Menu

დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს.
ღონისძიებები თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება ლოზუნგით _ „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.

„ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში'', _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი _ 80-მდე მეწარმე და 30-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია.
საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად, რუსთაველის გამზირზე გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი.
დღეისთვის არსებობს ,,ვეფხისტყაოსნის'' სამასამდე გამოცემა, მათგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50 ენაზეა დაბეჭდილი, 100 კი ქართულია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების, გამოცემებისა და ილუსტრაციების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას 27 მაისამდე ექნება. ,,დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ თსუ-ს ბიბლიოთეკასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალურ მასალას, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის'' ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე უნიკალური გამოცემა. მათ შორის პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი''; ასევე 1888 წლის „ქართველიშვილისეული'' გამოცემა, რომელიც გაფორმებულია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. დამთვალიერებელი ასევე იხილავს მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილ (ფრანგული, გერმანული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უკრაინული, მოლდოვური, სპარსული, არაბული, ჩეჩნური, ლატვიური, ოსური და ა.შ) და ბოლოდროინდელ გამოცემებს. მათ შორის ,,ვეფხისტყაოსნის'' კორეულ თარგმანს, რომელიც პირველად 2016 წელს ითარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად თავად კორეის ელჩმა გადასცა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალებს, ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შექმნამდე გადაღებულ ე. წ. ცოცხალი სურათების ორიგინალებს („ვეფხისტყაოსნის“ დადგმითი სცენები), რომლებიც მხატვარმა თბილისსა და ქუთაისში გადაიღო და სწორედ ეს ფოტოები გამოიყენა ილუსტრაციების შესაქმნელად. ფოტოებზე ასახულნი არიან XIX საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ქართველი სახეები: გიორგი შარვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვები; ასევე, წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები. მათ შორის გამოიფინება იმერეთის მეფის, სოლომონ II-ისეული ე.წ. წერეთლისეული ხელნაწერი, ქართლის მეფის, გიორგი XI-ის მიერ დაკვეთილი ე.წ. ბეგთაბეგისეული ნუსხა, ლევან II დადიანის დაკვეთით მამუკა თავაქარაშვილის მიერ გადაწერილი უნიკალური ხელნაწერი და სხვა“, _ განაცხადეს სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნუსხების ასლების გვერდით წარმოდგენილი იქნება რუსთაველის ეპოქის ხელნაწერების დიდი ოსტატობით შესრულებული ასლებიც. კერძოდ, თამარ მეფის პირადი დაკვეთით რომანას ქართულ მონასტერში (კონსტანტინოპოლი) გადაწერილი ხელნაწერი _ „ვანის სახარება“, რომელიც თამარის პირადი კუთვნილება იყო, და ასტროლოგიური ტრაქტატი (1188 -1210წწ.).
შოთა რუსთაველის პოემის საინტერესო კოლექცია ჰქონდა პოეტ და ბიბლიოგრაფ იოსებ გრიშაშვილს. მისი სახლ-მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია ,,ვეფხისტყაოსნის'' 1712 წლის გამოცემა, რომელიც პოეტს ასევე ცნობილმა ბიბლიოფილმა და ქართული ლიტერატურის მკვლევარმა ალექსანდრე ბარამიძემ აჩუქა.
„ვეფხისტაყოსნის“ საინტერესო ხელნაწერები ინახება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გარდა, უცხოეთშიც, მათ შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუგტონის ბიბლიოთეკაში,სანკტ-პეტერბურგში მდებარე რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.
26 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია; რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი კუთხეები, მუსიკალურ-თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; გამოიფინება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების ცნობილი კოლექცია, ვარდების მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი;
საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლისთავს მიეძღვნება.
ანა ლილუაშვილი

back to top