Menu
RSS

როგორ ვებრძოლოთ მავნებელს სახლის პირობებში და როგორ დაიცვან ფერმერებმა მოსავალი

9 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში, მოსახლეობამ მავნებელი მწერი _ აზიური ფაროსანა შენიშნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ჩატარებული კვლევის შედეგად, დაასკვნეს, რომ აზიური ფაროსანა დედაქალაქში ნამდვილად დაფიქსირდა. შესაბამისად, თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი გააძლიერა და მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსება დაგეგმა. აზიურ ფაროსანას, დიდ მანძილზე, დაახლოებით, ათეულობით კილომეტრზე გადაადგილება შეუძლია. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, მავნებელი საცხოვრებელი სახლებისკენ და ურბანულ ტერიტორიებზე მიგრირებს. თბილისში აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოდან, ტრანსპორტის საშუალებით მოხვდა.
 
აზიური ფაროსანა თბილისში
თბილისში ფაროსანას გამოჩენის გამო მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. რადგან ბუნებაში რამდენიმე ათეული მწერია, რომლებიც აზიურ ფაროსანას ჰგავს, თბილისში, ვაკის პარკში აღმოჩენილი მწერი ლაბორატორიულად გამოიკვლიეს.
კვლევით დადასტურდა, რომ დედაქალაქში აზიური ფაროსანა მართლაც დაფიქსირდა, ამიტომ თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ქიმიურ წამლობას ღია სივრცეებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ჩაატარებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ პრეპარატების გამოყენება საცხოვრებელ სახლებში დაუშვებელია და მოსახლეობას ურჩევენ, სახლებში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ მექანიკური ღონისძიებები გამოიყენონ. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით: ,,აზიურ ფაროსანას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც ებრძვიან, თუმცა ბრძოლის კონკრეტული პროტოკოლი ამ დრომდე, არცერთ ქვეყანაში არ დადგენილა. მავნებლის სრული განადგურება ჯერჯერობით ამ ქვეყნებშიც ვერ ხერხდება. პირველად, აზიური ფაროსანა 2001 წელს, აშშ-ს 34 შტატში გავრცელდა. აშშ-ს მავნებელთან ბრძოლის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ მწერი ამ ტერიტორიაზე კვლავ ფიქსირდება. თუმცა მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში''.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით კი, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და დაავადებების გადამტანი არ არის. ფაროსანა, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აზიანებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა პირველად, 2015 წელს დაფიქსირდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მავნებელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აფხაზეთის გავლით, რუსეთიდან გამოჩნდა. ცალკეული ექსპერტების განმარტებით, რუსეთი აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური იარაღის სახით იყენებს. მავნებელთან
ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს. სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება: ,,ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიებისა და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება. მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ღონისძიებების გატარებაში და ვინც სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები უკვე შეწამლა, მავნებლის შემცირებას ადასტურებს. პარალელურად, გრძელდება პრეპარატების დარიგების პროცესი _ ერთ ოჯახს, ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი), მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა''.
პრეპარატებს, დაახლოებით, 230 000 ოჯახს გადასცემენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები: სამეგრელოს რეგიონში 95 911 ოჯახს; გურიაში _ 50 670-ს; იმერეთში _ 38 838-ს; აჭარაში _ 13 000-ს. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების, ასევე ავიაციის საშუალებით, 110 000 ჰა-მდე ფართობი შეიწამლა.
რა არის აზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მასპინძელი მცენარეებით იკვებება. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მილიმეტრია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურითა და თეთრი ზოლებით _ ფეხებზე, ფერდებსა და ულვაშებზე.
2016 წელს, საქართველოში მავნებელმა თხილის მოსავალი მნიშვნელოვნად დააზარალა და გარკვეულწილად, სიმინდიც დააზიანა. ამ კულტურების გარდა, ფაროსანა ანადგურებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით, ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკასა და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს, მოსავლის დანაკარგმა, შესაძლოა, 70%-ს მიაღწიოს.
აზიური ფაროსანა გაზაფხულზე _ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან, მცენარეზე სახლდება და მავნებლობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ხორთუმის საშუალებით, ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და ლპობად ლაქებს წარმოქმნის. ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება. ფაროსანა სიმინდის ტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში, სიმინდზე გადადის, ინტენსიურად ჩხვლეტს სიმინდის ფუჩეჩს და მარცვალს აზიანებს; გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში შედის, ძვრება ნაპრალებსა და სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ, ხეების ფუღუროებში. გამოზამთრების შემდეგ _ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა მცენარეებით კვებასა და კვერცხდებას იწყებს. სულ 200-მდე კვერცხს დებს, ძირითადად, ფოთლის ქვედა მხარეს, ჯგუფებად. მავნებლის კვერცხი თეთრი ფერისაა და გამოჩეკის წინ, ოქროსფერ შეფერილობას იღებს.
4-5 დღეში, მოწითალო ნიმფები (მატლები) იჩეკებიან, რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდეგ _ მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 50-55 დღეში, ფაროსანა უკვე ზრდასრულ ასაკშია.
ფაროსანასთან ბრძოლის ქიმიური საშუალებები
ფერმერებმა, რომლებსაც თხილი, სიმინდი და სხვადასხვა კულტურები მოჰყავთ, აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ და რა პრეპარატებით შეწამლონ ნათესები, რათა მოსავალი დაიცვან. მავნებლის წინააღმდეგ, საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდებს იყენებენ. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებისა და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფის _ ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგან საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურაკურა. ამ პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-დან 1 ლიტრამდე/1 ჰექტარზე.
ფაროსანას წინააღმდეგ, შემდეგი დასახელების ინსექტიციდებსაც იყენებენ: პირინექს სუპერი (ბიფეტრინი + ქლორპირიფოსი) _ 0.8 ლიტრიდან 1.5 ლიტრამდე/1 ჰა-ზე; ანტიხრუში (ბიფეტრინი + იმიდაკლოპრიდი) _ 1კგ/1 ჰა-ზე; ნურელ დ (ქლორპირიფოსი + ციპერმეტრინი) _ 0.4 ლიტრიდან 1 ლიტრამდე/1 ჰა-ზე; ეფდალ-ფოსეტრინი (ქლორპირიფოსი + ცეპერმეტრინი) _ 0.4 ლ/1 ჰა-ზე; არივო (ცეპერმეტრინი) _ 0.2 ლ/1 ჰა-ზე; აქტარა (თიამეტოქსამი) _ 0.12 კგ-დან 0.14 კგ-მდე/11 ჰა-ზე; კონფიდორ მაქსი (იმიდაკლოპრიდი) _ 0.1კგ/1 ჰა-ზე.
ხეხილისა და თხილის ბაღებში, ფერმერები მაისიდან ინტენსიურად დააკვირდნენ მცენარეებს. მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში, ქიმიური წამლობა უნდა ჩაატაროთ, რომელიც გაცილებით ეფექტურია ნიმფის (მატლის) ფაზაში. პირველი წამლობა ტარდება ნიმფების მასობრივი გამოჩეკის შემდეგ: კოლხეთის დაბლობზე _ ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში _ შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდში, მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში უნდა ჩატარდეს ქიმიური შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზეც. იგივე კულტურებზე მეორე წამლობა ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში ტარდება, მესამე წამლობა _ თხილის მოსავლის აღების შემდეგ, მეოთხე წამლობა _ სიმინდისა და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებლებზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, ხოლო მეხუთე წამლობა _ სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით ტარდება.
პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების წესები: იქონიეთ სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება! პესტიციდების გამოყენების წინ, დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა! მოარიდეთ ფუტკარი ქიმიურ წამლობას! არ გამოუშვათ წამლობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სკებიდან! ქიმიური შესხურება ჩაატარეთ დილისა და საღამოს საათებში! შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში! წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას, საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში _ შუადღის საათებში! არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!
ბრძოლის მექანიკური მეთოდები
მავნებელი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში. ამ ფაზაში, ფაროსანასთან ბრძოლა, თავშესაფრის ადგილებიდან უნდა დაიწყოთ. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების რეკომენდაციებით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
დაამზადეთ მარტივი კონსტრუქციის მუყაოს, ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ მოათავსებთ კვერცხის ჩასაწყობ მუყაოს ფირფიტებს, ან მსგავს მასალას. გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ეს თავშესაფრები სახლების მახლობლად მოათავსეთ და ამ გზით, მავნებელი ,,მოაგროვეთ''. სახლებში შესულ ფაროსანასთან აუცილებელია მექანიკური ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად მტვერსასრუტით. ასევე შესაძლებელია, მოზრდილ ავზში ჩაასხათ საპნიანი წყალი და მწერი მასზე ნათურის დანათებით მოიზიდოთ. საპნიან წყალში ჩავარდნილი მავნებელი დაიხოცება.
 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ეფექტურად გამოიყენება მეთოდი _ ე.წ. მოიზიდე და მოკალი: ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე მოათავსეთ ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, 2-3 ერთეულ ფერომონს დაამაგრებთ. ბადესთან კონტაქტის შემდეგ, ფაროსანა კვდება. ვეგეტაციის პერიოდში, ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე, ხუთი, ან მეტი ფერომონი დაამაგრეთ და ყოველკვირეული წამლობა ჩაატარეთ იმ ქიმიური პრეპარატებით, რომლებიც ამ მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველადაა რეკომენდებული. არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა, გახსოვდეთ, რომ ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას!
მაია მიშელაძე

back to top