Menu
RSS

რას სთავაზობს ბორჯომის გადამწვარი ტყისპირა სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრიდან თვეზე მეტი გავიდა. ეს დრო ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმასთან შეგუების პერიოდი იყო, რომ ტყის დაწვით დაკარგეს ტურისტული პოტენციალი, შემოსავალი და რაც ყველაზე ცუდია _ მომავლის პერსპექტივა. ახლა ამ ხალხის ბედი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და მასშტაბურად დაიწყება ტყის აღდგენა და როგორი იქნება მასში ადგილობრივების ჩართულობა.
როგორც 9 წლის წინანდელმა, 2008 წლის ომის შემდგომმა, ისევე წლევანდელმა საზარელმა ხანძრებმა განსაკუთრებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დაბა და ამ სოფლის მიმდებარე ტყეები დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხანძრის დროს სოფლიდან გაღწევა ვერ მოახერხა და ამან რამდენიმე ადამიანის კვამლით მოწამვლა გამოიწვია, თუმცა პრობლემები, ცხადია, ამით არ დასრულებულა.
ხანძრების თანმდევმა ტყის დეგრადაციამ მეწყრული პროცესების საფუძველი შექმნა, რამაც თავის მხრივ, გაზაფხულობით ღვარცოფის მოვარდნა გამოიწვია და ერთ დროს ტყით დაფარული სოფლის მიმდებარე ხეობები ღვარცოფის კერა გახდა.
ადგილობრივი მკვიდრი, გიორგი ხაჩიძე გვიამბობს, თუ როგორ შეუქმნა პრობლემები ღვარცოფმა ბორჯომის ხეობის სოფლებს: „დიდი ღვარცოფი ჯერ 2009 ანუ ომიდან მეორე წელს, შემდეგ კი 2010 წელს იყო. წაიღო ჩვენი სარჩო-საბადებელი. ტყის დაწვის შემდეგ, მიწანარევი წყალი მოვარდება, თან ხრეში ჩამოაქვს და ბაღებსა და მინდვრებს ხრეშავს. მოხრეშილ ბაღში აბა, რაღა მოვა? აქაურების პრობლემა ისედაც მცირემიწიანობა იყო და კიდევ ეს გვინდოდა? მერე გზებიც ერთიანად გაფუჭდა და ჩაოხრდა. აბა, რა იქნება? ცხოვრებაში რომ ნიაღვარი არავის უნახავს, ახლა ღვარცოფი მოდის და ვის როდის წაიღებს, ღმერთმა იცის“.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდში ნახანძრალ ფართობებზე მდგომარეობის შეფასების შესახებ დადებულ ოფიციალურ დასკვნაში ვკითხულობთ: ,,2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად ბორჯომის რაიონის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრებით დაზიანდა და მთლიანად განადგურდა 1000 ჰექტრამდე ტყის ფართობი, რამაც გარემოს ეკოსისტემაში გამოიწვია უდიდესი კატაკლიზმები. განადგურდა ტყის მასივები, მთლიანად დაიწვა ქვაფენილი მცენარეულობა ნეშომპალასთან და ჰუმუსოვან ფენასთან ერთად, ძლიერ შეიცვალა არა მარტო ნიადაგური ფენის სტრუქტურა და შემადგენლობა, არამედ ნიადაგ წარმომქმნელი დედაქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და გეოქიმიურ-ბიოლოგიური მახასიათებლები.
ვინაიდან საქართველოს მთიანეთში მცენარეული საფარი და განსაკუთრებით ტყის მასივები ძირითადად ასრულებენ გარემოსდაცვით და წყლისმარეგულირებელ ფუნქციას, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, სპეციალისტები შიშობდნენ, რომ უახლოეს პერიოდში ეკოლოგიური მდგომარეობა უფრო გართულდებოდა; მით უმეტეს, ისეთი რთული რელიეფისა (დიდი დახრილობები, შეფარდებითი სიმაღლეების კონტრასტულობა, ეროზიული დანაწევრების მაღალი კოეფიციენტი) და გეოლოგიურად მაღალი ,,მგრძნობიარობის'' ქანებით აგებულების პირობებში, როგორიც არის თრიალეთის ქედის აღნიშნული მონაკვეთი, რამდენიმე რიგით გაიზრდებოდა წყლის ზედაპირული ჩამონადენი, დაიწყებოდა ისედაც მცირე სიმძლავრის ხირხატიანი ნიადაგის ინტენსიური გადარეცხვა და დახრამვა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა დიდი წყალმოვარდნები, ღვარცოფული პროცესებისა და თოვლის ზვავების მნიშვნელოვანი გააქტიურება, რაც უფრო გაართულებდა ნიადაგური საფარის აღდგენა-რეგენერაციას''.
უცხო და ვითარებასშეუჩვეველი თვალისათვის მართლაც რთულია ბორჯომი-ბაკურიანის გზიდან ერთიანად გადამწვარი და გაშავებული, ერთ დროს მწვანედ ახასხასებული გორაკების დანახვა, მაგრამ გაცილებით რთული სანახავია სიტუაცია, როცა ცენტრალური გზიდან გადაუხვევთ და უშუალოდ ნახანძრალებს მოივლით. სოფელ დაბის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება ოფიციალურად გაჟღერებულ მონაცემებს და ირწმუნება, რომ გადამწვარია დასახელებული არა 700 ან 800, არამედ გაცილებით მეტი, დაახლოებით 1200 ჰექტარი ტყე. ადგილობრივები სახელმწიფო სტრუქტურების კრიტიკის დროს, როგორც წესი, ერიდებიან ვინაობის გამხელას, რადგან იმედი აქვთ, რომ მაშინ, როდესაც ტყის აღდგენა დაიწყება, ამ პროცესში სწორედ ძირითადად სოფელ დაბის მოსახლეობას ჩართავენ და ამიტომ პოტენციურ დამსაქმებელთან საქმის გაფუჭება არავის სურს.
ბატონი ავთო 71 წლისაა და როგორც ამბობს, ბორჯომის ხეობაში რამდენიმე ათეულ ხანძარსაა მოსწრებული, თუმცა ის, რაც მის მშობლიურ ხეობას დაატყდა თავს ცოტა ხნის წინ, არც უნახავს და ვერც წარმოედგინა: „ეს იყო ჩვენი სოფლის დასასრული. ამის მერე რა ეშველება ხალხს და როგორ უნდა ვიცხოვროთ, არ ვიცი. ბევრ რამეს ამბობენ _ 400 ჰექტარი დაიწვაო, 600 ჰექტარი დაიწვაო... მე რასაც ვაკვირდები და აქაურებისგან რაც ვიცი, 1200 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს დამწვარი. ხომ იცით, ჭირმა თავი მალა და ვერ დამალაო. ვის დავუმალავთ სიმართლეს? ყველაფერი ჩანს?!''
ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დროს მომხდარი ხანძრის შემდეგ ითხოვდა დამწვარი ტყიდან გადარჩენილი ხეების გამოტანას, თუმცა სახელმწიფო ამის უფლებას არ აძლევდა. სახელმწიფოსა და გარემოსდამცველების პოზიცია ასეთია _ დამწვარი ხეების ტყიდან გამოტანის დროს ისედაც დეგრადირებული ტყის მიწის მასა ფერდობიდან საერთოდ ჩამოიშლება (კლდოვან ქანებს მოწყდება), რაც საბოლოოდ, დაუკარგავს აზრს ტყის აღდგენას.
გარდა ამას, გარემოსდამცველების აზრით, დამწვარი ხეებისგან შესაძლებელია ერთგვარი ბაქნებიც მოეწყოს, რაც ხელს შეუწყობს დამწვარი ტყეების დატერასებას და ამ გზით უფრო მარტივად მოხდება ახალი ნერგების დარგვა, თუმცა მოსახლეობა აცხადებს, რომ ომის შემდეგ სხვადასხვა _ სახელმწიფო თუ კერძო პროექტებით დაფინანსებული ტყის აღდგენა (დაახლოებით 140 ჰექტრამდე ახალი ტყე გაშენდა) სწორედ მათ მიერ განხორციელდა, რასაც დამწვარი ხეების გამოტანაც ახლდა და ამას აღდგენისათვის ხელი არ შეუშლია.
ლევან გ. ადგილობრივი მკვიდრი: „ჯამში, ეს დამწვარი ხეები მაინც ჩვენი გამოსატანი იქნება და არ ჯობია, რომ სანამ ყველა ხე დამპალა, გაფუჭებულა და შეშად გამოუსადეგარი გამხდარა, მანამდე გამოვიტანოთ და შეშად გამოვიყენოთ? დამიჯერეთ, არ შექმნის ამ ხეების გამოტანა დამატებით პრობლემებს. თუ ხეების გამოტანის შემდეგ 140 ჰექტარი ახალი ტყე გავაშენეთ, იგივე ახლა რატომ ვერ გამოვა?“.
ჩვენი რესპოდენტი იმ ახალშენ ტყეზე საუბრობს, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაირგო, თუმცა წლევანდელმა ხანძარმა ხელუხლებელ, ჯანსაღ ტყეებთან ერთად, ახალშენი ტყეც, პრაქტიკულად, ბოლომდე გაანადგურა და წლების განმავლობაში გაწეული შრომა და დახარჯული დიდი თანხა სამუდამოდ წყალში ჩაიყარა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ დამწვარი ხეების გამოტანა სახელმწიფოს, ადრე თუ გვიან, გარკვეული თანხა დაუჯდება, გლეხები კი ამ სამუშაოს სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებენ. „ეს ხეები მასალად, თავადაც ხედავთ, არ გამოდგება. ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, რომ შეშა გვქონდეს, რადგან გაზი ძალიან ძვირია – გაზით გათბობის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს“, _ ამბობენ ხეობელები.
სიდუხჭირე და უმუშევრობა აქ მართლაც უმთავრესი პრობლემაა. გასულ წლებში ტყის აღდგენის პროექტებზე მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილი დასაქმდა, უმეტესობა კი იძულებული იყო, ოჯახის სარჩენად ბორჯომში, თბილისში, ან სულაც, საზღვარგარეთ წასულიყო. თუკი ტყის აღდგენის პროექტმა მომავალში მასშტაბური სახე მიიღო და სახელმწიფომ, სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ამ საქმეში ფული ჩადო, დაბელები ამბობენ, რომ დამწვარი ტყის მასივების აღდგენას თავს თავადაც გაართმევენ. თუკი დასაქმების პერსპექტივა გამოჩნდება, სოფლიდან წასული ძველი მოსახლეებიც დაბრუნდებიან.
სოფელ დაბაში სტუმრობისას ადგილობრივებისგან სახელმწიფოსთვის ერთი მეტად საინტერესო შეთავაზების შესახებაც შევიტყვეთ ანუ დაბელები ამბობენ, რომ ეს იდეა ადრეც ჰქონდათ, თუმცა რაკი იდეის განხორციელების იმედი არ იყო, სახელმწიფომდე ხმა, უბრალოდ, არ მიუწვდენიათ, მაგრამ ახლა აპირებენ, ეს თემა კიდევ ერთხელ წამოსწიონ.
საუბარი იმაზეა, რომ გასულ წლებში ტყის აღდგენის პროცესის დროს, ქვეყნის ხელისუფლება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სანერგიდან საკმაოდ ძვირად (დაახლოებით 6-10-ლარდ) ყიდულობდა ნერგებს და სწორედ ამ ნერგებით ხდებოდა ტყის ხელოვნური განახლება. დაბელები კი ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ, საკუთარი ძალებით მოაწყონ ალტერნატიული სანერგეები და სახელმწიფოს ეს ნერგები 2-3-ჯერ იაფად მიყიდონ. ადგილობრივების მტკიცებით, ეს საფუძვლიანად გააუმჯობესებს ადგილზე სოციალურ დონეს და გარდა იმისა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება, ტყის აღდგენის უმნიშვნელოვანეს საქმეში მოსახლეობის ჩართულობაც გაიზრდება.
,,ძალიან კარგი იქნება, თუ მოგვცემენ საშუალებას, ადგილზე გამოვიყვანოთ ნერგები და სახელმწიფოს სხვა დიდ სანერგეებზე ბევრად იაფად ჩავაბაროთ, მაგრამ სოფელში უმეტესობა გეტყვით, რომ სახელმწიფო ამაზე არ წამოვა და ზედმეტ გარჯას, უბრალოდ, აზრი არ აქვს. რატომ უნდა ჰქონდეს ხალხს ასეთი განცდა? ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ადგილობრივმა გლეხებმა არაფერი იციან და ჩვენი გამოყენება მხოლოდ ე.წ. შავ სამუშაოზე შეიძლება. ორი წლის წინ, ახლაგაზრდა სტაჟიორი მეტყევე ბიჭები გამოგვიგზავნეს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ტყის ამბები აქაურებმა არ ვიცოდით და დრო იყო, რაღაც ჩვენც გვესწავლა. ასეთი დამოკიდებულება ვის არ ეწყინება?!“ _ ამბობენ დაბელები.
ბორჯომის ხეობაში, კონკრეტულად, სოფელ დაბაში არსებულ სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება. სხვა თუ არაფერი, ჩვენ ვსაუბრობთ ადგილზე, რომელიც ლამაზი წალკოტიდან საშინელებათა ფილმის გადასაღებ „პავილიონად“ იქცა, თუმცა მცირე სასიხარულო ამბის გარეშე მაინც ნუ დავასრულებთ ამ რეპორტაჟს: სოფელ დაბის მოსახლეობა იმედით გვაჩვენებდა ნახანძრალ ადგილებს, სადაც უკვე ჩანს ახალი ამონაყარი. აშკარაა, რომ ბორჯომის ხეობის გადამწვარი ტყეების ფართობებზე ჯერ ისევ ბჟუტავს „მწვანე სიცოცხლე“, თუმცა სიცოხლისათვის მებრძოლ ნატყევარს ადამიანის დახმარების გარეშე სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდება, რადგან აღდგენის პროცესი გაცილებით სუსტია, ვიდრე ტყის გარეშე დარჩენილი დამრეცი ფერდობების დეგრადაციის ასევე ბუნებრივი პროცესი. ჩამოშლილ ფერდობებზე კი, ტყე რომ აღარ გაშენდება, ეს დაბის სკოლიდან მომავალმა უმცროსკლასელებმაც იციან. იმედია, მათთვის ეს ტყეები ოდესმე ისევ განვითარებისა და სოფელში დამკვიდრების საშუალებად იქცევა და არა _ სტიქიების კერად, რომელიც 2009 წლის შემდეგ სოფელს ყოველწლიურად აზარალებს და მასშტაბური ღვარცოფებით ემუქრება.
გიორგი მამისაშვილი

back to top