როგორ გახდა მიშას პარტიის ლიდერი და იმართება თუ არა გიგა ბოკერიასგან - ნიკა მელიას დოსიე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უშიშროების გამომძიებლობიდან - ენმ-ს თავმჯდომარეობამდე

ავტორი: ნინო დოლიძე

 

მართალია, ცნობილი მამის შვილია და თვითონაც გარკვეული თანამდებობები ეკავა, მაგრამ 2014 წლამდე ანუ იქამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. სიმართლე რომ ითქვას, ახლაც მხოლოდ პოლიტიკურმა ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა, ესე იგი, დემონებმა იციან, 2014-ში პოლიტიკაში რატომ და როგორ ჩაერთო, მაგრამ ის კი პოლარული ღამესავით ნათელია, რომ შესაძლოა, ერთ დროს ძლევამოსილი მმართველი პარტიის ანუ ენმ-ს მესაფლავე გახდეს. ალბათ, მიხვდით, საუბარი ნიკანორ (ნიკა) მელიაზეა, ადამიანზე, რომლის მიმართაც პრეტენზიები მხოლოდ ახალბედა კი არა, თვით ძირძველ „ნაციონალებსაც“ კი აქვთ. ნიკანორს, შესაძლოა, ავი ზრახვები არ ამოძრავებს, მაგრამ თვალნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხაზს ვერ აგრძელებს. დასამალი არც ისაა, რომ მელიასა და ექსპრეზიდენტს შორის, მაინცდამაინც, თბილი დამოკიდებულება არასოდეს ყოფილა. მართალია, ამას ხმამაღლა არც ერთი ამბობდა და არც - მეორე, მაგრამ კულუარებში ნიკანორისა და მიშას ანტაგონისტურ განწყობებზე მუდამ მიანიშნებდნენ. ამას წინათ კი, თავად მელიამ აღიარა, მე და სააკაშვილი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ და არც ახლა ვართო. ჰოდა, როგორ მოხვდა მიშას არამეგობარი, მიშას პარტიაში? - „ვერსია“, ინტერნეტარქივსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ნიკანორ მელიას ერთგვარ X-ფაილს გთავაზობთ.

ოფიციალური მონაცემებით, ნიკა (ნიკანორ) მელია 1979 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ექიმების - ანზორ მელიასა და ნანა ცანავას ოჯახში დაიბადა (ალბათ, ყურადღება მიაქციეთ 21 დეკემბერს. თავად მიხეილ სააკაშვილიც 21 დეკემბერსაა დაბადებული, აღარაფერს ვამბობ სტალინსა, თუ ირაკლი ალასანიაზე).

1996 წელს მელიამ დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა;

2002 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;

2002-2003 წლებში, იგი იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი;

2006 წელს დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი;

2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში, მრჩევლად;

2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნული აღსრულების ბიუროში, უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი;

2010 წელს იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად, 2010-2012 წლებში კი - ამავე ბიუროს თავმჯდომარედ;

2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი;

2014 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი;

2015 წლიდან, ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხდება.

ნიკა მელია არის საქართველოს მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.

„მაშინ, 2014 წელს, გულმა მომცა იმპულსი - ეს ის ბრძოლაა, სადაც უნდა იყო და წინ იაროო“, - ამბობს ნიკა მელია 2020 წლის დეკემბერში, რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

2014 წელს, თბილისის მერის არჩევნები დავით ნარმანიამ მოიგო.

ნიკა მელიამ კი დაიწყო აქტიური პოლიტიკური საქმიანობა ნაციონალური მოძრაობის  რიგებში. მეტიც, მელია ენმ-ს ვარსკვლავად ძალიან მოკლე ხანში იქცა და შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ ათეულში, მეოთხე ნომრად ჩაიწერა და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.

2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა არჩევნები ისევ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

2017 წელსვე, რამდენიმეთვიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიყო. პარტია 59-მა წევრმა დატოვა. წასულებმა პოლიტიკური საქმიანობა „ევროპულ საქართველოში” გააგრძელეს. მელია „ნაციონალებში“ დარჩა, თუმცა კულუარებში, დღემდე მუსირებს ეჭვი, რომ ის გიგა ბოკერიას მითითებებით მოქმედებს, თუმცა ეს სიმართლეა თუ არა, მხოლოდ პოლიტიკურმა დემონებმა უწყიან.

ნიკა მელია ისევ აქტიურად მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ, 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს - საპროტესტო აქციაზე, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოჩენით დაიწყო და თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

„10 წუთში, პარლამენტში მშვიდობიანად შევალთ“ - ეს ფრაზა მელიას ბევრჯერ გაუხსენეს.

მანამდე, მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს.

„ერთი საათის განმავლობაში თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხნო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება, პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეულნი პარლამენტის შენობაში“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

პროკურატურამ 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდების ბრალდებით, ნიკა მელიას დაპატიმრება მოითხოვა. ბრალდება ასეთი იყო: „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან - 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

„პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

შემდეგ იყო 26 ივნისის ცნობილი სხდომა და პარლამენტში მარტო, თანაგუნდელების გარეშე მისული მელია, რომელიც მარტო იჯდა „ქართული ოცნების“ დეპუტატების პირისპირ - ამ დღეს, საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

„მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თანაც სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, - უთხრა მელიამ მაშინ დეპუტატებს.

ნიკა მელიას დეპუტატობის იმუნიტეტი შეუჩერდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი წარდგენილი ბრალდებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა - მას გადაადგილება მხოლოდ ელექტრონული სამაჯურით შეეძლო. მელიას ასევე არ შეეძლო თავისუფლად გადაადგილება პროკურატურისთვის შეტყობინების გარეშე. ეს შეზღუდვა მან არაერთხელ დაარღვია, მათ შორის, ტელეეთერში მისვლით.

„მე მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან“, - თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

სამაჯური ნიკა მელიამ, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე საქვეყნოდ მოიხსნა და ხალხში მოისროლა.

„აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია“, - თქვა მელიამ.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ნიკა მელია მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გლდანში იბრძოდა. სწორედ ამ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა გაერთიანებული ოპოზიცია. ამ საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან ფეხით მსვლელობით ცესკო-ს შენობასთან გადაინაცვლა.

„ამ შენობას ხალხი დაუწესებს კომენდანტის საათს. არავინ შევა და არავინ გამოვა, რადგან ამ შენობაში მუშაობის უფლება არავის არ აქვს“, - აცხადებდა ნიკა მელია, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად, ცესკო-ს მაშინდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.

იმ ღამით, ცესკო-სთან შეკრებილი მანიფესტანტები სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლით დაშალეს.

ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიცია, რამდენიმე გამონაკლისი პოლიტიკოსის გარდა, პარლამენტში არ შევიდა. ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაიწყო მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებები, რასაც დიდხანს არ მოჰყოლია შედეგი.

2020 წლის დეკემბერში, ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე გახდა.

ამ პოსტზე მის ოფიციალურ დამტკიცებამდე, პარტიაში ელექტრონული კენჭისყრა ჩაატარეს. ხმების 64.9% (13 491 ხმა) ნიკა მელიამ მიიღო. თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ კი - 35.1% (7 288 ხმა).

2020 წლის თებერვალში, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში, გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს - ჯერ გასაფრთხილებლად.

„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ - თქვა მაშინ ნიკა მელიამ, მაგრამ მერე იყო სასამართლო, მელიას პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 23 თებერვალს, ის სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მხარდამჭერებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

2020 წლის 1 ნოემბერს, როცა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. სასამართლომ გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე მისცა.

16 თებერვალს, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა და ამით საქალაქო სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, მისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ, მოულოდნელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით კი, საპოლიციო ძალებმა გადაწყვეტილება შეასრულეს და მელია დაიჭირეს.

ოპოზიციის ლიდერის დაკავებას დიდი რეზონანსი მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა.

საპროტესტო აქცია-მსვლელობებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ, ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გადაიხადა. ეს იყო შედეგი 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული ურთიერთგაგებისა.

მელია ციხიდან გათავისუფლდა.

ბოიკოტისა და პატიმრობის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესულმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა:

„მე შემოვედი ამ დარბაზში, დღეს, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება“.

ამ ამბების შემდეგ, ნიკა მელიამ პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვა და განაცხადა, რომ ის მთლიანად ერთვებოდა წინასაარჩევნო კამპანიაში და „ოქტომბრის რეფერენდუმის“, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბრძოლაში.

2021 წელს, ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ისევ თბილისის მერობისთვის იბრძოდა, თუმცა ისევ დამარცხდა.

ამის შემდეგ, გამოხდა ხანი და მელიას მიმართ „ნაცების“ ნაწილში უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია.

„სუსტი ლიდერი“ - ეს არის ფრაზა, რომელსაც „ანტიმელიისტები“ ნიკანორის მისამართით ყველაზე ხშირად ამბობენ. ბოლო დროს კი განსჯის საგანი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადება გახდა, რომელმაც ის თანხები გაასაჯაროვა, რასაც პარტია მელიას პიარსა თუ ვოიაჟებზე ხარჯავს. მართალია, მელიამ თოფურიძეს პასუხი გასცა, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარებულა - მელია ენმ-ს თავზე ისევ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ჰოდა, როდის ამოიფრქვევა ექსმმართველ პარტიაში ვულკანი, არავინ იცის, თუმცა თავისთავად ნათელია, რომ პარტიაში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა, ლამის, წესების გარეშე მიმდინარეობს. ისე, რაც უნდა იყოს, ისიც ცხადია - მელია სააკაშვილი ვერასოდეს გახდება. რატომ? - პასუხი მარტივია: მიშასნაირი გიჟური ქარიზმა არ აქვს!