Menu

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ძიძობის მსურველები და რა პირობებს უყენებენ მათ შესაბამისი სააგენტოები

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ასახულია, რა უმოწყალოდ ექცევიან ძიძები ბავშვებს. ,,მრისხანე ძიძების'' საკითხი, საქართველოშიც აქტუალურია, თუმცა საბედნიეროდ, პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არცთუ მწვავედ დგას და აღსაზრდელების სასტიკი ცემის ფაქტებიც, არც ისე ხშირია. მიუხედავად ამისა, გასულ წელს სამართალდამცავებმა, თბილისშიც დააკავეს ქალბატონი, 10 წლის ბავშვის ცემისთვის. ამ ფაქტის შემდეგ მშობლები მეტი სიფრთხილით მოეკიდნენ ძიძის შერჩევის საკითხს.
საქართველოში ძიძებს ძირითადად ნაცნობ-მეგობრების რჩევითა და რეკომენდაციით არჩევენ. არადა, ქვეყანაში, რამდენიმე ორგანიზაციაა, სადაც სასურველი ადამიანის შერჩევაა შესაძლებელი. საინტერესოა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ძიძა ამგვარი ორგანიზაციებისთვის და რა აქვთ მშობლებს მათი შერჩევისას? რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა შვილს უცნობ ადამიანს ვანდობთ და გვაქვს უ არა გარანტია, რომ იგი ბავშვზე ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად არ იძალადებს?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ,,ვერსია'' ერთ-ერთ სააგენტოს დაუკავშირდა.
სააგენტო „გადიას'' საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მადონა ჩაჩავამ განგვიმარტა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმების მსურველი და როგორ ძიძებზეა მოთხოვნა ბოლო პერიოდში:
_ როგორ არჩევთ ძიძებს თქვენს სააგენტოში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი?
_ როცა დასაქმების მსურველი ძიძა ჩვენთან მოდის, პირველ რიგში მენეჯერთან გადის გასაუბრებას, შემდეგ ავსებს ანკეტას, ვიღებთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლს და ვითხოვთ სარეკომენდაციო წერილს/ნომრებს. ამის შემდეგ, ხარისხის კონტროლის მენეჯერი ამოწმებს კადრს, ადგენს, აქვს თუ არა საბანკო ვალდებულებები, რეკომენდატორთან ჯერ სატელეფონო კომუნიკაცია აქვს, საჭიროების შემთხვევაში კი, ადგილზეც მიდის. გარდა ამისა, აუცილებელია, დასაქმების მსურველმა წარმოგვიდგინოს ჯანმრთელობის ცნობა, ჩ ჰეპატიტზე ანალიზი და ნასამართლეობის ცნობა.
_ არის თუ არა თქვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ დასაქმების მსურველს შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა?
_ რა თქმა უნდა, თუმცა იმ შემთხვევისთვის, თუკი კადრი კარგია და სხვა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ადგილზე სპეციალურ ტრენინგებსაც ვუტარებთ, სადაც ძიძებს პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით ვამზადებთ.
_ მომავალ ძიძას აუცილებლად უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს?
_ აუცილებელი არ არის, უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდეს დამთავრებული. შეიძლება საშუალო განათლება ჰქონდეს, მაგრამ ძიძობისთვის ძალიან კარგი კადრი იყოს. თუ ოჯახს მოთხოვნა აქვს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ძიძა სჭირდება, მისთვის კადრს სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით შევარჩევთ.
_ მნიშვნელოვანი თუა ასაკი, იმისთვის, რომ ძიძად მუშაობა შეძლოს და რაიმე ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს?
_ ძიძად ძირითადად 35-დან 55 წლამდე ქალბატონების დასაქმება ხდება. თავად, დამქირავებლების მოთხოვნაა ასეთი. თუმცა გააჩნია ბავშვის ასაკს და ძიძად მუშაობის მსურველის ფიზიკურ შესაძლებლობებსაც.
_ ძიძის აყვანისთვის, საშუალოდ, თვეში რა თანხა უნდა გადაიხადოს მშობელმა?
_ დღის რეჟიმზე მომუშავე ძიძის საშუალო ანაზღაურება 500-550 ლარია, ხოლო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ძიძის 800-900 ლარი.
_ სასურველია თუ არა, ძიძა უცხო ენას ფლობდეს და ამის მიხედვით ენიჭება თუ არა მას უპირატესობა?
_ უცხო ენის ცოდნა აუცილებელი არ არის. თუ ძიძამ რომელიმე უცხო ენა იცის, მისი ანაზღაურება შედარებით მაღალია. ბოლო პერიოდში თბილისში რუსულენოვან ძიძებზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა, ამიტომ ქალბატონებს რომლებიც რუსულ ენას სრულყოფილად ფლობენ და თან ძიძად მუშაობის გამოცდილება აქვთ, ძალიან სწრაფად და მაღალანაზღაურებად სამსახურში ვასაქმებთ.
_ ძიძის შერჩევისას მშობლების ძირითადი მოთხოვნა რა არის?
_ პირველ რიგში _ გამოცდილება. შემდეგ კადრს არჩევენ გარეგნობის, საუბრის მანერისა და განათლების მიხედვით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჰიგიენურად რამდენად მოწესრიგებულია ქალბატონი და რაც ყველაზე მთავარია, რამდენად სანდო კადრია.
იმის გასარკვევად, არის თუ არა განსხვავება სხვა სააგენტოების ფასებსა და მოთხოვნებში, ,,ვერსია'' რამდენიმე სააგენტოსაც დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მათაც ძირითადად იგივე პირობები აქვთ. ერთ-ერთ სააგენტოში მშობლის სტატუსითაც დავრეკეთ და ჩვენი მოთხოვნები წავუყენეთ. მითხრეს, რომ სასურველ კადრს შემირჩევდნენ და გამომიგზავნიდნენ. ფასები, თითქმის ყველგან იდენტურია. და რაც ყველაზე მთავარია _ სააგენტოსგან გამოგზავნილი ძიძის ქცევაზე, გარკვეულწილად, პასუხისმგებლობას სააგენტო იღებს. ამ ფონზე, ალბათ უმჯობესია, ძიძის შერჩევისას, ამ მიმართულებით მომუშავე რომელიმე ორგანიზაციას მივმართოთ.
თამარ ტოჩილაშვილი

back to top