Menu
RSS

„ისინი უხელფასოდ მუშაობენ, კარგი იქნება, გამგეობა ან სპორტული კომიტეტი, მათ ყურადღებას მაინც თუ მიაქცევს“

ადრეულ წარსულში, როცა სპორტის მრავალი სახეობა მაინცდამაინც მასობრივი არ იყო, იმ დროს ჭაბუკთა შორის ძალზე გავრცელებული იყო მკლავჭიდით ძალის გამოცდა. დღეს სპორტის ეს სახეობა ძალზედ პოპულარულია და ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, ტრადიციები გააგრძელოს, თავი გამოიჩინოს და წარმატებაც მოიპოვოს.
ასე იყო სწორედ ამ ორი ბოგდანოვკელი ძმის, გიორგი და ვანო ხარებაშვილების შემთხვევაშიც. ისინი სტუდენტობის წლებში, სწავლის პარალელურად, უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდნენ მკლავჭიდის სახეობაში. გიორგი და ვანო უნივერსიადის შეჯიბრებებში სისტემატურად მონაწილეობდნენ მკლავჭიდში, თავის წონით კატეგორიაში და ყოველთვის პირველ ადგილსაც იკავებდნენ. მათ მიღებული აქვთ გამარჯვების მრავალი თასი, მედალი, სიგელი, სერთიფიკატი, დიპლომი თუ ფასიანი საჩუქარი. ამავე დროს, საქართველოს მკლავჭიდის სპორტული ფედერაციიდან მინიჭებული აქვთ მწვრთნელის სტატუსი.
გიორგიმ და ვანომ, 8 წლის წინ, წარმატებით დაამთავრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ისინი დღესაც ვარჯიშობენ სპორტის აღნიშნულ სახეობაში. მათ მშობლიურ სოფელში გადაწყვიტეს ცხოვრება, თავიანთ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს მიუბრუნდნენ და საუკეთესო მევენახეებიც გახდნენ.
გიორგისა და ვანოს ასეთი წარმატების გამო, ჩვენი სოფლის ახალგაზრდა თაობის მოზარდ ბიჭებს გაუჩნდათ დიდი სურვილი და ინტერესი, დაეწყოთ ვარჯიში მკლავჭიდში. ძმებმა გადაწყვიტეს და აიღეს ვალდებულება, თავიანთი სახლის ეზოში გაეხსნათ სავარჯიშო ღია დარბაზი. ამისთვის შეიძინეს მკლავჭიდის ორი მაგიდა, ძალისმიერი წოლჭიმი და სპორტის ამ სახეობისთვის საჭირო ინვენტარი.
ეს იყო 8 წლის წინ. პირველად ჩვენი სოფლის თვრამეტმა ბიჭმა დაიწყო ვარჯიში. შემდეგ მათ შემოემატნენ მეზობელი სოფლებიდან: ბადიაურიდან, შიბლიანიდან, კაკაბეთიდან, საგარეჯოდან და სხვა.
გიორგი და ვანო მიზანდასახულები და მონდომებულები არიან ამ საპატიო საქმის გაძღოლისთვის. ისინი უანგაროდ და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით ემსახურებიან ამ ნოვატორულ საქმეს.
ვარჯიშს ატარებენ რეგულარულად, კვირაში სამჯერ, საღამოს საათებში, მაქსიმალური დატვირთვით, თითქმის ორსაათნახევარი მაინც ასწავლიან სხვადასხვა ხერხებსა და ილეთებს, მკლავის მოძრაობებს... გიორგი ხშირად ანებებს თავს საკუთარ საქმეს და ბიჭებს ვარჯიშს არ უცდენს.
ეს ახალგაზრდა მკლავჭიდელები ხშირად აწყობენ შეჯიბრებებს ახლომდებარე საჯარო სკოლებში, რაც დიდ სიხარულს, ხალისს და აღფრთოვანებას იწვევს მოსწავლეებში. ახალგაზრდები _ გიორგი აბესაძე, ტრისტან ხუროშვილი, ნუგზარ ჭიკაძე, ფირუზ და გიორგი ზირაქაშვილები და სხვები, მონაწილეობენ კახეთის რაიონში მკლავჭიდში ჩატარებულ შეჯიბრებებში და იქიდან ყოველთვის საუკეთესო შედეგით ბრუნდებიან.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ მკლავჭიდის ჯგუფიდან ჩვენი სოფლის, ჩვენი მეზობლის ბიჭი ირაკლი ზირაქაშვილი ექვსი წელი ვარჯიშობდა და საუკეთესო შედეგსაც მიაღწია. ჯერ საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა მკლავჭიდის სახეობაში, შემდეგ ევროპის ორგზის ჩემპიონი და სამჯერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. წელს კი, აპრილის თვეში, ჩატარებულ საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატში, ირაკლი ზირაქაშვილმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, მწვრთნელმა გიორგი ხარებაშვილმა მეორე ადგილი, ხოლო ნუგზარ ჭიკაძემ, რომელიც მხოლოდ ერთი წელია ვარჯიშობს, თავის წონით კატეგორიაში, მეორე ადგილი დაიმსახურა.
ჩემი ბიჭი, ნუკრი მღებრიშვილი მეცხრე კლასის მოსწავლეა. მან დიდი სურვილი გამოთქვა, ვარჯიში დაეწყო მკლავჭიდში. ის აღფრთოვანებული და კმაყოფილია სპორტის ამ სახეობით, არ აცდენს არც ერთ ვარჯიშს, იმდენად გაძლიერდა, რომ უკვე თავისზე უფროსებზეც იმარჯვებს, გრძნობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი სასურველი და აუცილებელია. მწვრთნელი გიორგი ხარებაშვილი აკონტროლებს მოვარჯიშე ჯგუფის წევრების ჯანსაღ ცხოვრებას. ვარჯიშის პერიოდში, შესვენებისას, ბიჭებს ხშირად აცნობიერებს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, თანამედროვე ტიპის სიახლესა თუ აღმოჩენებში. დღეს, მართალია, ინფორმაციის მიღების უამრავი გზა და წყარო არსებობს, მაგრამ ნათქვამია: ,,ქებას ნახვა სჯობიაო''.
გიორგი და ვანო ხარებაშვილები არასდროს ყოფილან დაინტერესებული კარიერით. ისინი ერთი უბრალო კეთილი ნების პროგრესული ადამიანები არიან. ამ ყველაფერს, ჩემი აზრით, დანახვა და დაფასება უნდა. ჩვენი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტულ კომიტეტს, არასდროს უმსჯელია როგორ ან რა სახსრებით მონაწილეობენ ხარებაშვილების მიერ ნავარჯიშევი ბიჭები მუნიციპალურ შეჯიბრებაში და როგორი შედეგით ბრუნდებიან იქიდან. გიორგი და ვანო უხელფასოდ, უანგაროდ მუშაობენ, მაგრამ ხომ შეიძლება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ტრანსპორტი მაინც გამოუყოს და დაუფინანსოს მგზავრობა?!
გამგეობა და სპორტული კომიტეტი ასეთ კომპრომისზე არასდროს მიდის, არასდროს დაინტერესებულან, არ აღუნიშნავთ და არც უკითხავთ ამ ბიჭების საქმიანობის შესახებ... ნუთუ, არ შეიძლება, სოფელ ბოგდანოვკაში ერთი პატარა სავარჯიშო ოთახი გამოყონ და იქ გააგრძელონ სპორტული საქმიანობა და ყურადღება მიაქციონ ასეთ საქველმოქმედო საქმეს.
ზეინაბ გრუდკო

back to top