Menu
RSS

უნდა აიკრძალოს თუ არა სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური სამოსი

2017 წლის 18 სექტემბერს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა ზოგადი წინადადებით, გაატაროს ეფექტური ღონისძიებები საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, მოსწავლეთა მიერ რელიგიური იდენტობის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფის მიზნით. წინადადების საფუძველი გახდა ააიპ ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) და ააიპ ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა, მუსლიმ მოსწავლეს მოსთხოვა, ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავი (ჰიჯაბი) სკოლაში არ ეტარებინა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ეს ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას. ომბუდსმენმა სამინისტროს მოუწოდა, ჩამოაყალიბოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი მიდგომა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით, აღმოფხვრას სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნით გამოყენების პრაქტიკა; ამასთან, უჩა ნანუაშვილი სამინისტროს მოუწოდებს, სასკოლო საათების დროს რელიგიურ რიტუალებში არაქრისტიანული მოსწავლეების მონაწილეობის სავარაუდო ფაქტები სათანადოდ შეისწავლოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ სამინისტრო ცნობს ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და უზრუნველყოფს სკოლებში ნეიტრალური და არადისკრიმინაციული გარემოს არსებობას. თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლები თავად ადგენენ შინაგანაწესს და არეგულირებენ სასკოლო ცხოვრებას, მათ შორის, ჩაცმულობას, ატრიბუტიკის ტარებას და ა.შ. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ხშირად, რიგი საკითხები, რელიგიურ ჭრილში განიხილება. ,,ვერსია'' დაინტერესდა, უნდა ჰქონდეთ თუ არა სკოლაში ჰიჯაბის ტარების უფლება მუსლიმ მოსწავლეებს მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური ატრიბუტიკის, მაგალითად, ხატების, ჯვრების საჯაროდ გამოფენა სკოლებში იკრძალება?
თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას აზრით, პრობლემის არსი ისაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს გამოკვეთილი რელიგიური პოლიტიკა. არადა, ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონი'' რელიგიური და პოლიტიკური ინდოქტრინაციისაგან ათავისუფლებს სკოლას: ,,მიუხედავად ამ კანონისა, ზოგ სკოლაში მაინც ერთ ჯგუფს გააჩნია პრივილეგია, მაგალითად, რელიგიური სიმბოლოები ხატებისა და ჯვრების სახით საჯარო სივრცეშია გამოფენილი''. ნარსია აღნიშნავს, რომ ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებით არაშესაფერისი შედარებები გაკეთდა: ,,ითქვა, რომ ჰიჯაბი არ უნდა დაუშვას სკოლამ და მეორე მხარეს დააყენეს საკითხი, მაშინ ჯვრებიც ავკრძალოთო. ჯვარი დაფარულია, მისი საჯარო ვიზუალიზაცია არ ხდება, ამიტომ მას ვერ შევადარებთ ჰიჯაბს''.
ნარსია ახალ კონსტიტუციაში იმ ჩანაწერზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც რელიგიური თავისუფლება შეიზღუდება სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე: ,,სახელმწიფო, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში, საფრთხედ მიიჩნევს რელიგიური, ამ შემთხვევაში ისლამური თემის გაძლიერებას, რაც დიდი შეცდომაა. რელიგიის სახელით უშიშროებისა და პოლიციის საქმე არ უნდა კეთდებოდეს. როცა რომელიმე ჯგუფი სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის, არაერთი კანონით ისჯება''.
ვლადიმერ ნარსია აღნიშნავს, რომ საზოგადოების განწყობას მკვეთრად შეცვლის ინტერრელიგიური განათლება. თეოლოგს მიაჩნია, რომ ეკლესიას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, სკოლებში მხოლოდ მართლმადიდებლობა ისწავლებოდეს: ,,დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 7 წელი რელიგიის მასწავლებელი ვიყავი და ვიცი, რა მძიმე ვითარება იყო. არ არსებობდა სახელმძღვანელო და ყველა საშუალებით ცდილობდნენ, მიეწოდებინათ ბავშვებისთვის კონფესიური კლიშეები მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით. რთულია, ბავშვებს ღმერთზე ისეთი ხისტი ფორმულებით ელაპარაკო, რაც იწვევს გამრუდებულ წარმოდგენას ღმერთის არსებობაზე. ეს სარისკოა და 12 წელი, 2005 წლამდე, ვიდრე ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, ამან შედეგი ვერ გამოიღო''.
სხვათა შორის, ვლადიმერ ნარსია განათლების სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურშიც მუშაობდა, 2017 წლამდე. მისი აზრით: ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერაფრით ისაზრებდა აუცილებლობას, რომ ინტერრელიგიურ კონტექსტში ყოფილიყო განხილული სკოლებში რელიგიური თემატიკა. ვესწრებოდი შეხვედრებს საგნის – ,,მე და საზოგადოება'' შესახებ. ლაპარაკი იყო ვითომ პატრიოტულ მოტივებზე. ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა ამგვარი თემების განხილვა იმ ასაკობრივ ჯგუფთან, რომელსაც საგანი ითვალისწინებდა. მოქმედ მინისტრს შეიძლება ნულოვანი წარმოდგენა აქვს ამ საკითხებზე, მაგრამ მას ვიღაც კარნახობს, ან საერთოდ არ დავუშვათ რელიგიის სწავლება, ან მართლმადიდებლური სარწმუნოება ისწავლებოდეს დომინანტურად, რაც შეცდომაა. 2018 წლიდან ამოქმედდება ახალი სასწავლო გეგმა, რომელშიც რამდენიმე ჩასწორება მოხდა. არ ვიცი, როგორია საბოლოო ვერსია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დაისვა საკითხი, ამოღებულიყო რელიგიური თემატიკა, რადგან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ბოლო შეხვედრაზე საპატრიარქოს კომისიასა და სამინისტროს ჯგუფს შორის იმდენად აბსურდულ თემებზე იყო დაპირისპირება, გადაწყვიტეს, რელიგიური თემები საერთოდ ამოეღოთ, რაც სამინისტროს არასწორი პოლიტიკაა''.
თეოლოგი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლიბერალური მიდგომა აზიანებს მართლმადიდებლურ ეკლესიას: ,,პირიქით, მივიღებთ საზოგადოებას, რომელიც არასოდეს ჩაარტყამს თავში ჯვარს ვინმეს ქრისტიანობის დასაცავად; რომელიც აფასებს საკუთარ იდენტობას, არაფერში გაცვლის მას, მაგრამ იცის, რომ მის გვერდითაა სხვა გემოვნების, იდენტობის საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებთანაც მშვიდობიანი თანაცხოვრება აუცილებელი წინაპირობაა სეკულარული და პლურალური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის''.
იმის გასარკვევად, რა ცვლილებები შევიდა საგანში ,,მე და საზოგადოება'', ,,ვერსია'' განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, რელიგიის საკითხის სწავლება დამოუკიდებელ საგნად ან ინტეგრირებულად არ არის გათვალისწინებული: ,,რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლება ისტორიაში, როგორც ეპოქის და ამ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების საზოგადოებრივი და კულტურული ყოფის ერთ-ერთი ნაწილი. რაც შეეხება, დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგანს ,,მე და საზოგადოება'', ამ შემთხვევაში რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი. მაგალითად, მოსწავლეები საუბრობენ საკითხებზე: რატომ აღვნიშნავთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებს (მაგ: დამოუკიდებლობის დღეს, აღდგომას). როგორ გამოვლინდება რელიგიური რწმენა-წარმოდგენები კულტურის ძეგლებსა და ტრადიციებში; რატომ და როგორ გამოვხატოთ პატივისცემა სხვა ადამიანების მიმართ მიუხედავად მათი განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა ან ეთნიკური კუთვნილებისა. რატომ არ შეიძლება რელიგიური შეხედულების/რწმენა-წარმოდგენის სახელით ძალადობა და ა.შ''.
საკითხთან დაკავშირებით, ,,ვერსია'' სასულიერო პირის პოზიციითაც დაინტერესდა. ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) განმარტავს, რატომ არ უნდა იარონ მუსლიმმა გოგონებმა სკოლაში ჰიჯაბით:
– არ უნდა იარონ მუსლიმმა ბავშვებმა ასეთი ტანსაცმლით, რადგან სულ გვაქვს მუსლიმი მოქალაქეების ინტეგრაციის პრობლემა. სკოლაში ასე სიარული უფრო გააღრმავებს შინაგან გაუცხოებას ქრისტიან ბავშვებთან. ანუ ეს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაა მიუღებელი. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელზეც არის დაფუძნებული ეროვნული სული და კულტურა, არ გვაქვს უფლება, რელიგიური გრძნობები სრულყოფილად გამოვხატოთ. ბევრი შემთხვევაა, როცა სკოლებში ხატების ქონის უფლებაც კი არ აქვთ. რომის პაპზე მეტ კათოლიკეობას რომ ვავლენთ, ეს სახალხო დამცველის მისამართით შეიძლება ითქვას. შე დალოცვილო, თუნდაც ერთხელ გაგიპროტესტებია, მართლმადიდებლებს რომ ჩაგრავენ და არ აძლევენ უფლებას, ხატები ჰქონდეთ? ევროპის რიგ ქვეყნებში აკრძალეს ამგვარი მუსლიმური შესამოსელით სიარული. ამას თავის მიზეზები აქვს, თუნდაც ტერორიზმის მომატებული საფრთხე... ამის გარდა, ვფიქრობ, ეს ბავშვების უფლებების უხეში დარღვევაა. ბავშვები განსხვავებულს რომ დაინახავენ, შეიძლება, შეიქმნას დისტანცია, ცინიკური ან კონფლიქტური დამოკიდებულება, რაც კარგი არც ერთი მხარისთვისაა. ეს სულაც არ გამოიწვევს მართლმადიდებელი ბავშვებისგან ისლამის კულტურის პატივისცემას – პირიქით. მე, როგორც ქრისტეს მღვდელი, სარწმუნოებრივი აღმსარებლობის თავისუფლების მომხრე ვარ და ვამბობ, რელიგიური თვალსაზრისით არანაირი ძალადობა ადამიანებზე არ შეიძლება. ყველა ირჩევს თავისთვის მისაღებ გზას, მაგრამ ბავშვის ასეთ წნეხში მოქცევა არასწორად მიმაჩნია. ჩვენი ლიბერალები იმაზე ყვირიან, ბავშვებს რომ ნათლავთ, არ ეკითხებითო. მონათლულ ბავშვზე არანაირი ძალადობა არ ხდება, ესაა მშობლის ზრუნვა, ქრისტიანულ კულტურაში გაზარდოს შვილი. ამ შემთხვევაში კი პირდაპირ ძალადობაა – ბავშვი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. ვფიქრობ, ეს ჩვენი უფლებადამცველის მხრიდან ჩვეულებრივი პოპულიზმი, დემოკრატიობანას თამაშია. ასე გვჩვევია ქართველებს, ყველაზე მაგარი რევოლუციონერები ხომ ქართველები იყვნენ (იცინის), ეს უბედურება გვჭირს...
– არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი ამ საკითხში და აცხადებენ, ზოგან რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია ხდებაო.
– ჩვენი უფლებებიც ირღვევა. გვინდა, მართლმადიდებლობის გამომხატველი ნიშნები იყოს სკოლებში. სპეციალური სამოსელი არ გვაქვს და ქრისტიან გოგონებს რა ჩავაცვათ? მაგრამ ხომ შეიძლება, საღვთო რჯულის გაკვეთილები მოვითხოვოთ?! დისკრიმინაცია ამ შემთხვევაში მართლმადიდებლების მიმართ ხდება. მართლმადიდებელ ბავშვებს არაფერი დააკლდებათ, თუ მუსლიმი გოგონები ამ შესამოსელით მივლენ სკოლაში, პრობლემა თვითონ ამ ბავშვებს ექნებათ, ვერ შევლენ კომუნიკაციაში. სკოლა ხომ ყველას გაგვივლია, სადაც თავისუფალი, გახსნილი ურთიერთობები ყალიბდება და ეს ბავშვები ცოდოები არიან, აბსოლუტურად იზოლირებულები იქნებიან. ყველაფრის თავი და თავი ადამიანებისთვის თავისუფლებაა და ფაქტი, რომ პატარა გოგონებმა ასეთი სამოსელით იარონ, სწორედ მათი თავისუფლების შეზღუდვაა.
– თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ 21-ე საუკუნეში ყველა რელიგიას გამოხატვის თანაბარი საშუალება უნდა მიეცეს, რათა თავიდან ავიცილოთ საზოგადოება, რომელიც ,,თავში ჯვარს ურტყამს ადამიანებს''...
– რა თქმა უნდა, თავში ჯვრის ჩარტყმა ძალიან ცუდია და ეს ქრისტიანული ეკლესიის, მართლმადიდებლობის საზღვრებსმიღმა გასვლაა. ეს არის ფანატიზმი, რომელსაც პრინციპში, შინაგანი კავშირი არ აქვს სარწმუნოებასთან და თუ ასეთი რამ ეკლესიის წიაღში ხდება, ეს ეკლესიის მმართველობის ადმინისტრაციის კრიზისია. მაგრამ რამდენადაც საშინლად უნდა მოგვეჩვენოს თავში ჯვრის ჩარტყმა, მერწმუნეთ, ეს აგრესიის გაცილებით მსუბუქი ფორმაა, ვიდრე ადამიანების აფეთქება. ასე რომ, როცა ვინმე ჩვენი მხრიდან ფანატიზმის გამოვლენაზე ლაპარაკობს, იქვე თქვას, რომ ასევე არ შეიძლება ადამიანების დახოცვა, აფეთქება, ყელის გამოჭრა... სად ნახეს ეს სანახევრო დემოკრატია, სანახევრო ლიბერალიზმი?!
– როგორ ფიქრობთ, სკოლებში დომინანტურად მართლმადიდებლური სარწმუნეობა უნდა ისწავლებოდეს?
– მართლმადიდებლური რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებითაც პრობლემაა. სწავლება ცუდი არაა, მაგრამ საკითხავია, რამდენად შევძლებთ ჩვენ, ეკლესია ამის რეალიზებას, რადგან ამ საგნის სახელმძღვანელოც კი არ არსებობს. რადგან სწავლება ქართულ ენაზეა, ისტორიაში დომინატი უნდა იყოს საქართველოს ისტორია, რელიგიაში – მართლმადიდებლური სარწმუნოება. აქ მცხოვრებ სხვა რელიგიის და ნაციონალობის მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში თანასწორობის პრინციპით უნდა ცხოვრობდეს, კარგად უნდა ესმოდეს, სად იმყოფება. გამართულად უნდა მეტყველებდეს ქართულად და იცნობდეს ქართულ კულტურას, ყოფას, რათა შეძლოს ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში. ამავე დროს, რატომ არ უნდა ისწავლებოდეს სხვა რელიგიები? მით უმეტეს, ისლამი, რომლის წარმომადგენელიცაა ჩვენი ძალიან ბევრი მეზობელი. როგორც ისწავლება უცხო ენები, ქართული კი დომინანტია, ასევე უნდა ისწავლებოდეს სხვა რელიგიები და მართლმადიდებლობა იყოს დომინანტი. ეს არის ნორმალური და რატომ ეძებენ შავ კატას ბნელ ოთახში, გაუგებარია.
თათია გოჩაძე

back to top