საქართველოს და მის ხალხს სჭირდება ახალი შეთანხმება წარმატების მიღწევის მიზნით - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ გვჭირდება ახალი შეთანხმება. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების და წინსვლის ისეთი ახალი გეგმის შესახებ, რომელთა მიმართებაშიც ვიქნებით ერთსულოვანნი, - ამის შესახებ ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიმართვაში საქართველოს მოსახლეობისადმი. მამუკა ხაზარაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ხშირად და განსაკუთრებით ბოლო დროს, ჩვენ გვახარებს ის, რომ ვერთიანდებით ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილით. ეს გაერთიანება მიგვაჩნია წარმატებად. საბედნიეროდ ჩვენ ერთსულოვანი ვართ ამ გადაწყვეტილებაში.

მაგრამ გულის სიღრმეში ყველას გვაეჭვებს საკმარისია თუ არა მხოლოდ სურვილი და ალბათ ჩვენ თავს ვეუბნებით სიმართლეს, რომ არა, საკმარისი არ არის.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების  განვითარებისა და წარმატებისთვის, მკაფიო ცვლილებელია საჭირო. მაგრამ ისიც უკვე ვისწავლეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მაშინ იქცევა ქვეყნის და ხალხის საერთო წარმატებად როცა ის სახალხო, ეროვნულ შეთანხმებაზეა დაფუძნებული.

რაზე ვართ ახლა შეთანხმებულები? ალბათ მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ ვართ:

  • ქვეყანა, სადაც ადამიანები სიღარიბეს მიეჩვივნენ;
  • ქვეყანა, სადაც რწმენა მოდაა და არა ცხოვრების საზრისი;
  • ქვეყანა, სადაც 30 წელია ელიტები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არიან შეთქმულები;
  • ქვეყანა, სადაც ცოდნა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ისჯება, ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია;
  • ქვეყანა, სადაც კრიტიკული აზრი თუ ფიქრი ჩაანაცვლა პროპაგანდამ;
  • ქვეყანა, სადაც თავდავიწყებით ქმნიან გმირებს და მერე დაუნდობლად კლავენ მათ ქვეყანა, სადაც ხელისუფლება პრივილეგიაა და არა პასუხისმგებლობა;

და ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ერთიანდება მხოლოდ კრიზისის, წარუმატებლობის და ტკივილის დროს.

დიდი ხანია არ გავერთიანებულვართ წარმატების მიღწევის მიზნით.

ჩვენ გვჭირდება ახალი შეთანხმება. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების და წინსვლის ისეთი ახალი გეგმის შესახებ, რომელთა მიმართებაშიც ვიქნებით ერთსულოვანნი.

ნათელია, რომ საქართველოს და მის ხალხს სჭირდება ერთობა არა რომელიმე პარტიის სტრატეგიის ირგვლივ, არამედ საკუთარი, საერთო საზოგადოებრივი ხედვის, კონცეფციის ირგვლივ.

ნათელია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა ამ ხედვის გამოვლენა, ფორმირება, გაძლიერება და დაცვა.

ამიტომაც მოდით, უახლოეს მომავალში დავფიქრდეთ, დავსვათ კითხვები - როგორი შეიძლება იყოს წარმატების ეს საერთო გეგმა, რომელსაც დავიცავთ და ვიმოქმედებთ მისი განხორციელების მიზნით?

ჩემი აზრით, უნდა მივაგნოთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკრეტულ ამოცანებს ეკონომიკის, განათლების, სამართლისა და კულტურული ღირებულებების  მიმართულებებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით.

შემოგვიერთდით.