ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პოლიცია იყო მობილიზებული. აქვე იყვნენ ქვეყნის წამყვანი ჟურნალისტებიც. ნეკკაზი დაანონსებულ ადგილზე ნიღბით გამოცხადდა და მედიის წარმომადგენლებს მცირე ინტერვიუც მისცა. მას სამართალდამცავებმა ჯარიმაც გამოუწერეს და ,,მოსალაპარაკებლად'' საგარეო საქმეთა სამინისტროშიც შეაცილეს, თუმცა უწყებაში ვის შეხვდა მილიონერი და რაზე ისაუბრეს, მედიისთვის უცნობია.
ვენაში, კანონის აღსრულებაზე ზრუნავენ რიგითი მოქალაქეებიც. ისინი ქუჩაში სახედაფარულ მუსლიმებს აჩერებენ და სთხოვენ, კანონს პატივი სცენ. ასე მოიქცა ერთ-ერთი ავსტრიელი მასწავლებელი ქალბატონიც. მან ჩადრიან ქალებს შენიშვნა მისცა და შეახსენა, რომ 1 ოქტომბრიდან სახის დაფარვა ეკრძალებათ. მუსლიმებმა ჯერ ისტერიკა მოაწყვეს, შემდეგ პედაგოგს თავს დაესხნენ და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. პოლიციამ მოძალადეები განყოფილებაში წაიყვანა, ავსტრიელ მოქალაქეს სიფრთხილისკენ მოუწოდეს და ისიც კი უთხრეს, რომ არაა გამორიცხული, სხვა დროს, მსგავს ვითარებაში, მუსლიმებმა მის წინააღმდეგ ცივი იარაღიც გამოიყენონ.
ლევან ხვედელიძე, ,,ვერსიისთვის'' ავსტრიიდან

back to top