შსს-ს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ამბროლაურის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები ამჯერად რაჭაში, ამბროლაურის N1 და N2 საჯარო სკოლებში გამართეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რეგიონებში საზოგადოებრივი ღონისძიებები დასრულდა, სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები კი გრძელდება და ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.